მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც ემსგავსება რეფერენდუმს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ქართულ რეალობაში მოუგვარებელ პრობლემათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, ამდენად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის აღმოფხვრაა, მაგრამ ამ მიმართებით ქმედითი ნაბიჯები ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ ან არ გადადგა, რამაც საქართველოს განვითარებას მრავალმხრივ შეუშალა ხელი: მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, ძმათამკვლელი ომი, გაუსაძლისი გახდა არასახარბიელო ეკონომიკა, შუღლი, დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომპრომისის არარსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში. . .
პარლამენტში ოპოზიციის შესვლასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ჯერ არ ჩამცხრალა, საკანონმდებლო ორგანოში შესულები ხარობენ, გარეთ დარჩენილები ბრაზობენ და ყოფილ თანამოაზრეებს აკრიტიკებენ, რაც ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელია. სამწუხაროდ, ეს სენი თვალშისაცემია. ოპოზიციის წევრები ერთმანეთს არ ინდობენ, ნიკა მელია ციხიდან გაათავისუფლეს, ის ყოფილი თანაგუნდელებისადმი ლოიალურადაა განწყობილი, მაგრამ მის პოზიციას არ იზიარებენ „ძველი გვარდიის” წევრები, მაგალითად, გია ბარამიძემ მკაცრად გააკრიტიკა სალომე სამადაშვილი, რომელმაც „ნაცმოძრაობა“ დატოვა და პარლამენტში მოკალათდა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამდე, თავის მხრივ, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბარამიძე წარსულში დარჩა და იგი არაადეკვატურია, გუბაზ სანიკიძემ კი პირდაპირ თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გადააგდო „ნაცმოძრაობა”, რადგან სააკაშვილის კომპლექსი აქვთ. მკითხველმა იცის, რომ ექსპრეზიდენტმა დააანონსა შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსვლა . . . საერთოდ, მსგავსი განცხადება სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა სწორედ არჩევნების მოახლოებისას, რათა მომხრეები დარაზმოს არჩევნებში ხმების მისაღებად. რეალურად ჩამოვა თუ არა იგი ქვეყანაში, ამას მომავალი დაგვანახებს, სამაგიეროდ, როგორც ვთქვით, მელიამ ციხე დატოვა და ცდილობს ოპოზიციის ახალ ლიდერად წარმოჩნდეს, რაც, რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციური ლიდერებისთვის მიუღებელია, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ყოფილი პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, რომელიც გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს და მას ფსევდო ოპოზიციას უწოდებს, სხვათა შორის, დავით ჭიჭინაძე იმასაც აცხადებს, რომ რეალურად სააკაშვილი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და ორივე დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, აკი თქვა თავის დროზე ივანიშვილმა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ამომრჩეველმა ხმა ან „ქართულ ოცნებას“,ანდა „ნაცმოძრაობას“ მისცეს.
მას შემდეგ 8 წელი გავიდა – 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნები ორპოლუსიანი იყო, თუმცა2020 წლის არჩევნები გარკვეულწილად, მრავალპოლუსიანი იყო. თანაც „ნაცმოძრაობა” ორ ნაწილად დაიშალა, პოლიტიკიდან ივანიშვილი წავიდა, გახარიამ მმართველი პარტია დატოვა, და ახალ პარტიას ქმნის, რომელსაც, მისი თქმით, პრეტენზია ექნება, მესამე ძალა გახდეს. ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ახალ-ახალი პარტიები, რომლებიც ჯერჯერობით პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნიან, თუმცა პრეტენზია აქვთ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. როგორც იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. საქართველოში მიმდინარეობს დაპირისპირება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ხდება გადაადგილებები პოლიტიკურ სცენაზე, რეალურად ესაა ბრძოლა თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის, ეს არჩევნები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ესაა ერთგვარი რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ მმართველმა გუნდმა 43 პროცენტზე ნაკლები ამომრჩევლის ხმა მიიღო, მაშინ შეთანხმების თანახმად, 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას აქვს გამოწვევები, ივანიშვილი არ ჩაებმება საარჩევნო მარათონში, გახარიამ მიატოვა მმართველი პარტია და როგორც თვითონ თქვა, ბოლოს მოუღებს ორპოლუსიან გარემოს და იზრუნებს ქვეყნის აღორძინებისთვის,რაშიც მის ოპონენტებს ეჭვი ეპარებათ. საერთოდ, ქვეყანაში რომ არასახარბიელო ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გვაქვს, ვფიქრობ, სადავო არ არის, თუმცა არც მთლად უიმედო სიტუაციაა, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მეტ-ნაკლებად თავს ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს საქმეს, ხშირად ოპონენტები ხელისუფლებას არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო აკრიტიკებენ. ამ მხრივ, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკა საქართველოში ყველა ხელისუფლების „აქილევსის ქუსლია”, ამ სფეროში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია. . . მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს. აშკარაა, რომ პარტიები ადგილობრივ არჩევნებში წარმატებისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლა სწორედ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, გასაგებია, რატომ ხდება ქართულ პოლიტიკაში გადაადგილებები, და ოპოზიციის ხელოვნური ერთობა დაიშალა, ხელისუფლებასთან შეთანხმება ხომ ფასილიტატორების მეშვეობით და მხარდაჭერით გაფორმდა. თანაც ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ „ნაცმოძრაობის” მომხრეები გადაიბიროს, თავის დროზე ამგვარი რამ მოახერხეს „აღორძინებამ” და შემდეგ „ნაცმოძრაობამ”, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრეები გადაიბირეს და ამით პარტიული მონაგარი გაიუმჯობესეს.
