დიასამიძეების კერაზე ნორჩი ხელოვანი იზრდება
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
გულიკო და თამაზ დიასამიძეების მეშვიდე შვილიშვილია ლანა, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცდის ბედს. შარშან ლანას უფროსი ძმა ლაშა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მანამდე მოხუცებს გული მერაბის, ევგენის, მაგულისა და მარინას შვილებმა გაუხარეს.
– სწავლა ბესელაშვილების დაწყებით სკოლაში დავიწყე, – იხსენებს თამაზი. დედმამიშვილებში ყველაზე უფროსს წიგნისთვის არ მეცალა. დაბაძველის 8-წლიანი სკოლის კურსის დასრულება რომ შევძელი, პროფესიული განათლების მიღება გადავწყვიტე. დურგლის სპეციალობა შევისწავლე და ნახევარ საუკუნეზე მეტია, ხარაჩოებზე ვდგავარ, ხის დამამუშავებელ დაზგებთან ვფუსფუსებ. მარცხი ერთხელაც არ მომსვლია. თავის დროზე ალი ცინარიძის, შუქრი ფუტკარაძის, მუხამედ ცინცაძის შეგირდი ვიყავი. ხელი რომ გავიწაფე, გამოცდილება შვილებს – ევგენის, მერაბისა და ტარიელს გავუზიარე. ამას გარდა მათ ქვასა და მეტალოპლასტმასზე მუშაობის ტექნოლოგიაც აითვისეს. დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებელთა ბრიგადას ჩემი შვილი ხელმძღვანელობს. ტარიელის შვილმა საბამ მამის ნახელავი რომ ნახა, I კლასში შესვლა ახალ შენობაში ისურვა. საკუთარი სახლი მე და ტარიელმა ჩვენი გემოვნებით შევქმენით. ჩემი ხელით საცხოვრისი სახლები ავუშენე ევგენის ბესელაშვილებში და მერაბს ჩაქვში.
თამაზი ბესელაშვილებელი გულვარდ და მუხამედ დიასამიძეების მრავალშვილინი ოჯახის უფროსი ვაჟია. მის გარდა ოჯახში 5 შვილი იზრდებოდა. ხის პატარა სახლი მრავალშვილიან ოჯახს რომ ვეღარ იტევდა, გულიკო და თამაზი ოჯახს გამოეყვნენ და სოფლის განაპირას აიშენეს საცხოვრებელი სახლი. ბესელაშვილები მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზეა. იმხანად მდინარის მარჯვენა ნაპირზე შუახევის სატყეო მეურნეობამ მეცხოველეობის ფერმა გაიჩინა. სამუშაოდ გულიკოსა და თამაზსაც უხმეს. ფერმის სიახლოვეს დროებითი საცხოვრისი მოიწყვეს. თამაზმა ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე არსებული ხრიოკი ტერიტორიის დამუშავება დაიწყო. ჯერ ტერასებზე სუბტროპიკული ხურმები დარგო, შემდეგ ადგილობრივი ჯიშის მსხალი და ვაშლი მიუმატა.
სატყეო მეურნეობამ თავისი ფუნქცია რომ დაკარგა, თამაზმა მიწა და მასზე მდებარე მეცხოველეობის ფერმა შეისყიდა. ეზოსთან მდინარე ჩამოდის. მისი ნაპირები ეკალ-ბარდისგან გაწმინდა, კალაპოტში მოაქცია. სასმელი წყლის ნაკლებობა რომ ჰქონდა, ბესელაშვილებიდან წყაროს წყალი ბაგირზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის მილებით გამოიყვანა. სოფელ ახალდაბის ტყეში ალტერნატიული წყაროც გამონახა და ეზოში გადმოადინა. ზაფხულის გვალვიან დღეებში ეზოში ჩამომდინარე ნაკადული რომ შრებოდა, მდინარე აჭარისწყალზე საქაჩი ტუმბო ჩადგა და ახლად გაშენებული ხეხილის ნერგები წყლით ასაზრდოვა.
ყოფილი სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებული ხის სახერხი საამქრო, დასამუშავებელი დაზგები მისმა ცოლისძმა ზურაბ დიასამიძემ შეისყიდა. თამაზი და მისი ვაჟები ახლად დაფუძნებულ კოოპერატივში ხელოსნებად აიყვანეს.
თამაზს და-ძმები ბუდიდან ამოფრენილი ჩიტებივით მიმოიფანტნენ. უმცროსი ვაჟი ზურაბი მამისეულ კერაზე დარჩა. მისი სახლის მშენებლობაში წილი გაიღო. თანადგომა არ მოაკლო გურიაში გადასულ ძმას გურამსა და მის მეუღლე გულნაზის. ხელვაჩაურში, შუახევში გათხოვილი დების ხშირი თანამდგომი იყო და ახლაც რჩება.
