“მმართველი პარტიის ადგილობრივ ბირთვს, მაჟორიტარსა და მერობის კანდიდატს წინასაარჩევნოდ მეტი მუშაობა მართებთ”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძეა. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– 4 წლის წინ, როცა ჩემი წინამორბედი გიორგი დავითაძე ჯერ დაბა შუახევის მაჟორიტარად, ხოლო შემდეგ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საპასუხისმგებლო თანამდებობა მე მანდო. იმთავითვე განვეწყვე, რომ საქმით უნდა მეპასუხა იმ გამოწვევებისთვის, რაც დაბა შუახევში, დაბაძველში, ბესელაშვილებში, სხეფში, თერნალში, ოქროპილაურში, ჩანჩხალოში, ორთამელაში, მცირედ დასახლებულ უბნებში – დროში, კლდისუბანში, გუნდაურში, მახეში, ღორექეთში იყო. თითქმის მთავრდებოდა უნიკალური ხიდის მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე, რომელიც კლდისუბანსა და ბესელაშვილებს ახლა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს. წლების განმავლობაში სოფელ ოქროპილაურის მოსახლეობა მდინარე ჩირუხისწყალზე ხიდის გაკეთებას ითხოვდა. მისი მშენებლობა- ექსპლუატაციაში გაშვება ორი წლის წინ დასრულდა.
– სხვა სოფლების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოკლედ გვითხარით. . .
-„შუახევიჰესის“ დიდაჭარა – ახალდაბის გამშვები გვირაბი სოფელ ჩანჩხალოს ტერიტორიაზე გადის. მიწის ქვეშ 6 მეტრი დიამეტრის გვირაბის გატარებამ სოფლის ზედაპირულ წყაროებზე უარყოფითად იმოქმედა. დებეტი დაკარგა სოფლის ცენტრში არსებულმა წყარომ, რომელსაც 30-ზე მეტი ოჯახი იყენებდა. აჭარის მთავრობის, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, სოფელ ჩანჩხალოში ლითონის მილებით სასმელი წყალი გამოვიყვანეთ. შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით ჩანჩხალოში 10-მდე სხვადასხვა პროექტი განვახორციელეთ.
– ჩანჩხალოში მისასვლელი საავტომობილო გზაც ჩახერგილი იყო. . .
– ამ სოფელში მეწყრული პროცესები ბოლო წლებში გააქტიურებულია. დიდი ტვირთამწეობის მანქანების ინტენსიურმა მოძრაობამ, მიწისქვეშა აფეთქებებმა რამდენიმე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები ისევ გაააქტიურა. სპეციალისტებმა ერთხანს გზაზე ჩამოწოლილი ათასობით კუბური მეტრი მასის გაწმენდის სამუშაოები აგვიკრძალეს. ქანების მოძრაობა რომ შენელდა, მაშინ გახდა შესაძლებელი გზის აღდგენა, მანამდე სოფელი შემოვლით გზას იყენებდა. ჩანჩხალოში საბავშვო ბაღი გავხსენით. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა სამსაფეხურიან საჯარო სკოლაში. შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა დაიწყო. მალე ჩვენი თემის სოფლებშიც დაიწყება ანალოგიური სამუშაოები. ჩანჩხალოს მსგავსად, ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ სხეფში. ამ სოფელში წლებია სასმელი წყლის დეფიციტია. იგი შესულია იმ 16 სოფლის ჩამონათვალში, სადაც შპს „აჭარისწყლის ალიანსი“ გერმანიის მთავრობის დაფინანსებით პროექტს ახორციელებს. ამ პროექტით სხეფელას, დაბა შუახევის მოსახლეობა, საზოგადოებრივი ობიექტები, ორგანიზაცია-დაწესებულებები და კერძო სტრუქტურები ისარგებლებენ. წყალი ჭვანის ხეობის შორეული ტერიტორიიდან – გიდელას ხევიდან გამოგვყავს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უკვე შესყიდული აქვს პროექტი სოფელ სხეფში საჯარო სკოლის შენობის აგებაზე. სარეაბილიტაციოა ჩანჩხალოს საჯარო სკოლის შენობაც. თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი შენობა გვაქვს სოფელ დაბაძველში. ეს სოფელი გეოგრაფიული მდებარეობით, მოსავლიანობით გამორჩეულია. მნიშვნელოვანი თანხები დაიხარჯა დაბაძველის, ბესელაშვილების, დროს, ოქროპილაურის სარწყავი არხების რეაბილიტაციაზე. მიმდინარე წლის ივნის-ივლისის გვალვიან და ცხელ დღეებში სოფლებში სარწყავი წყლის დეფიციტი არ გვქონია. მოსავალსაც კარგი პირი უჩანს.
– რიგ სოფლებში აგვისტოს უხვნალექიანი ამინდები წლის მოსავალს საფრთხის წინაშე აყენებს. თქვენთან რა მდგომარეობაა?
– სახნავ-სათესი სავარგულები დაბალ ზონებში გვაქვს. აგვისტოს უხვნალექიანმა ამინდებმა მოსავალი გამოაკეთა კიდეც. ზვრებში ვაზი მწიფობის ფაზაში შედის. ტანი აიყარა თამბაქომ, სიმინდის ყანებშიც მოსავალი კარგია, ოღონდ გარეული ცხოველები (ტურა, დათვი, ღორი) ფერმერებს სიმწიფის სტადიაში შესულ ერთწლიან კულტურებს, ყურძენს, ხეხილს უნადგურებენ. დათვები ეზოებშიც კი შემოდიან.
