„კურიოზის, კორექტურის გარეშე ჟურნალისტის საქმე წარმოუდგენელია“
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ალექსანდრე აბაშიძემ 70 წელი უკან მოიტოვა. ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში შუახევის რაიონული გაზეთის – „ცისკრის“ რედაქტორი იყო. მასთან საუბარი იმ შემოქმედებითი საქმიანობის გახსენებაა, რომელიც წლების განმავლობაში გამოიარა.
– საშუალო სკოლის მერხთან ჩემი გამომშვიდობება იმ წლებს დაემთხვა, როცა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გაუქმებული შუახევის რაიონი ისევ ადმინისტრაციულ ერთეულად გამოცხადდა. ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გაუქმებული რაიონული სტამბა და რაიონული გაზეთი აღადგინეს, თითქმის ყველა სფეროში ახალგაზრდა კადრები ან პრაქტიკოსები დაასაქმეს. თანასოფლელ დურსუნ თოიძეს – რაიკოოპერატივის სისტემაში, ხოლო ტარიელ ნიჟარაძეს ავტოსატრანსპორტო საწარმოში ადგილები მიუჩინეს. რაიონის მაშინდელი პირველი პირები მიხეილ ხოზრევანიძე და ავთანდილ მიქელაძე მამაჩემის შრომისმოყვარეობას იცნობდნენ. თანასოფლელების რეკომენდაციით ახალდაქორწინებულ წყვილს რაიონის ცენტრში მუშაობა დაგვაწყებინეს. რაიონულ სტამბაში ახლად დადგმულ ლინოტიპის მანქანას რომ მივუჯექი, ჩემ წინ ახალი სამყარო გადაიშალა. ერთი თვის მუშაობის შემდეგ, ჯაბნიძეებელ თეიმურაზ მუკუტაძესთან ერთად, რედაქტორ სერგო კაკაურიძისა და სტამბის გამგის აკაკი მახარაძის ქება დავიმსახურე. იმ ხანად რაიონის ცენტრში არსებულ წიგნის მაღაზიაში ჩვენი ახლობელი ისიდორე დავითაძე მუშაობდა. პრესის დღესთან დაკავშირებით რედაქტორმა მისგან შეძენილი წიგნები გვისახსოვრა. მაშინაც პრესის დღე მაისში აღინიშნებოდა. კვირის ბოლოს ქიძინიძეებში წავიღე პირველად მორთმეული საჩუქარი და მშობლებსაც გული გავუხარე. იმ დროიდან მოყოლებული მრავალ ხელმძღვანელთან, პროფესორ-მასწავლებელთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ბატონი სერგოს სადარი ადამიანი მაინც იშვიათობაა. ნახევარი საუკუნის შემდეგ საშუალება მეძლევა, რომ მისი მადლიანი საქმიანობა რამდენიმე წინადადებით შევაფასო. პროფესიით პედაგოგს აღმზრდელის, დამრიგებლის, ადამიანებთან მუშაობის მეთოდები და ხერხები ერთმანეთთან ჰქონდა შეთავსებული. მაშინ დაწყებული ურთიერთობები მისი წუთისოფლიდან წასვლის დღემდე გრძელდებოდა. მასთან სიახლოვემ შესაძლებლობა მარგუნა, სამსახურებრივი, თუნდაც კოლეგიალური ურთიერთობები მქონოდა თენგიზ ხომერიკთან, გივი თურმანიძესთან, ნუგზარ ჯაფარიძესთან, ავთანდილ დიასამიძესთან, თანარაიონელ შოთა ზოიძესთან. ამ უკანასკნელთან კავშირები უფრო განმტკიცდა, როცა მისი ძმისშვილი ზურაბი და მე წლების განმავლობაში რაიონულ გაზეთში ერთად ვსაქმიანობდით, ახლად დაარსებული გაზეთი „ცისკარი“ გაზეთ „აჭარის“ რედაქციაში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე იწყობოდა. აჭარაში ეს სიახლე პირველად იქ შემოვიდა.
