“ძალიან მინდა, ვიცოდე, როგორ გავაბედნიერო სხვები”
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
– თავისუფალ დროს ჩიტივით თავისუფალი ვარ, ვწერ ან ვკითხულობ და ვბედნიერდები, – ამბობს ახალგაზრდა მწერალი სალო ანანიძე, რომლის წარმატებულმა დებიუტმა შარშან მრავალი მკითხველის ყურადღება მიიპყრო. იგი ცხმორისში ( ქედის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს და აქედან აღიქვამს სამყაროს, თავის გულის ნადებს და ნაფიქრალს დღეს ამ ინტერვიუში გაგვიზიარებს.
– რა არის თქვენთვის ადგილი, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ?
– თვალით ხილულ სამყაროთა შორის ადგილი, სადაც დავიბადე, მშობელ დედასავითაა. პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები, წარმატება თუ წარუმატებლობა სწორედ მშობელ ადგილს უკავშირდება, მისი კედლები მმფარველობდა და აქ მოქროლილი ნიავი მისვამდა თავზე ხელს, ჩუმად ჩამჩურჩულებს დღესაც, რომ ადამიანი უნდა ვიყო სიკვდილამდე. ჩემი სამოთხეა ის ადგილი, სადაც დავიბადე.
– ბავშვობა . . .
– ” ბაავშვობა” – ეს სიტყვა ყურსა და გონებას ყოველთვის მალამოდ ედება. ვთვლი, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბავშვობის წლები ბედნიერებად არ მიაჩნია. მე თვითონ ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორსაც ვერც ინატრებ. იმ პერიოდში იყო, ტექნოლოგიები ინტენსიურად ჯერ კიდევ რომ არ იყო გავრცელებული. ყოველ სისხამ დილით ბავშვები შევიკრიბებოდით და შევუდგებოდით საჭმელების კეთებას. ვაკეთებდით ბალახების კერძებს და მიწის ტორტებს. დღესაც, მიწას და ბალახს რომ ვუყურებ, ის გამოგონილი არომატი მახსენდება. ბავშვობა ფერადი ფუნჯებით შექმნილი ნახატია, რომელსაც წლები ვერაფერს აკლებს.
– რა ისწავლეთ?
– ბევრი რამ მასწავლა განვლილმა დღეებმა, კარგიც და ცუდიც. ვისწავლე დროის ფასი,უამრავი რამ მინდა მოვასწრო ყოველდღე. რაც მთავარია, ვისწავლე ადამიანების დაფასება (გადაფასება), მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მისწავლია, ვიცი, ვერც შევძლებ, უბრალოდ, ძალიან მინდა, ვიცოდე, როგორ გავაბედნიერო სხვები (ჩემი ადამიანები). რთულია, გადაჭრით ვთქვა, რას დავეუფლე, შეიძლება – ვერაფერს, რადგან ბოლომდე არაფერია სახელწოდებული.
– ამ ეტაპზე რას საქმიანობ?
– ამჟამად სტუდენტი ვარ (პირველ კურსი). ვსწავლობ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ფილოლოგიის (ქართული) ფაკულტეტზე, თავისუფალ დროს კი მოყვარულის დონეზე ვწერ ჩემი გულის ნადებს.
– მეგობრები, სულიერი ნათესავები . . .
– მეგობრები მზიანი დღეებივით არიან, მათთან ის ხარ, ვინც რეალურადაა შენს სხეულში, ნიღაბი არ გიკეთია. ისინი გკვებავენ, რომ გაიზარდო, ბევრი რამ ისწავლო და ბედნიერი მომენტები დააგროვო ისტორიისთვის. ხშირად სულიერი ნათესავებიი ჩემივე პერსონაჟები ხდებიან, მე მათ მოქმედებისკენ კი არ ვუბიძგებ, ისინი უკეთესს მხდიან კალმის დაჭერიდან წერტილის დასმამდე.
– სევდას როგორ უმკლავდებით?
– სევდას მარტოობით ვუმკლავდები, ასეთ დროს არ მინდა სხვების ნათქვამი ბგერები დახეტიალობდნენ ჩემს ყურთან. ვრთავ წყნარ მუსიკას და წერას ვიწყებ, მთელ გულს ვდებ თეთრ ფურცელზე და სევდიანი სულ სხვა სამყაროში გადავდივარ.
– რწმენა ნავსაყუდელია? . .
