31 მარტი – მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩაატარა. ამასთან დაკავშირებით გუშინ ეროვნული მოძრაობის ვეტერანები და აჭარის უზენაესი საბჭოს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრები ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა – დემოკრატიული საქართველო“ მერაბ კოსტავას მემორიალურ ქვასთან შეიკრიბნენ.როგორც აღნიშნეს, ეს შეკრება ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს მიეძღვნა – 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 82 წლისთავს.
აქ მოვიდნენ აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატები ნუგზარ ჩხაიძე და ოთარ ცანავა, ასევე, ეროვნული მოძრაობის ვეტერანები ბორის მიქელაძე, ირმა ჩხაიძე, ნონა ჩიხლაძე, ალექსანდრე ტაკიძე, შადურ ლორია, პანტელეიმონ გოგუაძე, გოგი ფირცხალაიშვილი, იური ჩხიტუნიძე, სხვები.
გამომსვლელებმა, ძირითადად, ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ 31 მარტი არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში, რომ რეფერენდუმზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობა, რაც იმას მიუთითებს, რომ კონსტიტუციურადაც კი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და შემდგომ მისი შედეგების საფუძველზე 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა არის საქართველოს სახელმწიფოს იურიდიულად აღიარების საფუძველი და გაერო ამჟამად სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას.
ნუგზარ ჩხაიძემ თქვა, რომ 26 მაისი არ უნდა აღინიშნებოდეს როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ასეთი დღე არის 9 აპრილი. 26 მაისი არის ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, დაბადების დღე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღე და გასულ საუკუნეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.
გამოსვლელებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ ქართული მასმედია სათანადოდ არ აშუქებს ამ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტს და მთელი ყურადღება გადატანილია მეორეხარისხოვან მოვლენებზე, რომ ამ დღეების ასეთი უგულებელყოფა ისტორიის გაყალბებაზე მიგვანიშნებს.
მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მათი თხოვნა, რომლის შესახებაც განაცხადი, უკვე სამი წელია, ბათუმის საკრებულოშია შეტანილი. იგი შეეხება ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას, რომელზეც პასუხი ჯერაც არ მიუღიათ.
– როცა ქალაქში იმდენი არაფრისმთქმელი „ძეგლია“, როგორებიცაა „ჩაჭყლეტილი ბოთლი“, „კვერცხები“, „შლოპანცები“, არ დგას ზვიად გამსახურდიას ძეგლი, რომლის ამ ქალაქში ჩამოსვლამ ადამიანთა ცნობიერებაში გარდატეხა შეიტანა და იგი დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ მიმართა. მემორიალურ ქვაზე, სადაც ახლა ჩვენ შევიკრიბეთ, წარწერაა: აქ დაიდგმება მერაბ კოსტავას ძეგლი. მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და ძეგლზე საუბარი საერთოდ შეწყდა. როცა ეროვნული ხელისუფლება აღარ არის, წყდება ყოველგვარი ეროვნულის წარმოჩენა. დროა, ამ გულგრილობას ბოლო მოეღოს. ერთიც უნდა აღინიშნოს, ვინც ზვიადს გვერდით ედგა, სახელისუფლებო სტრუქტურებში კი არა, საერთოდ, არცერთ სამსახურში აღარ იღებენ, ყურადღებას არ აქცევენ. მართალია, ეს ხალხი უკვე ასაკოვანია და მეორეხარისხოვნად არიან მიჩნეულნი, მაგრამ უცხოეთში ასეთ ხალხს უდიდეს პატივს მიაგებენ . . . ეს ადამიანები ზვიადის გვერდით იდგნენ, იმ ლიდერის გვერდით, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, – აღნიშნა ნუგზარ ჩხაიძემ.