„ვთვლი, რომ ნახატი ზედმეტ ნატურალიზმამდე არ უნდა დაიყვანო“
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
გაგაცნობთ ბათუმელ ფერმწერს, რომელიც ქვაზე და ხეზეც მუშაობს. როსტომ ცინცაძე, რომელსაც საზოგადოება რო ცინის ფსევდონიმით იცნობს, ბათუმში დაიბადა, სამხატვრო აკადემია საფრანგეთში დაამთავრა. მისი ნახატები, პირველ რიგში, ტრაგიზმით იქცევს ყურადღებას. მხატვრის შემოქმედებაში პორტრეტები და ავტოპორტრეტები ჭარბობს, თუმცა აქვს რამდენიმე საოცრად საინტერესო სიურეალისტური ნახატიც. იმდენად დეტალური ნამუშევრები აქვს, სურათზე დიდხანს ცქერისას ადამიანი სხვადასხვა მინიმალისტურ შტრიხსაც აღმოაჩენს. ნახატებს ფერადი თვლებით, ქსოვილებით, თასმებითაც აფორმებს. აქვს ყველასგან გამორჩეული ხელწერა. იღებს შეკვეთებსაც. როსტომ ცინცაძე თავის შემოქმედებაზე ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.
– ბატონო როსტომ, როდის დაინტერესდით მხატვრობით?
– პატარაობიდან მქონდა ხატვის ინტერესი. ვერ ვიტყვი, რომ ფანქრით დავიბადე, მაგრამ რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ ვხატავ. ხატვა ფიგურებით დავიწყე, პორტრეტით, ადამიანის სხეულით. როცა, ასე ვთქვათ, თვალი გავასწორე და საკუთარ ნამუშევრებში შეცდომას ვეღარ ვხედავდი, უკვე 15-16 წლის ვიყავი. მას შემდეგ კლასიკურ სტილში ვხატავ. რა თქმა უნდა, ხანდახან დაიღლები, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა ოდნავ მოდუნდე და სხვა შტრიხებიც შეიტანო ნამუშევრებში. ბებიას როცა ვსტუმრობდი, გარეთ ბავშვები ჩიტებს „ლაგატკით“ დასდევდნენ, მე კი ბიძაჩემის ხატვას ვუყურებდი და ეს პროცესი იმდენად მსიამოვნებდა, შემეძლო საათობით ვმდგარიყავი და მეცქირა. ყველა ბავშვი ხატავს, ისევე, როგორც ყველა ბავშვს აქვს ბურთზე ფეხი დანარტყამი, მაგრამ 2-3 წლის ასაკში უკვე „მომავალ პელეს“ აუცილებლად დაეტყობა ნიჭი. ყველა პროფესიაში ასეა. ჯერ კიდევ 3 წლის ვიყავი, როცა ძალიან ბევრი ნახატი დამიგროვდა. მახსოვს, გამოფენა უნდა მოეწყოთ (ალბათ ამ ასაკში უკვე ღირდა იმ ნამუშევრების გამოჩენა), მაგრამ ჩემს ნახატებზე მეტად სხვისი მომწონდა და შემრცხვა ჩემი ნამუშევრების გატანა . . . ყველა დავხიე. ალბათ, ზედმეტად თვითკრიტიკული ვიყავი.
– როგორ გაჩნდა ფსევდონიმი – რო ცინი?
– რა თქმა უნდა, თავდაპირველად სახელისა და გვარის – როსტომ ცინცაძის პირველი ასოებიდან წარმოიშვა ეს ფსევდონიმი, მაგრამ შემდეგ ერთი ფაქტორიც დაემატა . . . ძალიან მიყვარდა თევზაობა და სულ დავდიოდი სათევზაოდ. ერთხელაც, სახლში მივედი და დავფიქრდი იმაზე, რომ როცა მხატვრობის კუთხით არსად ჩანხარ, სათევზაო ბამბუკით დადიხარ, ფეხებზე თევზის ქერცლი გაყრია, სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდომა გერიდება და ყველა ალმაცერად გიყურებს, რაღაც უნდა შეცვალო ცხოვრებაში, სხვისი დასაცინი არ უნდა გახდე. თევზაობიდან სახლში ახალმოსულმა სარკის მოშველიებით ავტოპორტრეტი დავხატე, რომელსაც ეს ტექსტი მივაწერე: „ვის ცინი, რო ცინი“. . . დავაკვირდი და „რო ცინი“ იტალიურად ჟღერდა (იცინის), მომეწონა და მას შემდეგ ყველა ნახატს ამ ფსევდონიმს ვაწერ.