ვის რა შანსი აქვს ადგილობრივ არჩევნებში და იქმნება თუ არა მესამე ძალა? განვიხილოთ ქართული პოლიტიკის მთავარი აქტორები. დავიწყოთ მმართველი პარტიიდან: უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი არჩევნები განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან, სრულიად შესაძლებელია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ განმეორდეს თვითმმართველობის არჩევნებზე. მაგალითად, შეიძლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში პროცენტულად მეტი ან ნაკლები ხმა მიიღოს, თანაც ადგილობრივი არჩევნები მოსახლეობის დიდი აქტივობით არ გამოირჩევა, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია გახარიამ დატოვა, „ქართული ოცნება ” მაინც ყველაზე გავლენიანი პარტიაა და თუ ხელისუფლება ამ არჩევნებამდე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, მისი რეიტინგი ამაღლდება. ცხადია, საბედისწერო შეცდომები ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას”, მისი რეიტინგი 25-27 პროცენტამდე მერყეობს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის, ის მთავარი ოპოზიციური ძალაა და მისი განეიტრალება ვერ შეძლო ვერც „ევროპულმა საქართველომ” და ვერც სხვა პარტიებმა, ამ მხრივ საყურადღებო იყო „სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერ გიორგი ვაშაძის განაცხადება, რომელმაც დააანონსა ახალი, მესამე ცენტრის შექმნა, რომელშიც იგულისხმა საკუთარი პარტია, „ლელო” და „გირჩი”. . . ვარაუდობენ, რომ მესამე ძალაზე პრეტენზია, ასევე, ექნება გიორგი გახარიას მომავალში შექმნილ პარტიასაც. . . სხვა პარტიებზე არც ღირს საუბარი, რადგან მათი შედეგები არჩევნებში უმნიშვნელოა. ამ მხრივ, კარგი იქნება ოპოზიციურ სპექტრში წარმოდგენილი ძალები თავისი ღირებულებების, იდეოლოგიის მიხედვით თუ ჩამოყალიბდებიან,მაგრამ ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ბლოკები კარგად არ მუშაობს. არაერთი ბლოკი გვინახავს, რომელიც უმალვე დაიშალა, თუმცა ბლოკების არსებობა კარგი იმითაა , რომ არჩევნებში ხმების დაკარგვას უშლის ხელს. საერთოდ, ახალი ძალის ჩამოყალიბება ძალიან რთული პროცესია, თავის დროზე „შენების მოძრაობას“ უწინასწარმეტყველებდნენ მესამე ძალად ჩამოყალიბებას, მაგრამ ამ მოძრაობამ ადგილობრივ არჩევნებში ფიასკო განიცადა, არადა, მესამე ძალის ჩამოყალიბება კარგი იქნებოდა, საზოგადოებას სურს ალტერნატიული ძალის გამოჩენა, მაგრამ ამ ახალ ძალას უნდა ჰქონდეს ახალი იდეა, ახალი მიდგომები, რაც მთავარია, მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს მის შესაძლებლობებში, კომპეტენციაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებით.
ადგილობრივ არჩევნებამდე ხუთი თვეა დარჩენილი, ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის სასარგებლოდ ან სავალალოდ. . . პარტიები დაიწყებენ საარჩევნო მარათონს, ხელისუფლებაც გამოკვეთს საარჩევნო სტრატეგიას, მთავარი ოპოზიციური ძალა ( „ნაცმოძრაობა”) ამ დღეებში გადაწყვეტს პარლამენტში პარტიის შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებულ საკითხს, ჰორიზონტზე გამოჩნდებიან ახალი ძალები, რაც ქართულ პოლიტიკას უფრო საინტერესოს გახდის. თუმცა ერთი რამ ცხადია, ჩვენი დასავლური კურსი მაშინ გახდება შეუქცევადი და წარმატებული, როცა, მინიმუმ, გვექნება მოწესრიგებული საშინაო პოლიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიძნელდება გზა დასავლეთთან დასაახლოებლად, საშინაო პოლიტიკა სარკეა, რომელშიც ნათლად ჩანს ვინ ვართ და საით მივდივართ.