ასეთი წარმატება ხულოს არ ახსოვს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
პოლონეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს წარმომადგენლებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ოქროს მედალი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრმა, ხულოს სასპორტო სკოლის აღზრდილმა შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა. მან 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაჯაბნა და კონტინენტის უძლიერესი მოჭიდავის სახელი დაისაკუთრა.
თანარაიონელის მსგავსად ჩემპიონატში მონაწილეობდა ხულოს სასპორტო სკოლის აღზრდილი ლერი აბულაძე. იგი 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს თანარაიონელებმა შეხვედრა გაუმართეს. სპორტსმენებს ვარშავაში მოპოვებული წარმატება მიულოცეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ფრიდონ ფუტკარაძემ. მათ წარმატებულ სპორტსმენებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
– ხულოელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე არაერთხელ გაიბრწყინეს, მაგრამ ასეთი წარმატება არ ახსოვთ. შმაგი თავისი მიღწევებით რამდენიმე წელია გვახარებს, მაგრამ უფრო შთამბეჭდავია ლერის წარმატება. იგი ასეთი რანგის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობდა და მედლით დაგვიბრუნდა. ორივე მოჭიდავე მსოფლიოსა და ოლიმპიურ პირველობებზე გამოსვლისთვის ემზადება. იმედია, ისევ ხელდამშვენებულები დაგვიბრუნდებიან , – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
სპორტსმენებმა და მათმა მწვრთნელებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.