ასლან ლორთქიფანიძე: მმართველ პარტიას შესწევს უნარი, მესამედაც მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა თვითმმართველ ერთეულში
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებდა, რადგან ოპოზიციის მოსაზრებით, კანონი საქართველოს კონსტიტუციას და ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 8 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი გადაუხადა. განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის, რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.
ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა – ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომელიც, მისივე განმარტებით, შესაძლოა, მომავალში პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნას. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ.
-ბატონო ასლან, საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა, თუმცა საუბარი იყო პრეზიდენტის მხრიდან ვეტოზე. რას გულისხმობს კოდექსში ცვლილებები და როგორ ფიქრობთ, რატომ არ გამოიყენა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო?
-„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიმართ იზრდება ჯარიმის ოდენობა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის დრო – 12-იდან 24 საათამდე. აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვას მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წევრები ესწრებოდნენ, ხოლო სესიაზე მის მიღებას – დამატებით რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი. პარტია „მოქალაქეების“ შენიშვნა კანონპროექტში აისახა – ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდა. აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები განპირობებული იყო პოლიციელებზე დაუმორჩილებლობის ფაქტების ზრდით, რომელიც სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციამ აღიქვა სამოქალაქო აქტიურობის შეზღუდვის მცდელობად, აშშ-ის საელჩომ კი გამოთქვა წუხილი, რომ კანონპროექტის განხილვაში არ იყვნენ აქტიურად ჩართული ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები. საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის დაბალ ხარისხზე პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელს ეკისრება და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ფასს იხდის პარტია არჩევნების დროს. მოქალაქეებმა ხმა ამა თუ პარტიას მიცეს იმისათვის, რომ პარლამენტში აქტიურად იმუშაონ და გამოხატონ მათი განსხვავებული შეხედულებები. საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, ხელი არ მოეწერა აღნიშნულ კანონზე და მოტივირებული შენიშვნებით დაებრუნებინა პარლამენტისთვის, ამ შემთხვევაში ის ძალაში დროებით ვერ შევიდოდა. თუ პარლამენტი შენიშვნებს გაიზიარებდა, კანონის მიღებას დაჭირდებოდა იგივე ხმების რაოდენობა, რაც მანამდე მის მისაღებად იყო საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ის პრეზიდენტის შენიშვნებს არ დაეთანხმებოდა, საჭირო იქნებოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ანუ 76 დეპუტატის თანხმობა. დეპუტატების ეს რაოდენობა მმართველ პარტიას ყავს. საპარლამენტო ოპოზიციის პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანი იყო, დაერწმუნებინა სალომე ზურაბიშვილი ვეტოს გამოყენების აუცილებლობაში, თუმცა პრეზიდენტი მათგან ითხოვდა კანონპროექტთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების წარმოდგენას. ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორც ჩანს, დასაბუთებული შენიშვნები ვერ წარადგინეს და რადგან აღნიშნული კანონი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, კონვენციებს, ვერ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტოს უფლება, თუმცა დააფიქსირა თავისი შეხედულებები ამ პროცესის მიმართ.
– ამ დღეებში პოლიტიკურ ველზე ახალი მოძრაობა გამოჩნდა. ვასაძეს მესამე ძალად ჩამოყალიბების პრეტენზია აქვს, ოპოზიციის შეფასებით კი იგი რუსული პროექტია . . . თქვენი აზრით, რატომ მოდის რაინდი პოლიტიკაში?
-სირიის კონფლიქტის შემდეგ დასავლეთში გაზრდილი ემიგრაციისა და კოვიდპანდემიის პირდაპირპროპორციულად, სამწუხაროდ, იზრდება რადიკალური ნაციონალისტური პარტიების რეიტინგები მთელ მსოფლიოში. მსგავსი საზოგადოებრივი განწყობების ზრდა საქართველოში ამ გლობალურმა ტენდენციებმა გაამძაფრა. საქართველოში ამ სახის ელექტორატის განწყობებს არსებული ნაციონალისტური პარტიები ვეღარ ასახავენ. „პოლიტიკურ ბაზარზე“ ვასაძის გამოჩენა ნიშნავს საქართველოში რადიკალური მემარცხენე ნაციონალისტური ელექტორატის მობილიზებას, თუმცა მესამე პოლიტიკურ ცენტრს ვერცერთი ცალკე აღებული პარტია ვერ შექმნის. ვასაძე არ ითანამშრომლებს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან და აქვთ ამ სახის ერთობად ჩამოყალიბების სურვილი. ამ სახის ოპოზიციას ასევე აქვს მიუღებლობა ლევან ვასაძის. ასე რომ, ისინი ერთამანეთის კონკურენტები იქნებიან.
-საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული კანონპროექტია დარეგისტრირებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მომზადებული კანონპროექტის მიღება ნიკა მელიას ციხეში დატოვების ტოლფასი იქნება. თქვენ რას იტყვით?
– ორივე კანონპროექტი ერთმანეთის მსგავსია. მათ შორის განსხვავება ერთადერთ საკითხშია. მმართველი პარტიის პროექტი ითვალისწინებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ყველა პირის ამნისტირებას მათი თანხმობის დათქმით, ხოლო ოპოზიციის მიერ შემუშავებული ვარიანტით, ამნისტია ავტომატურად ვრცელდება დაზარალებულ მომიტინგეებზე, ხოლო სხვა პირებზე მის გავრცელებას სჭირდება მომიტინგე დაზარალებულების თანხმობა. კანონი შეიძლება იყოს სამართლიანი და უსამართლო. აჯობებს, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმგვარი კანონები, რომლებსაც ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ექნება. ის არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და სასურველია, კანონის მოქმედება ყველა პირზე თანაბრად, მართლზომიერად განხორციელდეს. ოპოზიციას სუბიექტური მიზნები ამოძრავებს და სურს, მელია ისე გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან, რომ მას ალტერნატივა არ ჰქონდეს, ანუ ამნისტირებაზე უარი არ შეეძლოს, ხოლო სამართალდამცავების ამნისტირებისთვის საჭირო იყოს დაზარალებული მომიტინგეების თანხმობა. შეიძლება, დაზარალებულ პირს არ სურდეს ამნისტირება და სასამართლოს გზით უნდოდეს თავის გამართლება. ამის შესაძლებლობა და ალტერნატივა მას უნდა ჰქონდეს.
– ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა. რა მოლოდინი გაქვთ, როდის დატოვებს ოპოზიციის ლიდერი საპატიმროს?
– სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება მის ხელშია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ძალიან მაღლა აწია თამასა, როდესაც თქვა, რომ „ვერ დაიჭერდნენ და არ გადაიხდიდა“. ახლა იგი თავისივე განცხადებების ტყვეობაშია. მელიამ დაპატიმრება ისე გამოიწვია, რომ ციხიდან გამოსვლის ნებისმიერი ვარიანტი მას და მის პარტიას პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად აკოტრებს. იძულებულია, არჩევანი გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის. ცუდია მისთვის, თუ ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს და უარესი, თუ ეს მოხდება ამინისტიის შესახებ კანონით. დიდხნიანი ჭირვეულობის შემდეგ იძულებული გახდა, დათანხმებოდა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს, თუმცა მას სურს, სასამართლოში შუამდგომლობა გირაოს გადახდაზე პროკურატურამ დააყენოს და არა მისმა ადვოკატმა, რათა სრულად არ დაკარგოს ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც მისი დაპატიმრების გამოწვევით დააგროვა. პროკურატურა მას ამ შანსს მისცემს და მიმდინარე კვირაში ის გათავისუფლდება. გირაოს გადახდა არ ნიშნავს პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. ის მხოლოდ საპატიმროს დატოვებს და ამნისტიის შესახებ კანონით მოხდება მისი შესაძლო დანაშაულისგან გათავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მელია გირაოსაც გადაიხდის და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ სხვა ადამიანებთან ერთად გათავისუფლდება სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ამინისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირებულია და მის მიღებას სჭირდება საკომიტეტო განხილვები და 3 მოსმენა სესიებზე. მელია საპატიმროს მანამდე დატოვებს ევროკავშირის გირაოთი. როგორც კი სასამართლო ჩაინიშნება, გირაოს შუამდგომლობა დადგება მისი ადვოკატის მხრიდან და ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული უცხოური ორგანიზაცია ამ ფინანსურ უზრუნველყოფას გააკეთებს, ხოლო შემდგომ ბრალი მოეხსნება ამნისტიის კანონით. ამით მისი „გმირული პოლიტიკური ეპოპეა“ დასრულდება.
-ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებულია. როგორი იქნება მმართველი გუნდის სტრატეგია? ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებს „ქართულ ოცნებაში“?
