ადამიანი, რომელიც სიბრძნით ხვდება გამოწვევებს, თვითსრულყოფისკენ, განვითარებისკენ ისწრაფვის და ამას თითოეულის ვალდებულებად თვლის
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
ცხადია, მსოფლიოში ბევრი რამ ხდება – ცუდიც და კარგიც . . . მეორე წელია, ამას პანდემია დაემატა. kovidD-19- მა ადამიანების ცხოვრების რიტმის პარალიზება გამოიწვია, გარშემო ყველაფერი გაჩერდა, უმრავლესობა სახლის კედლებში გამოიკეტა. თუმცა, ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც ჩანს. კაცობრიობა, როგორც ყოველთვის, სირთულეებს ებრძვის და მაინც აგრძელებს განვითარებას. ერთ-ერთი ისეთი სულისკვეთების ადამიანი, რომელიც პრობლემურ ვითარებაში გამოსავალს ეძებს,\ პოულობს და პროგრესისკენ მიდის, ჩვენი დღევანდელი სტუმარი გუგული ხალვაშია – ბათუმელი მხატვარი ქალი. თვითიზოლაციაში ყოფნისას პროფესიული უნარების გამომუშავება-განვითარებისთვის ვებგაკვეთილები გამოიყენა და ახლა საკუთარი აუდიტორიაც ჰყავს და მის მიერ შესრულებული ნახატების დამკვეთებიც, სამომავლო გეგმის განსახორციელებლად მხატვრობას აგრონომობასაც უთავსებს.
– ჩვენ, ადამიანებს, ღმერთმა მოგვცა შექმნის ნიჭი და არ უნდა გავუცრუოთ მას იმედი, უნდა ვიყოთ ძლიერები, მობილიზებულები, ინტელექტუალურები და ბრძნულად მოვეკიდოთ ყველა გამოწვევას. ვალდებულნი ვართ, ვისწრაფოდეთ თვითსრულყოფისკენ, თვითგანვითარებისკენ და დასახული მიზნების მიღწევისკენ, – ამბობს იგი.
– როგორც ვიცი, პროფესიით აგროინჟინერი და დიზაინერი ხართ. ორივე პროფესიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. . .
– დიახ – სუბტროპიკული კულტურების ინჟინერ ტექნოლოგი და ტანსაცმლის დიზაინერი ვარ. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩაის გადამწონ ფაბრიკაში ცვლის უფროსად. რამდენიმე წელი ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი მოსკოვში, სადაც მეორე პროფესიასაც დავეუფლე. 1994 წელს ბათუმში დავბრუნდი და სამოდელო-სადიზაინერო სახლი გავხსენი. ბევრი წარმატებული გამოფენა გვქონია ქალაქის მასშტაბით. 1998 წელს ამავე სახლის მოდელებს მონაწილეობა მივაღებინეთ საქართველოს სილამაზის კონკურსზე და პირველ ადგილზეც გავედით. 2002 წელს ბათუმის სამკერვალო ფაბრიკაში, რომელსაც შემდგომ btm ეწოდა, საამქროს უფროსად მიმიწვიეს. ძალიან რთული პერიოდი იდგა კერძო ბიზნესის სფეროში, ალბათ, ამიტომაც შევწყვიტე მაშინ. 2010 წლიდან გავხსენი კვების ობიექტი და დავიწყე მუშაობა. საქმე ნორმალურად მიდიოდა, რესტორანიც გავხსენი. 2017 წელს დაიწყო უკუსვლა, ჯერ ტურისტული სეზონი ჩავარდა, შემდეგ პანდემია დაიწყო. იძულებული გავხდი ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული რესტორანი და კაფე დამეხურა, რადგანაც ფართი დაქირავებული მქონდა. ონლაინშეკვეთებზე რომ მემუშავა, შემოსავალი შენობის ქირასაც კი ვერ დამიფარავდა, ამიტომაც ორივე კვების ობიექტი, რომლებიც თითქმის ათი წელი ვამუშავე, დავხურე. ინვენტარი გავყიდე. ფაქტობრივად, უმოქმედო და უშემოსავლო დავრჩი. დრო უქმად რომ არ დამეკარგა, გადავწყვიტე, ისევ ხატვა დამეწყო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და ვხატავდი კიდეც, თუმცა შემდეგ, როდესაც უმაღლესი განათლება მივიღე და მუშაობა დავიწყე, ამისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობს, ძნელია უცებ გაჩერება. უმოქმედობა არ შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ მარტო შემოსავლის ძიებამ ამაღებინა ფუნჯი ხელში, ხატვა მიყვარს, პატარაობიდან ჩემი ჰობი იყო, შტრიხის მოსმის ტექნიკა ყოველთვის მქონდა, მაგრამ იმ დროისთვის არ მინდოდა, ფერწერა პროფესიად გამეხადა. ახლა კი, ამისთვის დროც მაქვს და საშუალებაც.
