„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები და იმდენად იცვლება სიტუაცია, არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამიკვირდება“
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
ახალი თემა მიეცათ სალაპარაკოდ პოზიცია-ოპოზიციას. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ღარიბაშვილს ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაავალა, მეორე – ამას უარყოფს.
ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა: „ვინმეს თუ ჰგონია, რომ 16 მარტს ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნების თარიღით უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ძალიან შემცდარა. . . ექვსპუნქტიან გეგმაში წერია – ვნახოთ ფასილიტაციის და მოდერაციის პროგრესი, რა დონეზე ვართ და ნურავინ იფიქრებს, რომ 16 მარტს რამე უნდა დასრულდეს. ამ დღეს ევროპას უნდა ვანახოთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ და მხარეების მაგიდასთან ჩამოსასხდომად, ისევ არ დასჭირდეს ჩამოსვლა შარლ მიშელს, რომელიც სხვათა შორის, ამ ქვეყანაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა და არა სამადაშვილის“.
ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს წაგებული არჩევნების შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რათა ადამიანებს არჩევნების რწმენა დაუკარგოს: „არჩევნებით დამარცხდნენ და მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნებით ვერ მოხერხდება ვერასოდეს. ამიტომ არის ასეთი სცენარი – საზოგადოება დავაჯეროთ, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს, პლებისციტს აზრი არ აქვს, თვითმმართველობის არჩევნებიც არ ჩავატაროთ და ა.შ. ამიტომ, მთელი სცენარი ქვეყანაში მუდმივად დაძაბულობისა და ქაოსისკენაა მიმართული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა პირველ ნოემბერს ჩვენი საზოგადოებაც და დასავლეთიც დაერწმუნებინაარჩევნების გაყალბებაში. ნიკა მელიას მიერ პირველ ნოემბერს მოხსნილი სამაჯურიც ტემპერატურის ასაწევად და მეტი ადამიანის მისაზიდად იყო გამიზნული, მაგრამ პირველ ნოემბერს ეს სცენარი არ გამოვიდა. მერე ვნახეთ 8 ნოემბერი, როცა მსოფლიომ არჩევნები აღიარა და შემდეგ დაიწერა ასეთი სცენარი – მოდი, ნიკა მელია გახდება პარტიის თავმჯდომარე, მოდი, გირაო არ გადავიხადოთ და სახელმწიფო გამოვიწვიოთ. ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი წერია ფურცელზე და ამის გასაღები იცით, რა არის?! – 40 000 ლარი, რომელიც დღესვე შეგროვდება, ხვალ 12 საათზე გადაიხდება და ნიკა მელია პირველ საათზე სახლში იქნება, მაგრამ გგონიათ, ეს ხალხი თანახმაა? არა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ნიკა მელია იქ უნდა იჯდეს და ამათ ილაპარაკონ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე, ოპოზიციის ლიდერი დააკავა. ოღონდ, რატომ დააკავა, ამას არავინ იკითხავს“.
რას ფიქრობს ამ თემაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე, ამაზე ინტერვიუში საუბრობს.
– რას ფიქრობთ ოპოზიციასთან მოლაპარაკების თაობაზე?
– ვფიქრობ, შეხვედრას, მაგიდასთან დასხდომას და მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმების სურვილით და არა ულტიმატუმებით. სხვა ფორმატში ამას არავითარი დატვირთვა და აზრი არ ექნება. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას მოუწევს ჯიუტად აჩემებული პოზიციის დათმობა და შეთანხმებაზე წამოსვლა.
– ამდენ ხანს არ წამოსულან და ახლა რატომ მოიქცევიან ასე?
– იმიტომ, რომ მთელი მოწინავე მსოფლიო ეუბნება – არჩევნები არ გაყალბებულა, მათ კი სწორედ ეს აქვთ აჩემებული და არ იხევენ უკან მყარი არგუმენტების მიუხედავად. ამას უმტკიცებს ეუთო, ევროსაბჭო, „სამართლიანი არჩევნები“ და სხვ. ამის მიუხედავად, ერთი და იგივეს გაიძახიან. რა დავარქვათ ახლა მათ ქცევას, პოლიტიკა და შეთანხმების სურვილი? არ აწყობთ შეთანხმება, სხვა ახსნას ვერავინ მოუძებნის. არადა, ევროპარლამენტიც კი ამბობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს.