-ამ მხრივ საკადრო შიმშილი ყველა პარტიას აქვს და მათ შორის მმართველ გუნდსაც, თუმცა სახელისუფლებო პარტიას შედარებით მარტივად შეუძლია და უფრო მეტი რესურსი აქვს საკადრო განახლების. 43%-იანი „ბარიერის“ გადალახვა მხოლოდ რეიტინგული და კვალიფიციური კადრების შერჩევის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სტრატეგია ეფუძნება პოლიტიკურ სტაბილურობას, სოციალური პაკეტების მოსახლეობისათვის შეთავაზებას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. იმ ფონზე, როცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს უშედეგო საპარლამენტო ბოიკოტირების შემდეგ, მმართველ პარტიას შესწევს უნარი, მესამედაც მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა თვითმმართველ ერთეულში.
-ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატი? კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ კახა კალაძე არ იქნება მერობის კანდიდატი, რადგან „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა . . .
-დედაქალაქი არის მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო კონკურენციის ადგილი პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან ამ ქალაქშია კონცენტრირებული საქართველოს ეკონომიკის ნახევარზე მეტი, საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე დედაქალაქში ცხოვრობს, მისი ბიუჯეტი კი მილიარდ ლარზე მეტია. მმართველი პარტია მოქმედ მერს კახა კალაძეს სთავაზობს ხელახალ კენჭისყრას. მან კარგი გამოცდილება მიიღო ამ პოზიციაზე მუშაობით და საკმაოდ მაღალი პოლიტიკური რეიტინგიც დააგროვა. მმართველი პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ხელახალ კენჭისყრას. ამ პროცესში დაპირისპირების ნიშნებიც კი არ ჩანს, პირიქით, დედაქალაქის მერი თვითონ წყვეტს არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. პოლიტიკური პარტიისთვის დედაქალაქში წარმატების მიღწევას დიდი ფსიქოლოგიური და პრაქტიკული დატვირთვა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად.
– ოპოზიციაც არაა ერთ პოზიციაზე და დიდი ალბათობით, ყველა პარტია დამოუკიდებლად იბრძოლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვის რა შანსი აქვს ამ კუთხით?
-დიდია ალბათობა, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში, ისევე როგორც სხვა თვითმმართველ ერთეულებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მე-2 ტურების გამართვა გახდეს საჭირო, რადგან 50 პროცენტი საკმაოდ მაღალი ბარიერია და მისი დაძლევა კანდიდატებს პირველივე ტურში ძალიან გაუჭირდებათ. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ შეიძლება მერობის საერთო კანდიდატი დააყენოს, ხოლო საკრებულოს არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი. მერობის საერთო კანდიდატი მთელ ოპოზიციას ვერ ეყოლება გამომდინარე მათი არაერთგვაროვნებიდან, დიდი იდეოლოგიური სხვაობებიდან. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ფართოდ იქნება წარმოდგენილი, რასაც სახეცვლილი ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიც უზრუნველყოფს. კანონპროექტით იზრდება საკრებულოებში ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა და მისი პროპორციული ნაწილი, ბარიერი კი 2 პროცენტამდე მცირდება.
-არც მერობის ერთიანი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას. დაასხამს თუ არა ეს მმართველი გუნდის წისქვილზე წყალს?
-რა თქმა უნდა, ამით მმართველი პარტიის შანსები პირველ ტურებში იზრდება. იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც არჩევნების მე-2 ტურები გაიმართება, ოპოზიციის ნაწილს შეუძლია გაერთიანდეს მეორე „რაუნდში“ გასული ოპოზიციონერი კანდიდატის გარშემო. თუმცა, დიდი ალბათობით, ოპოზიციას ამგვარი ერთობაც გაუჭირდება.
-დაბოლოს, რა შემთხვევაში შევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში?
-სავარუდოდ, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ყოფილი სახელისუფლებო პარტია პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ ასე არ მოხდება, ამ პარტიის პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების ნაწილი პარლამენტში საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად მიიღებს ანუ ე.წ. ბლოკი „ძალა ერთობაშია“ და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტიას ორი არჩევანი აქვს და ორივე ცუდი. თუ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, პარტიული აქტივის დიდ ნაწილს დაკარგავენ, რადგან ქუჩაში მდგომი აქტივისტები მათგან „გადაგდებული“ აღმოჩნდებიან, ხოლო არშესვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში – დაკარგავენ მათგან არჩეული დეპუტატების უმრავლესობას და გამარგინალდებიან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პროპორციული სიით არჩეულმა დეპუტატებმა გრიგოლ ვაშაძემ, სალომე სამადაშვილმა და ხათუნა სამნიძემ უკვე მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და პარლამენტში შევიდნენ.