„ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ ერეკლე მეორემ აცრა თავისი შვილები“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ვაქცინაციის თემა ისევ აქტუალურია საქართველოში. ჯერ ვაქცინის შემოტანის დაგვიანებას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი მოსახლეობის უმეტესობამ უარი განაცხადა აცრაზე. კოვიდის მიმართ შიში განელდა, ვაქცინაციის მიმართ კი – პირიქით.
ცნობისთვის: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 30 მარტიდან მას „ფაიზერი“ დაემატა. ეს ვაქცინები 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, 18 წელს ზემოთ კი ხელმისაწვდომია ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომლითაც ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ მიანიჭა. ამ ვაქცინის დადასტურებული ეფექტიანობა 78.1%-ია. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც „ფაიზერის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე, ასევე „ნოვავაქსთან“, „ჯონსონ ენდ ჯონსონსა“ და სხვა კომპანიებთანაც. აცრაზე ჩასაწერად საჭიროა სპეციალურ ვებგვერდზე გავიაროთ რეგისტრაცია, დაბარებულ დროს კი ჯანმრთელი გამოვცხადდეთ აცრის დაწესებულებაში. რეგისტრაცია ვებგვერდზე უნდა გავიაროთ. რეგისტრაციის დროს ვუთითებთ ადგილს, სადაც გვინდა სერვისის მიღება, აცრის სასურველ თარიღს (შესაძლებელია 15 დღით წინსწრებით დაჯავშნა), დროს, რეგიონს, აცრის გასაკეთებელ დაწესებულებას. შემდეგ პირად მონაცემებს – პირად ნომერს, სახელს, გვარს და საკონტაქტო ინფორმაციას. რეგისტრაციის დასასრულს მოქალაქე ვერიფიკაციის კოდს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი რეგისტრაციის დასრულება. თუ აცრის მსურველს დაავიწყდება, სად არის რეგისტრირებული ვაქცინაციისთვის, შეუძლია, პირადი ნომრითა და ჯავშნის ნომრით ან პირადი ნომრითა და მობილურით ხელახლა გაეცნოს მონაცემებს.
ამ ეტაპზე აცრის პროგრამაში ჩართულია 74 კლინიკა. ექიმების ნაწილი ფიქრობს, რომ უმჯობესია, აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ალკოჰოლი არ მივიღოთ, თუმცა არ არსებობს მეცნიერებაზე დაფუძნებული ერთმნიშვნელოვანი პასუხი, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების გამომუშავებაზე ახდენს გავლენას. მთავარია, ასაცრელად მისული მოქალაქე თავს კარგად გრძნობდეს და შეეძლოს, ეპიდემიოლოგებს მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის, აცრების, ალერგიებისა და იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებს.
რა ხდება ვაქცინაციის დროს, რატომ უნდა გვეშინოდეს, ან არ გვეშინოდეს და რამდენად ვართ დაზღვეულნი აცრის შემთხვევაში, ამაზე და სხვა სადავო საკითხებზე ესაუბრება „აჭარას“ „ ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი.
– ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, მიმოვიხილოთ კოვიდპანდემიის მიმდინარეობა საქართველოში. საწყისი ეტაპი უპრობლემოდ გავიარეთ, რასაც მოჰყვა მკვეთრი გაუარესება. რა ეტაპზე ვართ ახლა?
-ახლა ვართ ეპიდემიის ფართო გავრცელების ფაზაში, როდესაც საზოგადოებაში აქტიურად ცირკულირებს ეს ვირუსი, ცალკე ჯგუფებს გაცდენილია და შემთხვევათა რაოდენობა გაზრდილია. სავარაუდოდ, ვითარება ასე გაგრძელდება მაისის მეორე ნახევარშიც. არსებული პროცესი იწვევს საავადმყოფოების, რეანიმაციული განყოფილებების კიდევ უფრო გადატვირთვას, ამას თან სდევს სიკვდილიანობის მატება, რომელიც უკვე მერყეობს დღეში საშუალოდ, 20-ის ფარგლებში.