– ის სახეცვლილება, რაც შუახევის ცენტრშია, ყველას ახარებს . . .
– ჩვენს წინაპრებს დიდი წვლილი აქვთ გაღებული დაბა შუახევის სოციალურ-კულტურულ განვითარებაში. ნევრიზ და ხასან დავითაძეები, 1952 წლიდან მოყოლებული, შუახევის მშენებელთა რიგებში იყვნენ. ისტორიამ მოშიშვლებულ-უკაცრიელი შუახევის ცენტრის ფოტო შემოგვინახა, სადაც იდრის და ჯუმბერ დავითაძეების სახლები იდგა. მათ სიახლოვეს იყო ჩვენი შორეული წინაპრის ახმედ დავითაძის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები, რომელიც გოგრაშაულის ტოპონიმით იყო ცნობილი. ამბობენ, გოგრის უხვი მოსავალი იცოდაო. ახლა იმ ტერიტორიაზე 30-მდე სხვადასხვა დანიშნულების შენობაა. მათგან გამორჩეული კულტურის სახლია, რომელიც ექსპლუატაციაში შუახევის ცალკე რაიონად გამოყოფიდან 9 წლის შემდეგ შევიდა. წელს მისი შეკეთება, შემოგარენის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტი თანხა მილიონ ლარზე მეტია. ორი წელია სამ ეტაპად მიმდინარეობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობა, რომელთა საპროექტო ღირებულება ერთ მილიონ ლარს უახლოვდება. დაბისთვის ახალი შენაძენია შშმ პირთა დღის ცენტრი, რომელიც ყოფილი უნივერმაღის რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა. ხარაჩოებშია შუახევის საჯარო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობები. სკოლის ექსპლუატაციაში გადაცემა წლის ბოლომდე იგეგმება.
– იყო მოთხოვნები, შეპირებები, რომ შუახევის ცენტრში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იქნებოდა. შეპირება შეპირებად დარჩება თუ. . .
-რაც უფრო მეტი მუზეუმი, ისტორიული და კულტურული ძეგლი, განათლებისა და კულტურის ობიექტი გვექნება, ჩვენი წარსული და დღევანდელობა უკეთ წარმოჩნდება. ოლადაურში, კვიახიძეებში, ხაბელაშვილებში დიდი საქმე გაკეთდა მუზეუმების გახსნით. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, რომელიც ახლა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს რეკომენდაციით მერობის კანდიდატია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შუახევის ცენტრში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნის პირობას დებს. ტერიტორიაც თითქმის შერჩეულია.
– ხელისუფლების თანადგომა არ აკლიათ დაბაძველში, მაგრამ ვერცერთ არჩევნებში მოქმედმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა ამ სოფლებში სასურველი ხმები ვერ მოიპოვეს. ეს რას მიეწერება?
– ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს ამ სოფელში ძლიერი ოპოზიცია იყო. ერთ არჩევნებში მხოლოდ ენმ-ს ჰქონდა მხარდაჭერა მათი მმართველობის წლებში. ახლა ენმ-ს ამ სოფელში ძლიერი ბირთვი ჰყავს. დაბაძველელი როინ ზოიძე ენმ-ს რიგებიდან შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატია. ახლად ფეხადგმული პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ინიციატორთგანი ვახტანგ ზოიძე დაბაძველელია. სოფლად ნათესაური, მეზობლური ურთიერთობები გამოძახილს მაინც პოულობს. იგივე ითქმის ბესელაშვილებზეც. მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციის ლიდერებს, მათ მაჟორიტარ კანდიდატ ზაზა დავითაძეს, მერობის კანდიდატ ომარ ტაკიძეს დიდი მუშაობა მართებთ, რომ წელს მაინც ნავსი გატეხონ.
– ორი ვაჟის მამას, საჯარო მოხელეს საფიქრალ-საზრუნავი არ გაკლიათ, პირად პოზიციაზე რას იტყვით?
– მამაჩემი ხელოვნების დიდი მოყვარულია. ასაკში შესულს პატარებთან ფუსფუსი, სახელოვნებო სკოლის პედაგოგობა მოწოდებად აქვს ქცეული. შუახევიდან ქედასა და ხელვაჩაურში დადის და ბავშვებს ხელოვნების ანბანს ასწავლის. დედა ნიგაზეულელი ხიმშიაშვილების შთამომავალი, ახლა შუახეველების ჯანმრთელობის დაცვის სამსახურშია. მეუღლე თეა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი მუშაკია. ოჯახური გარემო, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობითი პროცესები სტიმულს მაძლევს, პირადი წვლილი შევიტანო ქვეყნისა და მშობლიური შუახევის მომავალ წარმატებებში.
– წინასწარი პროგნოზით, რა შედეგს მოიპოვებს მმართველი პარტია და მისი კანდიდატები თქვენდამი რწმუნებულ ადმინისტრაციულ ერთეულში?
– გაკეთებულის, გაწეული შრომის, მოსახლეობის განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცუდი შედეგები არ უნდა იყოს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ბირთვს, მაჟორიტარსა და მერობის კანდიდატს წინასაარჩევნოდ მეტი მუშაობა მართებთ, რაც უკვე დაწყებულია.

