„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიცია“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ევროკავშირის გირაოს საფუძველზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ციხიდან გამოშვება ორივე მხარისთვის სასიხარულო აღმოჩნდა იმის მიუხედავად, რომ მმართველი პარტია მელიას ისტორიას კურიოზულად და არასერიოზულად მიიჩნევს.
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება. სწორედ ნიკანორ მელიას არაორდინალურმა და ერთი შეხედვით, გაუმართლებელმა საქციელმა, შეაჩერა პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება და აიძულა მთავრობა, ხაზი გადაესვა იმ „წითელი ხაზებისთვის“, ხელშეუხებლად რომ მიიჩნევდა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ აირია გაერთიანებული ოპოზიცია, შეირყა ბევრი პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ქართული ოცნების“ პოზიციები, რომელსაც ზედიზედ გამოეცალა ლიდერები, მაგრამ ყველაზე მთავარი, მაინც უვადო არჩევნების დანიშვნის მოლოდინია, რომელსაც ვერ ასცდება მმართველი გუნდი, თუ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებ ხმებს დააგროვებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ისევ ჯიუტობს, არ შედის პარლამენტში, ხოლო მელია ერთკვირიან ვადას ითხოვს გადაწყვეტილებების მისაღებად.
თუ რა მდგომარეობაა ენმ-ში და რა პოზიციაზე დგანან მისი წევრები, ამ საკითხზე საუბრობს ჩვენთან ინტერვიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბათუმის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელსაც თანაგუნდელები ბათუმის მერის კანდიდატად მოიაზრებენ თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში.
–რა შეიცვალა 23 თებერვლის შემდეგ, როცა საპოლიციო ძალების გაძლიერებულმა შემადგენლობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით ნიკა მელია პირდაპირ პარტიის ოფისში დააკავა?
– შტურმით აიღეს პარტიის ოფისი და ისეთი შემართებით დააკავეს, თითქოს რეციდივისტზე და ძებნილ დამნაშავეზე ჰქონდათ შეტევა. ეს მართლაც საოცარი სანახაობა იყო, შოუ დადგეს, რომელსაც ვერავინ მოუძებნა ადეკვატური გამართლება. ამის შემდეგ დაიწყო „ქართული ოცნების“ დეგრადაცია. გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მელიას დაპატიმრებას. მას მიჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ. მაშინვე ჩაერთნენ პროცესში ჩვენი დასავლელი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების სურვილით. მთავრობამ მიიღო მოსახლეობის დიდი ნაწილის საპროტესტო გამოსვლები, ერთიანი ოპოზიციური სპექტრის ბოიკოტი, რომელმაც ლამის ჩამოშალა სახელმწიფოს მართვის ძირითადი სტრუქტურები და ინსტიტუციები. ამის შემდეგ დადგა გარდატეხის მომენტი, როდესაც „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ქვეყანაში ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და არა მხოლოდ ეღიარებინა, დოკუმენტზე ხელმოწერითაც დაედასტურებინა. მმართველმა გუნდმა თავად გადაკვეთა ხელშეუხებლად მიჩნეული „წითელი ხაზები“, რომელსაც თავგამოდებით იცავდა რამდენიმე თვის განმავლობაში. მოაწერა ხელი იმასაც, რომ ამ არჩევნებზე, ფაქტობრივად, რეფერენდუმი ჩატარდება, ანუ თუ არ ექნებათ ამომრჩეველთა 43%-ის ნდობა, ხელახალი არჩევნებით დაუბრუნდებიან საწყის წერტილს – ისევ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ და თავიდან იყრიან კენჭს, უკვე სულ სხვა პირობებში. ვგულისხმობ ახალ საარჩევნო კოდექსს და მთლიანად პროპორციულ არჩევნებს. გარწმუნებთ, ამ ახალ ფორმატში მათ არანაირი შანსი არ დარჩებათ, რადგან მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს.
-თქვენ მელიას პოლიტპატიმრად მოიხსენიებთ, თუმცა ამას არ ეთანხმება პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი.
-არ ეთანხმება, მაგრამ თანხმობა არც არის აუცილებელი, რადგან მელიას პოლიტპატიმრობა ევროსაბჭომ დაადასტურა. თავად განსაჯეთ, მოხდა უპრეცედენტო რამ: ევროკავშირმა გადაიხადა გირაო ოპოზიციური პარტიის ლიდერის გასათავისუფლებლად. როგორ ფიქრობთ, ამას გააკეთებდა რიგითი სამართალდამრღვევის გარეთ გამოსაშვებად? ის კი არა, მსგავსი არასოდეს, არავის მიმართებაში მომხდარა.
