არჩილ ჩიქოვანი: თითოეული ვაქცინირებული ადამიანი ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო – „სინოფარმის“ ვაქცინით საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში აიცრა. ვაქცინაციის შემდეგ, არჩილ ჩიქოვანი სამედიცინო დაწესებულებაში, წესისამებრ, ნახევარი საათით დააყოვნეს. მერის მოვალეობის შემსრულებელი თავს კარგად გრძნობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
-თავს ვგრძნობ მხნედ, მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ არ გაუკეთევბია ვაქცინა, აიცრას, ვინაიდან, ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი გზა უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვების მისაღწევად. თითოეული ვაქცინირებული ადამიანი ნიშნავს გადარჩენილ სიცოცხლეს, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
როგორც აღვნიშნეთ, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვაქცინა საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში გაიკეთა, სადაც უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს „სინოფორმით“ ვაქცინაცია.
ცენტრის დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის აქტიურობა მაღალია.
-მეორე კვირაა, ჩვენს ცენტრში „სინოფარმით“ დავიწყეთ ვაქცინაცია. მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. ყოველდღიურად 60-ზე მეტი ადამიანი იკეთებს ვაქცინას. 22 მაისის ჩათვლით ყველა ადგილი დაჯავშნილია, – გვითხრა დალი დავითაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მედპერსონალის რაოდენობა საკმარისია, თუმცა, თუ საჭიროება მოითხოვს, ცენტრი მზადაა, გამოწვევებს გაუმკლავდეს.