რამდენიმე პროფესიის დაუფლების სურვილი და არაერთი ოცნება აქვს, თუმცა ერთი – უმთავრესია…
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 21 –
-ამ საუკუნეში დაბადებულებს შორის ბევრია „ახალი ცნობიერების ადამიანი“ ანუ ინდიგო, რადგან გამორჩეულები არიან მრავალმხრივი ნიჭითა და სამყაროს შეცნობის უნარით, პარაფსიქოლოგიური თუ ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობებით. ამბობენ, რომ დედამიწა ახალ რეალობაში მათი წყალობით გადავა . . . ისინი მომავლის ადამიანები არიან. ბუნებრივია, ასეთები ჩვენს ქალაქსაც არ აკლია. ერთ-ერთ მათგანს – გამორჩეულ გოგონას ანა ნაკაშიძეს გაგაცნობთ. იგი ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, საგანმანათლებლო ორგანიზაცია “მწიგნობარის” საპატიო წევრია. მხატვრულ კითხვაში იმდენად დაოსტატდა, რომ მისი წაკითხული ლექსების მოსმენისას მსმენელები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. მოსწონთ ანას უშუალობა, ხმის ტემბრი, კითხვის მანერა. ჩვენს ქალაქში გამართულ არაერთ ლიტერატურულ, თუ სხვა სახის ღონისძიებაზე წარმატებით მონაწილეობდა და თავიც დაგვამახსოვრა. ანას მუსიკა და მხატვრობაც იტაცებს, მშვენივრად მღერის, ეუფლება გიტარაზე, სალამურსა და ფანდურზე დაკვრის ხელოვნებას, არის ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „ჰანგების” წევრი, ასევე, ” ჩოხოსანთა” საზოგადოების საპატიო წევრი. ანა პანდემიის პირობებშიც აქტიურია, იგი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც უადვილებს ონლაინღონისძიებებსა და სხვადასხვა პროექტში ჩართვას, თავისი ნიჭის გამოვლენასა დაგანვითარებას. მისი ვიდეორგოლები ამის დასტურია, გოგონა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულია.
-ოთხი წლის ვიყავი, როცა დედამ – გიტა ლემსაძემ (“მწიგნობარის” პედაგოგი) ღონისძიებაზე წამიყვანა, მას შემდეგ „მწიგნობარის“ ყველა ღონისძიებას ვესწრები და ვმონაწილეობ კიდეც, – მოგვითხრობს იგი, – “მწიგნობარის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ბებიაჩემია – მანანა წულუკიძე. მხატვრულად კითხვის პირველივე კონკურსში, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, ჟიურის მოწონება რომ დავიმსახურე, სტიმული მომეცა. მერე სხვა კონკურსებზეც გავდიოდი და ვიმარჯვებდი კიდეც. არაერთი დიპლომი, პრიზი, სიგელი, სერტიფიკატი მაქვს. ლექსი თუ მომეწონა და განვიცადე, თუ შევიგრძენი, კითხვა მიადვილდება, შემიძლია ჩემი ემოცია გამოვხატო . . . დიახ, ლექსმა უნდა მიკარნახოს და შთამბეროს განწყობა. გალაკტიონ ტაბიძისა და ზურაბ გორგილაძის პოეზია მიყვარს. მათი ლექსები თავად მიმანიშნებენ, როგორ წავიკითხო . . . ასეა, სიყვარული გზამკვლევია. საერთოდ, ჩემ ირგვლივ ყველაფერი მიყვარს – ბუნება, ადამიანები, ჩემი ოჯახის წევრები, ძმა – ტყუპისცალი ანრი. ერთად ვუკრავთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე (ძირითადად, ხალხურზე) და ვართობთ ჩვენს ახლობლებს, ნათესავებს. გამორჩევით მიყვარს ჩემი სკოლა, პედაგოგები და თანაკლასელები . . . ჩვენი სკოლა იმითაც მეამაყება, რომ აქ ყველაფერს მოსიყვარულე გული და ხელი ატყვია, აქ უყვართ თვიანთი აღსაზრდელები და ეს გრძნობა მიღვივებს სიყვარულს პედაგოგის პროფესიისადმი. მომავალში მეც ამ პროფესიას დავეუფლები, მით უმეტეს, დედისა და ბებიის გაკვალული გზა აქეთკენ მიხმობს . . . თუმცა სხვა პროფესიების ათვისებასაც არ გამოვრიცხავ, ვფიქრობ, ადამიანი თავის შესაძლებლობებს თუ განავითარებს, უკეთესია.
