მშობლიური კუთხე არ ივიწყებს
თამაზ მგზავრიძე 599 85 21 14 –
ბერად აღკვეცილი ცნობილი მწერალი, 87 წიგნის, 1000-მდე პუბლიცისტური წერილის ავტორი რამაზ სურმანიძე 11 მაისს 88 წლის გახდებოდა. ულმობელმა სიკვდილმა იმ დროს უწია, როცა 88-ე წიგნზე მუშაობდა. რომანის წერა დაასრულა, მაგრამ მის წიგნად გამოსვლას ვეღარ მოესწრო.
მწერალი, მეცნიერი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრი, საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი, ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი, პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის წევრი ფაქიზ, მიუკერძოებელ და გულწრფელ დამოკიდებულებას იჩენდა მშობლიური შუახევისადმი. მისი ინიციატივით შუახევში, ბათუმსა და სხვა ტერიტორიებზე არაერთი მივიწყებული ფაქტი და მოვლენა გაცოცხლდა და საზოგადოების წინაშე წარმოჩნდა. იგი ერთი იმათგანი იყო, რომელმაც თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და თანარაიონელთა სამსახურში ჩადგა. შუახეველთაგან პირველმა მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
რამაზ სურმანიძის შემოქმედების, მისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის, ქვეყნისა და კუთხის სამსახურში გაწეული ღვაწლის დამფასებლები შეიკრიბნენ მისი დაბადების 88 წლისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც შუახევში გაიმართა.
თანარაიონელის, მშობლიური შუახევისა და ჭვანის ხეობის დიდი ქომაგის საქმიანობა ერთხელ კიდევ დააფასეს პოეტებმა ვახტანგ გოგრაჭაძემ, ფრიდონ დავითაძემ, ნანა შაინიძემ, შოთა დიასამიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძემ, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გურამ ზოიძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, ჟურნალისტმა ოთარ ცინარიძემ.
მადლიერმა ერმა შესაბამისი პატივი მიაგო მის ერთგულ შვილს – რამაზ სურმანიძეს სამუდამო სასუფეველი ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში მიუჩინა; ახლახან ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს მისი სახელი მიენიჭა. ამ ცერემონიას რეგიონის ხელმძღვანელები და რამაზ სურმანიძის შემოქმედების, მისი როგორც მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის თაყვანისმცემლები დაესწრნენ.
– ჩვენი ვალია, ღირსეული თანარაიონელის საქმიანობა სათანადოდ დავაფასოთ, – გვითხრა შოთა დიასამიძემ. მის მშობლიურ სოფელ ჭალაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე გაკეთდება მემორიალური დაფა. ბატონმა რამაზმა შრომითი გზა სოფლის ფოსტალიონობით დაიწყო. დაწყებულია მოძრაობა, რომ ჭალის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭოს. ყველაფერი იმ რეგულაციების შესაბამისად გაკეთდება, რასაც კანონი ითვალისწინებს. რამაზ სურმანიძის ოცნება იყო, რომ ჭალაში რამდენიმე წლის წინ დაწყებული ტაძარის მშენებლობა დასრულებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო. იმედია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის, სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, ქველმოქმედი ადამიანების შემწეობით დაწყებული საქმე დასრულდება და ტაძარში მისი სულის მოსახსენებლად სანთლებს დავანთებთ.