-რა არის ამ მდგომარეობის ძირეული მიზეზები?
-პირველი მიზეზია თავად ვირუსის ბუნება, რომელსაც ახასიათებს ციკლურობა და რაოდეობის მატება-კლების გარკვეული პერიოდულობა. საქართველოში ეს მატება განაპირობა რეგულაციების არათანაბარმა მოქმედებამ. მთავრობა ან ძალიან კეტავს და ზღუდავს ყველაფერს, ან ბოლომდე ათავისუფლებს, რაც იწვევს რეკომენდებული წესების დარღვევას. ვგულისხმობ, იგივე პირბადის ტარებას, დისტანცირებას, რესტორნებში მოქცევის წესებს. მოუწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არასათანადოდ ხდება ოფისების დეზინფექცირება და ა.შ. ყველამ კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ და რას ვარღვევთ, ეს კი ხელს უწყობს ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას. მესამე მიზეზია: ვაქცინაციის შეფერხება. ძალიან ცოტა გვყავს ვაქცინირებული მოქალაქეები. სრულად ანუ ორჯერ ვაქცინირებული გვყავს მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტი, რაც ძალიან დაბალი ციფრია ვირუსის გასაკონტროლებლად.
-შეზღუდვების მოსახსნელად რამდენი პროცენტის აცრაა საჭირო?
-სულ მცირე, 60% უნდა იყოს აცრილი. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი შეზღუდვების შემსუბუქება, ლოქდაუნების მოხსნა თუ რესტორნების და ტურიზმის გახსნა.
-საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უფრთხის ვაქცინაციას, მასში სასიკვდილო განაჩენს ხედავს. ვინ ავრცელებს ამ ხმებს?
-აქ ორი ჯგუფია გამოსაყოფი, ერთი ორგანიზებული ანტივაქსერებისგან შედგება და კაცობრიობის 10-12%-შეადგენს. როგორც წესი, ეს ხალხი რომელიმე პოლიტიკურ, რელიგიურ, ფარმაკოლოგიურ დაჯგუფებებს თუ სახელმწიფო სპეცსამსახურებს წარმოადგენს და მიზანმიმართულად, გეგმურად ახორციელებს ანტივაქსერულ ქმედებებს. მეორე ჯგუფს კი განეკუთვნებიან რიგითი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ, აშინებთ პირველი ჯგუფის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და ელემენტარული, ბუნებრივი კითხვები უჩნდებათ.
-რა კითხვებს გულისხმობთ?
-თუნდაც იმას, რომ ეს ვაქცინა პირველია, რომელიც ასე სწრაფად შეიქმნა და ძალიან ცოტა დრო გავიდა მისი ამუშავებიდან, ანუ არ იციან, რა შედეგს მოიტანს სამომავლოდ.
-დიახ, იმასაც ამბობენ,რომ შესაძლებელია გენეტიკური პრობლემები გამოიწვიოს. . .
-კი, ამბობენ, არადა, სრული აბსურდია, რადგან ეს ტექნოლოგიები დიდი ხანია გამოიყენება, განსაკუთრებით ონკოლოგიაში. იქ კი არაფერი მსგავსი არ ყოფილა. რეალიზაციაში ჩაშვებამდე მრავალმხრივი დაკვირვება აწარმოეს 10 000-მდე მოხალისეზე, რომლებიც დღემდე მოწმდებიან ლაბორატორიულად და მათ გენეტიკურ კომბინაციაში ცვლილება არ აღმოუჩენიათ. ისიც ითქვა, კიბოს აჩენს ეს ვაქცინაო. არც ეს დადასტურებულა. შესაბამისად, ყველა ამ კითხვაზე ადამიანებმა პასუხი უნდა მიიღონ.
-რაც შეეხება ექსპერიმენტულად მიჩნეულ ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს?“
-ჩინურ ვაქცინაზე ითქვა, რომ ჯერ არ გამოუცდიათ 60 წელს ზევით და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანებზე, ამიტომ ამ ხალხმა ამ ვაქცინით აცრისგან თავი უნდა შეიკავოს.
