მუზეუმები გაიხსნა – წყალქვეშა არქეოლოგიის მცირე დარბაზი ყველას დააინტერესებს
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ მარტს მუშაობა განაახლეს სამუზეუმო სივრცეებმა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს განცხადებით, ჩვენი მუზეუმები დამთვალიერებლების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.
იმ დაწესებულებებ შორის, რომლებმაც მუშაობა განაახლეს, არის ქალაქის მასშტაბით არსებული მუზეუმები. ვესაუბრებით სიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორ თეონა ზოიძეს, რომელიც ამ თანამდებობაზე მესამე თვეა მუშაობს. მანამდე ის აქვე დირექტორის მოადგილედ, უფრო ადრე კი სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის „ბესტ ვესტერ პრემიერი“ გენერალური მენეჯერის მოადგილედ მუშაობდა, იყო ქართულ-ამერიკული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი, არის პროფესორის ასისტენტი საზღვაო აკადემიაში, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, 2002 წლიდან დააფუძნა აჭარის გიდების ასოციაცია, რომელსაც გასული წლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იყო, ასევე, ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი.
სიპ „აჭარის მუზეუმში“ გაერთიანებულია ოთხი მუზეუმი და სამი ფილიალი – ხარიტონ ახვლედიანის სახელობის, ბათუმის არქეოლოგიური, აჭარის ხელოვნების, ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმები და ფილიალები – რელიგიის, მემედ აბაშიძის და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმები. თეონა ზოიძემ წარმოგვიდგინა ის ძველი პროექტები, რომლებიც კვლავაც გაგრძელდება და ახალი, რომლის განხორციელებას „აჭარის მუზეუმი“ წელს და სამომავლოდ გეგმავს.
– მუზეუმი არის დაწესებულება, რომელიც საზოგადოების სამსახურშია და მის განვითრებაზე უნდა ზრუნავდეს, – გვითხრა მან, – მასში მიმდინარეობს კულტურული, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კვლევითი სამუშაოები. შესაბამისად, ყველა ის ღონისძიება, რომელიც მუზეუმებშია გაწერილი, სწორედ ამ სეგმენტებს ეხება და ვფიქრობთ, ღონისძიებები, რომლებიც დავგეგმეთ, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფერი რეგულაციების დაცვით გაიმართება. საექსპოზიციო დარბაზების მოსაწყობად რიგი სამუშაოები ჩატარდა. მუზეუმის კარი პირველ მარტამდე გავხსენით – მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. პანდემიამ ბევრი რამ გვასწავლა. მანამდე აქ მოადგილედ ვმუშაობდი და შარშან ყველა ღონისძიების ონლაინრეჟიმში გადატანა მოგვიხდა. აქტივობები არ შეჩერებულა, უბრალოდ, დაემატა . . . ჩვენი ღონისძიებების განხორციელება სხვა ეტაპზე გადავიტანეთ. დავგეგმეთ სხვადასხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობაც. მაგალითად, ხარიტონ ახვლედიანისნ სახელობის მუზეუმში ინახება ვერდის ოპერის “აიდა“ ნოტები, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსაა გამოცემული. ამ ოპერიდან პარტიების შესასრულებლად მუზეუმში მუსიკოსების მოწვევას ვაპირებთ. საკმაოდ კარგად ავითვისეთ სხვადასხვა სოციალური პლატფორმა და ამ მხრივ, საკმაოდ აქტიურებიც ვართ. ვიკვლევთ ბაზარს, ვაკვირდებით კონკურენტ მუზეუმებს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მუზეუმები არაფრით ჩამოუვარდება უცხოეთის ქვეყნების მუზეუმებს. გვაქვს მიმოწერა ევროპის მუზეუმებთან, მაგალითად, ტალინში და ვფიქრობთ, მათთან მემორანდუმის გაფორმებასაც, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას, კონფერენციების ჩატარებას. საერთაშორისო კონფერენცია შარშან, ზაფხულში ჩავატარეთ, რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ 21-ე საუკუნის მუზეუმებში უკვე აღარ არის მარტო სტატიკური ექსპონატები, სადაც მნახველი მხოლოდ ამა თუ იმ ექსპონატს ათვალიერებს. მას ბევრად მეტი აინტერესებს. ვფიქრობთ, შევქმნათ ხმის ეფექტები, განათებები. ვცდილობთ ყველა მუზეუმს თანაბრად მივუდგეთ – საინტერესო სივრცეები ყველგან