9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76 წელი გავიდა. მან მილიონობით მსხვერპლი შეიწირა, ათასობით ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე, ათასობით მებრძოლს „შინმოუსვლელი“ ეწოდა, ბევრი კი ხეიბარი დაბრუნდა . . .
მეორე მსოფლიო ომი (1941-1945 წლები) ევროპაში ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ – 1945 წლის 8 მაისს დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. სისხლისმღვრელი დღეების დასრულებას დღემდე ბევრი სახელმწიფო აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც, საიდანაც ომში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი არ დაბრუნებულა. სხვათა შორის, საქართველომ, ამ პატარა სახელმწიფომ, მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი დიდი დღესასწაულია, თუმცა იგი ისეთი პომპეზურობით აღარ აღინიშნება, როგორ წინა საუკუნეში.
ომგადახდილები ასაკოვნები არიან, სამწუხაროდ, მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. როგორც აჭარის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის“ თავმჯდომარე დავით ჯიჯავაძემ გვითხრა, აჭარაში ამჟამად სულ 14 ვეტერანია. აქედან ბათუმში – 12, ქობულეთსა და ხელვაჩაურში თითო-თითო. თითქმის ყველას ჯანმრთელობა შელახულია და გადაადგილება უჭირთ. ვეტერანთაგან ყველაზე ახალგაზრდა 1927 წელს დაბადებული ვასილი ტოცკია, ყველაზე ხანდაზმული – ხელვაჩაურელი ტატიანა კამენცევა, რომელსაც შარშან 100 წელი შეუსრულდა. წელს სექტემბერში, ასევე, საუკუნის იუბილეს იზეიმებს გოგოლა კარანაძე. 1925 წელს დაბადებული სერგო ტაბაღუა რამდენიმე ხნის წინ საავადმყოფოში იწვა, ახლა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა გადაადგილება მაინც უჭირს. ყველასთვის კარგად ნაცნობი ვეტერანი ქეთევან ლორიაც ამჟამად სახლიდან გარეთ გასვლას ერიდება.
9 მაისის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა ომგადახდილებს ერთჯერად ფულად საჩუქარს – 1000 ლარს გადასცემს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კი 500 ლარს. გარდა ამისა, ფულად საჩუქარს მათ მუნიციპალიტეტები და ტრადიციულად, ბათუმის ნავთობტერმინალიც გადასცემთ.
ვულოცავთ ჩვენს ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ჯანის სიმრთელესა და მშვიდობიან დღეებს ვუსურვებთ მათ.