ყველაზე მეტად საუკუნეს მიტანებულ დედას უხარებს გულს. წლების განმავლობაში რძალ-დედამთილი გულვარდი და გულიკო მემთეურის საპატიო საქმეს უძღვებოდნენ ჯერ მთა კატრიანზე, რომელიც კურორტ ბახმაროს ემიჯნება, ახლა კი მთის სახლი სოფელ ნაღვარევის სიახლოვეს, მერიაყელის მთაში გაიჩინეს.
- ერთხანს თხებიც გვყავდა, მაგრამ წვრილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობაზე ხელი ავიღეთ. შემდეგ მაღალპროდუქტიული მოზარდები შევიძინე და მათი მოვლა-პატრონობით ვართ დაკავებული. ნახირში 10 სული პირუტყვი გვყავს. ოჯახში რძისა და ხორცის პროდუქტები არ გვაკლია. მეცხოველეობა ჩვენთვის რენტაბელურია. ყოველწლიურად ეს დარგი ოჯახს 4-5 ათასი ლარის შემოსავალს აძლევს. ჩვენი საცხოვრებელი ტერიტორია ზღვის დონიდან 330 მეტრზე დაბლაა. ბუნებრივ-კლიმატური პირობები გვკარნახობს, რომ მარტში დათესილი კარტოფილი ივნისის დასაწყისში ამოვიღოთ და იმავე ნაკვეთზე სიმინდი დავთესოთ, – ამბობს თამაზი.
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ნაწილს ოჯახში მოიხმარენ, ნაწილი ბაზარზე გააქვთ. ივნისში კიტრი რომ შემოდის, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოსავალს იძლევა. დიასამიძეების ნაკვეთში პომიდორი აგვისტოში მწიფობას იწყებს და თოვლის დადებამდე კრეფენ. თამაზმა მათი მოვლა-მოყვანის საიდუმლოებანი რძალ ნატო ცეცხლაძესა და ნაბოლარა ვაჟ ტარიელს გადააბარა.
საზოგადოებამ საუკუნის მშენებლობა უწოდა უკვე ექსპლოატაციაში შესულ „შუახევიჰესს“. თამაზი და ტარიელი მის მშენებლობაზეც მუშაობდნენ.
– ჰესის გამშვები სადგურის ტერიტორია ჩემს ეზოს ემიჯნება. სირენა რომ ჩაირთვება, ვიცი, რომ სადგური მუშაობას იწყებს. ყველას გვახარებს მისი ექსპლოატაციაში გაშვება. ის ქართული, ეროვნული ენერგეტიკის ახალი შენაძენია. თითოეულ შუახეველს გვეამაყება, რომ გვირაბების სიგრძით მსოფლიოში მეორე ჰესი გვაქვს. დიდაჭარა-ახალდაბის გამშვები და სადაწნეო გვირაბები წყლით რომ გაივსო, ჩემს ეზოში მომდინარე ნაკადული ზაფხულობით აღარ შრება, – შთაბეჭდილებას გვიზიარებს ჩვენი რესპოდენტი.
ოჯახური იდილია, შეხმატკბილებული გარემო გულიკოსა და თამაზის შთამომავლებს ნორმალური ცხოვრების, კეთილსინდისიერი შრომის, წარმატებული სწავლის, ადამიანებთან მეგობრული და მეზობლური განწყობის პირობებს უქმნის. ქიძინიძეებში გათხოვილი ქალიშვილი მაგული, სახალვაშოში ბრილიდან გადასული ბოლქვაძეების რძალი მარინა, ცალკ-ცალკე კერაზე მცხოვრები მერაბი და ევგენი მეუღლეებით, შვილებით გორხანაულზე მშობლებს სტუმრობენ. რძალი ნატო, შვილიშვილი ლანა, ბებია გულიკო სუფრას გაშლიან. თამაზი ფანდურს მოიმარჯვებს და სიმღერას წამოიწყებენ. ცეკვა-სიმღერაში ბადალი ევგენის არ ჰყავს. ბიძას ყველაზე სასიამოვნო პარტნიორი ნატოსა და ტარიელის უმცროსი ვაჟი საბა ჰყავს. საბა 5 წლისაა, მაგრამ უკვე ათვისებული აქვს მუხამედ ართმელაძის, ალიოსმან დავითაძის, ტარიელ მაკარაძის, ნოდარ ქარცივაძის, ლევან ფუტკარაძის „განდაგანას“ ილეთები.
გულიკოსა და თამაზის შთამომავლობა 40-მდეა. ბებია-ბაბუას შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები გამორჩეულად უყვართ, მაგრამ საბამ თავისი ქცევით, მუსიკალური გემოვნებითა და დაუოკებელი ენერგიით ყველას აჯობა. ბაბუა მთაში საქონლის გარეკვაზე თადარიგს რომ დაიჭერს, ღამით აღარ ძინავს. მემთეურები მთა მერიაყელის „პატარა ხელოვანს“ ეძახიან. მისი ხელოვნება კიდევ უფრო პოპულარული გახდა, როცა მთაში დენი გაიყვანეს.