– სხვა არაფერი სურთ, მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
-არც ასეა საქმე. არის თემები, რომელთა განხილვაც და ამა თუ იმ საკითხზე შეთანხმება ოპოზიციასაც სურს და მმართველი პარტიაც თანახმაა, მაგრამ ამაზეც თავს იკავებენ. ხომ გესმით, ახლა ისე იქცევიან, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მოიქცნენ – შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, დესტრუქციაზე გადავიდნენ, შემდეგ მიხვდნენ, რომ სახე დაკარგეს და დაიწყეს რაღაც მაიმუნობები აქციების ფორმის შეცვლაზე და ა.შ.
– როგორ ფიქრობთ, რა არ აწყობთ და რატომ იქცევიან ასე, თუკი ყველაფერში თქვენ ხართ მართალი?
– რა ქნან, არ შეუძლიათ სხვაგვარად. მათ სურთ, რომ ხელისუფლება დავტოვოთ და წავიდეთ, რასაც ვერ გავაკეთებთ, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ჩვენ მოგვცა ხმა. ერთადერთი, რაც მათ სურთ და რაზეც უპირობოდ დათანხმდებიან, ესაა ხელისუფლებაში მოსვლა. ამას კი, ცხადია, ჩვენ ვერ და არ გავაკეთებთ.
– რა კომენტარს გააკეთებდით პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით. რამდენად მართალი იყო გახარია, როდესაც გააპროტესტა ნიკა მელიას დაპატიმრება, რასაც უფრო მეტი დაძაბულობა და აქციები მოყვა?
– ვერაფერს გეტყვით, არავინ იცის ზუსტად, რატომ წავიდა, რა იყო ძირითადი მიზეზი. ერთს აღვნიშნავ, რომ გიორგი გახარია ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მაღალი დონის კრიზისმენეჯერი, რომელმაც რთული სიტუაციებიდან შეძლო ქვეყნის გამოყვანა, თუმცა, წასვლის ფორმაზე შეიძლება ვიდავოთ. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, თუნდაც წინა დღეებში, მას არ ჰქონდა მელიასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა – ჰქონია. რაც შეეხება მელიას დაპატიმრებას, ადრეც ვაცხადებდი და ახლაც გავიმეორებ, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ვანსხვავებდეთ მოქალაქეებს.
– ოპოზიცია თვლის, რომ რევოლუცია მომწიფებულია. . .
-2013 წლიდან გვესმის, რომ ხვალ „ჩამოხტება“ ის გიჟი, რაშზე ამხედრებული და რევოლუციას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ ყველას ხომ გვესმის, რომ აქ ჩამომსვლელი აღარაა. მიხეილ სააკაშვილი ის კაცია, თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე სამალავს რომ ეძებს. გახსოვთ, ალბათ, 2008 წლის ომის კადრები, რას შვრებოდა. ის მიკვირს, აეროპორტებში როგორ დადის, სვამს ალბათ დამამშვიდებლებს, თორემ რა ნერვები ეყოფა. . . ყველაფერი ცვალებადია – პოპულარობაც, ნდობაც, აღფრთოვანებაც. ასე რომ უნდოდეს ხალხს მიშას ჩამოსვლა, მიტინგებზე ათასობით მოქალაქე გამოვიდოდა, მაგრამ რატომღაც ვერ შეაგროვეს საკმარისი რაოდენობა. შესაძლოა, ხმა კი მისცენ, მაგრამ ქუჩაში არ დადგნენ მის მხარდასაჭერად. იქნებ, იმიტომ მისცეს ხმები, რომ ჩვენ არ მოვწონვართ, მაგრამ რევოლუცია და არეულობა მართლა არავის სურს, მათივე ამომრჩეველსაც კი. აქედან გამომდინარე, არაფერი გამოუვათ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ საქართველოს პარლამენტში კუთვნილი სავარძლების დაკავება.
– თუ არ შევლენ პარლამენტში?
– თუ არ შევლენ და. . . ნამდვილ სახეს დაანახებენ მათივე ამომრჩეველს, საზოგადოებას და საბოლოოდ გამარგინალდებიან. ტყუილად არ იყო NDI-ის ქულები გამოქვეყნებული, ამით მათ დაანახეს, თუ რა ხდება რეალურად. საზოგადოების დიდი ნაწილი რომ ეთანხმებოდა მელიას დაჭერას, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, საპირისპირო შემთხვევაში, მერწმუნეთ, ძალიან დიდი მიტინგი ჩატარდებოდა თბილისში, ხალხიც შეიკრიბებოდა და მის დაპატიმრებასაც სულ სხვა დონეზე გააპროტესტებდნენ.
– რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, ოპოზიციის დეპუტატები თუ აპირებენ შესვლას?
