“ონკოლოგია არ არის სასიკვდილო განაჩენი, საწყის სტადიაზე განკურნება შესაძლებელია”
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კიბოს პოპულაციური რეგისტრის სტატისტიკა და ანალიზი მოგვაწოდა. როგორც ირკვევა, ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა სამი წლის განმავლობაში 9 500-11 000-ის ფარგლებში მერყეობს.
ექსპერტთა განცხადებით, ონკოლოგიურ დაავადებათა სერიოზული ზრდა 2008 წლის ომის შემდეგ აშკარაა.
რამდენად გაიზარდა ონკოპაციენტთა რიცხვი ბათუმში? რა ეტაპზეა შესაძლებელი კიბოს განკურნება და საერთოდ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური სამედიცინო დაწესებულების „მედცენტრის“ ექიმ რადიოლოგ კახა ცეცხლაძესთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი ადგენს საგანგაშო ნიშნებს პაციენტების შემდგომი მკურნალობისთვის.
–რა მეთოდებით მკურნალობენ ავთვისებიან სიმსივნეს და რამდენად მაღალია გადარჩენის მაჩვენებელი?
– საქართველოში ყველა საშუალება და აპარატურაა იმისთვის, რომ მომართვის შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ ონკოდაავადება და ვუმკურნალოთ. დროულად აღმოჩენილი კანის კიბოებიდან, მელანომის გარდა, დღეს ყველა იკურნება, ხორხის კიბოც კი, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი, ასევე მსხვილი ნაწლავის. ამისთვის ყველა სახის მეთოდებს მიმართავენ ონკოლოგები: ქირურგიას, სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, რაც უზრუნველყოფს ონკოდაავადებულთა გამოჯანმრთელებას და ცხოვრების სათანადო ხარისხით გაგრძელებას.
-თავად თქვენი პროფესია – რადიოლოგი, რას გულისხმობს?
-რადიოლოგია ფართო დიაგნოსტიკური მიმართულებაა, რაც მოიცავს კომპიუტერულ და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ექოსკოპიას და რენტგენს. პირადად მე ვმუშაობ ექოსკოპიური მიმართულებით. კონკრეტულად, ჩემს კომპეტენციაში შედის: ულტრასონოგრაფია, გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა, სამეანო (ორსულთა) ულტრასონოგრაფია, ფარისებრი ჯირყვლის ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირყვლის წვრილნემიანი ასპირაციული ბიოფსია (ექოსკოპიური კონტროლით), სარძევე ჯირყვლის ულტრაბგერითი კვლევა, საშარდე ბუშტის (თირკმელი, შარდის ბუშტი, პროსტატის ჯირყვალი) და სათესლე ჯირყვლის ექოსკოპია, წინამდებარე ჯირყვლის ტრანსრექტულური ულტრასონოგრაფია და ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით, რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსროვანი სისტემის ულტრასონოგრაფია და რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევა.
-არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, მკვეთრად იმატა ონკოავადმყოფთა რიცხვმა.
-დიახ, საკმოდ. ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. კერძოდ, ადრე არ იყო საკმარისად განვითარებული მედიცინის არც ტექნიკური და არც ტექნოლოგიური მხარე, რომელიც დღესდღეობით, იკვლევს სკრუპულოზურად და დაავადებას ადგენს ადრეულ სტადიებზე. პაციენტებისთვის გაიზარდა პროფილაქტიკურ კვლევებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ისევ და ისევ, გაზარდა სტატისტიკა.
-დაახლოებით რამდენი ონკოპაციენტია თქვენთან?
– ყოველ დღე ონკოლოგიური დაავადების ერთ-ორ-სამ ახალ შემთხვევას ვადგენთ. დამეთანხეთ, არ არის ცოტა.
-რამდენადაა განვითარებული ჩვენთან ონკოლოგია ?
-ზოგადად, მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით ონკოლოგია ყველაზე კარგად საქართველოშია განვითარებული. აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც ჩამოდიან აქ, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან – თავისთავად. გვყავს ძალიან კარგი ონკოსპეციალისტები და გვაქვს კარგი ონკოლოგიური ცენტრები. მათ შორის გამორჩეულია ჩვენი „მედ-ცენტრიც“.
–მაინც რა იწვევს კიბოს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ონკოდაავადებების მაპროვოცირებელ გარეგან მიზეზებსა და გენეტიკის გავლენაზე?
–გარეგანი მიზეზებია: ჰაერი, წყალი, საკვები, რადიაციული ფონი. ჩვენს ნიადაგში არის რადიაციული ნივთიერება როდონი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ვიღაცამ ამ ნივთიერების კატალიზირება მოახდინა. ალბათ, ამით უნდა აიხსნას რადიაციული ფონის მომატება. ძალიან დაგვიბინძურეს ბუნება და იმიტომაც წამოიწია ონკოდაავადებებმა.
-ზოგი საკვებსაც აბრალებს.