– და მაინც, ხატვისადმი ინტერესი პანდემიის პერიოდში გამოიკვეთა. . .
– როგორც უკვე აღვნიშნე ხატვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ არ მეცალა, მუდამ დაკავებული ვიყავი. პანდემიის დროს შევიძინე, რაც საჭირო იყო და ჩავუჯექი. ჩემს დას და სიძეს სახლი აქვთ ქედის სოფელ ორცვაში და მათთან გავიხიზნე. ამ სოფლის სილმაზემ შთამაგონა ტილოზე გადამეტანა იგი. პარალელურად, დღესაც ვსწავლობ ფერწერას ონლაინგაკვეთილების მეშვეობით.
– რომელ სამუშაო მასალას ანიჭებთ უპირატესობას?
– ზეთის საღებავებს, თუმცა აკრილით და აკვარელით დავიწყე, ვფიქრობ, ზეთით უკეთესად გამომდის. ვმუშაობ მასტეხინითაც. რითაც კი შეიძლება მივიღო სასურველი შტრიხი, ყველანაირ ხერხს და ტექნიკას ვიყენებ. ვხატავ ტილოზე და ქაღალდზეც. ნატურიდანაც და წარმოსახვითაც. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივ ძიებაში ვარ. არ ვიცი, რომელი უფრო მომწონს პეიზაჟები, პორტრეტები თუ ნატურმორტები. ყველაფერს ვხატავ. . . ჩემში ხატვის დიდი ენერგიაა მოზღვავებული და სიამოვნებით მივყვები.
– როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?
– იდეალური სამუშაო გარემოა, როცა მარტო ვარ. არავის აზრს არ ვუსმენ და ვხატავ. განმარტოება ჩემი ტილოს და ფუნჯის ერთობლიობაა, მაშინ არ ვარ ამ სამყაროში. ხანდახან ღამით მომაფიქრდება ხოლმე, რაც უნდა დავხატო. შემდეგ ჩემი განცდები და ემოცია გადამაქვს ტილოზე და სწორედ ესაა ჩემთვის საკუთარი თავის პოვნის პროცესი.
– მრავალი მხატვრის შემოქმედება ნათლად ასახავს იმ დროის სულისკვეთებას, რომელშიც ცხოვრობს. მოახდინა თუ არა თქვენზე გავლენა ჩვენმა იმპულსურმა საუკუნემ?
– რა თქმა უნდა, დრო და ეპოქა მოქმედებს ჩვენს ყოფაზე, მაგრამ მე არ ვარ პესიმისტი და ჩემი ნახატები ფერადია, მრავალფეროვანი, ღია და ნათელ ფერებში. ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, ეს რთული პერიოდი გავაფერადო. ამით თითქოს ვცდილობ, არ ვიფიქრო ცუდზე და მხოლოდ სილამაზე და სიყვარული გავუზიარო ხალხს.