– რა გითხრათ, ჯერ არავინ ჩანს ირაკლი ჩავლეიშვილის გარდა. ვიცი, რომ სხვებსაც სურთ შემოსვლა, მაგრამ რაღაც თუ ვიღაც აკავებს, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ. პრინციპში, დარწმუნებული ვარ, დღეს თუ მოგვიანებით, ეს ადამიანები აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას, შემოვლენ უმაღლეს საბჭოში და ამით გაამართლებენ ამომრჩეველთა ნდობას. პარტნიორებთან ერთად შედგება შეთანხმება და განვიხილავთ იმ საკითხებს, რაც მათაც აწუხებთ, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. მართალია, ამ კუთხით უკვე გადაიდგა პროგრესული ნაბიჯები, მაგრამ უკეთესის უკეთესი და მჯობნის მჯობნი ვარიანტი არ დაილევა. ასევე, საარჩევნო კანონში ცვლილებებია შესატანი ბარიერის დასაკლებად, თორემ არსებული ხელს აძლევს მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რათა დარჩნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად პოლიტიკაში.
– რას გულისხმობთ?
– მოვა 2024 წლის არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მიიღებს მონაწილეობას, მიიღებს 27%-ს, 5%-იან ბარიერს პატარა პარტიები ვერ გადალახავენ. „ნაციონალებს“ ეყოლება 60 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“, თუნდაც 40%-ით – 90 დეპუტატი. ასე რომ, სხვებს აღარ დაუტოვებენ პარლამენტში შემოსვლის შანსს.
– თუკი ასე დგას საკითხი, რატომ უჭერენ მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას?“
– სხვა პარტიები ძალიან ცუდ თამაშს არიან აყოლილები, ლამის მძევლებად ჰყავთ „ნაციონალებს“ აყვანილი. ვერც უკან იხევენ, ვერც წინ მიდიან. ალბათ იმდენად ღრმად შევიდნენ სიტუაციაში, თავს ვეღარ აღწევენ. ვინც პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შევიდა, იმათ კი აგინებენ და. . . მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, ვაცალოთ, ვნახოთ, რას მოიმოქმედებენ და საბოლოოდ, რას გადაწყვეტენ. . . რაც შეეხება 5% -იან ბარიერს, ისევ და ისევ გავიმეორებ, ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს.
– კულუარებში გაიჟღერა ვადამდელი არჩევნების საკითხმა. . .
– მსგავსი არაფერი გამიგია. პრემიერ-მინისტრიც და პოლიტსაბჭოც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები წითელ ხაზად მიიჩნევა და ამასთან დაკავშირებით არანაირი წინადადება არ განიხილება. 2022 წლის არჩევნების თემა ოპოზიციის შემოგდებულია, ვინაიდან სასტიკად არ მოეწონათ შედეგი. 12 000 კაცი ჰყავდათ კომისიებში, ერთი საჩივარიც კი არცერთს არ დაუწერია. პროტესტი გაუჩნდათ მხოლოდ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ვინც კი ესწრებოდა, იმ 12 ათას წევრთან ერთად დაწერა, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, რომ არაფერი გაყალბებულა. ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ კი საჯაროდ აღიარა, რომ შეცდომის გამო (მინდა დავიჯერო) არასწორად შეაფასეს გარემო და უნებლიეთ შექმნეს უნდობლობის ფონი. დღეს ამასაც აღარ ახსენებენ. არც პარალელური გადათვლა სურთ და არც ბიულეტენების გადამოწმება. სწორედ ეს გაუკვირდათ საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს. პირველივე დღეებში მოუწოდა ხელისუფლებამ ოპოზიციას, მოდით, გადავთვალოთო, ესენი კი უარს ამბობდნენ და გაბრაზებულ, შეურაცხყოფილ პოლიტიკოსებს თამაშობდნენ. რამდენი უბანი გადავთვალეთ, არავითარი დარღვევა არ აღმოგვიჩენია, ერთგან მხოლოდ, ერთი ოპოზიციური პარტიის ნაცვლად, მეორისთვის მიუციათ ხმა და ისიც გაბათილდა. ასე რომ, არავის აწყობს სიმართლე, „ნაციონალებს“ ერთადერთი რამ სურთ, როგორც ადრე, ახლაც ძალადობრივად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჯერ კიდევ 2008 წლის არჩევნები წააგო სააკაშვილმა, მაგრამ გააყალბა და დარჩა ხელისუფლებაში. ყველა არჩევნებს აყალბებდნენ ისინი. 2012-შიც გააყალბეს, მაგრამ ხალხის ისეთი რაოდენობა იყო, რომ ვეღარ გაიტანეს. ახლაც გაყალბებას გაიძახიან. კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ვერ მოვა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ამის შანსი არა აქვს.
– ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ არჩევნებში 52 პროცენტი მოიპოვა, ქართველმა ხალხმა სწორედ მას მისცა ხმა, რაც არ აისახა ხელისუფლების დაკომპლექტებისას.
