„ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც კომედიანტს პოლიტიკოსად წარმოაჩენენ“
ირმა ცეცხლაძე 27 48 93 –
რუსთავის ციხიდან ახალგამოსული ნიკა მელია აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცალსახა პასუხი თითქმის არაფერზე აქვს. მისი თქმით, გადაწყვეტილებებს თანაგუნდელებთან და ოპოზიციურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს, რასაც „არაერთი დღე დასჭირდება“. მან იცის, რომ პარტიაში და ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში მრავალ საკითხთან და მათ შორის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი მიდგომები არსებობს, მაგრამ სამომავლოდ იმედი აქვს, რომ„პრაგმატულ და რაციონალურ“ გადაწყვეტილებებზე შეაჩერებენ არჩევანს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მელიას გათავისუფლებას ლამის ერთნაირად ელოდებოდნენ, როგორც მისი მომხრეები, ისე იდეური მოწინააღმდეგეები, რომლებიც არ თვლიან მას მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად, თუმცა ფაქტად რჩება ისიც, რომ სწორედ ამ ადამიანის ციხიდან გამოსვლა-არგამოსვლაზე გახდა დამოკიდებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის და ევროკავშირში შესვლა-არშესვლის საკითხი.
პოლიტიკური ოპონენტები მელიას ისტორიას კომიკურად და შარლატანობად მიიჩნევენ: „შარლატანობის აპოთეოზი სუფევს ქვეყანაში. კოსტავასა და გამსახურდიას შემდეგ მელიაც თურმე პოლიტპატიმარია. კაცი, რომელიც დაკავების დღიდან იბრძოდა, რომ გარეთ არ გამოსულიყო. ეს არის კლასიკური შემთხვევა როდესაც კომედიანტს პოლიტიკოსად წარმოაჩენენ“ ,- წერს თავის ფეისბუქგვერდზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი. კონკრეტულად რას გულისხმობს დეპუტატი და საერთოდ, რა აზრისაა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ამაზე საუბრობს იგი „აჭარასთან“ ინტერვიუში.
-ბატონო ლადო, გადავხედოთ პოლიტიკური ვითარების პრეისტორიას. პრინციპში, როგორც პროგნოზირებდით, ისე მოხდა – ოპოზიცია მართლაც შევიდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.
-ეს მართლაც, დადებითი მოვლენაა და მოხარულნი ვართ, რომ ოპოზიცია, ბოლოს და ბოლოს, შევიდა პარლამენტში, რადგან პოლიტიკოსის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და არა ქუჩაში. მიტინგების პერიოდი წარსულში უნდა დარჩეს და აუცილებელია, ვისწავლოთ ტრიბუნიდან საუბარი. რაც შეეხება პრეისტორიას, მოგეხსენებათ, პარტიების ნაწილმა და ცალკეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად,19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმებას. დოკუმენტზე ხელმომწერი 15-მდე ოპოზიციონერი დეპუტატი 27 აპრილს შევიდა კიდეც პარლამენტში. აღსანიშნავია ისიც, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმაც, თუმცა, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლებამდე გადადო. „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამაც“ არჩია საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, მაგრამ ამ პარტიის ორი დეპუტატიდან ერთმა, თამარ კორძაიამ, პარლამენტში შესვლის საკითხი ისევ და ისევ ნიკა მელიას გათავისუფლებამდე გადადო. მათ გამოეყო დავით ბაქრაძეც. . . ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ.
-ენმ ჯერ ისევ თავს იკავებს პარლამენტში შესვლისგან. . .
-ის, რომ „ნაციონალები“ გაჯიუტდნენ, ცუდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შევა საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მის წევრებს გარეთ დარჩენა აღარ აძლევთ ხელს. თანაც, გაქარწყლდა მითი არჩევნების გაყალბების შესახებ. ვერავითარი ფაქტი ამის თაობაზე ვერ წარმოადგინეს, ან რას გვეტყოდნენ, როდესაც არაფერი იყო. ვერ დაამტკიცებ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ამით ხალხის გულისწყრომის გამოწვევა სურდათ, მაგრამ ჩვენი ელექტორატი ბრძენია, კარგად იცის, ვინ რისი გამკეთებელია და მათ მიერ თეთრი ძაფებით დაბლანდულ ისტორიას კარგად ხვდება.
