„სტანდარტებისკენ სწრაფვა ხარისხიანი ფილმის შექმნაში დაგვეხმარება“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
მევლუდ საბაშვილი ჩვენი თანაქალაქელია, დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტი, ამჟამად ავიამეთვალყურეა და მოყვარული რეჟისორიც. თავდაპირველად ანიმაციაზე მუშაობდა, ამჟამად კი იღებს ფილმს სახელწოდებით „საუკეთესო სურვილებით.“ სცენარის იდეის ავტორიც თავად არის და მონტაჟსაც თვითონვე უზრუნველყოფს. ფილმზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა – მაყურებელი მის ხილვას გვიან შემოდგომაზე შეძლებს.
მევლუდის წინა, მოკლემეტრაჟიან ფილმში მონაწილეობის შემდეგ, აქაც სიამოვნებით მოვირგე მსახიობის ამპლუა – ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი. ამ რეჟისორთან მუშაობა კომფორტული და საინტერესოა. რა თქმა უნდა, ვისარგებლე პროფესიით და მას რამდენიმე კითხვით მივმართე:
– მევლუდ, თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე რას გვეტყვით?
– პროფესიით გზების გამყვანი ვარ (ინჟინერული კუთხით) და ცოტა ფსიქოლოგიც (მაინორ საგნად ავირჩიე), მაგრამ ამჟამად ავიამეთვალყურე გახლავართ.უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა, როცა ამ ვაკანსიის შესახებ გავიგე. თვითმფრინავები და აერონავტიკა სულ მიზიდავდა. რახან ამ სფეროსადმი დიდი ინტერესი მქონდა, შერჩევის ეტაპები თავისუფლად გავიარე და სამსახურშიც ამიყვანეს. ამჟამად ბათუმის აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურაში ვმუშაობ.
– კინოხელოვნებით როდის დაინტერესდით?
– კონკრეტული მომენტის დასახელება გამიჭირდება. მშობლების თქმით, პატარაობიდანვე მიყვარდა სცენების გათამაშება, დადგმა. . . მერე ხელოვნებასთან დაკავშირებულ პროექტზეც დავიწყე მუშაობა. ბავშვობიდან მოთხრობებს ვწერდი, ძირითადად, „ფან-ფიქშენის“ საყვარელ მულტფილმებზე. მალევე „ფან-კორექციის“ სფეროში გადავედი. როდესაც კონკრეტული მულტფილმის სერია არ მომეწონებოდა, ჩემით ვწერდი სცენარის ისეთ ვერსიას, რომელიც უკეთესი იქნებოდა. მაშინ ასე მეგონა, თუმცა უკეთესი შეიძლება არც ყოფილიყო. უბრალოდ, ისტორიის მოყოლით განცდის გამოხატვისკენ ლტოლვა პატარაობიდანვე მქონდა. კარგად გამომდიოდა თუ ცუდად, ეს დიდად არ მაინტერესებდა. ვერ ვიტყვი, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ახლაც ასეა (იცინის).
– სანამ ფილმის გადაღებას დაიწყებდით, რა სახის ანიმაციებზე მუშაობდით?
– ხატვა ძალიან მიყვარს, მაგრამ რომ ვთქვა, გამომდის – მოვიტყუებ. ძირითადად, მარტივ ჩანახატებს თუ შევქმნი. ამიტომ როდესაც ანიმაციის გაკეთების დრო მოვიდა, მხოლოდ კადრირების ჩანახატები მქონდა და სრულ ფორმაში უკვე პროფესიონალ მხატვარს მოყავდა. ანიმაციები გაზვიადებული ნათქვამია, სულ 2-ზე ვიმუშავე, რომელიც დასრულებულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს. პირველი საკონკურსო ნაშრომი იყო – ქალების შევიწროების თემაზე. კონკურსის შესახებ გვიან გავიგე, ამიტომ რაღაც სწრაფად უნდა მომეფიქრებინა. ყველაზე მარტივი სტილი ავარჩიე და 2-წუთიანი რგოლი როგორღაც შევკარი. კონკურსზე წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვიყავი. მეორე ანიმაციური ნაწარმოები ლაიკას ჯიშის ძაღლს ეხება – პირველ ცოცხალ არსებას კოსმოსში. ძაღლების სიყვარულმა და კოსმონავტიკისადმი ინტერესმა, ამ ისტორიასთან მიმიყვანა. რაც ცხოველებს ეხება, გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს ყველაფერი და ეს ერთ-ერთი გზა იყო, მელაპარაკა ძაღლზე, რომელიც აფრენიდან 4 საათში დაიღუპა და ამით წუხილი შემემსუბუქებინა. წუხილს ვერ უშველა, მაგრამ თუ ერთი ადამიანი მაინც გაიგებს ამ ძაღლის შესახებ ჩემი ანიმაციით, სრულიად წარმატებულ პროექტად მივიჩნევ.