– თუ არ გწამს, რომ ახალი დღე შენი სიცოცხლით განათდება, არც არაფერი იქნება კარგად. რწმენა გადაგვარჩენს და ოცნებებს რეალობად გვიქცევს. რაღაც ძალა უნდა მოქმედებდეს ყველა ადამიანის გონში, რომ ცხოვრების ხალისი არ ჩაგვიქრეს. რწმენა სახლივითაა, თუ მისი წყალობით არ დგამ ფეხს, წყალი ჩამოუარს და სულ დასველდები.
– ოჯახი – ბედნიერების სათავე . . .
– ვინც უნდა გედგეს გვერდით, ოჯახის წევრებზე მეტად ვერავის გაახარებ და მათზე უფრო არავინ მიიტანს გულთან შენს გასაჭირს. ოჯახი სიყვარულისა და ბედნიერების ყველა ფერია, ყვავილებით სავსე დიდი მინდორია, სადაც თავისუფალი და მომღიმარი ხარ. ოჯახის გარეშე ყველა დღე მზისა და მთვარის მონაცვლეობაა და მეტი არაფერი.
– თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
– თავისუფალ დროს ჩიტივით თავისუფალი ვარ. ვწერ, ან ვკითხულობ და ვბედნიერდები. თავისუფალი დრო ჩემში ნელ-ნელა ახალ ადამიანს ქმნის, რომელსაც ჩვენში კალმოსანს ეძახიან.
– როგორ ძლევთ პრობლემებს?
– რაც არ უნდა გავურბოდე პრობლემებს, არ გამოდის, ალბათ ეს წუთისოფელს ახასიათებს. პრობლემის გადასაჭრელად საკუთარ თავს ვუხმობ, ან იმ ადამიანს, ვინც შეძლებს, ხელი გამომიწოდოს და უანგაროდ დამეხმაროს. პრობლემებშიც ვეძებ ისეთს, რამე რომ ვისწავლო.
– როგორ ინარჩუნებთ კარგ განწყობას?
– კარგ განწყობას ვერ ვინარჩუნებ ხოლმე. მომღიმარიც ცრემლებამდე მივსულვარ, გარდასახვა მომხდარა ამ ორ განწყობას შორის. თუკი შენარჩუნებაზეა საქმე, მაშინ ვცდილობ ბევრ კარგ მომენტზე ვიფიქრო.
– ფიქრები რომ დაწეროთ?
– საინტერესო კითხვაა იმის გათვალისწინებით, რომ ფიქრებს სადღაც შორს,წამოუდგენელ სამყაროში შეუძლია გაფრენა. ჩემი ფიქრების მწერალი რომ გამოვიდე, გიჟად ჩამთვლიან, რას არ წარმოვიდგენ ყოველ დღე . . .
– როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს?
– ჩემში ვაფასებ იმ თვისებას, რომ არ შემიძლია პრინციპებს გადავაბიჯო და ჩემს მიზნებზე უარი ვთქვა ვინმეს გამო. არ ღირს, სხვა საკუთარ თავზე მეტად დააფასო. ამას არავინ იმსახურებს.
– მიტევება შეგიძლიათ?
– ხშირად არ შემიძლია მიმტევებელი ვიყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არასწორად მოიქცნენ, თუნდაც დამაბულინგეს. ბოროტების მეტი არაფერი ამოძრავებს ჩემ მიმართ, ვთვლი, რომ ასეთი ადამიანი არაფერში მჭირდება, რადგან იშვიათად იცვლებიან. ასეა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ მათი პატიება, იქნება საკუთარი თავის დამარხვა.
– გწამთ . . .
– მწამს, რომ გამთლიანებულ სამშობლოში დაცული ვიცხოვრებ და ჩემი საქმით სიკეთის მარცვალს დავთესავ ბევრის გულში. მწამს, რომ ყველგან სიყვარული დაისადგურებს!
-განრისხებისას . . .
– ძალიან ფიცხი ვარ, გაბრაზებისას ვერავინ მამშვიდებს . . . საკუთარი თავი თვითონ თუ არ დავამშვიდე, სხვა ვერ მიშველის . . ასეთ დროს ვცდილობ, ისეთი არაფერი ვთქვა, სხვას გული რომ ეტკინოს. არ მიყვარს, ჩემი გაბრაზება.
– სიზმარი . . .
– სიზმრები ძალიან მიყვარს, ზღაპარივითაა და ჩემთვის მუდამ კეთილად მთავრდება.
