15-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ფეხბურთი ახალ სტადიონზე გაიმართა
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
„დინამო თბილისმა“ მეათასე მატჩი ბათუმში ითამაშა
2021 წლის 8 აპრილს აჭარის ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. ამ დღეს რამდენიმე საგულისხმო ფაქტი მოხდა: ოფიციალური მატჩით ბათუმის ახალი საფეხბურთო არენა გაიხსნა, თამაში ფეხბურთის ქომაგების თანდასწრებით გაიმართა და მესამე, ამ დღეს „დინამო თბილისის“ გუნდმა ჩვენთან თავისი საიუბილეო – მე-1000 თამაში ჩაატარა.
როგორც ცნობილია, 2002 წელს ბათუმის ძველი სტადიონის ჯერ 2/3 ჩამოშალეს, ხოლო 2006 წელს, როცა გაიყიდა, საბოლოოდ დაანგრიეს.ზუსტად 15 წელი ელოდა გულშემატკივარი ამ დღეს. მართალია, მანამდე აქ ორი მატჩი გაიმართა, მაგრამ, ასე ვთქვათ, „სატესტო“ იყო და ხარვეზები, რომლებიც მაშინ გამოიკვეთა, გამოსწორდა. ასე რომ, ახალი არენა ფეხბურთელებსაც და მაყურებლებსაც სრულ მზადყოფნაში დახვდა.
მატჩზე დასასწრები 6 024 ბილეთი ექვს საათში გაიყიდა, რითაც ერთგვარი რეკორდი დამყარდა. საყვარელი გუნდის თამაშს საკუთარ მოედანზე ამდენი წლის შემდეგ ბათუმელი გულშემატკივარი პირველად დაესწრო. კოვიდი რომ არა, სტადიონი, რა თქმა უნდა, მთლიანად შეივსებოდა, მაგრამ ესეც დიდი შეღავათი იყო. მაყურებლებში გამოირჩეოდნენ ჩვენი გუნდის ერთგული ქომაგები – „პირატები“, რომლებიც „დინამოს“ წლების განმავლობაში სხვის მოედნებზეც ხშირად დაჰყვებოდნენ და ამხნევებდნენ. მათი ხმა ამ მატჩზეც განსაკუთრებულად ისმოდა. მართლაც, სულ სხვა ემოცია და სიხარულია, როცა მატჩს მაყურებელი ესწრება და საკუთარ გუნდს ამხნევებს. ასეთი ფეხბურთი მოენატრა ბათუმელებს, ამიტომ გადაიქცა ეს დღე დიდ ზეიმად.
„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ლიდერები – „დინამო ბათუმის“ და „დინამო თბილისის“ გუნდები შეხვდნენ. ბათუმელებმა ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს და ეროვნულ ლიგას 25 ქულით ჩაუდგნენ სათავეში. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე მყოფ „დინამო თბილისსაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგი გია გეგუჩაძის გუნდს აქვს. მართალია, ეს ერთ-ერთი რიგითი მატჩი იყო ეროვნულ ჩემპიონატში, მაგრამ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ცენტრალურ თამაშად გადაიქცა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სტადიონი საკმაოდ კომფორტულია როგორც თავად სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის, ისე მედიის წარმომადგენლებისთვის. აქ მათი მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი – მედიატრიბუნა, საკონფერენციო დარბაზი . . .
მოლოდინი დიდი იყო და მატჩის ბოლომდე ემოციები არ დამცხრალა. ახალმა, ხალიჩასავით ხასხასა მინდორმა, გადაჩახჩახებულმა სტადიონმა, გულშემატკივრის ომახიანმა შეძახილებმა სათანადო განწყობა შექმნა. ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სტადიონი არ ჰქონდა, ყოველთვის ცდილობდა, მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო. ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ როგორც ფეხბურთელები, ისე გუნდის ხელმძღვანელობა. აღსანიშნავია, რომ „ბათუმის დინამოდან“ დღეს საქართველოს ნაკრებში ხუთი ფეხბურთელი თამაშობს. სასიხარულოა ისიც, რომ ახლა გუნდს განახლებული სავარჯიშო ბაზა აქვს და კარგი თამაშისთვის და წარმატებების მისაღწევად – ყველანაირი პირობა.
რაც შეეხება მატჩს, ცხადია, ბათუმელებს თავი არ შეურცხვენიათ, ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და მაყურებელს კარგი თამაში აჩვენეს. 42 წუთი ელოდა მაყურებელი გოლს. პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ჯაბა ჟიღაურმა ქომაგები გაახარა.
– ამ პანდემიის დროს, გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლის საშუალება რომ მოგვეცა, ნამდვილად სასიამოვნოა. მიხარია, რომ ბათუმის ახალი საფეხბურთო არენის სრულად გახსნა ასე ლამაზად შედგა. თამაში დაძაბული იყო, რადგან ორივე გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეშია და მათთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ჩემთვის, როგორც „დინამო ბათუმის“ გულშემატკივრისთვის, სასიხარულო იყო, რომ დღევანდელი მატჩი მათი გამარჯვებით დაგვირგვინდა. უპირველესად, ფეხბურთელებს ვუხდი მადლობას, რომ მოგვცეს ზეიმის საშუალება. რაც შეეხება არენას, საამაყოა, რომ ქალაქს აქვს ასეთი მაღალი სტანდარტების სტადიონი. ნამდვილად გამიხარდება, თუ მომავალში იგი მთლიანად შეივსება, გულშემატკივრები მუდმივად დაესწრებიან თამაშებს და გაამხნევებენ ჩვენს გუნდს , – გვითხრა პოეტმა გიორგი გაბაიძემ.
ბათუმელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის თქმით, ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, დიდია ფეხბურთელების, მაგრამ არანაკლებ – გულშემატკივრის წვლილი.
„დინამო ბათუმის“ და შესაბამისად, ქართული ფეხბურთის მომავალი წარმატებების საწინდარი ყოფილიყოს ეს სიმბოლური დღე.
შემდეგ მატჩს ბათუმელები 12 მაისს სამტრედიაში გამართავენ.
პ.ს. კოვიდთან დაკავშირებით გარკვეული მოთხოვნები იყო დაწესებული. „დაიცავით სოციალური დისტანცია!“, „გაიკეთეთ პირბადე!“ – ეს თხოვნა-მოწოდება სტადიონზე არაერთხელ გაისმა, მაგრამ . . . თუ შინაგანად მოწესრიგებული არ ხარ, თხოვნა არაფერს შველის . . .