– ძირითადად, რომელ ჟანრშია გადაწყვეტილი თქვენი ნამუშევრები?
– სოციალური დრამებია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ის ჟანრია, რომელშიც მუშაობა მინდა. . . კი, საინტერესოა, მაგრამ კომედია, სპორტული დრამები, „ექშენი“, სამხედრო ჟანრი და მიუზიკლები უფრო მიზიდავს. ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული, ისეთ რთულ ჟანრში თუ შევძლებ მუშაობას, როგორიცაა კომედია, ან მიუზიკლი. იმას არ ვამბობ, რომ დრამა ადვილია, მაგრამ ყველაზე კომფორტულად ახლა ამ ჟანრში ვგრძნობ თავს.
– პირველმა ფილმმა მოლოდინი გაგიმართლათ?
– პირველი, ხუთწუთიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი კორუფციის თემაზე, სახელწოდებით „50 ქვეყანა“, კონკურსისთვის გადავიღე. პერსონაჟს თავისი ქმედება მისდაუნებურად, ტრაგედიად უბრუნდება. კარმის კონცეფცია უტილიტარული იდეაა და მასზე საუბარი მაინტერესებდა. ეს ფილმიც, მაყურებელთან დიალოგია მოცემულ თემაზე. როდესაც ფინალური ვერსია ვნახე, ტირილი მინდოდა. საკუთარი შეცდომების გარდა, ვერაფერს ვხედავდი. მაგრამ დროთა განმავლობაში დაფიქრებისა და კეთილი ადამიანების ჭკვიანური რჩევების შემდეგ შევეგუე. შეცდომები დავუშვი და ეს იყო პროექტის ძირეული ჩანაფიქრიც – მესწავლა რეჟისორობა. შეცდომები ხომ საუკეთესო მასწავლებელია. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ვამაყობ ამ ფილმით, ხშირად ვუყურებ, ახალი შეცდომები რომ ვიპოვო და ისინი მომავალ პროექტებში არ გავიმეორო.
– ახლა რა ფილმს იღებთ, რას ემსახურება მისი იდეა?
– ახლაც მოკლემეტრაჟიან პროექტზე ვმუშაობ, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-25 წუთი იქნება. მისი იდეა ძირითადად, იმაშია, შეიძლება თუ არა სიცოცხლის გაგრძელება მას შემდეგ, როდესაც ის აზრს კარგავს. ეს პერსონაჟის დილემაა და მის გარშემო ხალხია, რომელიც საკუთარი არჩევანით თავის იდეალებს უპირისპირდება.
– როგორია გადაღების პროცესი?