– რაზე იტყოდით – ნეტავ შემეძლოს?
– ბევრი რამ მინდა შემეძლოს, მინდა, სიკვდილმა სიცოცხლეზე ვერ გაიმარჯვოს, ისეთი რამ გამოვიგონო. მინდა ფრთები მქონდეს, რომ ჩიტებთან ერთად გავატარო დღეები და მათი ისტორიები მოვისმინო, მსურს გავიგო, რა აწუხებთ და ახარებთ.
– რას ნატრობთ?
– ვნატრობ, რომ ქუჩებში უსახლკარო და უოჯახო ბავშვები არ დადიოდნენ. გულწრფელად მტკივა მათ გამო გული და ძალიან ცუდია, ვერაფერს რომ ვერ ცვლი. ბევრი რამ შეიძლება ინატრო ადამიანმა, მაგრამ არ მინდა, ნატვრებს ფერი გაუვიდეთ.
– სულს რით იმშვიდებთ?
– სულს ვიმშვიდებ ბავშვებთან ურთიერთობით და ალბათ, ამან მიკარნახა ჩემი სამომავლო პროფესიაც.
– ბუნება ცოცხალია . . .
– ბუნება სუნთქავს გაუჩერებლად, მღერის, ჭიკჭიკებს და სიცოცხლე უხარია. ყველაზე დამოუკიდებელი გარემოა, ფეხს რომ შეადგამ მის სიმწვანეში, ყოველივე ნეგატიური იფანტება. მისი სუნთქვა ადამიანის სუნთქვაში იხლართება და გულს გაჩერების უფლებას არ აძლევს.
– სამშობლო . . .
– ნოდარ დუმბაძის არ იყოს, სამშობლოს მნიშვნელობას უბრალოდ, ვერ აღწერს ვერავინ, ვერცერთი პატრიოტი. სამშობლო ყველა სიტყვაა, ყველა ბგერაა, მისით ვცოცხლობთ და მშვიდად გვძინავს, არ შემიძლია, გავიღვიძო და სხვაგან ჩავისუნთქო ჰაერი. ღმერთია სამშობლო და გულით მინდა, გაბრწყინებულს ვხედავდე. ბევრი ისეთი შვილი ჰყავდეს, ვინც დაიცავს და ააყვავებს.
– კოსმოსი . . .
– სიამოვნებით წავალ კოსმოსში და წერას იქიდან დანახული სამყაროს გამოხატვით გავაგრძელებ. ვფიქრო, საინტერესო ისტორიებს გადმოვცემ. კოსმოსი იმ ადამიანებისთვისაა, სიმშვიდე და სიწყნარე რომ უყვართ, მაგრამ უადამიანოდაც ვერ გავძლებ დიდხანს.
– სიცოცხლე თუ გიყვართ?
– სიცოცხლე რომ არ მიყვარდეს, თავს მოვიკლავდი. მე მზე, ვარსკვლავები, მთვარე, ყვავილები და ყველაფერი ცოცხალი მიყვარს,
– სიკვდილი . . .
– სიკვდილი სულ მაფიქრებს, არ მესმის, რატომ გვართმევს იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს. თუმცა სიკვდილი რომ არ არსებობდეს, სიცოცხლე ფერს დაკარგავს, მაგრამ სიკვდილთან თავაწეული უნდა მიხვიდე, აქეთ კი სახელი დატოვო.
– თავიდან რომ დაიწყოთ სიცოცხლე . . .
– ზოგიერთ ადამიანს უფრო მალე გავიცნობდი, ზოგს კი საერთოდ, არ გავიცნობდი. შეცდომები ყველა ცხოვრებაში მექნებოდა, მაგრამ იგივეს არ გავიმეორებდი, თუმცა ახალს აუცილებლად ჩავიდენდი. ათასჯერ რომ თავიდან დავიწყო სიცოცხლე, ვისურვებ რომ იგივე ოჯახი მყავდეს.
– თქვენი ჰობი?
– სინამდვილეში ჰობი მთელ ცხოვრებას წარმართავს. ჩემი ჰობი წერაა, თავშესაფრად ქცეული. ასევე, ხშირად ვღიღინებ მოყვარულის დონეზე.
– შეცდომებზე თვალს ხუჭავთ?
– საკუთარ შეცდომებზე თვალს ვერ დავხუჭავ, ასეთ შემთხვევაში ჩემი უკეთესობისაკენ შეცვლის გზა მოიჭრება. შეცდომებზე ვსწავლობ.