-იქნებ ეს გააკეთეს პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად და გაჯიუტებული მხარეების მოსარიგებლად?
-მთავარია, რომ გააკეთეს და ამით აღიარეს მელიას პოლიტპატიმრობა.
-პრინციპში, მხოლოდ ევროკავშირის გირაო კი არა, თავად ნიკანორ მელიას საქციელიც უპრეცედენტოა. ძალით დააჭერინო თავი მთავრობას და შემდეგ არ გამოდგა ფეხი საპატიმროდან, არც ასეთი ფაქტი ახსოვს მსოფლიოს. 77-დღიანი პატიმრობა ღირდა ამად?
-ერთს გეტყვით, ნიკანორი ძალიან მაგარი ადამიანია. თქვა და გააკეთა. დიახ, უპრეცედენტოდ მოიქცა და უპრეცედენტო გამოსავალიც მიიღო. რაც უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, რომ სწორედ ამან შესძლო ივანიშვილის რეჟიმის სრულიად გაშიშვლება, მათ რიგებში ქაოსის შეტანა და მმართველი გუნდის დაშლა. დაუჯერებელია, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რა გააკეთა პოლიტიკოსმა საკუთარი პრინციპულობით. ასეთი შედეგი, ყოველგვარი ბუნტის და არეულობის გარეშე, ჯერ არცერთ ოპოზიციურ ძალას არ მიუღია. მან ფარდა ახადა ხელისუფლების სათავეში მოქცეულ პირთა ჯგუფს და გამოააშკარავა მათი ძირეული ზრახვები და სიკეთით შეფარული ქმედებები.
–რა გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს, რომლის 30-ზე მეტი დეპუტატი ჯერ ისევ პარლამენტს მიღმა რჩება?
-ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობენ. ნაწილს სურს პარლამენტში შესვლა, ნაწილი აპირებს ამას, მაგრამ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა არ უნდა, ზოგს კი მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ბოიკოტის რეჟიმი, რადგან არსებულმა ხელისუფლებამ ბოლომდე ამოწურა არსებობის რესურსები და ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას იმ შემადგენლობით, რომლითაც შემორჩა ხელისუფლებაში. ყველაფერ ამას განსჯა-გაანალიზება სჭირდება. მალე ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც არ იყო ლეგიტიმური მელიას საპატიმროში ყოფნის გამო. მოგეხსენებათ, ნიკა არის როგორც პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ისე პარტიის თავმჯდომარე.
-როდემდე გაგრძელდება ფიქრი და სჯა-ბაასი? რუსთავის ციხიდან ახალგამოსული ნიკა მელია აცხადებს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ცალსახა პასუხი თითქმის არაფერზე აქვს და გადაწყვეტილებებს აუცილებლად თანაგუნდელებთან და ოპოზიციურ პარტიებთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს, რასაც „არაერთი დღე დასჭირდება“.
-ძალიან მალე დასრულდება ეს საკითხი, რადგან მართლაც საკმაო დროა გასული, ხოლო საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიცია. ალბათ, რამდენიმე დღეში ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა, გაირკვევა ყველაფერი და გადაწყდება, ვაწერთ ამ დოკუმენტს ხელს თუ არა, შევდივართ პარლამენტში თუ არა და ა.შ.
-რის გაკეთება შეუძლია ნიკა მელიას მნიშვნელოვნად დაზიანებული ოპოზიციური ერთობის კვლავ განსამტკიცებლად?
-სწორედ მელიას აქტიურობით გაერთიანდა ოპოზიცია. იმიტომ დააპატიმრეს იგი, რომ ოპოზიცია დაეშალათ და თითქმის მიაღწიეს კიდეც საწადელს, თუმცა ახლა გამოვიდა და დარწმუნებული ვარ, ისევ და ისევ შემოიკრებს გვერდით იმ ადამიანებს, ქვეყნის მომავალზე რომ ფიქრობენ და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავენ. თავადაც ნახეთ, არასოდეს ყოფილა ჩვენი ოპოზიცია ისე ერთიანი, როგორც ბოიკოტის საკითხში, რამაც მოგვცა უპრეცედენტო შედეგი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერის სახით.
-მაგრამ ოპოზიცია მაინც დაიშალა. . .
-უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილს ძალიან დიდი რესურსი გააჩნია, რომელსაც მიზანმიმართულად იყენებენ ქვეყნის მმართველ წრეებში მოკალათებული „ოცნების“ წევრები. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ, ამ რეჟიმს მხოლოდ ერთობით დავამარცხებთ.
-სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა დაამარცხოთ ივანიშვილი, თუკი პოლიტიკიდან წასულია?
-ის არსად წასულა, მისი ნებასურვილით და ერთპიროვნული მმართველობით ხდება ყველა ცვლილება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს. ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკურ-სოციალური კრიზისია. პანდემიას ვერ აცხრობს ჯანდაცვის უხეიროდ აწყობილი სისტემა. ელემენტარულად, მათი ნდობა არ აქვთ, აცრაზე არ თანხმდება ხალხი, ისე უგერგილოდ წარმოებს ვაქცინაციის პიარი. სხვა რა უნდა ვთქვათ? ისეთი ინფლაციაა, რომ უმუშევრებზე აღარაფერს ვიტყვი, დასაქმებული ადამიანების უმეტესობა, ხელფასებითაც კი შიმშილობის ზღვარზეა, მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ იკმაყოფილებს. ამიტომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, რაც მოხდება, თუკი ოპოზიცია კარგად გამოიყენებს თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვით. აქ მთავარი კითხვა დაისმება – გსურთ თუ არა სახელმწიფოს სათავეში „ქართული ოცნება“? დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იტყვის – არას.
-თქვენ იმედებს ამყარებდით შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზეც, თუმცა ხმათა უმრავლესობა მაინც „ოცნებამ“ მიიღო.
-ახლა ეს გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში კრიზისები სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურ-პოლიტიკურ კოლაფსში და სოციალურ პრობლემებშია, ჯანდაცვის სისტემა ჩამონგრეულია, ვის გადავაბრალოთ? 8 წელი ვაცადეთ, უკვე მე-9 დაიწყო, მაგრამ ვერაფერი გამოასწორეს. რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები ვერ გამოასწორებს მძიმე სოციალურ ფონს.
-კოვიდპანდემიამაც ითამაშა ამაში უდიდესი როლი.
-კოვიდამდეც რა დღეში იყო ჩვენი ეკონომიკა, დაგავიწყდათ? ახლა კი, არათანაბარმა რეგულაციებმა საერთოდ მოშალა ყველა სისტემა. მაშინ, როდესაც მე და თქვენ 9 საათის შემდეგ გარეთ გასვლისთვის გვაჯარიმებენ, „ქართული ოცნების“ წევრები შეუზღუდავად დარბიან ქუჩებში. კერძო კაზინოებს და რესტორნებს შერჩევით ამუშავებენ და არაფერს იკლებენ. სწორედ ყველაფერ ამის გათვალისწინებით ვამბობ, მათთვის შეუძლებელია ქართული საზოგადოების ნდობის მოპოვება. ამას ემატება გახარია, რომელიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და მას „ოცნების“ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი გაჰყვება. ასევე, ბიზნესმენი ლევან ვასაძეც წაართმევს „ოცნებას“ ხმებს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლისა და „ქვეყნის გადარჩენის“ განზრახვა ახლახან, 6 მაისს, გაასაჯაროა და განაცხადა, რომ მისი მიზანი, პრაქტიკულად, მესამე ცენტრად ჩამოყალიბებაა. ასე რომ, ფანტასტიკაშიც არ ჯდება მათი გამარჯვების ამბავი.
-მესამე ცენტრის ჩამოყალიბებას გიორგი ვაშაძეც აპირებს, თუმცა ენმ-ის გარეშე. თვლის, რომ ამომრჩეველი არც თქვენ გენდობათ. რატომ გააბრაზეთ ასე თქვენი ყოფილი ლიდერი?
-უცნაურია ნამდვილად გიორგი ვაშაძის პოზიცია. ბოლო არჩევნებზე ერთად გავედით და კარგად ნახა, რამდენი ხმა აიღო ენმ-მ და რამდენი – თვითონ. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია არასოდეს ყოფილა ერთიანი. იმედი მაქვს, ეს განწყობები გადაივლის და ერთიანობით მივაღწევთ სრულ გამარჯვებას.
-ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენს კანდიდატურას მერობაზე წარადგენს ენმ?
-არა, ეს ასე არ არის. მე ვიქნები იქ, სადაც საჭიროდ ჩათვლის პოლიტსაბჭო, ხოლო კონკრეტულად ვის დაასახელებენ კანდიდატებად, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.