-ვაქცინაცია ვისთვისაა დაუშვებელი ამ ეტაპზე?
-ჯერჯერობით მათთვის, ვისაც ანაფილაქსიური შოკი ჰქონდა, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ისევ გაუმეორდეთ.
-ე.ი. რისკები მაინც არსებობს?
-არსებობს, მაგრამ წარმოუდგენლად მცირეა. სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, მაგრამ ამის გამო მანქანით მგზავრობაზე უარს ხომ არ ვამბობთ? მთავარია, ვისწავლოთ ტარება, დავიცვათ წესები, ვატაროთ ფრთხილად და ყურადღებით. იქნებ ცოტა უხერხული შედარებაა, მაგრამ პრინციპში, ერთი და იგივე რისკებია, თანაც გაცილებით მეტი საფრთხეა ტრანსპორტში. ეფემერული შიშების გამო არ ავიცრათ და ამის გამო საკუთარი და ოჯახის წევრთა, ახლობლების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დავაყენოთ, ნამდვილად არ არის სწორი. როგორც პროფესიონალს, აუცილებლობად მიმაჩნია ვაქცინაცია, სხვანაირად არაფერი გამოგვივა, ქვეყანა დაინგრევა, ეკონომიკა საერთოდ მოიშლება და მუდმივად ვიქნებით შიშსა და დაძაბულობაში. ეს დამატებით წარმოქმნის სხვა დაავადებებსაც და პრობლემებს, რაც მოჰყვება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს. აქედან გამომდინარე ვამტკიცებ, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, რომ საზოგადოებამ იცხოვროს ნორმალურად. ამის კარგი მაგალითია ისრაელი, ბრიტანეთი, აშშ. ამ ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აიცრა, შედეგად კი პანდემიის მასშტაბებმა მკვეთრად იკლო, ეკონომიკა ამოძრავდა. ბრიტანეთი და ისრაელი უკვე გაიხსნა, აშშ-იც აღებს საზღვრებს. შესაბამისად, შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან, მხოლოდ ვაქცინაციაა დადასტურებული გამოსავალი.
– ბევრი ამბობს უარს ზოგადად ვაქცინაციაზე, წითელას აცრასაც კი საფრთხედ მიიჩნევენ. რამ განაპირობა მსგავსი უნდობლობა?
-ეს დიდი შეცდომაა, რაც ხდება არასაკმარისი, უფრო სწორად, არასწორი ინფორმირებულობის გამო. იგივე წითელა ბატონები თუ ყვავილი აღმოიფხვრა სწორედ ვაქცინაციის შედეგად. აცრამ უზარმაზარი შესაძლებლობები გაუხსნა კაცობრიობას. მანამდე ბევრი იღუპებოდა იმ სნეულებებით, რომლებიც დღეს აღარ წარმოადგენს პრობლემას მოსახლეობის ფართო მასებისთვის. სხვათა შორის, ვაქცინის ისტორია იწყება მე-17 საუკუნიდან. ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ ერეკლე მეორემ აცრა თავისი შვილები. იქვე აღნიშნულია, კახეთში, სწორედ ვაქცინაციით ებრძოდნენ ინფექციურ დაავდებებს. მსოფლიო მედიცინაში აცრების ბუმი სწორედ ამ დროიდან დაიწყო, ხოლო თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიებით, კაცობრიობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებელ, მძლავრ იარაღად იქცა. მოგვეცა საშულება, უფრო ბევრი და უსაფრთხო ვაქცინა დავამზადოთ. თავად ისტორია ადასტურებს აცრის უსაფრთხოებას, ზოგადად. აცრა აძლიერებს იმუნიტეტს და თუკი დაგვემართა ვირუსი, უკვე იოლ ფორმებში გადაგვაქვს.
-არ შემიძლია არ გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ დაადგინეს ახალგაზრდა ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი?
-სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ საქმეში მოიკოჭლებს და არ ცდილობს, დროულად გამოიძიოს ტრაგიკული გარდაცვალების რეალური მიზეზი. ვარაუდი ბევრია, როგორც სისტემური, ისე კლინიკური პრობლემების და ალბათ ამიტომ შეაჩერეს ძიება, ცდილობენ შავი ლაქები დაფარონ.
– შესაძლებელია, რომ სახელმწიფომ იძულების წესით ჩაატაროს ვაქცინაცია?
-იმედი მაქვს – არა. ეს თითქმის გამორიცხულია. შესაძლოა, რაიმე სახის მასტიმულირებელი აქციები განახორციელოს, მაგრამ ძალით ვერავინ აგცრით. ეს იგივეა, საკუთარი ნების გარეშე გიმკურნალონ.
-რა განსხვავებაა „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის? უმეტესობა მაინც პირველს ენდობა, რადგან ექთანი სწორედ „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ გარდაიცვალა.
-თუკი ამ ფაქტიდან გამომდინარე არ ვიმსჯელებთ, რადგან იქ ვაქცინა არაფერ შუაში იყო, გეტყვით, რომ კლინიკური მონაცემებით, ორივე ერთნაირად იცავს სიკვდილისგან და კოვიდისგან. უბრალოდ, „ფაიზერი“ ოდნავ მეტად გიცავთ ვირუსისგან, ვიდრე „ასტრაზენეკა“. პირველს დაცვის 98% აქვს, მეორეს – 90%.
-გამოდის, მაინც შესაძლებელია დავირუსდე რაღაც პროცენტებში. . .
-დიახ, ასეა, მაგრამ იმ 2 და 10%-შიც რომ მოყვე, მაინც მოგებული ხარ ვაქცინაციით, რადგან გაცილებით იოლად გადაგაქვს კოვიდი, ყოველგვარი მძიმე ფონის და გართულების გარეშე.
-გავრცელებულია მოსაზრებას, რომ ვაქცინა მზადდება აბორტის ნარჩენებისგან, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იზიარებს. . .
-მსგავსი არაფერია, ეს ჩვეულებრივი მანიპულაციაა, რომელსაც სწორედ ის ხალხი იყენებს, ზემოთ რომ ანტივაქსერებად მოვიხსენიე.
-საკმაოდ ძლიერი არგუმენტები მოჰყავთ ამ თვალსაზრისის განსამტკიცებლად.
-პრინციპში, ეს ამბავი ჰაერიდან არც მოუტანიათ. წინაპირობა ამ ჭორს მართლაც გააჩნია. კერძოდ, 1977 წელს, ერთ-ერთი ვაქცინის დასამზადებლად გამოიყენეს აბორტის შედეგად დარჩენილი მასალის ღეროვანი უჯრედები. წარმოიდგინეთ, რამდენი დროა გასული, როგორ შეიცვალა სამედიცინო ტექნოლოგიები, რაღა დროს ამის გახსენება და ამაზე საუბარია. ყველა სპეციალისტმა იცის ამის შესახებ და ისიც იცის, რომ მას შემდეგ მსგავსი არაფერი უწარმოებიათ. ახალ ტექნოლოგიაზეა გასული მეცნიერება ვაქცინების დამზადების კუთხით, აბსოლუტურად სხვა მასალით სარგებლობენ ახლა.
-რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
-აუცილებლად აიცრან, განსაკუთრებით იმათ ვგულისხმობ, ვისაც ქრონიკული (გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, სასუნთქი გზების, ონკოლოგიური და ა.შ.) დაავადებები აქვს.
-ვისაც დიაბეტი აქვს?
-იმან კიდევ უფრო უნდა იჩქაროს, რადგან ცალკე აღებული დიაბეტი უკვე ნიშნავს კოვიდის მძიმედ განვითარების რისკს. დიაბეტით დაავადებულებს კორონა ბევრად მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, სწორედ მათთვისაა სასიცოცხლოდ აუცილებელი აცრა.