– სტამბაში ლინოტიპთან მუშაობა საპატიო საქმედ მიიჩნიეთ, მაგრამ მალევე რედაქციაში კორესპონდენტის ფუნქციით ჩაანაცვლეთ. ამ ნაბიჯის წინაპირობა რა იყო?
– უმაღლესი განათლების მიღების სურვილი სტამბაში მუშაობისას მქონდა. დიდ კონკურსში ხელი მომეცარა. წარმატებულ ლინოტიპისტს რედაქტორის რეკომენდაციით უმაღლესი სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე ლიმიტი მომცეს. ოჯახს ახლად მოკიდებული, ქალიშვილის მამა ქუთაისში მოსამზადებელ განყოფილებაზე ჩავირიცხე. უმაღლესში ჩარიცხვას ერთი ნაბიჯიღა მაშორებდა, რაც კიდეც ავისრულე. ვახტანგ ღლონტი, მანანა სულაბერიძე, ლევან ქამადაძე, სულიკო ანთაძე, ვალოდია ზოიძე, მიხეილ გელაძე, გურამ სურმანიძე იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც სტუდენტობა გავატარე. ისინი წარმატებული ადამიანები არიან – შემოქმედებით სარბიელზე, პოლიტიკურ ასპარეზსა და პედაგოგიურ საქმიანობაში ტოლს არავის უდებენ. ადამიანის არსებობაში არის იდუმალი ძალა, რომელიც იქითკენ გიბიძგებს, სადაც შენი მომავალია. მე იქ წავედი, სადაც გული და გონება მკარნახობდა. ბატონმა სერგომ შუახევი დატოვა. რედაქტორის თანამდებობაზე იგი მიხეილ ზოიძემ ჩაანაცვლა. მე იმ დროს გავხდი რედაქციის მუშაკი, როცა ჟურნალისტურ სარბიელზე მიხეილ დავითაძე, ოთარ ცინარიძე, ნაზი კახიძე, ნარგიზ აბულაძე, ვლადიმერ მამულაძე, ზურაბ დარჩიძე სიტყვას ამბობდნენ. ყველას გული დაგვწყვიტა ნაზი კახიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე გზა რიგითი კორესპონდენტიდან გაზეთის რედაქტორობამდე. გასული საუკუნის 90-იან წლებში მე და ტარიელ ნიჟარაძეს უკვე ერთად გვიწევდა მუშაობა. ის შუახევის რაიონის პირველი პირი იყო, მე – რედაქტორი.
– ძნელბედობის წლები თქვენს ცნობიერებაში როგორ აისახა?
– ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რყევები სამსახურების, მათი ხელმძღვანელებისა და თითოეული ადამიანის ფსიქიკაზე, სამუშაოს ხარისხზე, ცხოვრების ნორმალურობაზე გავლენას ახდენს. ძველი ხერხებით ახალი ამოცანების გადაწყვეტა რედაქციისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირება ჟურნალისტების საქმიანობაზეც გავლენას ტოვებდა. ადგილობრივ ბიუჯეტს ჩამოკიდებული გაზეთი იმ პოლიტიკას ატარებდა, რასაც არსებული რეჟიმი გვიკვეთავდა, თუმცა საკუთარ მოსაზრებებსაც შეპარვით ვაზიარებდით ხოლმე. ასე გამოვიარე თორმეტი წელი, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ხომ გსმენიათ შეგონება: „მკლავი ვინ მოგჭრაო“. . . ყველაზე მეტად ისინი გვიტევდნენ, ვისთან ერთადაც სტუდენტობა, გაზეთ „დროშის“ რედაქციაში ერთად მუშაობა მქონდა გამოვლილი. საწადელს მაინც მიაღწიეს და 2006 წელს გაზეთ „ცისკრის“ რედაქციის კარები გამოვიხურეთ. წელიწადში 