ვინ შეეცდება გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ავღანეთსა და შუა აზიაში?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი დრამატული ფაქტი მომხდარა და ხდება: სახელმწიფოების ურთიერთაგრესია, ეთნოწმენდა, გენოციდი, ეკონომიკური ექსპანსია, რაც სწორედ ზესახელმწიფოების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. ამ მხრივ არაერთი სახელმწიფო დაზარალდა, და ზარალობს, რისი თვალსაჩინო მაგალითი ავღანეთია, ეს ქვეყანა უკვე თითქმის 45 წელია, ომშია გახვეული, რაც ამ სახელმწიფოს ზესტრატეგიული მდებარეობითაა გამოწვეული, იგი სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების მსხვერპლია, ახლა ხშირად კითხულობენ: როგორ მოახერხა თალიბანმა ხელმეორედ ხელისუფლებაში მოსვლა, რატომ ვერ დაიცვა პროამერიკულმა მთავრობამ (რომელსაც სამასათასიანი არმია ჰყავდა) ქვეყანა და უმთავრესად, დედაქალაქი? არანაკლებ საინტერესოა თანმდევი კითხვები: ვინ შეეცდება გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ავღანეთში? შუა აზიაში ვინ დაიკავებს ცარიელ ადგილს? შემცირდა თუ არა ამერიკის გავლენა მსოფლიოში? რა თქმა უნდა, თალიბანის მიერ ქაბულის ასე სწრაფად აღებამ, თანაც უიარაღოდ, ცხადია, მსოფლიოში აშშ-ის ავტორიტეტი დასცა და ეს სრულიად ნათელია. ამას თავად ამერიკელი ანალიტიკოსებიც აღიარებენ, რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, ამერიკის სპეცსამსახურების მოდუნება და გადაჭარბებული ნდობაა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომელიც კორუფციაში იყო გახვეული. ასე გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. ამერიკული, მთელი დასავლეთის ფინანსური დახმარებით მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანები სარგებლოდნენ, მოსახლეობა კი კვლავ ღარიბულად ცხოვრობდა. შეიძლება ითქვას, შიმშილობდა და სამართალს ვერ პოულობდა, რაც კარგად გამოიყენეს თალიბებმა. ისინი არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს წარმოადგენდა და ხალხი არ ადარდებდათ. ამას წლების განმავლობაში ერთვოდა ტერორისტული აქტები. . . რაც უნდა უცნაური იყოს, აშშ-ის მოკავშირე პაკისტანი გარკვეულწილად, ეხმარებოდა თალიბებს, უფრო სწორად ხელს არ უშლიდა, როგორც ცნობილია, ამერიკელები სწორედ პაკისტან-ავღანეთის საზღვარს ვერ აკონტროლებდნენ, საიდანაც თალიბები შეიარაღებით მარაგდებოდნენ და ცოცხალი ძალითაც ივსებოდნენ. სხვათა შორის, ავღანეთში ხუმრობდნენ, ქვეყანას დილით ამერიკელები მართავენ, ღამით – თალიბებიო. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ავღანეთის სრული დაპყრობა ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო, თვით საბჭოთა კავშირმაც კი, რამაც გარკვეულწილად, განაპირობა საბჭოთა კავშირის დაშლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს ავღანეთის დაპყრობის განზრახვა არ ქონია, მას სურდა, ეს ქვეყანა არ ყოფილიყო ტერორისტების თავშესაფარი და ამავე დროს ჩამოყალიბებულიყო ისეთ ქვეყნად, რომ თუ აშშ-ის მეგობარი არა, მტერი მაინც არ ყოფილიყო, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, რუსეთის ან ჩინეთის მოკავშირე არ გამხდარიყო.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქვეყანაში ძალაუფლება განიმტკიცა და ამერიკა ავღანეთიდან გავიდა, როგორც ვთქვით, ჩნდება კითხვა – ვინ შეეცდება გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ავღანეთსა და მთელ შუა აზიაში? როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამის პრეტენზია ექნება ჩინეთს, თურქეთს და ცხადია, რუსეთს. სხვათა შორის, ჩინეთმა უკვე, ფაქტობრივად, აღიარა თალიბანის ხელისუფლება და თანამშრომლობაც შესთავაზა. დიდად არც რუსეთს გამოუხატავს აღშფოთება ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო, თალიბანის მესვეურებმა კი დააიმედეს მოსკოვი, რომ შუა აზიაში თავის გავლენას არ განავრცობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირობის შესრულება არ არის მარტივი, ჯერ ერთი, ავღანეთს ესაზღვრება ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ამ ქვეყნებში, კერძოდ, ახალგაზრდებში თალიბანი ძალიან პოპულარულია, ამ პოპულარობას ასულდგმულებს ადგილობრივი ხელისუფლების არასამართლიანობა, კორუფციის მაღალი დონე. . . ჯერჯერობით, თალიბანი კი ამშვიდებს მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ისინი მშვიდობის მომხრენი არიან და მეზობლებთან მხოლოდ ურთიერთმეგობრული დამოკიდებულების დამყარებას ცდილობენ, მაგრამ ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ თალიბანის გულწრფელობაში. ამჟამად რუსული პროპაგანდა ამერიკის შელახულ ავტორიტეტზე დღენიადაგ საუბრობს, თუმცა საქმე მთლად კარგად არც რუსეთს აქვს, შესაძლოა ამ რეგიონში ფეხი ჩინეთმა, თურქეთმა ან პოლიტიკურმა ისლამმა დაიკავოს, რაც რუსეთისთვის სავალალო აღმოჩნდება. ეს რომ არ მოხდეს, მას მოუწევს არა მარტო თავისი სამხედრო ბაზების გაზრდა, დაფინანსება, აღჭურვა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, რასაც მილიონობით დოლარი დასჭირდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთს სულ უფრო გაუძნელდება თავისი სამხედრო ბაზების შენახვა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ჯერჯერობით იხტიბარს არ იტეხს და ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტისა და გავლენის სფეროების შესუსტებაზე საუბრობს. რამდენად რეალურია ეს? ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. . . აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის, იკვეთება რამდენიმე ცენტრი – ერთია აშშ-ევროკავშირი, მეორეა რუსეთის ფედერაცია, მესამე ცენტრის კონტურებიც ჩანს ჩინეთის სახით. ასევე რეგიონალურ ლიდერებად მოგვევლინნენ ბრაზილია, ინდოეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ა. შ. ფაქტია, მსოფლიო მრავალპოლუსიანია. სხვათა შორის, თუ გეოპოლიტიკურ სივრცეს ორ ნახევარსფეროდ – ამერიკად და ევრაზიად დავყოფთ, აღმოჩნდება, რომ აშშ-ის პოლიტიკური გავლენის არეალი ორივეზე შემცირებულია. აშკარაა, რომ რიგ საკითხებში დასავლეთ ევროპა თეთრი სახლის პოზიციებს ბოლომდე არ იცავს, დიდად არც აშშ ითვალისწინებს მოკავშირეების აზრს. მაგალითად, ამერიკელებმა ქაბულის დატოვება არ შეუთანხმეს მოკავშირეებს, რამაც ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბაიდენმა ამერიკის ავტორიტეტი დასცა. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, აშშ-ის ავტორიტეტი შეირყა არა მარტო ავღანეთის ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, არამედ თუნდაც სირიაში ასადის რეჟიმის მმართველობით, რუსეთის აგრესიულობით უკრაინისა და საქართველოსადმი, როგორც აშშ-ის მოკავშირეებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა მსოფლიოში შეინიშნება ამერიკის გავლენის შემცირება, ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია მისი გავლენა თითოეულ სახელმწიფოზეც კი. ეს აშკარა და თვალშისაცემია, კარგად ჩანს გაეროს მუშაობის პროცესშიც, როდესაც აშშ-ის წინადადებას ბევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. თუ გადავხედავთ თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას, დავინახავთ, რომ სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა პროამერიკულია. რაც შეეხება ამერიკის გავლენის შემცირების ტენდენციას, ვერც ამას უარვყოფთ. ამას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: პირველი რუსეთ-ჩინეთის ალიანსი საერთაშორისო პოლიტიკაში და რუსეთის მცდელობა, დაბრუნდეს გლობალურ პოლიტიკაში, აღიდგინოს ის პოზიციები, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს ბიპოლარულ სისტემაში. ამ მხრივ აშშ-ის მყარი პარტნიორები, ექსპერტების თქმით, არიან დიდი ბრიტანეთი და ისრაელი, ასევე საუდის არაბეთი, აღმოსავლეთ ევროპის (ძირითადად, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი) და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ეს კარგად ჩანს საგარეო პოლიტიკაში. გარდა ამისა, მას ჰყავს ლოკალური მხარდამჭერებიც ცალკეულ კონტინენტსა და რეგიონში. ცხადია, რომ აშშ რუსეთს სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს საერთაშორისო სისტემაში გავლენის სფეროების მოპოვების თვალსაზრისით, თავის მხრივ რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მისი გავლენის გაფართოებას დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეობს დაძაბულობა აშშ-სა რუსეთს შორის.
გვაქვს მეორე რეალობაც. არის სფეროები, რომლებშიც ეს ორი სახელმწიფო საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლებენ. მაგალითად, კოსმოსის, საერთაშორისო ტერორიზმისა თუ სხვა საკითხებში, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მეტყველებს, რომ ზესახელმწიფოთა რესურსი იწურება, თუ ისინი არაეფექტურადაა გამოყნებული. აშშ-მა ავღანეთში დაახლოებით ტრილიარდი დოლარი ჩადო, რათა იგი ქვეყანას დამსგავსებოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა წყალში გადაიყარა, კორუმპირებულების ჯიბეში დაილექა, მოსახლეობა კი უღარიბესია, რამაც თალიბანს გაუადვილა ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არა მარტო აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის, არამედ წინამორბედთა კისერზეცაა. აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა გათვალისწინოს ეს შეცდომები და მოკავშირეებს (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) დაეხმაროს. ამავდროულად არა მხოლოდ პროამერიკული მთავრობის დახმარებაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნოს.