საქართველოს პირველობა – ქართულ ჭიდაობაში
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმში გაიმართა საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში ქალებს შორის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სპორტის ისტორიაში ქალებს შორის შეჯიბრება ამ სახეობაში პირველად ჩატარდა. ტურნირი საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა (პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი) და საქართველოს ქალთა ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა (პრეზიდენტი პაატა ურიადმყოფელი). აჭარაში მას ორგანიზება აჭარის ქალთა ქართული ჭიდაობის ფედერაციამ (პრეზიდენტი ნიკა გაბაიძე) გაუწია. მასში ოთხ წონით კატეგორიაში საქართველოს ექვსი რეგიონის 50-მდე სპორტსმენი ქალი მონაწილეობდა. ეს არის ისტორიული ფაქტი, რადგან ამ სახეობაში პირველი ტურნირი აჭარაში ჩატარდა და ეს დღე, 17 ივნისი, „ოქროს ასოებით“ ჩაეწერება ჩვენი კუთხის სპორტის ისტორიაში. პირველობას ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის სასპორტო სკოლის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა.
– ფედერაცია სამი წლის წინ შევქმენით. იმთავითვე საქართველოს ეროვნული ჭიდაობის ქოლგის ქვეშ გავერთიანდით და ღონისძიებასაც ერთად ვატარებთ. იყო საუბარი პირველობის სხვაგან ჩატარებაზე, მაგრამ ჩვენი თხოვნა, რომ პირველი ტურნირი აქ, აჭარაში გამართულიყო, რადგან ზაფხულის პერიოდში ეს ტურისტული ქალაქისთვის უპრიანი იქნებოდა, გაითვალისწინეს. რაც შეეხება დარბაზებს, ამ მხრივ აჭარაში კარგი მდგომარეობაა. სექტემბერში ახალი სპორტდარბაზი გვექნება. ასევე, მალე ბათუმში გაკეთდება სპეციალური ღია დარბაზი ქართული ჭიდაობისთვის, რომელიც ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში („ჩემი იდეა ბათუმს“) მოვიგეთ. დარბაზი (სპეციალური კონსტრუქცია) წელს უნდა გადმოგვცენ ანგისის სტადიონის გვერდით. ამისთვის უკვე გამოიყო მიწა და შესაბამისი პროცედურებიც ტარდება. ამასთან, ჩვენი სურვილია, რომ სპორტსმენი გოგონები ქალმა მწვრთნელებმა ავარჯიშონ, რისთვისაც მათი გადამზადებაა საჭირო. ასევე გვინდა, რომ ქართული ჭიდაობა უფრო ფართო ასპარეზზე გავიდეს – ჩამოვაყალიბოთ ევროპისა და მსოფლიო ფედერაციები და ამას მარტო ჩვენი ძალისხმევა არ ეყოფა, თუმცა, ვეცდებით, ამისთვის ყველაფერს გავაკეთოთ, – თქვა პაატა ურიადმყოფელმა.
– თავიდან, სანამ ტურნირი ჩატარდებოდა, სპორტსმენები ოთხ ლოკაციაზე – ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა და ხულო ვარჯიშობდნენ. პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ შეცვალა ვარჯიშის განრიგი, თუმცა, სასიხარულოა, რომ, ძირითადად, ბავშვების ის კონტინგენტი, რაც გვყავდა, შევინარჩუნეთ. ამ დროისათვის ხელვაჩაურში 50-მდე გოგონა ვარჯიშობს და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. ხულოში 10 გოგონა შეისწავლის ქართულ ჭიდაობას, აქედან პირველობაზე ხუთმა იასპარეზა, პატარებში, – აღნიშნა ნიკა გაბაიძემ.
რაც შეეხება გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, საერთოდ, გაზეთში (ადგილის სიმცირის გამო) ყოველთვის მხოლოდ ჩემპიონების გვარებს ვწერდით, მაგრამ რადგანაც ეს პირველი შეჯიბრებაა, გადავწყვიტეთ, ყველა პრიზიორი ჩამოვთვალოთ:
40 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი – ანანო კინწურაშვილი (სენაკი), მეორე – ნინო ხანიაშვილი (ზესტაფონი), მესამე – მარი ახალაძე (აჭარა).
45 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი – ეთერ ვარშანიძე, მეორე – სალომე კირკიტაძე (ორივე აჭარა), მესამე – ნინო ჩადუნელი (ზესტაფონი).
50 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი – თამთა თებიძე (აჭარა), მეორე – ნინო გუნცაძე (ზესტაფონი), მესამე – ლილე ნაკაშიძე (აჭარა).
+50 კილოგრამი წონითი კატეგორია: პირველი ადგილი – თამარ გეწაძე (ზესტაფონი), მეორე – ნინო მამულია (სენაკი), მესამე – ანანო ზოიძე (აჭარა).
საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს დიპლომები, მედლები და ვაუჩერები გადაეცათ, შესაბამისად, 200, 150 და 100 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დააფინანსა.
შეჯიბრების მთავარი მსაჯი გახლდათ ნანი კირკიტაძე.