30-40 ათასი ლარით ადგილობრივი გაზეთის დაფინანსება არც ქვეყნის ბიუჯეტს დააქცევდა და არც – შუახევისას. იმჟამინდელი ხელისუფლების ლიდერები გაზეთებს კი არ ებრძოდნენ, არამედ იმ ადამიანებს გვიტევდნენ, რომლებმაც შრომას ათწლეულები შევალიეთ და კიდევ შეგვწევდა უნარი ერთხელ არჩეული პროფესიის ერთგულებისა. სტამბაში არსებული ძვირადღირებული დანადგარები ჯართში ჩააბარეს. ერთხელაც არავინ დაფიქრებულა, რომ ის ლინოტიპები, საბეჭდი დაზგები მუზეუმებისთვის მაინც გადაეცათ. ეს მარტო შუახევში არ იყო. ასე, ხელის ერთი მოსმით, გაანიავეს და გააცამტვერეს ყველაფერი მეზობელ რაიონებშიც. ძველი, რაც ქართულთან, ეროვნულობასთან ასოცირდებოდა, მათთვის მიუღებელი იყო. რომ არა ის შემოტევა, გაზეთების წაღმა-უკუღმა ფრიალი, ფოტოების გამადიდებელი შუშით გაცხრილვა, ჟურნალისტობას ისევ გავაგრძელებდი. ისეთებმა დაიწყეს დასმენები, რომლებსაც მანამდე და არც მას შემდეგ ქვეყნის სასიკეთოდ ქვა ქვაზე არ დაუდიათ. მალე ისინი იმ რეჟიმს განუდგნენ, ახლა კი ამ ხელისუფლებას არ ჰგუობენ. საოჯახო არქივში ჟურნალისტის წევრის მოწმობას, მიღებულ სიგელებს, სხვა ჯილდოებს საპატიო ადგილი მივუჩინე და შუახევიდან სამუშაოდ, ოჯახთან ერთად, ბათუმში გადავედი. სამუშაოს გარეშე დარჩა მეუღლე ნათელა მიქელაძე.
– ჟურნალისტურ სარბიელზე შემოთავაზებები არ გქონიათ?
– რედაქტორად 12-წლიანი მუშაობისას კოლეგიალური, მეგობრული ურთიერთობები ჩამომიყალიბდა „აჭარა Pპ.ს.“-ის რედაქტორებთან ტარიელ ქათამაძესთნ, ჯემალ მეგრელიძესთან. იყო კიდეც მათთან, სხვა რედაქციებსა და გამომცემლობებში შემოთავაზება მუშაობის დაწყებაზე, მაგრამ იმ რეჟიმის წლებში კერძო სექტორში მუშაობა ვარჩიე. ამ გზით ოჯახს უფრო მეტი სარგებელი მოვუტანე. ამასობაში ასაკმაც თავი შემახსენა და ყველაფერს სოფელში დაბრუნება, საკუთარი ხელით ნალოლიავები სახლ-კარის პატრონობა ვარჩიე.
– სოფელი სათქმელად იოლია, მაგრამ მიწა, მასთან ურთიერთობა დაძაბულ შრომას ითხოვს. . .
– მე და ნათელა ერთმანეთს ვავსებთ. შვილები, შვილიშვილები, რძლები, სიძე ხშირად მოდიან სოფელში, თუმცა მათაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ. ირაკლი წარმატებული ადვოკატია, ივერი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა. იამზე სპეციალობით ფილოლოგია. მან სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობას ბიზნესი ამჯობინა. უკვე სტუდენტი შვილიშვილების ბაბუაც ვარ. ყველაზე მეტად თარაშის ნიჭიერება მახარებს.
– 70 წელი ცხოვრება, ნახევარ საუკუნეზე მეტი საზოგადოებრივ-სასარგებლო საქმიანობა თავისებურ გამოძახილს ჰპოვებს, ადამიანს რიგი მოვლენების შეფასების საფუძველს უქმნის. სულ სხვაა დღევანდელი ჟურნალისტიკა. თქვენი პოზიცია როგორია ამჟამად?