– რა პრინციპით არჩევთ ნახატების თემატიკას?
– ჩემს ძველ ნამუშევრებში უფრო ტრაგიზმი იკვეთება. ადრე ძალიან მიზიდავდა ეს განწყობა, მაგრამ ახლა ვცდილობ, ცოტათი ცოცხალი, ფერადი, გამახალისებელი თემატიკა ავსახო და მასაზე ვიმუშაო. ერთმა კაცმა მითხრა, რატომ უნდა ჩამოვკიდო სახლში ავადმყოფი ვანგოგის სურათიო . . . ყვავილების ნახატს ჩამოვკიდებო. სახლში თუ არ დაკიდებ, მუზეუმში, ან რომელიმე გალერეაში ექნება თავისი ადგილი-მეთქი . . . საერთოდ, აქსესუარებიდან დაწყებული, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა სად გავაკეთოთ, რომელი ნახატი სად ჩამოვკიდოთ, თორემ როგორც ყველა ყვავილი, ისევე ყველა ნახატი თავისებურად ლამაზია. თემატიკასაც მასაზე მორგებით ვარჩევ, რასაც შემიკვეთავენ, იმის მიხედვით. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ცოტათი ჯიუტი ვარ. რაღაც ჩემებური, „როცინისტური“ შტრიხი თუ არ შევიტანე, არ შემიძლია. ასევე, არ მიყვარს ფოტოგრაფიული პრინციპით შექმნილი ნამუშევრები. ეს არ მიმაჩნია მხატვრობად. ვთვლი, რომ ნახატი ზედმეტ ნატურალიზმამდე არ უნდა დაიყვანო. ფოტოგრაფიული ხელწერა უფრო შემოქმედებისკენ უნდა წაიყვანო, ვიდრე პირიქით. ბალანსიც უნდა დაიცვა, რომ იმას ჰგავდეს, რასაც ხატავ, მაგრამ მხატვრის ინტერპრეტაციაც ჩანდეს. ახლახან დეიდაჩემი დავხატე, შეიძლება ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც ნახატშია, მაგრამ ვის ეწყინება, თუ უკეთესი რაკურსით დახატავენ? გამოგიტყდებით და ლამაზი ქალების დახატვა ძალიან რთულია. ოდნავ შეუხედავს გაალამაზებ, მაგრამ თუ ლამაზი ოდნავ დაგიმახინჯდა, ეს უკვე (იცინის). . .
– ძირითადად, რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
– არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შთაგონება შემიძლია ნებისმიერი რამისგან მოვიყვანო. ხანდახან ჩემი ძმა მეტყვის -მხატვრობა არტთერაპიაა, დაჯექი და იფრინეო. წარმოიდგინეთ და ხანდახან ხატვაც მერიდება იმის გამო, რომ ხალხს არ ეგონოს, ამით სიამოვნებას ვიღებ. მე გაჭირვების გამო ვხატავ, რომ შემდეგ ჩემი ნამუშევრები გავყიდო და არა სიამოვნების მიღებისთვის. ამის დროც კი არ მაქვს.
– თვითიზოლაციის დროს თუ ხატავდით?
– ღმერთს მადლობა, ვირუსს გადავურჩით. ეს პერიოდი კარგად გამოვიყენე, ჩანახატებიც გავაკეთე, სიკეთეც გავიღე. ზოგმა ისეთი გაჭირვების ჟამს დამაწია ფული, როცა ხალხს პურიც კი არ ჰქონდა . . .
