“ცხოვრება ზღვას ჰგავს, ხან მღელვარეა, ხან – მშვიდი”…
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
ლექსებს ბავშვობიდან წერდა და ქობულეთის რაიონულ გაზეთში აქვეყნებდა. 1974 წელს პოეტ ფრიდონ ხალვაშის წინასიტყვაობით ჟურნალ „ჭოროხში“ დაიბეჭდა მისი რამდენიმე ლექსი. სწორედ ამის გამო, როგორც თვითონ თვლის, პოეზიაში მისი ნათლია ფრიდონ ხალვაშია. არის რვა პოეტური კრებულის ავტორი. კითხვაზე, რა სურს ყველაზე მეტად, გვპასუხობს, რომ მისი დიდი სურვილია, ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს, დამთავრდეს შური და გაუტანლობა.
გაზეთ „აჭარის“ ბლიცინტერვიუს სტუმარი პოეტი ჟუჟუნა ხაჯიშვილია.
-ბავშვობა . . .
-ხალისიანი ბავშვობა მქონდა. ოჯახის პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი და საკმაოდ განებივრებულიც.
-ბავშვობიდან ყველაზე მეტად მენატრება . . .
-ალბათ, ყველაფერი, განსაკუთრებით, ის დრო, როცა ჩემი ახლობელი ადამიანები ცოცხლები იყვნენ. მენატრება ის სითბო და სიყვარული, რომელიც მათ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ . . .
-ამჟამად . . .
-პოეტური ოჯახი გვაქვს: ჩემი მეუღლე – ზურაბ ფირცხალაიშვილი ცნობილი პოეტია, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, მყავს ორი ვაჟი – პაატა და გიორგი და სამი შვილიშვილი – ნინო, ლილე და პელაგია, რომელიც ახლახან შემოემატა ჩვენს ოჯახს . . .
-უფლება რომ მქონდეს . . .
-ალბათ, ბევრ რამეს შევცვლიდი . . . ღირსეულ ადამიანებს, ახლა რომ ჩრდილში არიან, მეტად წარმოვაჩენდი და დავაფასებდი . . .
-რომ შემეძლოს . . .
-ყველას სიკეთის და სიყვარულის ნიჭს ვაჩუქებდი.
-ყველაზე მეტად მინდა . . .
-ეს ქვეყანა მართლა ქვეყანას დაემსგავსოს, დამთავრდეს შური და გაუტანლობა. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, მაგრამ ამ უნარს ქვეყნის საკეთილდღეოდ ვერ ვიყენებთ.
-ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს . . .
-ახლობელი ადმიანების წრეში, ოჯახში და მეგობრებთან.
-არასდროს მიფიქრია . . .
-სხვის უბედურებაზე ამეგო ჩემი და ჩემი ოჯახის ბედნიერება.
-არასოდეს დამავიწყდება . . .
-პატარა სიკეთეც კი, რომელიც ვინმეს ჩემთვის ოდესმე გაუკეთებია.
-ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა . . .
-სიცოცხლე ღვთის საჩუქარია და იგი გონივრულად უნდა გამოიყენო.
-მენატრება . . .
-ახალგაზრდობის წლები, ის ენერგია, როცა ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა – ქალამნად . . .
-ცხოვრება ჰგავს . . .
-ცხოვრება ზღვას ჰგავს, ხან მღელვარეა, ხან მშვიდი. მისი მართვა უნდა ისწავლო.
-მთავარი მისია . . .
-ემსახურო სამშობლოს, მიანიჭო ბედნიერება და სიხარული ადამიანებს. საკუთარი ხელწერა დატოვო ცხოვრების წიგნში.
-ყველაზე მეტად მეშინია . . .
-ახლობელი ადამიანების დაკარგვის . . . და კიდევ იმისა, ჩემი ქმედებით ზიანი არ მივაყენო სხვებს.
-ვღიზიანდები . . .
-ვერ ვეგუები თავხედ და საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისებს.
-მახარებს . . .
-ყოველი გათენებული დღე, ქართველთა წარმატებები, ზოგადად, ქვეყნის წინსვლა . . .
-ვოცნებობ . . .
-ისეთი ყოფა დაგვიდგეს, ირგვლივ გაჭირვება არ იყოს და ადამიანები ერთმანეთს გულწრფელად თანაუგრძნობდნენ.
-ბედნიერი ვარ . . .
-ძნელი სათქმელია, ამ დროში ბედნიერი იყო, მაგრამ მაინცდამაინც არც უბედურებას ვუჩივი . . .
-ადამიანი ადამიანისთვის . . .
-წესით, ადამიანი ადამიანის მეგობარი უნდა იყოს, მაგრამ რეალობა სულ სხვას გვეუბნება . . .
-ოჯახი . . .
-ყველაზე საიმედო ადგილი, სადაც სიმშვიდე და სიყვარული სუფევს, სადაც ერთმანეთის ესმით და აფასებენ.
-მეგობრობა . . .
-უბედურია ის, ვინც უმეგობროდ იცხოვრა.
-პატრიოტიზმი . . .
-პატრიოტობა მარტო სიტყვები არაა, იგი ქმედაბაში უნდა გამოვლინდეს.
-თავისუფალ დროს . . .
-ახლა იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, შემიძლია სხვასაც ვუწილადო. ჩვეულებრივ, მეუღლესთან ერთად ზღვისპირა პარკში გავდივარ ხოლმე, ხანდახან შვილიშვილებს მოვინახულებ, მეგობრებს ვსტუმრობ . . .
-მე და ბათუმი . . .
-ის ბათუმი, მე რომ მიყვარდა, წარსულში დარჩა. ახალ ბათუმში ისე დავდივარ, როგორც უცხო ქალაქში . . .
-ბათუმს ყველაზე მეტად უხდება . . .
-ზღვა, მზე და სიყვარული . . .
-სიყვარული არის . . .
-უჩვეულო გრძნობა, სნეულება, რომელიც თუ ნამდვილია, არ იკურნება . . .
-წარმატების თქვენეული ფორმულა . . .
-უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ . . .
-მთავარი ფრაზა . . .
-სიცოცხლე სასწაულია . . .
-თქვენი ცხოვრების წიგნის სათაური იქნებოდა . . .
-სიყვარულის და სიკეთის გზით.
-თქვენი რომელი ლექსი ხართ . . .
-“ეს მე ვარ, ვანენ!”
* * *
შეერთო სხალთის დაღდასმულ ხატებს იმედი ჩემი – ცრემლმოცინარე. . . ვეღარ ვუპოვე მიზეზი სასჯელს, ვეღარც მშველელად ვექეც სინანულს.
ეს მე ვარ ვანენ! ეს მე ვარ , ვანენ! ვეღარ მიცანი, ძვირფასო, ალბათ. . . შემჭრეს დალალი, კახაბრის ველზე დამიწვეს ჩემი ქათიბი კაბა!
ულმობელ წლებს და მსახვრალ თარიღებს გამოვექეცი გასაოცრებით. . . შენი ტაძრიდან რატომ აფრიდნენ ცისკენ დამფრთხალი ანგელოზები?!