ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურად მიდის. დღეს მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ. ბათუმის შემოვლითი გზა 13-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო 7 ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები, ასევე, დასრულდა 1 გვირაბზე, ხოლო გაჭრილია 2 გვირაბი და მიმდინარეობს 2 გვირაბის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა. პროექტი, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება. მისი სახელშეკრულებო ღირებულება 329 630 734 ლარია.