ერთმანეთის განადგურებით უფრო ვართ დაკავებულნი, ვიდრე საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლით
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ისტორიის გადაწერა დეზინფორმაციის ერთ-ერთი სახეობაა, ამ ბოლო დროს რუსული პროპაგანდა (სოხუმის და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მონაწილეობით) არა მარტო ამახინჯებს საქართველოს ისტორიას, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ კვალს შლის. . . საქართველოს მტრები გალში ქართველების გააფხაზებას ცდილობენ, რაც თანამედროვე აპარტეიდის კლასიკური მაგალითია. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, მსოფლიოში იდეალური და სამართლიანი სახელმწიფო არ არსებობს, ყველა ქვეყანა, მით უფრო ზესახელმწიფო, ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას მეზობელზე. არადა, 21-ე საუკუნეში ოკუპაცია, წესით და რიგით, არ უნდა იყოს დასაშვები, აგრესორს საკადრისი პასუხი უნდა მოეთხოვოს, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლი და გაეროს წესდება ამას ითვალისწინებს, მაგრამ როცა საქმე რუსეთს ეხება, რატომღაც გაერო უუნარო ხდება, ხოლო დასავლეთი შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლება. ” გასაგება”, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი ვერ და არც იომებს გასაგები მიზეზების გამო და არც საქართველოსთვის იქნება ხელსაყრელი ჩვენს ტერიტორიაზე ზეეპოქალური ომი დაიწყოს, ამას არც არავინ ითხოვს, მაგრამ დასავლეთი ვალდებულია ( ბოლოს და ბოლოს საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე), რუსეთზე რეალური ზეწოლა განახორციელოს, რათა მან ვალდებულებები შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დეოკუპაცია მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ ამ მიმართულებით რუსეთი მუდმივად წნეხის ქვეშ უნდა იყოს თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა შევიწროების გამო, საქმე ის არის, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სოხუმის მარიონეტული რეჟიმი გალში ქართულ მოსახლეობას თანმიმდევრულად ავიწროებს, უკრძალავენ ქართულად სწავლას, ცდილობენ მათ გააფხაზებას, დისკრიმინაციაში ამყოფებენ მათ, ვინც აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლების ნებას არ ემორჩილება. ასე გრძელდება თითქმის 20 წლის განმავლობაში. რუსეთის და სოხუმის რეჟიმის მიზანი გასაგებია, სურთ ქართული კვალი წაშალონ აფხაზეთში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული მხარე არც ისე ეფექტურად ახერხებს ქართველთა დაცვას გალში. მიზეზი ის არის, რომ გალში და მთლიანად აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, თუმცა ჩვენ გაგვაჩნია სხვა საშუალებები: გაეროს ტრიბუნა, დასავლელი მოკავშირეები, დასავლური მედია, რომლის მეშვეობითაც ზემოაღნიშნულ საკითხზე მსოფლიო თანამეგობრობა უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. უნდა ავუხსნათ ჩვენს მოკავშირეებს, რომ გალში ქართველთა მიმართ აპარტეიდს ახორციელებენ. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს აწარმოებენ. კერძოდ, ავრცელებენ საშინელ სიცრუეს – თითქოს საქართველომ თავის დროზე დაიპყრო აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი. ეს რომ უფრო დამაჯერებელი გახადონ, ქართულ ისტორიულ ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს ან ანადგურებენ, ანდა მათ თავის ისტორიულ მემკვიდროებად ასაღებენ. გული მოგიკვდება, როცა გაიგებ, რომ ქართული ისტორიული ძეგლი ბედია (და სხვა ეკლესიები) აფხაზეთში რუსულ ყაიდაზე გადააკეთეს. ანალოგიური სიტუაციაა ცხინვალის რეგიონში. ამას წინათ სოციალურ ქსელში რომელიღაც ცხინვალელი ოსი ახალგაზრდა ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლზე აღმოჩენილ წარწერასთან დაკავშირებით გახარებული ამბობდა, რომ აღმოაჩინა გაურკვეველი დამწრელობა, რომელიც თურმე ქართული არაა. არადა, სინამდვილეში ეს იყო ქართული ნუსხური დამწერლობა. ამაზე საქრთველოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. არადა განგაშს უნდა