-გაერთიანებული ოპოზიცია,რომელიც ამაყობდა ამ ერთობით, თვალდათვალ დაიშალა.
-დიახ, იმიტომ, რომ მათ ერთი აზრი და მისწრაფებები არ გააჩნდათ. ეს იყო სრული აბსურდი. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი ძალით გააერთიანეს, სხვაგვარად ამას ვერ ვხსნი. როგორც კი მიეცათ საშუალება, მაშინვე დატოვეს გაერთიანებული ოპოზოციის რიგები. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კიდევ გადაადგილდებიან ქართველი პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიაში, რადგან ალბათ ვერ იპოვეს სათანადო ადგილი. ისინი ჯერ ისევ ძიების პროცესში არიან. მთავარია, რომ დაინახეს – მათი ადგილი არ არის უკვე რეიტინგდაკარგულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელსაც მომავალი აღარ აქვს.
-რამდენად ღირდა ამ პროცესისთვის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეფერხება?
-ღირდა თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა თავი დააღწია „ნაციონალების“ქოლგის ქვეშ ტყვეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ჯერ კიდევ იქ იმყოფება, იმედი მაქვს, მალე გაარჩევენ თეთრსა და შავს, შეეცდებიან საკუთარი სიტყვა თქვან ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. ამისთვის ხომ ერთად უნდა იღვაწოს როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ. აზრთა ჭიდილში წარმოიქმნება ჭეშმარიტება. სხვაგვარად ვერ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის მმართველობა და დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო. ერთპარტიული პარლამენტი სრულად ვერ შეძლებს ფუნქციონირებას, რადგან იგი სწორედ რომ დებატების, ოპოზიციური ფრთის მიერ ჩამოყალიბებული კონსტრუქციული წინადადებების გაჟღერების არეალია. აქ ქვეყნის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის აზრი უნდა დაფიქსირდეს და მათი მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. პარლამენტზე უარის თქმით, ოპოზიცია ხომ საკუთარ ამომრჩეველს ღალატობდა. კარგია, რომ ახლა მოიხსნა ეს პრობლემა და პარლამენტი სრული დატვირთვით ამოქმედდება.
-„მე მინდა გამარჯვების ფორმულა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმითაც, „არჩევნებზე მიშა–ბიძინას დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს“ და ამიტომ საჭიროა, შეიქმნას მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც არჩევნებზე თავის კანდიდატს წარადგენს“. რა კომენტარს გააკეთებთ ამ გაცხადებაზე?
-„შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლის შემდეგ წარმოქმნილ დაძაბულობას „სტრატეგია აღმაშენებელის“ განცხადებებმა ბოლო დღეებში დამატებითი სიმძაფრე შესძინა. პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა, არაერთხელ გაიმეორა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს თანამშრომლობას ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მესამე ცენტრის შექმნაც ენმ-ის გარეშე იგეგმება. ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დაყენება „მარცხის ფორმულაა“ და მას მხარს არ უჭერს. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიცია გონს მოეგო და უკვე დააღწია თავი „ნაციონალების“ ტყვეობას. იმედი მაქვს, საბოლოოდ, უმეტესობა დადგება ამ აზრზე.
-მელიას ირგვლივ გაერთიანებაზეცაა საუბარი, რომელსაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩენენ.
-მელია მსოფლიო მასშტაბის კურიოზად იქცა. მსგავსი არავის გაუკეთებია, ნებისმიერ წუთს შეეძლო გარეთ გამოსვლა და არ გამოდიოდა. როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მოიხსენიო? ან ვინ უნდა იყვნენ მისი მიმდევრები, რაში უნდა „მისდიონ“? პირადად ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია მის ირგვლივ წარმოქმნილი ქაოსი, რამაც შეაფერხა პარლამენტის ფუნქციონირება და ქვეყნისთვის ამ ურთულეს პერიოდში იძულებული ვიყავით, პოლიტიკურ დებატებსა და შეთანხმებებზე დაგვეკარგა დრო. მელიას არანაირი პოლიტიკური მიზიდულობა არ გააჩნია და შესაბამისად, გამორიცხულია მის გარშემო რაიმე სერიოზული გაერთიანება შედგეს. მისი პოლიტპატიმრობის მთელი პროცესი კომედიანტთა სპექტაკლიდან ამონარიდს უფრო მაგონებს, ვიდრე პოლიტიკურ ბრძოლას, როგორც თავად უწოდებენ „ნაციონალები“.