ამ პატარა ქალბატონმა უკვე იცის, რომ ადამიანი მით უფრო ფასეულია, რაც მეტი და მრავალმხრივი ინტერესები აქვს. მისი ინტერესების სფეროში ჟურნალისტიკაც შედის. წელს ასობით ფეისმომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა და ენახა ვიდეოები ანას მონაწილეობით, სადაც მან საზოგადოებას წარუდგინა ჩვენს ქალაქში მოღვაწე ხელოვანები: ზვიად მახარაძე, დუგლას კომახიძე, ეთერ დარჩიძე, ნუგზარ ჯაფარიძის პორტრეტის გასაცოცხლებლად კი მის ქალიშვილ მაია ჯაფარიძესთან საუბარი შემოგვთავაზა. მაინც რას ფიქრობს და განიცდის ეს საინტერესო გოგონა? ამის გასარკვევად მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– მისაბაძ ადამიანებად, ვინ გესახება?
– ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მისაბაძია ბებია – მანანა წულუკიძე, “მწიგნობარის” დამფუძნებელი, მას ყველა უყვარს, ყველას ეხმარება, დაუღლელი, მაძიებელია, კეთილად მოსაუბრე, სამართლიანი, ბავშვები უყვარს განსაკუთრებით . . .
– საყვარელი წიგნი და პოეტები?
– ყველაზე მეტად მომწონს ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”, პოეტებიდან – ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, შოთა ნიშნიანიძე, ზურაბ გორგილაძე.
– ვიცით, რომ მღერი კიდეც, რა ჟანრი გიტაცებს უფრო?
– მიყვარს მუსიკა. ასე მგონია, ეს სამყაროს უნივერსალური ენაა. მიტაცებს ხალხური სიმღერები, ქართული ფოლკლორი ხომ ჩვენი დიდი განძია. თავადაც ვასრულებ . . . როგორ? ამის მოსმენის საშუალება გექნებათ მომავალში და თავად შეაფასებთ . . . მგონი, არცთუ ისე ურიგოდ გამომდის. ისე თანამედროვე მუსიკაც მიყვარს – პოპი, ჯაზი, როკი.
– ქვეყნის მომავალზე გიფიქრია?
– ხშირად, მით უფრო ახლა. მინდა, ბედნიერ, მშვიდობიან, შემდგარ ქვეყანაში ვცხოვრობდე. მჯერა, ჩემს თაობას შეუძლია მომავლის სასიკეთოდ შეცვლა. ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, დაკავდნენ სპორტით, სხვადასხვა წრეში გაერთიანდნენ, იკითხონ წიგნები, გაიფართოონ ცოდნა და ემოციური ინტელექტი, ზედმიწევნით აითვისონ ტექნოლოგიური მიღწევები, ეს აუცილებელია.
– რა მოგწონს და გიზიდავს გარშემო?
– ყვავილები, მზის სხივები, წვიმის წვეთები . . . წვიმის დროს მინდა ვიმღერო . . . წვიმის სიმფონიას ვუსმენ მაშინ . . . . მერე, გამოდარებისას ცას რომ გავხედავ, ისეთი ლამაზი პეიზაჟი მეხატება თვალწინ, რომ . . . ჰოდა, დავხატე კიდეც. დიახ, ხატვა ძალიან მიყვარს . . . როცა მუზა მომეძალება, ფუნჯს ვიღებ ხელში და ხატვას ვიწყებ . . . რასაც სიტყვით ვერ გადმოვცემ, იმას ფერებით ვამბობ. საერთოდ, ხელოვნება მიყვარს, მისი ყველა დარგი. ხელოვნების გარეშე ადამიანის ცხოვრება უინტერესო იქნებოდა. თეატრიც მიტაცებს, ზოგჯერ რომელიმე საინტერესო გმირს ჩემებურად წარმოვისახავ და როცა ვახმოვანებ, ბებია მეუბნება, შენ მომავალი მსახიობი ხარო. არა, მსახიობობას არ ვაპირებ, ოცნებები მაქვს და ის “მწიგნობარს” უკავშირდება,მის საპატიო მისიას, რომელიც სამომავლოდ მე უნდა ვიტვირთო . . . ამისთვის ბევრი შრომა და გარჯა მომიწევს. კარგ პროფესიონალად უნდა ჩამოვყალიბდე. ჰოდა, აქედანვე ვემზადები.
– ნატვრის თვალი რომ გქონდეს?
– ნეტამც. ბოროტებას გავაქრობდი დედამიწიდან! მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია ჩვენი მხსნელი. მინდა, გაღიმებულ, ბედნიერ სახეებს ვხედავდე ჩემს ქალაქში, ჩვენი ბათუმი ბედნიერების ოაზისად ეგულებოდეს ყველას.
ნატვრა აგხდენოდეს, ანა, ბათუმს ეამაყოს შენით.