იმედისმომცემი რეჟისორის დებიუტი და ახალი პრემიერის მოლოდინი – ბათუმის დრამატულ თეატრში
მარინა მითაიშვილი 593 31 73 90 –
ახალგაზრდა ბათუმელ რეჟისორ გიორგი ქათამაძეს ოთხი სპექტაკლით იცნობს მაყურებელი, რომლებიც მან თბილისის თეატრში ათონელზე, სამეფო უბნისა და ზუგდიდის დრამატულ თეატრებში და განახორციელა. ყველაზე წარმატებულად სპექტაკლს „დიდი შესვენება“ მიიჩნევს (პიესის ავტორი – დათა ფირცხალავა), რომელიც სამეფო უბნის თეატრში დადგა. რამდენიმე წელია სამსახიობო ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტია ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. ამჟამად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელ ანდრო ენუქიძესთან ერთად დიდროს რომანის – „ჟაკ ფატალისტი და მისი ბატონი“ მიხედვით დგამს სპექტაკლს „ჟაკი და ბატონი“. ეს მისი პირველი ცდაა ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე. გადავწყვიტეთ ამ საინტერესო და იმედისმომცემ შემოქმედთან, რომლის სპექტაკლის პრემიერასაც მალე ვიხილავთ, ზემოთ ნახსენები ფაქტის შესახებ და ზოგადად მის შემოქმედებაზეც გვესაუბრა.
– გიორგი, პანდემიამ ყველას თავისებური დაღი დაგვასვა, შენზე როგორ აისახა ეს განსაცდელი?
– როგორც აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო ეს ჩაკეტილობა. ასეთ დროს თითქოს გამოსავალზე უნდა იფიქრო, ახალი იდეებიც უნდა გაგიჩნდეს, ზოგისთვის შეიძლება შანსიც გამხდარიყო ამ თვალსზრისით, მაგრამ ჩემთვის ურთულესი აღმოჩნდა, რადგან მიჩვეული ვარ უშუალო რეპეტიციებს. მათ გარეშე საკმაოდ დავკარგე ფორმა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა აღვიდგენ ძალებს. ისე, მთლად გაჩერებული არ ვიყავი. სტუდენტებთან ვმუშაობდი. ყოველდღე ინტენსიურად ვურთიერთობდით, ამას რეპეტიციებს ვერ დავარქმევ, მაგრამ სამაგიდო მუშაობას – კი. ეს ხდება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც რეჟისორ ანდრო ენუქიძის ასისტენტი ვარ.
– ესეც ერთგვარი გამოცდილებაა. . .
– დიახ, ასეა. პირველი ჩაკეტვის დროს შექსპირის „ რომეო და ჯულიეტაზე“ ონლაინ ვმუშაობდით. ბევრი რამის გაკეთება შევძელით. . . პანდემიის შემდეგ შემომთავაზეს დამედგა სპექტაკლი „ჟაკი და ბატონი“ დენი დიდროს რომანის მიხედვით. დავიწყეთ რეპეტიციები და ახლაც, რა თქმა უნდა, გვძაბავს პანდემიური გარემო. ვმუშაობთ რეგულაციების დაცვით, მაგრამ რომელიმე მსახიობს სიცხემ თუ აუწია, რაც გაზაფხულზე არაა იშვიათობა, უკვე იძულებულნი ვართ, ის სცენა, მინიმუმ, სამი დღით მაინც გააჩერო, სანამ არ გაირკვევა კოვიდინფიცირებულია თუ არა. ღმერთით, აქამდე გაგვიმართლა და კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჩვენთან, მაგრამ, სამწუხაროდ, მსახიობი გაგვიხდა შეუძლოდ და ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით ვართ გაჩერებული.
– ძალიან დასანანია და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. პიესა თავად შეარჩიე თუ თეატრის მოთხოვნით?
– ვინაიდან მარტო არ ვდგამ ამ სპექტაკლს, ბატონ ანდროსთან ერთად ვმუშაობ, შესაბამისად, ყველაფერზე ვთანხმდებით.
– რით არის შენთვის საინტერესო ამ სპექტაკლზე მუშაობა,რა არის შენი სათქმელი?
– თვითონ მასალაა ძალიან საინტერესო ფორმით. მგონი განსხვავებული გამოვა ყველა იმ სპექტაკლისგან, რაც აქამდე დამიდგამს. თვითონ ჟანრია სხვანაირი. ვფიქრობ, თეატრიდანაც რომ არ შემოეთავაზებინათ, მაინც დავდგამდი. საინტერესო სიუჟეტია. . . არაა სწორხაზოვანი, ცოტა გაუგებარი რაღაცებიცაა, რომელიც კარგად უნდა ამოიკითხო. აი, ეს გამოწვევები მიზიდავს ძალიან.
– ანუ კონკრეტიკას გირჩევნია ფიქრისა და განსჯისთვის ადგილის დატოვება?