– გამორჩეული ნახატი თუ გაქვთ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
– ჩემთვის საყვარელი მამის, დედის, ბაბუის, შინაურების პორტრეტებია. მომბეზრდა იმაზე საუბარი, რომ ნახატები ჩემი შვილებივით მიყვარს და რომელი უნდა გამოვარჩიო . . . რა თქმა უნდა, ყველა მიყვარს, მაგრამ ოჯახის წევრების პორტრეტები – გამორჩეულად. როგორც ცოცხალ არსებებს, ისე ვუყურებ.
– ნატურმორტებს ან პეიზაჟებს თუ ხატავთ?
– ყველაფერს ვხატავ, რასაც შემიკვეთავენ, მაგრამ მხატვარი პორტრეტისტი ვარ. გაგიკვირდებათ და შეიძლება პეიზაჟზე მეტად ვიწვალო, ვიდრე პორტრეტზე, თუმცა შეკვეთით ძალიან კარგი პეიზაჟები და ნატურმორტებიც დამიხატავს.
– როდის დაიწყეთ შეკვეთების მიღება და თქვენი ნამუშევრების გაყიდვა?
– შეკვეთებზე მუშაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დავიწყე. ეს ის პერიოდი იყო, როცა ნახატში ფულის აღება მეთაკილებოდა. თუმცა როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს სულაც არ იყო სამარცხვინო, მას შემდეგ შეკვეთებსაც ვიღებ. თევზაობის შემდეგ თევზიც კი ჩამიბარებია, ტყეში შეშაზეც მიმუშავია – ხის მორები მთიდან ბარში ჩამოგვქონდა, შემდეგ უნდა დაგვეპო და დაგვეხარისხებინა. მახსოვს, ერთხელ მეზობელმა მითხრა – თითზე რომ დაგეცეს ეგ შეშა, მერე სად მიდიხარო? იცოდა, მხატვარი ვიყავი და ათივე თითი მჭირდებოდა (იცინის).
– მხატვრობის გარდა რით ხართ დაინტერესებული?
– რაც მჭირდება, ყველაფერს ვაკეთებ, იქნება ეს ხეზე თუ ქვაზე მუშაობა . . . ტროსტი მჭირდებოდა – გამოვთალე, ფარდის ე.წ. კარნიზი არ მქონდა – თხილის ჯოხებისგან გავაკეთე, სხვადასხვა თვლით მოვრთე და მოვხატე. თუ დამჭირდა, ქანდაკების გაკეთებაც შემიძლია. მეტსაც გეტყვით – ამ სიბერეში ლექსების წერაც კი დავიწყე. ლექსებს ტირეებით ვწერ, როცა იკითხება, ერთი სტროფი შეიძლება ცხრა აზრს მოიცავდეს, ისე მაქვს დაქუცმაცებული. რუსულ, ხანაც ლათინურ ასოებს ვურევ, ხან აჭარულ დიალექტს ვიყენებ. მოკლედ რომ ვთქვა, პოეზიაში ახალი მიმდინარეობა ჩამოვაყალიბე (იცინის).
– გამოფენებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?
– პერსონალური გამოფენა ასლან აბაშიძის დროს მქონდა. მახსოვს ქაღალდზე დავაწერე – „როსტომ ცინცაძის გამოფენა“. დაბეჭდვის საშუალებაც არ იყო. საინტერესო გამოვიდა. ბოლო 5 წელია, ბულვარში ვარ „გამოფენილი“ (იცინის). ამაზე დიდი გამოფენა მგონი არც არსებობს. ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი დამიხატავს. ფაქტობრივად, რო ცინის ფსევდონიმიანი გრაგნილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაქვს გაგზავნილი. არაბს, რუსს, თურქს, ვის არ წაუღია . . . როცა სალვადორ დალი სხვა ქალაქში ჩასულა, სადაც ვერ დააფასეს, ყველაზე ძვირფასი მაღაზიის შუშა ჩაუმსხვრევია. პოლიცია რომ მოსულა და მისი ვინაობა უკითხავს, მხატვარი ვარ და ადგილი მომიჩინეთო, უთქვამს. ამ საქციელით მას ყურადღების მიქცევა სურდა და ასეც მოხდა. ჩემს შემთხვევაში, შუშებზე ქვა არ მაქვს ნასროლი, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალურად ჩამტვრეული მაქვს შუშები. არავის ვეკითხებოდი, რომელი ეროვნების იყო, ყველას მიმართ ზრდილობიანი ვიყავი.