– რა ხდება მაშინ, როდესაც ახალი ნამუშევრის შექმნას იწყებთ?
– ახალი ჩანაფიქრი ყოველთვის სანუკვარია. მაქვს მოლოდინი, რომ ახალი ძველზე უკეთესი იქნება ჩემეული ინტერპრეტაციით, ჩემეული ჩანაფიქრით. მიხარია და ვისმენ ყველანაირ შეფასებას.
– საინტერესოა, როგორია სახელოსნო,რომელშიც თქვენს ნამუშევრებს ქმნით?
– პატარა, ციცქნა სახლია – ჩემთვის იდეალური გარემო, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან დიდ დროს ვატარებ იქ. კედლებზე გამოფენილი მაქვს ჩემი ნამუშევრები, რომლებშიც ყოველდღე ვნახულობ შეცდომებს და ვცდილობ, ახალ ნახატებში იგივე არ დავუშვა.
– რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ფერწერაზე? რა მოგწონთ და რა აკლია მას?
– მე ამ სფეროში ახალი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემ, ვინმეს რამე ვურჩიო. პირიქით, მაესტროებისგან ვიღებ კონსულტაციებს, თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში ძალიან ბევრი ჯგუფია, სადაც უამრავ თავისუფალ ნახატს ვნახულობ. მიხარია, რომ ბევრი ძლიერი მხატვარია, რომელსაც გააჩნია თავისი სტილი და ხელწერა. მე უფრო მსუბუქი ჟანრის შემოქმედი ვარ. მიყვარს, როცა თვალს მრავალფეროვნებით ვაზეიმებ.
– რომელია თქვენი საუკეთესო ნამუშევარი ?
– არ ვიცი, რომელ ნამუშევარს მივანიჭო უპირატესობა. მე ყველა განსაკუთრებულად მიყვარს, თუმცა გამოვარჩევდი აფხაზეთის თემაზე შესრულებულ „ მონატრებას“. სოხუმში ვსწავლობდი და ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, ამიტომაც შევქმენი ორი ტილო: ,,სოხუმის ზღვისპირა პარკი’’ და ,,ახალი ათონის მონასტერი“, რომლებშიც მთელი გული და სული ჩავდე. ხატვის პროცესში შეგრძნება მქონდა, თითქოს სოხუმს ვსტუმრობდი.
– რთულია თუ არა საქართველოში ხატვა იყოს არა გატაცება, არამედ პროფესია? თავის რჩენა მხატვრობით ხომ ძალიან ცოტას გამოსდის?
– რთულია. . . მხოლოდ მხატვრობით ვერ იცხოვრებ. ახლა, ასეთ ეკონომიკურ კრიზისში, პანდემიის დროს, როცა ხალხს ასე უჭირს, ნახატის გაყიდვა განსაკუთრებით რთულია.
– რისი თქმა გსურთ თქვენი ნახატებით ?
– ჩემი ნახატები სილამაზის, სიყვარულის, იმედის მომცემი მინდა იყოს. ამით მინდა ცოტაოდენი შვება ვიგრძნოთ და ბევრი ნათელი ფერი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.
– სახელოსნოსთან მიწის ნაკვეთიც გაქვთ, სადაც დიდ დროს ატარებთ და ყვავილების არტგალერეის მოწყობასაც აპირებთ. . .
– დიახ მაქვს პატარა ნაკვეთი, სადაც სიამოვნებით ვმუშაობთ მე და ჩარლი (ჩემი ლაბრადორია). დღის დიდ ნაწილს აქ ვატარებ. ვცდილობ, დავრგო ბევრი სხვადასხვა ფერადი ყვავილი, ჩავდგა მოლბერტები, მაგიდები და ამ ფონზე ჩემს მეგობრებს მივცე ხელში ფუნჯი, რომ განიტვირთონ. ასევე, ამ სივრცეში მინდა მოვაწყო გამოფენა. . .