ჩაოობა არ დაივიწყეს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ფერდობზეა შეფენილი ულამაზესი სოფელი ჩაო. დალოცვილ მიწაზე აქაურებს 30-ზე მეტი ჯიშის ვაზი, სხვადასხვა სახეობის მსხალი, ვაშლი, კურკოვანი და კაკლოვანი ხილი უხარებიათ. ხულოს მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელში არ მოდის კაკლის ისეთი მოსავალი, როგორიც ჩაოში.
ჩაოს ღირსეული, ქვეყანაზე, კუთხეზე მოდარდე ადამიანები არასოდეს აკლდა. მახარაძეები, ცეცხლაძეები, აბულაძეები, შავაძეები, დავითაძეები, შაინიძეები, ლაბაძეები, გოგოლაძეები წინაპრების ნალოლიავებ კერას არ ავერანებენ, ერთმანეთს ეფერებიან, ლხინსა და ჭირშიც ერთმანეთს მხარს უმაგრებენ. ჩაო აჭარის მთიანეთში პირველი სოფელია. მას შვილთმრავალი, შრომის ფრონტზე, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგში წარმოჩენილი ქალები არასდროს აკლდა. მათ შორისაა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი ნათელა ლაბაძე, 10-10 შვილის დედები სელვი ცეცხლაძე, ზუმრეთ მელაძე-მახარაძე, ჰურიე ცეცხლაძე. . . ნათელა ლაბაძის მსგავსად არაერთი ჩაოელი ქალი იყო არჩეული აჭარის უმაღლესი და ხულოს რაიონული საბჭოების დეპუტატად.
1989 წლის სტიქიურმა მოვლენებმა ჩაოს ზოგიერთ უბანში ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. 56 ოჯახი იმ წელს გორის რაიონის სოფელ შავშვებში საცხოვრებლად გადავიდა. დღესაც იქ სახლობენ და შესანიშნავად შეეთვისნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
1997 წელს მაშინდელი ხელმძღვანელის, ზაურ მახარაძის ინიციატივით ჩაოელებმა (როგორც ადგილზე დარჩენილებმა, ისე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადასულებმა) სოფლის დღესასწაულ ჩაოობას დაუდეს სათავე. იგი ყოველი წლის 2 მაისს აღინიშნებოდა. ღონისძიების ორგანიზატორის წუთისოფლიდან წასვლის შემდეგ მხოლოდ ორჯერ გაიხსენეს სოფლის დღეობა. მართალია, შარშან დააპირეს ამ შესანიშნავი დღესასწაულის გახსენება, მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ჩანაფიქრი ვეღარ განახორციელეს.
ჩაოობა რომ ერთმანეთის მოფერების, არდავიწყების ზეიმია, წელსაც დადასტურდა. ზაურ მახარაძის წამოწყების გაგრძელება ითავა ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია შავაძემ. მან მოახერხა, კვლავ შეეკრიბა თანასოფლელები სადღესასწაულოდ, პანდემიის გამო, სამწუხაროდ, სოფლიდან გადასულები ვერ მოიპატიჟეს. არც სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მოუპატიჟებიათ. ღონისძიების ინიციატორს „საპატიო ჩაოელის“ დიპლომებისა და ფასიანი საჩუქრებისთვის ფინანსურად აქაურმა ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი. ამჯერად „საპატიო ჩაოელის“ წოდება აწ გარდაცვლილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ოთარ მახარაძესა და მიხეილ ცეცხლაძეს მიანიჭეს. დიპლომები და საჩუქრები მათ შთამომავლებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
– მეორე მსოფლიო ომში ჩაოდან ოთხი ჭაბუკი იბრძოდა. მათგან ორმა სამუდამო სასუფეველი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჰპოვა. რიზმან და ოსმან მახარაძეების სახელს სოფელი არ ივიწყებს. უკვე ჩაფიქრებული გვაქვს, რომ მომავალ წელს „საპატიო ჩაოელის“ სახელი მათ მივანიჭოთ. ოთარ მახარაძე და მიხეილ ცეცხლაძე წუთისოფლიდან ვალმოხდილნი წავიდნენ, შესანიშნავი შთამომავლობა დაგვიტოვეს, – გვითხრა მზია შავაძემ.