– გააჩნია. . . არის ნაწარმოებები, პიესები, რომლებშიც მთავარია, რაღაც ამბავი გასაგებად, ნათლად იყოს მოყოლილი. აქაც იგივე სიტუაციაა, ოღონდ ვინაიდან პირველწყარო რომანია (აქამდე არ მიმუშავია რომანზე), ამიტომააა უფრო საინტერესო, თავსატეხი, ამოსაცნობი. . .
– თავისუფლების მეტ საშუალებას გაძლევს?
– ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც არასოდეს ვყოფილვარ და ვცდილობ გავერკვე ყველაფერში რეპეტიციებზე მსახიობებთან ერთად. ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობების ის ჯგუფი, რომელიც მე მყავს ძალიან მონდომებულად მუშაობს. მათთვისაც უცნაური და უცხო იყო ეს ნაწარმოები.
– რომანის ინსცენირების ავტორი ვინაა?
– ირაკლი სამსონაძე – ესეც იმას მოწმობს, რომ ძალიან კარგ ჯგუფთან მიწევს მუშაობა., რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას.
– საინტერესოა იმ მსახიობების ვინაობაც, ვისგანაც შედგება შემოქმედებით ჯგუფი.
– ოთია ქათამაძე, ლია აბულაძე, დიმა მელია. . . ძალიან ბევრია. მასობრივი სპექტაკლია, „მასოვკაც“ აქვს. . . დიდი შემოქმედებითი ჯგუფია. ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. არის სცენები, სადაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გადაწყვეტილი, რამდენი მიიღებს მონაწილეობას.
– როგორ მუშაობთ ერთად, საქმეს როგორ ინაწილებთ ორი რეჟისორი?
– ბატონ ანდროსთან ერთად მესამე წელია ვმუშაობ. ჩვენ გავაკეთეთ სპექტაკლების ნაწყვეტები უნივერსიტეტში („რომეო და ჯულიეტადან“, მანამდე ეტიუდებზე ვმუშაობდით) მოკლედ, მისი ჯგუფის პირველი კურსიდან. მუშაობის პროცესში არ გვქონია შეუთანხმებლობა, რაღაცნაირად ვერთვებით ერთმანეთს, ვავსებთ. . . ამან მოგვცა იმის იმედი, რომ სპექტაკლის ერთად დადგმასაც შევძლებდით. ჯერჯერობით ვთანხმდებით კონცეფციაზე. ჯერ ვერ შემოდის ბატონი ანდრო აქტიურად, რადგან ანტონ ჩეხოვის „თოლიაზე“ მუშაობს.. მე ვაკეთებ ხოლმე სპექტაკლის გარკვეულ მონაკვეთს, რომელსაც ნახულობს. ჯერჯერობით რაიმე ისეთი შენიშვნა არ ჰქონია. მოკლედ, თავისუფლება კი მაქვს.
– აფიშაზე ორივე რეჟისორი დაიწერება?
– ჯერ არ ვიცი, პანდემიამ ბევრ რამეში შეგვიშალა ხელი. . .
– კარგია, რომ თეატრი ამოქმედდა, თუნდაც ისეთი სრული სვლით ვერა, როგორც გაგვიხარდებოდა. 20 მაისს უკვე ვნახეთ „თოლიას“ პრემიერა. ბატონი ანდროსგან მიჩვეულები ვართ სიახლეებს, ექსპერიმენტებს ტქნიკურადაც, ფორმითაც და შინაარსითაც, პიესის წაკითხვის თვალსაზრისით.ამ, მორიგ სპექტაკლში იქნება ასეთი სიახლეები?
– სათამაშო სივრცე ცოტა უცნაური იქნება. ბევრ სცენაში ძალიან ახლოს მივალთ მაყურებელთან. ყველაფრის წინასწარ გამხელა არ მინდა. . .
– ასეთი სიახლოვე პირველი არაა ბატონი ანდროს სპექტაკლებში, თუმცა ვნახოთ, რით გაგვაოცებს ამჯერად. ალბათ მაყურებელთან კონტაქტი გაძლიერებული იქნება, სრულიად უნდა ჩართოთ სპექტაკლში? ასეთი ტენდენცია კი არსებობს თეატრში, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა და სიახლედაც აღიქმება.
– კი გვაქვს ამის სურვილი, ვნახოთ რამდენადაა ეს შესაძლებელი. ეს სცენაზე გამოჩნდება და აქამდე ჯერ არ მივსულვართ. სარეპეტიციოში მიდის ჯერ რეპეტიციები, სცენების მონახაზებს ვაკეთებთ. რათა შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ სცენაზე. ჯერჯერობით ასეთი ჩანაფიქრი გვამოძრავებს, დეკორაციებიც შესაბამისია – მინიმალისტური, მსახიობს ოსტატობის გამოსაჩენად მეტი სივრცე ექნება, ინტერაქციას ვეცდებით და სხვა სიახლეებიც გვექნება ალბათ. . . რაღაცები ამ კუთხით უკვე იკვეთება რეპეტიციებზე და მინდა ბოლომდე შევინარჩუნოთ, გადავიტანოთ სცენაზე. სარეპეტიციო დარბაზში რაიმეს მოსინჯვა ერთია, შემდეგ მთავარია, ეს როგორ გამოჩნდება და გაიჟღერებს სცენაზე.