– შემოდის უხარისხო საკვები, ასევე სიგარეტი, რის გამოც ძალიან მოიმატა ფილტვის კიბომ. სიგარეტში, რომელიც ჩვენთან იყიდება, ყველაფერი სინთეტიკურია. ფილტვის კიბოს შემთხვევები წლების წინ თვეში 20-დან 45-მდე იყო, ახლა 200-380 ფიქსირდება. ფილტვის კიბოს შემთხვევების 99%-ს ეკოლოგიის დარღვევა იწვევს. 2-3% უჭირავს გენეტიკას. უხარისხო დანამატები იწვევს კიბოს. ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ. ყველაფერ ამას ემატება სტრესი, ნერვიულობა, დაძაბულობა, ადამიანები არ მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც საბოლოოდ ანგრევს ორგანიზმს. რაც შეეხება გენეტიკის წილს, ონკოდაავადება გენეტიკურად ითვლება თუ წინა სამ თაობაში ერთი და იგივე სახეობის კიბო ჰქონდათ.
–ეს სტატია, შესაძლოა, წაიკითხონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ავთვისებიანი სიმსივნე არა დიაგნოზი, არამედ განაჩენია. რას ეტყვით მათ?
–მათ უნდა მიაკითხონ ონკოლოგიურ კლინიკებს და იმკურნალონ, რადგან აქვთ გამოჯანმრთელების შანსი, თუნდაც რამდენიმე პროცენტი. 100 კაციდან 3 – 5 კაციც თუ გადარჩება, იქნებ, ერთ-ერთი თქვენ ხართ და რატომ კარგავთ შანსს?
– თქვენ ერთ-ერთი პირველი რგოლი ხართ ონკოლოგიური დიაგნოზის დასმის პროცესში. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც განწირულ ადამიანს ხვდებით?
-სინანულის . . . თანადგომის გაწევის სურვილი მიჩნდება, ისევე, როგორც ყველა სხვა ექიმს. აქ მოსული ბოლო შანსს ეძებს, ჩვენ კი მაქსიმალურს ვაკეთებთ მისი ცხოვრების გასახანგრძლივებლად.
-იმასაც ამბობენ, რომ ექიმებს გული უქვავდებათ . . .
-ეს არ არის სწორი. შესაძლოა, კარიერის საწყის ეტაპზე უფრო ემოციურად ვხვდებოდი ამ პროცესს, მაგრამ ისიცაა, რომ მაშინ ამდენი ონკოპაციენტი არც იყო. ახლა, როდესაც დღეში რამდენიმეს ნახულობ, ცხადია, ემოციები შედარებით შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გული არ შემტკივა და არ განვიცდი ჩემი პაციენტების პირად ტრაგედიას.
-რამდენად მიზანშეწონილია, აუწყო ადამიანს განაჩენი, იქნებ უფრო ადამიანურია, არ ელოდოს სიკვდილს?
-ადრე ასეც იყო, არ ეუბნებოდნენ, თუმცა, ამ ბოლო დროს, მედიკოსებიც და იურისტებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს, რა ელოდება. თუკი შეალამაზებ მის პრობლემას, შესაძლოა, სულ არ მიხედოს თავს და საერთოდ, გააჩეროს მკურნალობა. ეს იმ შანსსაც დაუკარგავს, რასაც მედიცინა აძლევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ონკოლოგია არ არის სასიკვდილო განაჩენი, საწყის სტადიაზე განკურნებაც კი შესაძლებელია.
-ხდება სასიკვდილოდ განწირულის სასწაულებრივი გამოჯანსაღებაც. ეს არასწორი დიაგნოზის ბრალია თუ უფლის ნება?
-პირადად მე არ მეხება ეს პროცესი, თუმცა, როგორც მედიკოსი, ვუშვებ ერთსაც და მეორესაც. დიდ როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორიც, რაც უკვე აღიარებულია მედიცინაში. ყველა ორგანიზმი თავისებურია, საკუთარი, ინდივიდუალური რესურსები გააჩნია, რომელიც არავინ იცის, როდის და როგორ გამოამჟღავნებს თავს.
-თქვენ, როგორც ექოსკოპისტს, რამდენად გაქვთ სათანადო დონის აპარატურა და რა როლს თმაშობს ის ზუსტ დიაგნოსტიკაში?
-ჩვენთან არის პრემიუმ კლასის „ფილიპსის“ ფირმის ექოსკოპიის აპარატი, რომლითაც ძალიან ბევრი კვლევა ტარდება. ამ აპარატის მეშვეობით ვეხმარებით კლინიცისტებს დიაგნოზის დასმაში. მაგალითად, თუკი ქალბატონი მიმართავს გინეკოლოგს, ის გადმოამისამართებს ჩვენთან, რათა გაერკვეს, როგორია საშვილოსნოს ფორმა, ზომა, სტრუქტურა, რაიმე სახის კვანძი არის თუ არა და ა.შ.
-თუ გქონიათ წვდომა სხვა ქვეყნის კლინიკებთან და შედარებისთვის -რითი სჯობს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემა ჩვენსას?
-სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე თბილისში, მაგრამ ორდინატურა გავიარე უკრაინაში, კიევში. ხუთმილიონიან ქალაქში ძალიან ბევრი გართულებული შემთხვევა მაქვს ნანახი, რამაც მომცა უზარმაზარი გამოცდილება. ასეთი სკოლის გავლა შეუფასებელია მედიკოსისთვის. კიევში ძალიან ბევრი ონკოპაციენტია, მოგეხსნებათ, ჩერნობილი იქვეა და ისევ არსებობს ამ ტრაგედიის გამოძახილი. რადიაცია, ძირითადად, ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედებს. ამიტომ ხშირია კვანძოვანი ჯირყვლები, ონკოლოგიები, ძუძუს პათოლოგიები.
-ქართული სამზარეულო გამოირჩევა ძმრით და წიწაკით შენელებული კერძებით. ზოგი თვლის, რომ ქართველთა უმეტესობას ამის გამო დაზიანებული აქვს კუჭ-ნაწლავი. სხვები ამ აზრს აქარწყლებენ. იქნებ თქვენ გვითხრათ, აქ უფრო ხშირად გხვდებოდათ მსგავსი ჩივილებით პაციენტები თუ უკრაინაში.
-რა თქმა უნდა, აქ. თითქმის ყველა მესამე პაციენტი მსუქანია. განსაკუთრებით მამაკაცები – გადიდებული, გაცხიმოვნებული ღვიძლით. ნაღვლის ბუშტი ყველა მეორეს დეფორმირებული აქვს, ნალექით, ნაკეცით . . . მოკლედ, ეტყობა, რომ ქართული ორგანოებია. განსაკუთრებით გეცინება, როდესაც მორიდებულად შეგეკითხებიან: დალევა შეიძლება? შენ პასუხობ: შეიძლება, მაგრამ არა – ქართულად!
-რა პრობლემა აქვს ქართული ჯანდაცვის სისტემას: კადრების, ტექნოლოგიების, მართვის თუ . . .
-პრინციპში ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალეთ, ასე თუ ისე გვაქვს, მაგრამ ერთს ვიტყვი, კიევში, თვე არ გავიდოდა, ორი საერთაშორისო კონფერენცია ან კონგრესი რომ არ ჩატარებულიყო ექოსკოპისტების განხრით. ჩამოდიოდნენ მსოფლიო დონის, მაღალი კლასის სპეციალისტები მასტერკლასის ჩასატარებლად, რომელზეც დასწრების საშუალება გვქონდა. რამდენი წელია საქართველოში ვმოღვაწეობ და მხოლოდ ორი საერთაშორისო კონგრესი ჩაატარეს, სადაც ჩემი განხრით, ძალიან მწირი ინფორმაცია მივიღე.
-როგორ შეაფასებთ თქვენს „მედცენტრს“, რითი გამოირჩევა სხვა კლინიკებისგან?
-აქ მუშაობს პროფესიონალ ექიმთა გუნდი. მრავალპროფილიანი კლინიკაა და როდესაც სვამ რაღაც დიაგნოზს, საშუალება გეძლევა, მიჰყვე პაციენტს ბოლომდე. მათ არ უწევთ სხვაგან წასვლა, აქ ყველა სახის მკურნალობას იტარებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მოწინავე კლინიკაა ჩვენს რეგიონში.
-რას ურჩევდით თქვენს პაციენტებს?
-როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ, დაუყოვნებლივ მოგვმართონ, თუკი არა აქვთ, მაინც გააკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვს თვეში ერთხელ.
-სიცილ-ტირილი ძმებიაო, ამბობენ. რაიმე სახალისოს ხომ ვერ გაიხსენებდით?
-ჩვენთან მხიარულება მაშინაა, როდესაც პაციენტს არაფერი სჭირს, მაგრამ ძალიან ხშირად, ამ ფაქტით თავად მომსვლელია გაბრაზებული, განსაკუთრებით, თუ დაზღვეული არაა და ქეშად გადაიხადა მომსახურების ღირებულება. აღშფოთებულია, რატომ გამომიშვეს, თუ არაფერი მჭირსო (იცინის). ეს ალბათ, ქართული რელობაა – რადგან ფული დახარჯა კვლევაში, უნდა რაღაც მაინც აღმოაჩნდეს, მაგრად გულდაწყვეტილები მიდიან . . .
-ვაქცინაციასთან დაკავშირებით ორ ბანაკად დაიყო საქართველო. თავად ვაქცინაციის მომხრე ხართ თუ მოწინააღმდეგე?
-ძალიან რთულ მდგომარეობაში გვიწევს მუშაობა, რადგან უდიდესი რისკის ქვეშ ვართ ყველა. ამიტომ ვაქცინაციის მომხრე ვარ, აუცილებელია, ერის გადასარჩენად. სამწუხაროდ, არასწორი პიარკამპანიის გამო, ხალხი შეშინებულია, მაგრამ, იმედია, მალე გამოსწორდება ეს სიტუაცია, დასრულდება პანდემია და ისევ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.