ასლან ლორთქიფანიძე: საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობის ხარისხი
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში შევიდეს. პროექტი საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში უკვე განიხილეს. დოკუმენტი გადაგზავნილია ვენეციის კომისიაშიც. კანონპროექტის მიხედვით, „საარჩევნო კოდექსში“ არაერთი ცვლილება უნდა განხორციელდეს.
საარჩევნო რეფორმის გატარებას შარლ მიშელის დოკუმენტიც ითვალისწინებს. რა ცვლილებები უნდა შევიდეს „საარჩევნო კოდექსში“? თემის ირგვლივ „აჭარასთან“ პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე საუბრობს.
– ბატონო ასლან, საარჩევნო რეფორმაზე საუბარი კარგა ხნის წინ დაიწყო და დიდი ალბათობით, სულ მალე დასრულდება. მაინც რას ითვალისწინებს რეფორმა? მთავარი აქცენტები რა მიმართულებითაა გაკეთებული?
– საარჩევნო რეფორმის მთავარი სიახლე ყველა დონის საარჩევნო კომისიის: ცესკოს, საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების ახალი წესია. ცესკო 11-ის ნაცვლად 17-წევრიანი იქნება, რომელთაგან 8 წევრი ღია კონკურსის წესით შერჩეული და პარლამენტის 2/3-ით არჩეული წევრებით, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება, ხოლო 9 წევრს ის ბარიერგადალახული პარტიები დანიშნავენ, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და მინიმუმ, 1 წევრი მაინც ჰყავთ საქართველოს პარლამენტში. ცესკოს თავმჯდომარის 1 მოადგილე ოპოზიციური პარტიების მიერ შერჩეული წევრი იქნება, ხოლო მეორე -პროფესიული ნაწილიდან. საოლქო კომისიაში 8 წევრს, პროფესიული ნიშნით, ცესკო 2/3-ით ირჩევს, მათგან 3-ს – საარჩევნო პერიოდის ვადით, ხოლო 9 წევრს პოლიტიკური პარტიები ცესკოს წევრის დანიშვნის მსგავსად შეარჩევენ. საუბნო კომისია 7-კაციანი იქნება უბანზე 300-მდე ამომრჩევლის არსებობის შემთხვევაში და მას ყოველ 300 ამომრჩევლით მეტზე თითო წევრი დაემატება. საარჩევნო ბარიერი დედაქალაქში 4% -ის ნაცვლად 2,5% იქნება, ხოლო სხვა თვითმმართველი ერთეულებისთვის – 3%. საარჩევნო სისტემა კვლავ შერეული იქნება, თუმცა იზრდება მისი პროპორციული ნაწილი: თვითმმართველ ქალაქებში ¼ პროპორციით, ხოლო მუნიციპალიტეტებში – ½ თანაფარდობით. მკაცრდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პირობები. თუ აქამდე შესაძლებელი იყო შვებულებაში მყოფი ან არასამუშაო საათებში საჯარო მოხელეებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების ჩართულობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, წარმოდგენილი პროექტით ეს შესაძლებლობა მათ აღარ ექნებათ. იკრძალება სამსახურებრივი ნიშნით მოქალაქეთა შეკრება, მაგალითად, პედაგოგების, ბაღის აღმზრდელების და ა.შ. პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების შტაბების წარმომადგენლების შეკრება საუბნო კომისიებთან ახლოს. კანონპროექტი 25 მეტრიდან 100 მეტრამდე ზრდის კენჭისყრის შენობამდე მათი შეკრების დისტანციას. ცესკოს შეეძლება, ხელახლა გადაითვალოს საუბნო კომისიების 10% შედეგები. ასევე, უბნების 10%-ში საარჩევნო პროცედურები ჩატარდება ელექტრონული სისტემით. საუბნო კომისიებში შესწორების ოქმები უქმდება და შემაჯამებელ ოქმში უზუსტობის შემთხვევაში, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ხელახლა მოხდება ბიულეტენების გადათვლა. იზრდება საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები. ასევე, საარჩევნო კოდექსში შედის სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებებიც.
– რეფორმის მიხედვით როგორ დაკომპლექტდება საარჩევნო ადმინისტრაცია?
– საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, საარჩევნო ადმინისტრაციებში უმრავლესობა მმართველ პარტიას ვეღარ ექნება. ეს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, თუმცა ამ პროცესმა შეიძლება გაართულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება და მისი აღიარება რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილისთვის, რომ ქვეყანა წაიყვანოს რევოლუციური გზით, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია კვლავ მაქსიმალურად შეეცდება არჩევნების დელეგიტიმაციას და მასობრივი საპროტესტო აქციების აგორებას.
– კანონმდებლობის შეცვლით გაიზრდება არჩევნების მიმართ ნდობა?
– საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს არჩევნების ჩატარების დემოკრატიულობის ხარისხი. მის მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდება საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას, თუმცა არაფერი იცვლება ყოფილი სახელისუფლებო, არადემოკრატიული პარტიების დღის წესრიგში – ისინი ყველა არჩევნებს განიხილავენ, როგორც საბაბს არადემოკრატიული რევანშისათვის ანუ რევოლუციისთვის, რადგან მათ არასდროს ეყოლებათ იმ რაოდენობის ამომრჩევლები, რომ ხელისუფლება შეცვალონ.
– ხომ არ დააბნევს ამომრჩეველს ცვლილებები?
– მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად, რადგან ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში გაჭირდება შემაჯამებელი ოქმების დამტკიცება მათი „მრავალფეროვანი“ შემადგენლობის გამო, ამ პროცესს კი რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები გამოიყენებენ მოსახლეობის პროვოცირებისათვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი უნდა შეასრულონ მიუკერძოებელმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
– რა მოლოდინი გაქვთ, ოპოზიცია დაუჭერს თუ არა მხარს საარჩევნო რეფორმას?
– საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს ყველა ის პოლიტიკური პარტია და დეპუტატი დაუჭერს მხარს, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ამ შეთანხმების იმპლიმენტაციას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებები და ის შემუშავებულია ორივე მხარის მონაწილეობით. მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და მათი შენიშვნებიც იქნება კანონპროექტში ასახული მე-2 მოსმენის პროცესში.
– ახალ კოდექსში საუბარია ფულად ჯარიმაზეც, ვინ და რატომ შეიძლება დაჯარიმდეს?
– საარჩევნო უბნიდან 100-მეტრიანი დისტანციის დარღვევა შეკრებისათვის და 25-მეტრიან რადიუსში საარჩევნო აგიტაცია გამოიწვევს პირის 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმებას. ძალაში რჩება სხვა ჯარიმები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
– შეძლებს მმართველი გუნდი რეფორმის ბოლომდე მიყვანას? გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა?
– სარჩევნო რეფორმების მოკლე დროში დასრულება არის საერთაშორისო ვალდებულება და შიდაპოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. ამიტომ მის მიღებას საფრთხე არ ემუქრება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა როგორც მმართველ პარტიაში, ისე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი გაიზარდოს. ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.