მუსიკალური ცენტრის ახალი პროექტი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა (დირექტორი – გიორგი მიქელაძე) და ბათუმის მერიის კულტურის ცენტრთან (დირექტორი – ირაკლი შაფათავა) არსებულმა ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბათუმმა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – თემურ ბოლქვაძე, მთავარი ქორეოგრაფი – შალვა გოგუაძე, ქორეოგრაფი – ნუგზარ მიქაძე, რეპეტიტორი – მირანდა ბაღდადიშვილი) ერთობლივი პროექტი განახორციელეს. სადადგმო ჯგუფმა, რომელშიც შედიან მთავარი ქორეოგრაფი შალვა გოგუაძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მთავარი ადმინისტრატორი ჯაბა სალუქვაძე, ოპერატორი გიორგი შკუბულიანი, გადაიღო ვიდეორგოლი, რომლითაც მაყურებელს „ბათუმობა“ მიულოცა. მისი პრემიერა 9 მაისს აჭარის ტელევიზიით გადაცემა „დილის ტალღაში“ შედგება. გადაღებები მიმდინარეობდა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვფიქრობთ, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოკლიპია, რომელიც ბათუმს დიდი მასშტაბით წარმოაჩენს.
როგორც ჯაბა სალუქვაძემ გვითხრა, ეს არის ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და მერიის კულტურის ცენტრის ერთობლივი შესანიშნავი საჩუქარი ბათუმელებისთვის (არა მხოლოდ).
მუსიკალური ცენტრი ორ კვირაში ახალი ვიდეორგოლის გადაღებას აპირებს. საქმე იმაშია, რომ წელს ჩვენს გენიალურ კომპოზოტორ ვაჟა აზარაშვილს დაბადებიდან 85 წელი უსრულდება. სწორედ მას მიეძღვნება კლიპი, რომლის პრემიერა ივნისში შედგება. მასში ვაჟა აზარაშვილის უკვდავ სიმღერას „საქართველო, გამარჯვება შენ“ შეასრულებენ მუსიკალური ცენტრის კაპელა (ქორმაისტერი – ლელა დოლიძე), აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „არსიანის’ ვოკალური ჯგუფი გიორგი ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით და მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტი აჩიკო გოგიტიძე.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრს არაერთხელ გადაუღია კლიპი. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ეხება კაპელის მომღერალს, ბათუმელ სოლო -შემსრულებელ ილო შავიშვილს, რომელშიც კაპელა და ორკესტრიც მონაწილეობს. ის უკვე გავიდა ეთერში. ასევე, ბათუმის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის სცენაზე მათ გადაიღეს საოპერო დასის სოლისტების თეატრალიზებული კონცერტი „დუეტების საღამო“, რომელიც ტელეეთერით უკვე იხილა მაყურებელმა. სულ მალე ამ კონცერტზე მსმენელი ცოცხალი შესრულებით ხელოვნების ცენტრში დატკბება. აქვე გაგრძელდება სალონური საღამოები – „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“.
ცენტრი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო კლიპის გადაღებას გეგმავს, თუმცა ჩანაფიქრს ჯერჯერობით არ გვიმხელენ.
ვფიქრობთ, ამგვარი კლიპების გადაღებით ძალიან კარგი საქმე კეთდება ჩვენი ხელოვნების ისტორიისთვის.