შევქმნათ, რაც სტუმრებს დააინტერესებს. ცოტათი ყურს ეხამუშება, როცა მუზეუმზე ვსაუბრობთ და შოუს ელემენტებს ვიშველიებთ, მაგრამ აქ არ ვგულისხმობთ რაღაც გასართობ შოუებს. ვაპირებთ სხვადასხვა სივრცის მოწყობას. მაგალითად, არქეოლოგიურ მუზეუმში წყალქვეშა არქეოლოგიის დარბაზის გახსნას. საქმე იმაშია, რომ ფიჭვნარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ელინისტური პერიოდის დროს შავ ზღვაში ჩაძირული გემის ნაშთები, რომლებიც ამოღებულია და მიმდინარეობს მუშაობა, რომ საზოგადოებას საინტერესოდ წარვუდგინოთ, გემი აწყობის პროცესშია. მისი ნაშთები ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, მეორე საუკუნით თარიღდება. რამდენადაც შესაძლებელი გახდება, ააწყობენ და დამთვალიერებელი ნახავს, ასევე იმ ნივთებსაც, რომლებიც გემთან ერთად აღმოჩნდა. ამდენად, ბათუმში გვექნება წყალქვეშა არქეოლოგიის მცირე დარბაზი. ეს ახალი სიტყვა იქნება საქართველოს სამუზეუმო სივრცეში. ამისთვის ფართი უკვე გამოყოფილია, რომლის დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა. ზაფხულში დასრულებული იქნება და ვფიქრობ, ყველას დააინტერესებს. ამ პროცესში სპეციალისტებია ჩართული. ჩვენს ვებგვერდზე ახალი ექსპონატების შესახებ ინფორმაციები ყოველდღე იდება. ამას გარდა, ინდივიდუალურადაც ვპასუხობთ დამთვალიერებელს ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. წელს აუცილებლად დავნერგავთ აუდიოგიდების სისტემას ოთხ მუზეუმში. შევქმენით ახალი ვებგვერდები, რომლებიც აღჭურვილია ყველა იმ მომსახურებით, რაც მსოფლიო მუზეუმებში არსებობს. გვაქვს ელექტრონული რესურსები სასკოლო საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე სამეცნიერო პუბლიკაციები, ონლაინბილეთების შესყიდვა, ექსკურსიის წინასწარ დაჯავშნა (რამდენიმეენოვანი გიდი გვყავს), გვაქვს ონლაინმაღაზია, ვმუშაობთ ვირტუალურ ტურებზე, მომხმარებლისთვის სხვა, სპეციალური შეთავაზებაც გვექნება, დაწყებულია „ოქროს ფონდის“ექსპონატების გაციფრულება, ხდება საქართველოს ექსპონატთა ერთიან სისტემაში მისი შეყვანა და ეს პროცესი არის მუდმივგანახლებადი. . . პანდემიის პერიოდი მუზეუმებმა გამოიყენეს საერთო სივრცეში ჩასართავად. კოვიდმა კულტურის სფეროს, მუზეუმებს აჩვენა, რომ აუცილებელია გავხდეთ ციფრული სამყაროს ნაწილი, ჩვენი თითოეული წინგადაგმული ნაბიჯი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული. მაგალითად, ნობელების სახელობის მუზეუმში ვაპირებთ რამდენიმე სივრცის გახსნას. ერთ -ერთში წარმოვაჩენთ ძველ ბათუმში გადაღებულ ფოტოებს, პორტის მშენებლობის ვიდეოფირებს, რომლებიც ბათუმის ტექნოლოგიურ განვითარებას ასახავს. აქ ყველაფერი ხმის და განათების ეფექტებით იქნება გაფორმებული. ასევე, ვაპირებთ საკონფერენციო სივრცის შექმნას, სხვადასხვა კლუბის გახსნას ოთხი მიმართულებით. საგანმანათლებლო პროგრამებიც ოთხი მიმართულებით გვინდა შევიმუშავოთ. მაგალითად, ნობელებში გაიხსნება ტექნოსტემის კუთხე, სადაც ახალგაზრდები მათემატიკისა და ფიზიკის გამოყენებით სხვადასხვა მექანიზმების აწყობას შეისწავლიან. ამას გარდა, არქეოლოგიურ მუზეუმში (ასაკობრივი ზღვარი არ იქნება) შესაძლებელი გახდება კერამიკის დამუშავების შესწავლა. ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, რომელიც სულ მალე პირველად გახსნის კარს, აქ ჩატარებული რეაბილიტაციის შემდეგ, მოეწყობა სივრცე, რომელიც ერთგვარი ჰაბი იქნება სასკოლო საზოგადოებასა და სამუზეუმო სფეროს შორის. შესაბამისად, ღონისძიებები მიესადაგება სასკოლო ცხოვრებას. აქვე მკითხველთა კლუბი გაიხსნება, სადაც სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვას მიეჩიონ. აქვე გვინდა ისეთი კუთხე მოვაწყოთ, სადაც აქ მოსული სტუმრები სამახსოვრო სურათებს გადაიღებენ და არა მარტო ბათუმელები, არამედ უცხოელი ვიზიტიორები. საინტერესოა ისიც, რომ არქეოლოგიის მუზეუმში არის კერამიკული საამქრო, სადაც კერამიკის კურსების გახსნას ვაპირებთ, რომელიც არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის გახდება მიმზიდველი, ხელოვნების მუზეუმთან კი ხელოვნების კლუბი გაიხსნება. რაც შეეხება სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამებს, სკოლებთან ურთიერთობა მუზეუმს ადრეც ჰქონდა, ახლა მიმდინარეობს ამ პროგრამების დახვეწა და სამომავლოდ, მის განვითარებაზეც ვიზრუნებთ. ამ პროგრამებში უფრო ტექნოლოგიის ასპექტები შევა. თუ ადრე ეს პროგრამები ინტერაქტივით ნაკლებად იყო დატვირთული, ახლა იგი გაიზრდება, რათა ბავშვებს ისევ მოუნდეთ აქ მოსვლა, ამისთვის შესაფერისი გარემო გვინდა შევქმნათ, ანუ პროგრამა მარტო იმისთვის არ კეთდება, რომ ვალი მოვიხადოთ. იგი ბავშვზე უნდა იყოს ორიენტირებული. აქ რესურსი ამოუწურავია. ვფიქრობთ, ახლო ურთიერთობის დამყარებას ინდუსტრიებთან და ჩვენი ღონისძიებები მათთან ერთად ჩავატაროთ და მრავალფეროვანი გავხადოთ. მაგალითად, მუსიკოსებთან, მოდის სფეროსთან, თუ მე-20 საუკუნეში და უფრო ადრე, მუზეუმი უფრო სტატიკური ექსპონატების ადგილი იყო , ახლა სტუმარი გაცილებით მეტს ითხოვს, მას დათვალიერებასთან ერთად გართობის ელემენტები სჭირდება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში უნიკალური და ორიგინალური იარაღების კოლექციაა დაცული. ამიტომ ვაპირებთ საბრძოლო ხელოვნების დარბაზის ან კუთხის გახსნას. სივრცე დააინტერესებთ საბრძოლო ხელოვნების მოყვარულთ. პანდემიამ, ისევე, როგორც სხვაგან, მუზეუმებშიც გარკვეული პრობლემები შექმნა. იმ პერიოდში, როცა პანდემია დაიწყო, მოადგილედ ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს ყველა პროექტი – გამოფენა, ღონისძიება, სხვა აქტივობა გადაიდო და რამდენადაც მოხერხდა, ონლაინფორმატში გადავიდა, ანუ სოცქსელები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა, სამუზეუმო ცხოვრება საინტერესო გაგვეხადა. პირდაპირი ჩართვებით ვატარებდით გამოფენებს, ლექციებს, გვქონდა საგანმანათლებლო სახის ჩართვები „ზუმში“, ტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა თემას შეეხებოდა, მათ შორის, მაგალითად, მეღვინეობა-მევენახეობას აჭარაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განვახორციელეთ პროექტი – „ისწავლე და დასაქმდი“, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენი მუზეუმების თანამშრომლები ქმნიდნენ სხვადასხვა ტიპის ელექტრონულ რესურსებს, რათა საზოგადოება უფრო დაეინტერესებინათ. ამასთან, შეიქმნა ახალი ვებგვერდი – შეიცვალა ლოგო. ვებგვერდი გახდა მოდერნიზებული, ყველა მოთხოვნას პასუხობს, რაც დღეს სამუზეუმო სფეროში არსებობს – ონლაინბილეთების შეძენა, ვებგვერდზე ახალი ამბების ხილვა. უკვე ჩანიშნული გვაქვს ღონისძიებები, გამოფენები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ღია ლექციები, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები, ასევე სამეცნიერო მიმართულებით მუშაობა, კვლევები, რომლებიც უკვე ჩანიშნული აქვთ მეცნიერ-თანამშრომლებს. აქ საუბარია შვიდივე მუზეუმზე. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ზაფხულში ექსპედიციებიც დაინიშნება, შესაბამისად, თითქმის ყველა მუზეუმში ვაპირებთ ახალი სივრცეების გახსნას. გვაქვს როგორც მოკლევადიანი გეგმები, რომლებიც 6 თვეზეა გათვლილი, ასევე, გრძელვადიანი. გრძელვადიან გეგმაში შედის ჩვენი მუზეუმების „აღმოჩენა“ მსოფლიო რუკაზე. ძირითადი აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო ურთიერთობებზე, მსოფლიო მუზეუმებთან დამეგობრებაზე, ახალ პროგრამებზე, ვნახოთ, როგორ გამოგვივა. არის რაღაც ისეთი, რითაც ისინიც ინტერესდებიან, მაგალითად, ჩვენი ეთნოგრაფია, ნობელების მუზეუმი. ასევე, არანაკლებ საინტერესოა არქეოლოგიური მუზეუმი. ამ სფეროში შემოსვლამდე არ მეგონა, თუ ჩვენი ქვეყანა ამდენ სიმდიდრეს ფლობდა. წარმოიდგინეთ, 180 ათასი ექსპონატი მხოლოდ ერთ მუზეუმშია და ეს იმდენად დიდი ციფრია, რომ თუ ჩვენ მისი ნახევრის პოპულარიზაციას მაინც შევძლებთ, მერწმუნეთ, მსოფლიო რუკაზე ნამდვილად აღმოვჩნდებით. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