– მისასალმებელია, რომ ჟურნალისტიკა ზეწოლისა და სხვისი კარნახისგან თავდახსნილად გვეჩვენება, მაგრამ არც ასეა საქმე. ზეპარტიული არც საინფორმაციო საშუალებაა მომგებიანი და ვერც ჟურნალისტი სახელს მოიხვეჭს. ერის, ქვეყნის, მშობლიური ენის, თუნდაც ადათ-წესების, უგულებელყოფა არავის ეპატიება. ზოგიერთი პოლიტიკოსი და მისი მეხოტბე ჟურნალისტი საუბარში, სტატიაში მიმდინარე დებატებში უცხო სიტყვების კორიანტელს აყენებს. ამ დროს იმ სიტყვებს ივიწყებს, რაც მშობლიური და ყველასათვის მისაღებია. გაიძახიან, საქმე ფატალურად დასრულდაო. აღარავის ახსოვს, რომ მისი შესატყვისი სიტყვა საბედისწეროა. 1978 წელს მათ რიგებში მეც ვიყავი, ვინც ქალაქ ბათუმში დედაენას ვიცავდით. ჩვენ გვერდით მყოფნი ახლა პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მაშინდელი სულისკვეთება აღარ ახსოვთ. მეც და ახლანდელი ჟურნალისტებიც ჟამთააღმწერებს ვუტოლდებით. დროა, ყველას და ყველაფერს მივხედოთ, თორემ ქართული ენა შაქარყინულივით შემოგვადნება, ქვეყანაც სოროსისტებს, სხვადასხვა სექტების მიმდევრებს საჯიჯგნად დარჩებათ.
– ჟურნალისტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფესიული საქმიანობიდან კურიოზს ხომ არ გაიხსენებთ?
– კომუნისტური რეჟიმის წლებია. რედაქციის თანამშრომლები სოფლებში მიგვავლინეს. საღამოს საათებში დავბრუნდით იმ მიზნით, რომ მეორე დღეს გაზეთის ახალ ნომერზე გვემუშავა. სტამბის მუშაკებს კარები ნაადრევად გამოეკეტათ და სახლებში წასულიყვნენ. მორიგ ნომერში შუახეველი მეხილეების მიმართვა იბეჭდებოდა. რაიკომიდან ტექსტი რომ მოიტანეს, დავალებაც მოაყოლეს, რომ დილის 10 საათისთვის გაზეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის, კერძოდ ნოდარ ნადარაიასთვის უნდა წარედგინათ. რედაქტორი საერთოდ არ გამოჩენილა, დავალების შესრულება მოადგილეს მოუხდა. საქმეში მეგობრები ჩავრთეთ. ოთარ ჯაფარიძის „ვილისით“ ტბეთიდან – ლევან ლემსაძე, მოფრინეთიდან – ციალა ბერიძე, ლაკლაკეთიდან – ნათელა ხუჯაძე, ბუთურაულიდან ტარიელ მახაჭაძე მოვიყვანეთ. ლინოტიპს მეც მივუჯექი. ღამე თეთრად გავათენეთ. დილის 9 საათზე ნომერი მზად იყო. გამოძინებულმა რედაქტორმა, თუმცა გაზეთს ხელს მოადგილე აწერდა, კორექტურების ძებნა დაიწყო. ავთანდილ დიასამიძემ გაზეთი გაბრაზებით გამოართვა და . . . რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა იოსებ ხიმშიაშვილმა, ალექსანდრე ჯიბლაძემ, ვლადიმერ მახარაძემ მადლობა გამოგვიცხადეს.
ერთხელაც, პარტიული კონფერენციისადმი მიძღვნილ ნომერს ვბეჭდავდით და საბეჭდი მანქანიდან გარეთა გვერდები მბეჭდავს გადაუვარდა. ის უფრო მარტივი იყო, ვიდრე მეხილეების მიმართვისადმი მიძღვნილი ნომრის აწყობა. კურიოზის, კორექტურის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობა წარმოუდგენელია. მე ის ხანაც გამოვიარე, როცა თითოეულ სიტყვას, წინადადებას რამდენიმე მაკონტროლებელი ჰყავდა. ვსარგებლობ შემთხვევით და ყოფილი კოლეგა, ვეტერანი ჟურნალისტი გაზეთ „აჭარას“, იქ მომუშავე ჟურნალისტებს საუკუნოვან იუბილეს გილოცავთ.