ჭვანელი მეურნე
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –
ჭვანასა და ხინოს ერთი ქედი აცალკევებს. ბევრი აქვთ საერთო ჭვანისა და კინტრიშის ხეობის მკვიდრთ. ჭვანელი და ბარათაულელი ქათამაძეები ადგილის დედად ხინოს თვლიან. ჭვანელმა ზაქარია ქათამაძემ ბოლომდე მართლმადიდებლობას უერთგულა, მაშინ მიებარა მშობლიურ მიწას, როცა ოსმალთა მიერ იავარქმნილი ეკლესიის სიწმინდეები ჯვარიმინდორსა და თაგინურის გადატარებით, გურიაში, შემოქმედის ეკლესიაში დაასვენა. ჭვანელი როლანდ ქათამაძის ოჯახში არსებული ბუხრის თაღი წარსულ დიდებაზე მეტყველებს. მან განაცვიფრა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, „გურული დღიურებისა“ და სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმოების ავტორი გიორგი კეკელიძე. მეცხრე მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია კი სულ სხვა რამემ აღაფრთოვანა.
-ჭვანის ხეობასა და ჭვანელების შრომისმოყვარეობაზე მრავალი სტატია მაქვს წაკითხული, არაერთი ტელერეპორტაჟი, დოკუმენტური ფილმიც მინახავს. გაოცებული დავრჩი, როცა როლანდ ქათამაძის ნაშრომ-ნაამაგარი დავათვალიერე. მთაში, ისიც მკაცრ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში, ერთი ოჯახი მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობას თუ თავს გაართმევდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, – თქვა კანონმდებელმა, როცა პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძესთან, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად როლანდის მეურნეობაში იმყოფებოდა. შვიდი წლის წინ როლანდი ოჯახის წევრებთან ერთად საკალმახე მეურნეობის მოწყობას შეუდგა. წყალი, ტერიტორია საძებარი არ ჰქონდა – მის საცხოვრებელს სამხრეთიდან მთის ცივი ნაკადული ჩამოუდის, რომელიც სოფლის წისქვილის ქვას ატრიალებს.
– ჩემს ოჯახში დაწურულ ღვინოს, ორნახად ჭაჭას და თაფლის არაყს მომხმარებელმა პირველად ბათუმში, ოჯახში დაწურული ღვინოების ფესტივალზე გაუსინჯა გემო და შეკვეთებიც მივიღე. შარშან 500 ლიტრი არაყი და ერთ ტონაზე მეტი ღვინო გავყიდეთ. წელს მეტის მოლოდინში ვართ, – გვითხრა როლანდ ქათამაძემ.
აუზში ჩაყრილმა თევზმა პირველსავე წელს იმრავლა. მეურნეს სტიმული შეემატა. მომდევნო წელს ორი აუზიდან 600 კილოგრამი კალმახი ამოიღო.
გამრჯე კაცს უფალი ენერგიასაც აძლევს. კალმახი ყოველდღიურ მზრუნველობას ითხოვს, მაგრამ მარტო მას როდი მიეჯაჭვა როლანდი. საქმეში ოჯახის ხუთი წევრი ჩართო. 400 ძირი ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ვაზის ნერგი შეიძინა. ჭვანელი „ვაზის ჯადოქრის“ ზექერია ამაღლობელის გამოცდილებაც გამოიყენა. მესამე წლიდან ვაზმა მოსავალი მისცა. შარშან 1,5 ტონა ცოლიკაური და ჩხავერი დაკრიფა. მისი საოჯახო ბრენდი „მურადას მარანი“ ქვეყნის ბაზარზე უკვე ცნობილია. ბოთლიც თავისი გემოვნებით შეარჩია და ეტიკეტიც. ივლისის ცხელ დღეებში ვაზს, თევზსა და ფუტკარს მე და რუსლანი ერთნაირად ვეფერებოდით. წელს არნახული ღალიანობა გვქონდა. თაფლის მოსავალიც კარგი იყო. ყურძენი უკვე მწიფობის სტადიაში შედის., -გვითხრა როლანდმა.
ალალ, კეთილსინდისიერ შრომას შედეგი რომ მოაქვს, ეს როლანდ ქათამაძის მაგალითზეც ჩანს. დანაზოგი თანხით ბათუმში ბინა შეიძინა, საოჯახო სასტუმრო გახსნა.
-სოფელში ცხოვრობდე და მეცხოველეობის პროდუქტებში ფული გადაიხადო, უხერხულიც კია, – თქვა როლანდის რძალმა ეთერ დუმბაძემ.- ადრე მთა მერიაყელში ძველი მთის სახლი გვქონდა. ის შევაკეთეთ. მეწველი ფურების რაოდენობა შვიდამდე გავზარდეთ. ქვეყნის ბაზარზე ნამეტი მეცხოველეობის პროდუქტებიც გაგვაქვს. მემთეურის ფუნქცია დედამთილმა კარგად გაითავისა. მთიდან 200 კილოგრამი კარაქი, 500 კილოგრამი ყველი და 150 კილოგრამი ნადუღი ჩამოგვაქვს. მომხმარებელი ადგილზევე გვაკითხავს. ეკოლოგიურად სუფთა და საიმედო პროდუქტებს ვამზადებთ. ნიტრატებს ვენახსა და ბოსტანში არ ვიყენებთ. ნაკვეთს ორგანული სასუქით ვანოყიერებთ.
2021 წლის ზაფხული დღეებს ითვლის. მართლაც დიდი სიამოვნებაა როლანდ ქათამაძის მეურნეობის ნახვა – დაკრეფის მოლოდინშია ტოტებდაზნექილი ვაშლისა და მსხლის ხეები, ჰაერში კამარას აკეთებენ აუზებში მოშენებული კალმახები, შემოდგომის ყვავილებს ხორთუმით ნექტარს აცლიან ფუტკრები. . .
-ჭვანაში კრივის სექცია გვაქვს. მისი დაარსება ცნობილი სპეციალისტის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის სოსო წინამძღვრიშვილის იდეა იყო. სოსო მასწავლებლის მოსწავლე ვიყავი. ახლა ჭვანის სკოლის პედაგოგი და კრივის სექციის ხელმძღვანელი ვარ. ჩვენი აღზრდილები ევროპის პირველობის პრიზიორები არიან. თავისუფალ დროს, უქმე დღეებს საოჯახო მეურნეობაში ვმუშაობ. მამამ ფუტკრის, თევზის, ვაზის მოვლა მასწავლა. მის პრაქტიკულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას ვახმარ. მამის გარეშე, მაინც გამიჭირდება. ორივენი ერთმანეთს ვავსებთ,-გვითხრა რუსლანმა.