ვტეხდეთ, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ერთმანეთის განადგურებით უფრო ვართ დაკავებულნი, ვიდრე საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლით. ამასობაში, ჩვენგან განსხვავებით, უკრაინა ეფექტურად მუშაობს. ამასწინათ კიევში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი „ყირიმის პლატფორმა“, სადაც მიწვეულნი იყვნენ გავლენიანი ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ამ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. იმის თქმა მინდა, რომ უკრაინა დასავლეთს მუდმივად ახსენებს ანექსიის და ოკუპაციის საკითხს. ამ მხრივ ჩვენი საკითხი არც ისე აქტუალურია დასავლეთისთვის, რასაც თავისი სუბიექტური მიზეზი გააჩნია. ფაქტია, რომ მსოფლიო რაღაცნაირად შეეგუაა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არსებულ სტატუს_ კვოს, ანუ გაყინულ მდგომარეობაში დარჩენას. ცხადია, მსოფლიო თანამეგობრობა არასდროს აღიარებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებელობას, თუმცა არც ქმედით ნაბიჯებს დგამს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით. უკრაინის თემა, ასე ვთქვათ, ახალია, თანაც მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართულება. საქართველო ერთგვარი დადასტურებაა რუსული აგრესიისა და ამის დავიწყებას დასავლეთი არ აპირებს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ამძიმებს სასწორს რუსეთის საწინააღმდეგო მხარეს. შესაბამისად, მსოფლიო ცდილობს, რომ უკრაინის გზით გავიდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შედეგზეც. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უკრაინას მეტი ყურადღება ეთმობა. ძნელია, რუსეთმა შეძლოს საქართველოს მნიშვნელობის დაკნინება, რადგან ჩვენი სამშობლო ისეთ ზესტრატეგიულ რეგიონში მდებარეობს, სადაც იკვეთება ზესახელმწიფოთა ინტერესები. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ვჩაგრავდით აფხაზებს და ოსებს. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მწერალ აკაკი ბაქრაძის შეხედულება, რომელიც ახლაც აქტუალური და გასათვალისწინებელია: “არავის აინტერესებს, არავინ სვამს კითხვას: თუ ქართველები ასეთი საშინელი ხალხია, როგორღა მოახერხეს დამწერლობისა და მწიგნობრობის უქონელმა აფხაზებმა და ოსებმა საუკუნეების მანძილზე ენის, ზნე- ჩვეულებების, ეროვნული სახის შენარჩუნება? ისინი ხომ მუდამ საქართველოს სამეფოს საზღვრებში ცხოვრობდნენ? რატომ არ გააქართველა ისინი ქართულმა ეკლესიამ? თურქეთისგან საქართველოს ბოროტების მეტი არაფერი ახსოვს, მაგრამ ქართველთაგან აწიოკებული თურქები ისტორიამ არ იცის. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პროპაგანდის ამოცანა სიმართლის თქმა, გარკვევა კი არ არის, არამედ პოლიტიკური დავალების ასრულება. პოლიტიკური დავალება კი ითხოვს: საქართველოს ისტორიის გაყალბებას სეპარატისტთა საკეთილდღეოდ და ამავე დროს საქართველოს მოსახლეობაზე პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებას“. ისმის კითხვა, რა მიზანი დაისახა კრემლმა? ეს მიზანია საქართველოში პრორუსული დისკურსის გაძლიერება, ანუ ევროპული ფასეულობების ნიველირება, თითქოს ევროპა გარყვნილია, რუსეთი კი ერთმორწმუნე, რაც ძალზე მცდარი შეხედულებაა. რუსეთთან თითქმის 250-წლიანი ურთიერთობის ისტორია გვასწავლის, რომ იგი საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის. კრემლის მიზანი, რუსეთის იმპერიის არსებობიდან დაწყებული, არის საქართველოზე მისი გავლენის სრულად და უპირობოდ გავრცლება და ჩვენი სატელიტის მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომ ჩვენი გზა არის დასავლეთი, სადაც სახელმწიფოების თავისუფალ არჩევანს პატივს სცემენ და მათ ინტერესებს ზედმიწევნით ითვალისწინებენ.
და ბოლოს, საქმით უნდა დავამტკიცოთ, რომ ევროპელები ვართ, ანუ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, თვითმმართველობის საქმიანობა – გამჭვირვალე, ადამიანის უფლებები – ყოველმხრივ დაცული და რაც მთავარია, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც – ხალხის სამსახურში.