– „ქართული ოცნებაც“ მყიფე პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ჩამოსცილდნენ ხალხში პოპულარული ლიდერები. როგორ ფიქრობთ, ვინ დაგიჭერთ მხარს, თუკი გახარია თავის პარტიას ჩამოაყალიბებს და მესამე პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს თავს?
-ეს ჯერ არ მომხდარა და როდესაც მოხდება, შემდეგ ვისაუბრებთ. ბატონი გახარიასგან მსგავსი პოლიტიკური განცხადება არავის გაუგონია და იმედი მაქვს, თავის პარტიას არც ახლა გადაუდგება, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციაში არ ჩაუდგება. აქვე მინდა განვაცხადო, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ პოლიტიკურ პარტიად, რომელიც კარგად აწყობილი ორგანიზმია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ყველა ხედავს, რაც გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში და ეს არ უნდა მიეწეროს ცალკეულ პიროვნებებს, რადგან ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით ხდებოდა და ასეც გაგრძელდება. ლიდერთა ნაწილი მართლაც წავიდა და ბევრია დარწმუნებული, რომ პარტია ჩამოიქცა, დაიქცა, მაგრამ ასე არ არის. იყო ერთგვარი გამოწვევა, რომელსაც გადავლახავთ და კიდევ უფრო გაძლიერებულნი ჩავებმებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, მოწინავე პოზიციებსაც დავიკავებთ.
-შეთანხმების მიხედვით, თუკი ვერ აიღებთ საერთო ხმების 43%-ს, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რომელიც, საეჭვოა, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდეს.
-ამაში არანაირად არ გეთანხმებით, რადგან შარშანდელმა არჩევნებმა მსოფლიოს დაუმტკიცა ჩვენი პარტიის ძლიერება. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ავიღებთ 43%-საც და მეტსაც. ჩვენი მხარდამჭერები ისევ ჩვენ გვერდით არიან, არსად წასულან. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნებზეც ძალიან მაღალ შედეგს დავდებთ.
-რა ეტაპზეა ამ არჩევნებისთვის მზადება?
-ახლა აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. დგება დეპუტატობის კანდიდატთა სიები, თანხმდება მნიშვნელოვანი საკითხები. ჩემი ინფორმაციით, უკვე ზაფხულიდან დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, წარვსდგებით ამომრჩევლების წინაშე და გავაცნობთ სამომავლო გეგმებს თუ ახალ იდეებს, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები იქნება. ბევრი გვაქვს სათქმელი იმის შესახებაც, რაც გავაკეთეთ. კარგად იცით, რამხელა მასშტაბის სამუშაოებია შესრულებული, თუნდაც მარტო აჭარის მუნიციპალიტეტებში და რამდენი უზარმაზარი პროექტია ჩაშვებული სარეალიზაციოდ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამას, ხალხი სათანადოდ შეაფასებს და უკვე საარჩევნო ყუთთან გააკეთებს არჩევანს.
-აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილი წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, სხვა დეპუტატებიც შემოვლენ?
-დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ, გადაწყვეტს საკანონმდებლო ორგანოებში შესვლას. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ სხვა გზა აღარ დარჩათ. იმედი მაქვს, მალე უმაღლესი საბჭოც დაიწყებს სრულფასოვან რეჟიმში მუშაობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაო პროცესი კარგად მიმდინარეობს, უკვე დაწყებული გვაქვს კანონპროექტებზე მუშაობა. სხვათა შორის, აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა პეტიციების მიღება-განხილვა დაიწყო. 2021 წლის 1 მაისიდან მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად (არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს) წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადასცემს, ან დროებითი კომისიის შექმნაზე იმსჯელებს. დღეს სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტისთვის, საკმარისია 200 ხელმოწერის შეგროვება. აღნიშნული ინიციატივა შემუშავებულია სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობითა და ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მხარდაჭერით. აქ უკვე ჩანს წინსვლა თვითმმართველობების განვითარებასა და საზოგადოების სახელმწიფო საქმეებში ჩართულობის მიმართულებით.