– სამაგიდო წიგნი . . .
– ვფიქრობ, ყველა მკითხველის პირველი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”.
– ბოლოს რა წაიკითხეთ?
– “უფალო, მომეცი ძალა, ვიყო სუსტი. მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო, როცა მტკივა, მომეცი ძალა, მტკიოდეს და ამ ტკივილის გამჟღავნებას სხვისთვის ვბედავდე. მომეცი ძალა, საკუთარ თავს აღსარება ვუთხრა და არ დავმალო არცერთი ცოდვა,როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ჩემი სოფლის მღვდელთან ვმალავდი . . . მომეცი ძალა, ვიყო ისეთი, როგორიც შენ გამაჩინე, ვიყო და არ შემრცხვეს . . . . მომეცი ძალა, სუსტი ვიყო, საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ, უფრო იოლად დავინახავ, უფრო ავწონი და გავზომავ, რადგან მაშინ ვეღარსად ვერ დამემალება”, – გიორგი კეკელიძის ე ს სიტყვები თავიდან წავიკითხე ამ საღამოს.ისინი ყოველი წაკითხვისას გაკვეთილივითაა, ბევრ რამეს მასწავლის, მაფიქრებს და მომიწოდებს კიდეც.
– ცხოვრების არსი . . .
– ცხოვრების არსი ბედნიერ მომენტებშია, შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ – – გულწრფელი და დაუვიწყარი. ყველაფერი ერთდროულად არ მოდის, წვრილმანი ბედნიერება ქმნის ცხოვრების ფერად პალიტრას.
– განსაკუთრებული დღეები?
– განსაკუთრებული დღეები თვალებს არ შორდება და რთულ მომენტებში მხსნელად გადაიქცევა, მე ჩემი პატარა ზარდახშა მაქვს, სადაც ასეთ დღეებს ვინახავ და ჩემგან წასვლის უფლებას არ ვაძლევ.
– საყვარელი პოეტი, მწერალი . . .
– საყვარელი პოეტი – გალაკტიონი, მწერალი – რევაზ ინანიშვილი.
– რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით?
– ბევრ ქვეყანას მოვივლიდი დიდი სიამოვნებით, მათგან საფრანგეთს – აუცილებლად. უბრალოდ კი არ ვიმოგზაურებ, მათ ტრადიციებზე ბევრ რამეს გავიგებ და ვისწავლი იმას, რაც არ ვიცი.
– საქართველოში ჩამოსულ სტუმარს რის ნახვას ურჩევდით?
– საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რითაც უცხოელ სტუმარს გააკვირვებ. ასეთი ადგილებია, პირველ რიგში, მაღალმთიან აჭარაში, სადაც არაჩვეულებრივი ბუნება და ხალხია.
– მილიარდერი რომ იყოთ . . .
– ბევრი პრობლემა მექნებოდა, მაგრამ უამრავ სიკეთეს გავაკეთებდი მათთვის, ვინც უსახსრობას უჩივის. თუ, მილიარდერობა ჩემში ადამიანობას მოკლავდა, აღარ მექნებოდა ბევრი ფულის ქონის უფლება.
– როგორ ბათუმში ისურვებდით ცხოვრებას?
– ბათუმი საოცარი ქალაქია და ყოველთვის მზით განათებული, სამოთხის სადარი მინდა იყოს, სადაც ბედნიერებას ვიპოვით და გულთბილ ბათუმელებს ჩავიკრავთ გულში.
– ამბობენ, სამყარო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო . . .
– თუ ჩვენ, ადამიანები, მოვინდომებთ, უკეთეს სამყაროსაც შევქმნით. მართალია, პანდემიამ ბევრი ცუდი მოიტანა და დაგვიტოვა, მაგრამ ეს განაჩენი არაა. მთავარია, გაუცხოება არ დაგვიტოვოს და დანარჩენს ყველაფერს ეშველება, ერთობლივი ძალისხმევით ბევრს შევძელებთ.
– და ბოლოს, შეკითხვა – საკუთარ თავს . . .
– საკუთარ თავს სარკის წინ ხშირად ვეკითხები, ცარიელი ხომ არ ვარ და წინ ჩაფიქრებულ ადამიანს ვხედავ – ვარ თუ არა ცარიელი? მე ბგერებით სავსე სხეული ვარ გრძნობის ორგანოებით.