რამდენადაც სწორ რეფორმებს გავატარებთ, იმდენად დაჩქარდება საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში…
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ქართული პოლიტიკური სპექტრი ორ მნიშვნელოვან პანქართულ სვეტზე უნდა შეთანხმდეს, საშინაო პოლიტიკაში ესაა თვითმმართველობის და სასამართლოს დამოუკიდებლობა, საგარეო კუთხით – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება და საერთო კავკასიური პოლიტიკის შემუშავება, ურომლისოდაც საქართველოს გაუჭირდება თავისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცება. ზემოაღნიშნული რომ რეალობასთანაა ახლოს, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. როგორ გადაწყვეტს ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხებს, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს დაახლოებას დასავლეთთან. დასამალი არაა, რომ ამ მიმართებით დასავლეთს არაერთი შენიშვნა ჰქონდა საქართველოს ყველა ხელისუფლების მიმართ. ამ მხრივ ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი გუნდები ცდილობდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ისინი სასამართლო ხელისუფლებას სათავისოდ იყენებდნენ, სწორედ ამიტომ განაცხადა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა , რომ თუ საქართველოს არ ეყოლება რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ ის ევროკავშირის წევრი (ცხადია, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციაც იგულისხმება) ვერ გახდება. . . სამწუხაროდ, ვერც ჩვენი თვითმმართველობა შეესაბამება ევროპულს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი თვითმმართველობები არ არიან დამოუკიდებელნი და ძირითადად, მაინც ცენტრის (თბილისის) ნებას ემორჩილებიან. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის და ევროპელი პარტნიორების შენიშვნები ამ მიმართებით არამართებულია. შეიძლება ბევრი გაღიზიანდეს დასავლეთის ჭკუის დარიგებით, კრიტიკით სასამართლოს და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართული საზოგადოება ერთ საკითხში უნდა შეთანხმდეს – ევროპა და ზოგადად, დასავლეთი საქართველოსადმი კეთილადაა განწყობილი. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ის, რომ დასავლეთმა ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთთან მიმართებით, არამედ ეკონომიკური და ფინანსური დახმარებაც გაუწია. აშშ-ის ცალკეული კონგრესმენის და ევროპარლამენტარის კრიტიკული გზავნილები სწორედ საქართველოს დემოკრატიულობის განმტკიცებისთვისაა გამიზნული, ყოველ შემთხვევაში ასეთ მოსაზრებას ავითარებენ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები, რასაც,როგორც ვთქვით, არ ეთანხმებიან მმართველი პარტიის წევრები და აცხადებენ, რომ თანმიმდევრულად ახორციელებენ იმგვარ რეფორმებს, რომელთა მეშვეობითაც საქართველო ევროპული ყაიდის სახელმწიფო იქნება. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ წარმატებული ქვეყნის ხვედრია და თუ ამ გზით ვივლით, არც პროგრესული სახელმწიფოების მხარდაჭერა და თანადგომა მოგვაკლდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა კანონის უზენაესობის დაცვას განუხრელად მოითხოვს და დემოკრატიული რეფორმების გატარებაში მხოლოდ დაპირებებს დიდხანს არ შეეგუება, ისინი, როგორც ჩანს, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ადგილობრივ არჩევნებს და თუ ეჭვი შეეპარებათ არჩევნების ლეგიტიმურობაში, დასავლეთისგან იზოლირება არ აგვცდება, რაც რუსეთის ზესტრატეგიული ამოცანაა. ისმის კითხვა – შეესაბამება თუ არა ჩვენი დემოკრატიის ხარისხი დასავლურს? ცხადია, დემოკრატიის ხარისხის აბსოლუტური საზომი არ არსებობს, ის თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია, თუ დავეყრდნობით ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მოკავშირეების აზრს, ქვეყნის დემოკრატიულობის ინდექსი გარკვეულწილად დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა ქვეყნაში არის საკითები, სადაც იკვეთება კითხვის ნიშნები. ექსპერტთა აზრით, ესენია: სასამართლო ხელისუფლება, თვითმმართველობის გაუმჭვირვალობა, ცესკოს დაკომპლექტების წესი და შერჩევითი სამართალი. ამ კუთხით ვერ მოხერხდა სტაბილურ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული პარტიული სისტემის ჩამოყალიბება, ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო 28 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალების ნამოქმედარი ერთგვარად პოლიტიკურ აქციებს ჰგავდა, კერძოდ, თითოეული მოდიოდა ხელისუფლებაში ხალხის უდიდესი მხარდაჭერის პირობებში და საბოლოო ჯამში, მოღვაწეობას ასრულებდა „ისტორიის სანაგვეზე”. ამიტომაც მოუწოდებს დასავლეთი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ძირითადად, მაინც