– როგორია თქვენი იდეალური სამუშაო გარემო?
– აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მუსიკა და უნდა ვიყო მარტო. ასეთი გარემო ძალიან მსიამოვნებს.
– რა დროს ანდომებთ ნახატის შექმნას?
– მაქვს ნახატები, რომლებსაც 4-5 თვესაც კი ვანდომებდი. ამაზე დიდი დროის მონაკვეთი არასოდეს დამჭირვებია. მაგალითად, ბაბუაჩემის პორტრეტი 1 დღეში დავხატე, ათათურქის დახატვას 4-5 თვე მოვუნდი, მაგრამ ვერც პროფესიონალიზმით, ვერაფრით ჩამოუვარდება ერთი მეორეს. ბაბუაჩემის პორტრეტზე ისეთი შთაგონება მქონდა, ერთი ამოსუნთქვით დავხატე და შიგნით მთელი ემოცია ჩავაქსოვე. ზოგადად, თუ ერთ დღეში ისეთი ეფექტი არ ექნება ნახატს, როგორიც მე მინდა, მეორე, მესამე დღესაც ვამატებ რაღაცებს. იცით, რისი თქმა მინდა? შეიძლება ერთ დღეში ისეთი ნახატი გამოგივიდეს, რომ ნამდვილად უფლის ხელი ერიოს, მეორე კი 4 თვე ხატო და იგივე ეფექტი ჰქონდეს.
– როგორი ტექნიკით ხატავთ?
– რაც მაქვს და ხელში მომყვება, იმით ვხატავ. ხომ გაგიგიათ, რამხელა საბანიც გაქვს, ფეხიც იმხელაზე უნდა გამართოო. ანალოგიური სიტუაცია მაქვს. როცა ვხატავ, ირგვლივ ყველანაირი მასალა მაქვს. ერთი არ გამოდგა? მეორით ვაგრძელებ. არასოდეს მიწუწუნია, ახლა ეს საღებავი რომ მქონოდა, ხომ უფრო მაგარი ნახატი გამოვიდოდა-მეთქი . . .
– მხატვრობასთან ახლოს რომ არ ყოფილიყავით, რა სფეროს აირჩევდით და რატომ?
– სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ისევ მეთევზეებთან და მხატვრებთან ვიქნებოდი ახლოს. საერთოდ, თევზაობამ „მოწამლვა“ იცის. მამაჩემმა წამიყვანა ბავშვობაში სათევზაოდ. თევზი პირველად რომ დავიჭირე, გული ისე ფართხალებდა, ალბათ იმ დროს მიკროინფარქტი გადავიტანე (იცინის). მამა რომ გარდაიცვალა, თითქმის 20 წელი თევზაობაში გავატარე. ეს საქმიანობაც ხელოვნების დონეზე მქონდა აყვანილი. ტბაზე თევზაობა მიყვარდა და რა თქმა უნდა – ყველანაირი წესის დაცვით. ტივტივებსაც კი ჩემი ხელით ვთლიდი. კეფალს ვიჭერდი, რომელიც ძალიან რთულად დასაჭერი თევზია. ყველა საქმეს დაგანებებინებს თავს, ისეთი ადრენალინი აქვს ამ ყველაფერს. იმდენ თევზს ვიჭერდი, სახლში მიტანისას 5-6 ოჯახს ვურიგებდი.
– რა გეგმები გაქვთ?
– გეგმებს არ ვაწყობ, ცხოვრების დინებას მივყვები. მთავარია, ჩვენს მოკეთეებთან ერთად, ჯანმრთელობა მოგვცეს ღმერთმა. მინდა, რომ უფრო დალაგდეს სიტუაცია და იქნებ მხატვრებისკენაც გამოიხედონ . . .

