„ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
„არ დაგანგრევინებთ ბათუმის ბულვარს“, „შეაჩერე ამბასადორი“ ამ სლოგანებით გამართეს აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის სახლის წინ, როგორც ამბობენ, ბათუმის ბულვარის გადასარჩენად, ასევე მისი ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძისთვის სოლიდარობის გამოსახატად.
აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა, რადგან სამართალდამცავებმა მონაწილეებს არ მისცეს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა წარწერის გაეკეთების საშუალება, რის გამოც ერთი პირი დააჯარიმეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, გაჩერებას არ აპირებენ და აუცილებლად ბოლომდე დაიცავენ ბათუმის ბულვარს.
– იყო ძალის გადამეტება. ისიც მითხრეს, რომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დამაკავებდნენ, ხელიც მომკიდეს, ამ ფაქტს კი ურეაქციოდ ნამდვილად არ დავტოვებ. რაც შეეხება ირაკლი ჯინჭარაძის მხარდაჭერას, დიახ, ჩვენ ვართ დღეს აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მას. აუდიტის იმ დასკვნით, რომელსაც მიზეზად ასახელებენ, არ შეიძლება ადამიანი გაათავისუფლო დაკავებული თანამდებობიდან. აქ მთავარი არის ის, რომ ეს იყო მისი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის შედეგი, – გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა ირმა ზოიძემ.
– ვაპროტესტებთ „ამბასადორის“ მშენებლობას, მოვითხოვთ, შეჩერდეს ბულვარის განადგურება. ეს აქცია, ასევე, მხარდაჭერაა ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორის მიმართ, რადგან ვთვლით, რომ ის თავისუფალი სიტყვის გამო გაათავისუფლეს, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნინო ბარამიძემ.
– ჩვენი დასაცავია ბათუმის ბულვარი, ჩვენი დასაცავია პლაჟი, ჩვენი დასაცავია ბათუმი და ამასთანავე ჩვენი დასაცავია საჯარო მოხელეები, რომლებიც აფიქსირებენ საღ აზრს. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ყველა საჯარო მოხელეს, თქვენც გაბედეთ, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტმა აზა გაბუნიამ.
– ირაკლი ჯინჭარაძემ, ბათუმის ბულვარის ყოფილმა დირექტორმა მკაფიოდ დააფიქსირა ის პოზიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ჩვენი ქალაქისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ აპატიეს, ამიტომ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა მას, – თქვა აქციის მონაწილე ნაზიბროლა დოლიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის სახლის წინ გამართულ აქციას ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძეც შეუერთდა.
– მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ რაც არის ხალხის, ის უნდა იყოს ხალხის და რაც გვიბოძა ღმერთმა, ის ბუნება უნდა შევინარჩუნოთ. საჯარო რეესტრში რომ შევიდეთ, ვნახავთ, რომ ბულვარი არის მუნიციპალიტეტის საჯარო სივრცე, რაც ნიშნავს იმას, რომ ბულვარი ყველასია, – თქვა ირაკლი ჯინჭარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორმა ირაკლი ჯინჭარაძემ თანამდებობა დატოვა, მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დაასახლეს.
ირაკლი ჯინჭარაძის შესაძლო დათხოვნაზე საუბარი მაშინ დაიწყო, როცა ის შპს „ბათუმი თაუერისთის“ პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას ღიად შეეწინააღმდეგა. ამ ფაქტის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულვარში მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტები არ შეჩერებულა.