შარშან ბებიასა და ბაბუას საარჩევნო უბანზეც გაჰყვა. თბილისში დუტა სხირტლაძის „პატარების დიდ შოუში“ რომ მიიწვიეს, ბაბუა შეუძლოდ იყო, ნატომ და ტარიელმა უმეგზურეს. შოუში გამოსასვლელად სამდღიანი მომზადება გაიარა. სული და გული ოჯახის უხუცესებთან ჰქონდა. დაბრუნდა თუ არა, მათ ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ისიც არ დამალა, პირველ დღეს როგორ დაიმორცხვა. გამორჩეულად დუტა მოსწონებია.
საბას ფანდურის ჰანგები უკვე აღარ აკმაყოფილებს. ბაბუას ჭიბონის შეძენა სთხოვა. ჭიბონს აჭარაში კოკოტაურელი მურად თავართქილაძე, დანდალოელი თემურ არძენაძე აკეთებენ. ბაბუამ მუსიკალური ინსტრუმენტი კოკოტაურელ ხელოსანს შეუკვეთა. მურადმა ვალდებულებაც აიღო, რომ ნორჩ ვირტუოზს ჭიბონზე დაკვრის ხელოვნება შეასწავლოს.
საბას ცნობიერება მიუხედავად პატარა ასაკისა, ბევრს სწვდება. უკვე მომავალი პროფესიაც არჩეული აქვს – პოლიციელობაზე ოცნებობს. პროფესიულ განათლებასთან ერთად ხელოვნებასთან წილნაყრობასაც არ დააღალატებს: – თუ ბედმა მარგუნა, სუხიშვილების ანსამბლის წევრობა მსურს“, – გვითხრა დაბეჯითებით.
- თავის დროზე კლასიკური განათლებისთვის ვერ მოვიცალე, – გვითხრა თამაზმა. საკუთარ თავს რაც დავაკელი, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე ზრუნვით მსურს ავანაზღაურო. ოჯახში ეკონომიურადაც გავძლიერდით, შესანიშნავი არქიტექტურის ორსართულიანი სახლი ავიშენეთ და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისად მოვაწყვეთ. ოჯახში ხუთივე შვილი რომ მოიყრის თავს, ღამისგასათევი საძებარი არაა. მარტო მეორე სართულზე ხუთი საძინებელი ოთახია.
დიასამიძეების ოჯახი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე სახლობს. წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმარი არ აკლიათ. მათი მასპინლობით მოიხიბლნენ გერმანიიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან ჩამოსული ტურისტები. სტუმრები ყველაზე მეტად მაშინ ჰყავთ მოჭარბებული, როცა ბარაქიანად ჩამოთოვს და ტრანსპორტით გადაადგილება რთულდება.
- საღამო ხანი იყო. ვხედავ გზაზე უცხო პიროვნება თოვლში მიაბიჯებს. სახლის აივნიდან შევეხმიანე. პასუხით გავიგე, რომ ქართველი არ იყო. ხელი დავუქნიე. უკან მოტრიალდა და „გუთენ“-„გუთენ“ ძახილით ეზოში შემოვიდა. ჩვეულებრივად ვუმასპინძლეთ. წასვლისას იკითხა: გადასახდელი რა მაქვსო?
- არაფერი, – მეთქი.
გაოცებული გამოგვემშვიდობა. გავიდა რამდენიმე თვე და გერმანიიდან მიწვევა გამოგვიგზავნა. ურთიერთობას ახლაც ვაგრძელებთ.
დიასამიძეები საოჯახო სასტუმროს გამართვას აპირებენ. უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტიორები სხვადასხვა სერვისით სარგებლობის, ადგილობრივი კულინარიის დაგემოვნების შემდეგ საბა დიასამიძის ხელოვნებითაც დატკბებიან.
საბას ნიჭი, ხელოვნებისადმი ლტოლვა ყველას ახარებს, მაგრამ დედის, ნატო ცეცხლაძის, სიხარული განუზომელ-აუწონელია. საბამ ძვირფას და მუდამ სათაყვანებელ დედას წლევანდელი დღესასწაული ეზოში დაკრეფილი იებითა და ყოჩივარდებით მაშინ მიულოცა, როცა ტელეკომპანია „იმედის“ არხზე „პატარების დიდ შოუში“ გამოსვლისთვის ემზადებოდა.
- ყველა მიყვარს, მაგრამ დედა მაინც უძვირფასესია, – თქვა 5 წლის ენამოსწრებულმა საბა დიასამიძემ.