– დღეს პარლამენტში ამომრჩევლების მიერ არჩეული საერთო რაოდენობის, სწორედ 52%-ის შესაბამისი რაოდენობის დეპუტატები სხედან. აქედან 48% „ქართული ოცნებისაა“, დანარჩენი – ოპოზიციური პარტიების. თუ „გირჩიც“ შევიდა, 56%-მდე გახდება. თანაც, რომ დაუჩემებიათ ეს 52%, ჯერ ერთი, სადღაც 27% მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თანაც არავინ ითვლის მსოფლიოში საერთო ჯამს. ამას საზღვრავს თავად საარჩევნო სისტემა. ყველაფერი ეს, ტყუილი და მანიპულაციაა. ეს მეთოდები კარგად აქვთ ათვისებული და თუ ნახავენ მსმენელს, ამით კარგად აპელირებენ. ერთიანად კი მიიღო ოპოზიციურმა პარტიებმა მეტი, მაგრამ ამ სისტემით, ყველაზე მეტი დეპუტატი „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანა პარლამენტში და სწორედ ამიტომ დააკომპლექტა მთავრობაც.
– მურმან დუმბაძე ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა პუნქტებად ჩამოთვლილი დავალება მისცა ღარიბაშვილს, სადაც ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იყო გაკეთებული აქცენტი.
– მე არ ვყოფილვარ იმ შეხვედრაზე და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვერ დავიჯერებ, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლები პუნქტებად ჩამოწერილ დავალებებს კარნახობდნენ საქართველოს მთავრობას. ჩვენ გვაბრალებენ პრორუსობას, მაგრამ ასე ექცეოდნენ მათ რუსეთის მმართველები – უგზავნიდნენ „ნაციონალებს“ პუნქტებად ჩამოწერილ დავალებებს, რომლებსაც ესენი უსიტყვოდ ასრულებდნენ და შემდეგ სხვებს მოიხსენიებდნენ რუსეთის ჯაშუშებად. დემოკრატიულ ქვეყნებში სხვაგვარადაა საქმე. იქ გეუბნებიან, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთო. . . არავინ არავის არაფერს ავალებს, არ აშანტაჟებს, არც ულტიმატუმებით გესაუბრებიან. პირიქით, მშვიდობიან ფინალს და სამომავლოდ, პროგრესულ განვითარებას გთავაზობენ. ისინი ეცნობიან, თუ რა არ მოსწონს ოპოზიციას, რა სურს ხელისუფლებას, ეძებენ ერთმანეთთან შეხების წერტილებს და იქიდან გვთავაზობენ დიალოგის დაწყებას. არავინ იცის, საბოლოოდ რაზე წავა ოპოზიცია და რას დათმობს მმართველი პარტია. ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები და იმდენად იცვლება არსებული სიტუაცია, არც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამიკვირდება, მაგრამ ევროსაბჭომ დაუწერა და დაავალაო – ტყუილია. არ აკადრებს ამას მიშელი არც საქართველოს ხელისუფლებას და არც ქართველ ხალხს. სულ სხვაგვარადაა ცივილიზებულ სამყაროში მოწყობილი მსგავსი ურთიერთობები. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, რომ მსაგვსი ბრალდება შეეძლო შეეთითხნა მხოლოდ პრორუსულ ძალას, მათ, ვისაც ასე უცხოვრია და სხვაგვარად ვერაფერი წარმოუდგენია. ეს კი ისევ და ისევ, სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრებია, რომლებიც საბოლოოდ კი გაარკვევენ, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, მაგრამ უკვე გვიან იქნება, რადგან პოლიტიკურ არეალს ჩამოაშორებს ქართველი ხალხი.
– იმედი გაქვთ, რომ საბოლოოდ განიმუხტება ვითარება და დამშვიდდება საქართველო?
– ბევრად უფრო დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო ჩამოყალიბდება. კანონი ყველა კარგი გვაქვს, მაგრამ პირადად მე, მიმაჩნია, რომ პარლამენტი უფრო ჭრელი უნდა იყოს, სხვადასხვა პარტიით დაკომპლექტებული, ამისთვის კი ბარიერის დაწევაა საჭირო. ალბათ, ამისთვის ქართველებმა კიდევ სამი-ოთხი პოლიტიკური კრიზისი უნდა გადავიტანოთ, რომ საბოლოოდ დავაფასოთ დემოკრატიის უსაზღვრო შესაძლებლობები, მისი სიკეთე ცივილიზირებული ერისთვის და ვისწავლოთ შუქ-ჩრდილების გარჩევა ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ.

