დიდი მეცნიერის საქმეს მისი აღზრდილები აგრძელებენ
ოთარ ცინარიძე: 599852114 –
შუახევის რაიონის შორეულ სოფელ ტომაშეთის საფუტკრეთის უბანი იყო ცნობილი ქართველოლოგის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ადგილის დედა. ცნობილი პუბლიცისტის, საჯარო მოხელე ალექსანდრე ფუტკარაძისა და კულტურის სისტემის ამაგდარი მუშაკის ნათელა ვაშაყმაძე-ფუტკარაძის პირველმა ვაჟმა შუბნის საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლისას ქართული ენის კვლევისთვის საქმიანი კონტაქტები დაამყარა ისეთ კორიფეებთან, როგორებიც აკაკი შანიძე, ვარლამ თოფურია, ივანე გიგინეიშვილი, მიხეილ ჭაბაშვილი, ნოდარ ტაბიძე იყვნენ. ტარიელ ფუტკარაძე გახლდათ გალაკტიონ ტაბიძის სტიპენდიატი. 26 წლისამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
მისი სტუდენტობა, მეცნიერულ სარბიელზე გამოსვლა ეროვნული მოძრაობის მომძლავრებას დაემთხვა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა ახალგაზრდა მეცნიერში დიდსულოვნებას, ქვეყნის სიყვარულს ხედავდნენ. ტარიელი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პროპორციული სიით 1991 წელს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი გახდა. იგი იყო ქალაქ ბათუმის პირველი პრეფექტი. ეროვნული მოძრაობის სათავეებთან ყოფნას მეცნიერულ მუშაობას აქტიურად უხამებდა. 38 წლის ასაკში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გახდა. ამ ასაკში ასეთი პატივი შუახევის რაიონის მკვიდრთაგან პირველს ერგო.
გასული წლის 9 მაისს ტარიელ ფუტკარაძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა. ჩვენმა გაზეთმა მის მიღწევებს მეცნიერულ და საზოგადოებრივ სარბიელზე ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა. საზოგადოება იუბილეს სათანადოდ აღნიშვნასაც ელოდებოდა, მაგრამ პანდემიამ გეგმები შეცვალა . . . შარშან ტარიელ ფუტკარაძემ დიდი საქმე წამოიწყო. ორი სადოქტორო, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა მარეთის ხეობაში თამარ მეფის მიერ გავლილი გზის დალაშქვრა გადაწყვიტა. მისი ინიციატივით, აჭარა-შავშეთის ქედის კალთაზე (კუტი-ჯვრის ბორცვზე) ჯვარი აღიმართა. ამ რიტუალზე მან უახლოესი მეგობრები – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო და გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორები როლანდ კოპალიანი და გიორგი სოსიაშვილი, მარეთის ხეობის ღირსეული ადამიანები მოიპატიჟა.
ტარიელ ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრს, ასევე, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციას. იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართული დიალექტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
2015 წელს მისი ინიციატივით „ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდი“ დაფუძნდა და სიკვდილამდე მის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობდა. მანვე სათავე დაუდო გაზეთების „ქუჯისა“ და „ქართულის“ გამოცემას, რომლებსაც რედაქტორობდა კიდეც.
ლიტერატურულ ჟურნალ „განთიადის“ სარედაქციო კოლეგიის წევრიც გახლდათ. „ქართველური მემკვიდრეობის“ (გამოიცა 24 ტომი), „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემების“ და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის „წელიწდეულის“ რედაქტორობას დიდი ენერგია შეალია.
2009-2010 წლებში ამერიკაში გამომავალ გაზეთ „ერთობის“ სარედაქციო კოლეგის წევრად ყოფნას უდიდეს პატივად მიიჩნევდა. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაფუძნდა სამეცნიერო საგანმანათლებლო ცენტრები: „ქართველთა (ქართველურები) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე“, „იბერია-კავკასიის საერთაშორისო სამეცნიერო სასწავლო ცენტრი“ და „საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაცია“.
მისი ავტორობით 300-ზე მეტი ენათმეცნიერული ნაშრომები გამოქვეყნდა. დიდი აღიარება ჰპოვა წიგნმა „ქართველოლოგიის თანამედროვე მიღწევები.“ 60-მდე მონოგრაფია მისი რედაქტორობით დაიბეჭდა. იყო 30 დიალექტოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს კუთხეებსა და თურქეთის რესპუბლიკაში. მისი ხელმძღვანელობით 23 სადოქტორო დისერტაცია მომზადდა.
2021 წლის 2 იანვარს ტარიელ ფუტკარაძე წუთისოფლიდან წავიდა. 60 წლის იუბილე ვერ გადაიხადა, 61-ს კი ვეღარ მოესწრო. მისი ღვაწლი სიცოცხლეშივე ფასდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პატივი ერგო გარდაცვალების შემდეგ. იგი ღირსეულად დაკრძალეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ტარიელ ფუტკარაძის მშობლიური სკოლის კურსდამთავრებულებმა თხოვნით მიმართეს შესაბამის უწყებებს, რომ შუბნის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭოს. გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ინიციატივით, დაიწყო მუშაობა ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საზოგადოების დასაფუძნებლად.
ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის მცირე დარბაზი ტარიელ ფუტკარაძის სახელობისაა, სახელის მინიჭების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლები, ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
საუბარია იმაზეც, რომ დაწესდეს ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია.
მის მშობლიურ კუთხეში, აჭარის მაღალმთიანეთში არ ივიწყებენ, რომ 9 მაისი ამ ღვაწლმოსილი ადამიანის დაბადების დღეა, სიცოცხლე ხომ ხსოვნაში გრძელდება. მართალია, დიდი მეცნიერი, საკმაოდ ადრე, 61 წლის ასაკში, გარდაიცვალა, მაგრამ მის დაწყებულ საქმეებს ქალიშვილი ნათია ფუტკარაძე და მისი აღზრდილები აგრძელებენ.