მმართველ ძალას, რომ გზა ევროკავშირისკენ სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და რეალურ თვითმმართველობაზე გადის. ამ მხრივ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რასაც დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ, ანუ ესაა: დემოკრატიული სტანდარტების დანერგვა, ადამიანის უფლებების დაცვა, განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა, ცხადია, რაღაც რეფორმები მტკივნეული იქნება და ეს რაღაც პერიოდი არ იქნება იოლი, მაგრამ მისი შესრულება საქართველოს გადააქცევს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. სწორედ ამ მიმართებით საყურადღებოა დიდი ქართველის ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი, რომელიც მან თითქმის საუკუნის წინ დაწერა: „ . . . სულ ბიზანტიის გავლენის ( იგივე შეიძლება ითქვას რუსეთზე) ბრალია იმ ხალხების და სამეფოების ჩამოქვეითება, თუ ათასი წლით უკან ჩამორჩენა, რომელთაც ბიზანტიის მიბაძვამ ან შესწავლამ ნება აღარ მისცა, ევროპული მეცნიერება და წყობილება შემოეღოთ. ბიზანტიის სახელმწიფო წეს-წყობილებას საძირკვლად აღმოსავლური თვითმნებლობა ედო და არა ერის ან წოდების უფლება, სიმართლე, კანონი. . . ამ მხრით ევროპასა და აზიას შორის განსხვავება როდია. განსხვავება ამ ორ წესს შუა იმაში მდგომარეობს, რომ აზიაში მთელი სახელმწიფოს ცხოვრება და ტრიალი მარტო მეფის ან დესპოტის სურვილზე, ნებასა და შეხედულებაზე იყო დამყარებული მაშინ, როცა ევროპაში დაარსდა სხვადასხვაგვარი სიმართლე, კანონი, ტრადიცია, სისტემა და ბოლოს მეცნიერებაც. მათი შემწოებით სუსტი მეფეც რომ მჯდარიყო ევროპაში ტახტზე, ეს გარემოება თითქმის არც კი დაეტყობოდა ქვეყნის საქმეებს. ისტორია, ისტორიული პროგრესი, მაინც თავისებურად, აუჩქარებლად, მაგრამ დაუხევლადაც წინ მიდიოდა”. ნიკო ნიკოლაძის სიტყვების გახსენება დღეს იმიტომ გვჭირდება, რომ მივხვდეთ: გარკვეულწილად ევროპისკნ გზა ბიზანტიამაც (რასაც ახლა რუსეთი აკეთებს) გადაგვიკეტა. მიმოვიხედოთ გარშემო, რა ხდება, ვის მივბაძოთ – ახლო აღმოსავლეთს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, თუ ევროპას, სადაც თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემენ და ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვას ყოველმხრივ უზრუნველყოფენ, მგონი აქ არჩევანის გაკეთება არცთუ ძნელია, ევროპაში შეიძლება ბევრი ნაკლოვანება იყოს, მაგრამ ევროპული სახელმწიფო ძალიან გამართული, ძლიერია, რასაც ცხადყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნების მზარდი ეკონომიკური მაჩვენებელი და განვითარება, რომ არაფერი ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების წარმატებაზე, რუსეთში კი რაც ხდება, საყოველთაოდ ცნობილია, ეს ქვეყანა არათუ სხვისი, თავისი მოქალაქეების უფლებებსაც ფეხქვეშ თელავს, ამიტომ სჯობს ევროპულ ოჯახში გაერთიანება რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.
დიახ, ჯერჯერობით არარეალურად გვეჩვენება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ ისტორიამ გვასწავლა, რომ იმპერიების მცდელობა, ყველა დააშინოს, მოსპოს, საბოლოოდ სწორედ მისთვისვე მთავრდება კატასტროფულად, რუსეთის ეკონომიკა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. მართლია, იგი ეყრდნობა გაზის და ნავთობის შემოსავალს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ევროპა ცდილობს ენორგოდამოუკიდებლობა მოიპოვოს და განთავისუფლდეს რუსული წნეხისგან, რასაც თანმიმდევრულად ახორციელებს. თუმცა გარკვეულწილად, ” ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” ლობირებამ გერმანიის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ შეაშფოთა. ამ ეტაპზე ეს რუსეთის გამარჯვებად შეფასდა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი (სიმართლე უნდა ითქვას, რომ ეს რუსეთთან მიმართებით დასავლეთის პასიურობის შედეგია) აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება შორეული პერსპექტივაა, ამიტომ სჯობს ისევ რუსეთს მოველაპარაკოთ და არ გავაღიზიანოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირსა და ნატოში რომც არ მიგვიღონ ( ან დასავლელი პარტნიორები რუსეთს შეეკრან, ანდა თავად ეს ორგანიზაციები დაიშალონ, რაც ნაკლებად სავარაუდოა), ამით არც არაფერი დაშავდება, თუ ჩვენ რეფორმებს გავაგრძელებთ და დემოკრატიის პროცესი შეუქცევადი გახდება, ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით. ამით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოსახლეობა დარჩება მოგებული, ანუ თუ სწორ რეფორმებს გავატარებთ, თუ არჩევნები კითხვის ნიშნებს არ დატოვებს, მაშინ დაჩქარდება საქართველოს გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გაითვალისწინოს და ამ მიმართულებით იმოღვაწეოს.