– ჯერ მუშაობის პროცესში ხართ, ყველაფერი ჩამოყალიბების პროცესშია, გასაგებია, რომ კონკრეტიკა ამ ეტაპზე რთულია, მათ შორის იმისიც, როდის იქნება პრემიერა.. მაგრამ მაინც უნდა გკითხო, დაახლოებით როდის იქნება თუ არაფერმა, არც მსახიობების ავადმყოფობამ, არც პანდემიით გართულებულმა რეალობამ არ შეგიშალათ ხელი?
– ნამდვილად რთულია ამის თქმა. . . როგორც კი მუშაობის საშუალება მოგვეცემა (ამჯერად, როგორც გითხარით, გაჩერებული ვართ ერთ-ერთი მსახიობის ავადმყოფობის გამო), გამოიკვეთება მიახლოებითი კონტურებიც. ეს არ არის მთლად თეატრზე დამოკიდებული, პანდემიაზე უფროა, როგორც კი მუშაობის საშუალება მოგვეცემა, დაახლოებით, ალბათ 4-5 კვირა დაგვჭირდება.
– მხატვარს საკმაოდ დიდი როლი აკისრია სპექტაკლის წარმატებაში, ვინ იქნება სცენოგრაფი?
– შოთა ბაგალიშვილი. ჩვენი თეატრის მცირე სცენაზე დადგმული „დონ ჟუანი“ მხატვარულად მან გააფორმა. შოთა თბილისის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით, როცა თბილისში ვიყავი. ორი სპექტაკლი გვაქვს გაკეთებული ერთად. შოთა კარგად იცნობს ბათუმის დრამატულ თეატრს. რამდენიმე სპექტაკლზე უმუშავია აქ.
– მუსიკალურად ვინ გააფორმებს დადგმას?
– ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვერც ქორეოგრაფის ვინაობაზე.
– შენი სპექტაკლებიდან რომელს გამოარჩევდი?
– „დიდი შესვენებას“, რომელიც „სამეფო უბნის“ თეატრში დავდგი.
– ერთ-ერთ ინტერვიუში რობიკო სტურუამ მითხრა, რომ სპექტაკლის შექმნისას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი მსახიობიები მიიღებენ მონაწილეობას, მათზე დიდადაა დამოკიდებული, საით წავა სათქმელის ხაზი, ანუ სპექტაკლს ერთად ქმნიან, მსახიობებს თუ შეცვლის, სპექტაკლიც სრულიად განსხვავებული გამოვა. ამიტომ სხვა მსახიობის შეყვანა ყკვე დადგმულ სპექტაკლში ძალიან რთულია. რა შეგიძლია ამაზე თქვა, შენს შემთხვევაში როგორაა?
– ვეთანხმები ბატონ რობერტ სტურუას. სწორად,, удочна-დ (ბოდიში ქართული შესატყვისი ვერ მოვუძებნე) განაწილებული პიესა დიდწილად უკვე დადგმული მგონია. ამიტომ როლების განაწილება და პიესის არჩევა ერთი დონის პრობლემა თუ ამოცანა მგონია.
-გყავს კერპი რეჟისორი, რომელმაც ეს პროფესია შეგაყვარა?
– მყავს. ოღონდ არ ვიტყვი ვინ.
– რა არის შენთვის იმ შრომის საპირწონე, რომელსაც სპექტაკლის დადგმისას ხარჯავ?
– კარგი, მხიარული და ნაყოფიერი რეპეტიცია, კარგად წასული სპექტაკლი და ყველაზე მთავარი მაინც მგონია, მაყურებლისთვის იმ ემოციის გადაცემა, რამაც სპექტაკლის დადგმა გაიძულა, თანამოაზრეების პოვნა.
– რეჟისორი დიქტატორი უნდა იყოს?
– არ არის აუცილებელი (იღიმება).
– როგორ ფიქრობ, ქართული თეატრი განვითარების რა ეტაპზეა?
– (მხოლოდ ღიმილი). . .
– დაჯაბნა თუ არა თანამედროვე თეატრში და საერთოდ ხელოვნებაში ფორმამ შინაარსი?
– არ მგონია, რომ ფორმას შინაარსი დაეჯაბნა. გააჩნია, რა იგულისხმება ამაში. არსებობს პიესები, მათ შორის თანამედროვე, რომლების ფორმით შეჭმა შეუძლებელია და ასევე არსებობს პიესები, რომელთა დადგმა მკვეთრი ფორმების ძიების გარეშე წარმოუდგენელია.
– არაერთი თანამედროვე სპექტაკლის ყურებისას, მიჩნდება განცდა, რომ ემოციამ, კათარზისმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. . .
– ემოცია და კათარზისი არის ის, რის გამოც ანტიკური დროიდან დადიოდა და დადის მაყურებელი თეატრში დ ამას ვერაფერი შეცვლის.