გიორგობა – სხალთის ეპარქიაში
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ღვთისნიერმა, ქველმოქმედმა მარეთელებმა, რომლებიც საცხოვრებლად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არიან გადასულები, წლების წინათ თანახეობელებს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთეს. სიმბოლურია, რომ ამ ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ადამიანებმა 7 წელი, 7 თვე და 7 კვირა შეალიეს მარეთის ხეობის შუაგულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენებას, რომელიც 2006 წლის 6 მაისს საზეიმოდ აკურთხეს. ამ დიდი საქმის ინიციატორი ხეობის მკვიდრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოლომონ ფუტკარაძეა. ტაძრის ხუროთმოძღვრობა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა თეიმურაზ ყურავამ ითავა.
კურთხევის დღიდან ამ ლამაზ ტაძარში ღვთის სადიდებელი განუწყვეტლივ ისმის, წირვა-ლოცვა აღევლინება. ასე იყო წლევანდელ გიორგობაზეც, წმინდა გიორგის აღსრულების დღეს. საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინეს სხალთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა, დეკანოზებმა გიორგიმ, მატატამ, გრიგოლმა და ბაგრატმა.
ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინა. საზეიმო რიტუალს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ.