მაია ხაჯიშვილი: თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
უსაფრთხო გარემოში განათლების მიღება, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი – სწორედ ამ ყველაფრის უზრუნველყოფის გზა გადის ვაქცინაციაზე, – ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, რომელიც დღეს, 13 მაისს, „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ „სინოფარმით“ აიცრა.
-თითოეული ჩვენგანი ვალდებულია თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლაში, რათა შევძლოთ ჩვეულ გარემოში დაბრუნება. ახალგაზრდა თაობას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ხარისხიანი განათლება მიიღონ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განათლების სფეროს მუშაკების ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს, ლექტორ-მასწავლებელს, ვინც უკვე აიცრა. აქვე მოვუწოდებ, მეტად გააქტიურდნენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ მომავალ სასწავლო წელს, სექტემბერში, ჩვეულ გარემოში განვაახლოთ სასწავლო პროცესი, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როცა არამხოლოდ რეგიონში, ქვეყანაში გაზრდილია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, სასწავლო პროცესი, რომელიც დღეს განახლდა, უსაფრთხოა.
-ჩვენ ყოველდღიურად გავდივართ კონსულტაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან, ჯანდაცვის სხვა უწყებებთან. გამოვლენილ ინფიცირებულთა შორის პედაგოგები ნაკლებად არიან, რაც გვაძლევს იმედს, რომ სასკოლო სივრცეში არ შევიტანთ ვირუსს და მიმდინარე სასწავლო წელს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. რაც შეეხება სკოლებს, მზად არიან სიტუაციის სამართავად, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაია ხაჯიშვილმა. მინისტრმა პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი.
-ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში არ აშენებულა ახალი სკოლა, თუმცა, იცით, რომ იქმნება ახალი საგანმანათლებლო სივრცეები. მომავალ სასწავლო წელს სამი ასეთი სივრცე გვექნება და ამ პროცესს გავაგრძელებთ. ასევე, დაგეგმილია ახალი სკოლის მშენებლობა. ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად. თუმცა, ყველაფერი ერთ წელში რომ ვერ მოგვარდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ სამი წელი მაინც დასჭირდებოდა პრობლემების გადაჭრას. რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას, გადავხედავთ დღეს არსებულ სურათს და ამის შემდეგ გადაწყდება, სად შეგვიძლია დამატებითი ადგილების შეთავაზება მათთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს სკოლის მიღმა, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
„საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ ვაქცინაციის პროცესს თითქმის ყოველდღიურად ეცნობა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.
-ზოგადად, ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე 7 ათასამდე ადამიანია აცრილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, იცით, რომ დღეიდან განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. სამი დღით ადრე მოხდა მასწავლებლების ტესტირება და სიტუაცია საიმედოა. ამასთან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჭარბობს ახალ დადასტურებულთა რაოდენობას. თუმცა, მაინც არ უნდა მოვდუნდეთ, მკაცრად დავიცვათ რეგულაციები. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაცია არ გვათავისუფლებს რეგულაციის დაცვისგან, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. მისივე ინფორმაციით, რეგიონში ტესტირების შედეგად ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა განახლდა. მხოლოდ ქედაში გამოეთიშა ერთი სკოლა პროცესს, სადაც პედაგოგს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.