– დამღლელი. ერთმა ისლანდიელმა რეჟისორმა მითხრა, გადაღების 95% სტრესია და 5% სიამოვნებაო. მე, ალბათ, ჯერ სადღაც 0.5%-ზე ვარ. იმედია, ნელ-ნელა მივალთ იმ სანუკვარ 5 %-მდე. ფილმის გადაღების დაწყებამდე მომზადებაა მთავარი. რაც მეტი დროა დახარჯული ამაში, მით უფრო მარტივია თვითონ გადაღებები. ალფრედ ჰიჩკოკს ფილმის მომზადება უფრო უყვარდა, ვიდრე მისი გადაღება. ფილმს აფუჭებენ, ჩემს გონებაში უფრო კარგი იყოო. ვფიქრობ, მართალი გახლდათ. გადასაღებ მოედანზე, როგორც წესი, ჩაფიქრებული მომენტი 30-40% -ით უფრო მოკრძალებულია, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რეჟისორ დევიდ სენდბერგის თქმით, თუ გინდა 100% მიიღო, 150-ს უნდა დაუმიზნო. მაგრამ არის იშვიათი და ლამაზი მომენტები, როდესაც ჯგუფის რომელიმე წევრს ჩანაფიქრზე 10-ჯერ უკეთესი იდეა მოსდის, იქნება ეს თვალის მოძრაობა თუ მაკიაჟის ფაქტურის შეცვლა. ასეთი იდეები ყოველთვის ძალიან დამმუხტველია და კატალიზატორია გადაღების პროცესში. სწორედ ამაშია ხალხთან მუშაობის სილამაზე, ასეთი იდეები შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს, თუნდაც ყველაზე მოულოდნელ მომენტში.
– როგორ ფიქრობთ, მკაცრი რეჟისორი ხართ?
– სიმართლე გითხრათ, არ მიმუშავია ისეთ ხალხთან, ვისთანაც სიმკაცრე დამჭირდებოდა. ჩემი რეჟისორობის მანერა, ძირითადად, იმ პრინციპს ეყრდნობა, რომ საკუთარი მაგალითით გავუძღვე ხალხს. თუ ჯგუფი ხედავს, რომ მე ვიხარჯები და პროცესში ჩართული ვარ, იგივეთი მპასუხობს. ჯერჯერობით, მიმართლებს, თუმცა მომავალში სიმკაცრე თუ დამჭირდა, მეეჭვება – მომერიდოს. ხალხის გრძნობები ხელოვნებას არ უნდა შეეწიროს.
– ფილმის გადაღებისას რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?
– ის, რომ ისტორია გადმოვცეთ, თუნდაც სცენარს ასცდეს. ნებისმიერი კადრი მიმართულია იმისკენ, რომ ისტორია მოყვეს. ეს უმთავრესია, დანარჩენი ფონად მიჰყვება. თუ ისტორიას ვერ ყვები, აზრი არ აქვს სხვა რამის გაკეთებას.
– როგორც ვიცი, გადაღებასთან ერთად, მზა მასალას თქვენვე ამონტაჟებთ…
– დიახ. ეს პროცესი მათემატიკის და ხელოვნების ნაზავია. კადრების ზომა, ტემპი, რაოდენობა, ყველაფერი მათემატიკურად უნდა ჯდებოდეს. ხშირად მონტაჟისას იგრძნობა, რომ რაღაც არ გამოდის. ამ დროს ჩნდება იქს ფაქტორი, რომელიც მთელი კადრების ჯაჭვს აზრს უკარგავს. ამ იქსის პოვნა ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაც მთელი ფილმის გადაღების პროცესს უკავშირდება. არაფერი შეედრება მომენტს, როდესაც ამ იქსს იპოვი და თავის ადგილზე დასვამ.
– ფილმის გაგზავნას რომელიმე კინოფესტივალზე ხომ არ აპირებთ?
– საუკეთესო ფესტივალების სტანდარტებს ვუმიზნებთ, რადგან სტანდარტებისკენ სწრაფვა უფრო ხარისხიანი ფილმის შექმნაში დაგვეხმარება. ახლა ხარისხობრივი მიზანი ბერლინის კინოფესტივალია.
– რა გეგმები გაქვთ?
– კონკრეტულად ამ სფეროს რაც შეეხება, მინდა წინსვლა, განვითარება როგორც პირად უნარებში, ასევე პროექტებში. ახალი ჟანრში ბედის ცდა. . . გზა რთული იქნება და შეცდომებით სავსე. . . მიუხედავად ამისა, გადასაღებ მოედანზე ბედნიერი ვარ. აქ გატარებული დღეები უმნიშვნელოვანესია და ჩემი გეგმაც, ამ კარგი დღეების გამრავლებაა.