“დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა”
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ჩვენს ქვეყანაში ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები, პრემიერის წასვლა ხელისუფლებიდან, ღარიბაშვილის კვლავ გაპრემიერება, მიტინგები, ბოიკოტი და ურთიერთშუღლი… ეს უკანასკნელი ქართულ სახელმწიფოს არა მხოლოდ აზიანებს, არამედ მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს, რასაც დასავლეთმა, ჩვენდა გასახარად, სათანადო ყურადღება მიაპყრო და შედეგმაც არ დააყოვნა. მათი ძალისხმევით, ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა გააგრძელეს, სწორედ ამ თემაზე ვესაუბრებით პოლიტოლოგ გელა ირემაძეს.
– როგორ დაახასიათებდით საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს?
– ვიდრე თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, მნიშვნელოვან გარემოებაზე მსურს მკითხველის ყურადღება გავამახვილო: საქართველოს მომავალი საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების თანხმობაზე გადის და არა ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ გაითავისეს ეს ჭეშმარიტება, რამაც ქართულ სახელმწიფოს მრავალი პრობლემა შეუქმნა. . . დღევანდელ ვითარებასაც ვერ დავარქმევთ მშვიდს. რაც შეეხება ზემოთქმულ კითხვას: საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ჯერჯერობით არ არის ჩიხში შესული, ამიტომ შესაძლებელია და აუცილებელია არა კონფრონტაცია, არამედ უშუალო დიალოგი, ვფიქრობ, არც ოპოზიციის, არც ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყნის დესტაბილიზაცია. მიმაჩნია, რომ დიალოგის შედეგად უნდა მიაღწიონ კომპრომისს, ამავე დროს პოლიტიკური ტრიბუნა (პარლამენტი) უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს სხვადასხვა საკითხი, როგორიცაა თუნდაც ახალი ცესკოს დაკომპლექტება პარიტეტეტის თვალსაზრისით, ნიკა მელიას საქმე და სხვა. . .
– ჩვენს ქვეყანაში, მართლაც, საინტერესო პროცესები ვითარდება, რა ასპექტებს გამოყოფდით?
– გიორგი გახარიას გადადგომა იყო სერიოზული გამოწვევა ამ ხელისუფლებისთვის. ნიკა მელიას დაპატიმრებამაც დასავლეთში კითხვის ნიშნები გააჩინა. რა თქმა უნდა, გახარია იყო სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე ქართულ პოლიტიკაში და ის, რომ თავად ახსნა გუნდთან შეუთანხმებელი საკითხები, დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ არ მეტყველებს, მიმაჩნია, რომ ეს შეუთანხმებლობა მთავრობაში მისი დარჩენის საშუალებას გამორიცხავდა. . .
– გახარიას წასვლა რამდენად დააზარალებს მმართველ გუნდს მმართველობის გახანგრძლივების მხრივ და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მან ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას?
– ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. გახარიას გადაბარგება ოპოზიციაში არ დგას დღის წესრიგში, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია, მით უფრო ქართულ პოლიტიკაში. საერთოდ, ჩემი აზრით, არა მარტო ახალ ძალას, არამედ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ იდეა. ამჟამად ეს იდეა უნდა იყოს თავისუფლება, ქართული სახელმწიფოს გაძლიერება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და რა თქმა უნდა, მოსახლეობის კეთილდღეობა, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. გახარიას წასვლამ ხელისუფლებიდან მმართველ გუნდს სერიოზული ზიანი მიაყენა ამ მიმართულებით და დაბნეულობაც გამოიწვია გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანმა ქართულ პოლიტიკაში თავისი ავკარგიანობის ნიშა დატოვა. მისი წასვლა ხელისუფლებიდან მართებული იყო. შეეცადა, ქვეყანაში პოლიტიკური დუღილი დაწეულიყო, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ოპოზიციის აზრით, მის მიმართაც არსებობს გარკვეული კითხვები და შენიშვნები. . .
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, მან ექვსპუნქტიანი გეგმა წარუდგინა მხარეებს კოპმრომისის მისაღწევად, როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ჩამოსვლა და მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, ცხადია, მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იგივე საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპელი მეგობრების ჩართულობა იმედს გვიტოვებს, რომ გარკვეული შეთანხმება შედგება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუნდაც პირველ საკითხში, რომელიც დღის წესრიგში დგას, ანუ მელიას თემა, ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება, რათა ყველა მხარემ სახე შეინარჩუნოს. ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოს სტაბილურობით, კეთილდღეობით და ამ მიმართებით არაერთი ნაბიჯი გადადგა და სამომავლოდაც გადადგამს. რიგგარეშე არჩევნები ამ გადასახედიდან არ ჩატარდება და ეს არაერთხელ ითქვა. ღარიბაშვილმაც თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არის მოხსნილი, ყოველ შემთხვევაში არჩევნები – 2020 შედგა და ის, ხელისუფლების თქმით, აღარ ექვემდებარება გადახედვას.
– არის კომპრომისული ვარიანტი – პლებისციტი არჩევნების ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით, რამდენად მისაღები იქნება ეს ოპოზიციისთვის და ხელისუფლებისთვისაც?
– პლებისციტთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ნამდვილად, არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ წინ არის ადგილობრივი არჩევნები და ჩემი აზრით, აქ საუკეთესო შანსი აქვს ოპოზიციას, რომ მიაღწიოს მაქსიმალურ უპირატესობას, მოახდინოს რესურსების მობილიზება და აჩვენოს გაუმჯობესებული შედეგი. ეს სავსებით რეალურია, უფრო მეტი მანდატი ექნება ოპოზიციას საკრებულოებში, ვიდრე მათ ჰქონდათ წინა არჩევნების შემდეგ, ჩემი აზრით, ოპოზიციას უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო მარათონი ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებით, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. . .
– არც ოპოზიციაშია ერთსულოვნება, ძველი “გირჩი” ემხრობა პარლამენტში ოპოზიციის შესვლას, რამდენად გამართლებულია ოპოზიციის ბოიკოტი?
– რთულია იმის თქმა, რა შედეგამდე მივა ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის, იგივე ეუთოს, ცალკეული სახელმწიფოების ლიდერების პოზიცია 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც იქნა ხაზგასმული. რა თქმა უნდა, არჩევნებთან დაკავშირებით გვახსენდება ხარვეზები, იგივე საარჩევნო სისტემა, არჩევნების შედეგებით მანდატების, იგივე კვოტების საკითხი. . . შეიძლება ითქვას, რომ მახინჯი ფორმაა დღეს საქართველოში – 48 პროცენტი აიღო მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ კი 52 პროცენტი, მაგრამ ამ მახინჯი სისტემის მიხედვით, ხედავთ, რომ 48-პროცენტიანი მანდატის მქონე პარტიამ შეძლო ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება. ვფიქრობ, სამომავლოდ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა გაადემოკრატიულონ ეს საარჩევნო სისტემა.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ, დასავლეთიდან აშკარად ისმის შენიშვნები ხელისუფლების მისამართით, ეს რის მანიშნებელი უნდა იყოს მმართველი პარტიისთვის?
– დასავლეთის შენიშვნები ჯერჯერობით არის გამაფრთხილებელი და აქ მთავარი საქართველოს სახელმწიფომ არ გადააყოლოს ამ არჩევნებს ქვეყნის მიზანი – ევროატლანტიკური და ევროპული გზა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასავლეთის დასაყრდენ ძალას საქართველოში წარმოადგენს არა არსებული ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხი და სწორედ ქართველი ხალხი აძლევს ძალაუფლებას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს დროებით. პოლიტიკური პარტიები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო რჩება და აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, გაცნობიერდეს ამ საკითხში და სახელმწიფოებრივად იმოღვაწეოს.
– აშკარად ვხედავთ, რომ მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა და ზესახელმწიფოები გავლენის სფეროებს იფართოებენ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ გასული საუკუნის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ რუსეთის იმპერიის სატელიტი, ან უარეს შემთხვევაში, იმპერიის დანამატი?
– დღეს მსოფლიოს მრავალპოლუსიანობა რეალობაა. ერთპოლუსიანი და ორპოლუსიანი მსოფლიო ისტორიას ჩაბარდა. ამ მხრივ, ცხადია, ზესახელმწიფოა აშშ, ჩინეთი, გარკვეულწილად, რუსეთიც და არსებობენ რეგიონალური ლიდერებიც, რის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. . . უნდა ითქვას, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან სერიოზულ, დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამს, მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს ჩვენს მიმართ. . . ამიტომ საქართველოს საკითხი უფრო წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი საკითხი მიჩქმალულია, მაგრამ დღის წესრიგში არ დგას იმ დოზით, იმ ფორმით, როგორც იყო რამდენიმე წლის წინათ. ამიტომ ამ მხრივ, ხელისუფლება უნდა გააქტიურდეს, რათა რუსეთზე მუდმივი ზეწოლა განხორციელდეს.
– და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლება განაცხადს გააკეთებს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს, რამდენად ვაკმაყოფილებთ დასავლურ სტანდარტებს და საერთოდ, როდის გაიღება საქართველოსთვის ევროატლანტიკური კარი?
– საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის კარი ალბათ მაშინ გაიღება, როდესაც ჩვენ გვეყოლება კოალიციური ხელისუფლება, მთავრობა და არა ფილისტერული ერთპარტიული ძალა. ამ მხრივ, მივესალმები ” ქართული ოცნების” დამფუძნებელ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას და ამ კუთხით, ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდება საქართველოს უახლოეს მომავალში, ქართული საზოგადოება გააკეთებს სწორ და ძალიან ობიექტურ არჩევანს. ზოგადად, თუ გადავხედავთ, ევროპის სივრცეში არცერთი პოლიტიკური ძალა არ არის ერთპიროვნული მმართველი, ანუ ეს საქართველოშიც უნდა დასრულდეს და ეს დასასრული დაანონსებულია. ფაქტობრივად, 2024 წლის არჩევნებზე ამისთვის მზად ვიქნებით.