“ამომრჩეველი ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
გიორგი კეკელიძე სპეციალობით იურისტია. დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს რეკომენდაციით, იგი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ზამლეთის თემში. გიორგი კეკელიძე ჩვენი სტუმარია.
– ხიმშიაშვილების მსგავსად, ნიგაზეულელ კეკელიძეებს გარკვეული წილი გვაქვს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. სელიმის რაზმის წევრებიდან რამდენიმე კეკელიძე იყო. ხიმშიაშვილის კარზე მათ სახლთუხუცესის ანუ ხაზინადარის პოზიცია ეკავათ. ერთ ხანს ნიგაზეულელი კეკელიძეების წინაპრებს ხაზინდარიშვილებადაც იხსენიებდნენ. ბაბუა ენვერს, ასევე ცნობილ სახელმწიფო მოხელე გიორგი კეკელიძეს, ფინანსისტ ხემიდ კეკელიძეს, მის უფროს ვაჟ ზურაბს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ცნობილ აკადემიკოს კორნელი კეკელიძესთან. შუახევში, სოფელ ჭვანაში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საქვეყნოდ აღიარებული მწერალი გიორგი კეკელიძე რომ გვსტუმრობდა, მქონდა პატივი მასთან საუბრისა. გვარისა და ქვეყნის მოამაგე მრავალ სიკეთეს შემპირდა და თანდათანობით კიდეც ასრულებს.
– ქალ–ვაჟის მამა ხართ. მეუღლე მარიამ გვიანიძე გამორჩეული გვარის შვილია. თითით საჩვენებელი ოჯახი გაქვთ.
– მარიამი შუახევის საზოგადოებრივი ცენტრის მუშაკია. იცის თავისი საქმე. საოჯახო საქმეებში მშობლებთან ერთად მე ვარ ჩართული. ნიგაზეულში მამული გვაქვს, არც იმას ვაკლებთ ხელს. შრომა ხომ გვაკეთილშობილებს. 100 ძირი ვაზიც ჩავყარეთ.
– ელოდით, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო ზამლეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარგადგენდათ?
– ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ახალგაზრდის ცხოვრებასა და შრომით საქმიანობაში არის მნიშვნელოვანი დღეები. ასეთი დღე იყო 18 აგვისტოს, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისა და საზოგადოების წარმომადგენლების თანდასწრებით აუდიტორიის წინაშე წარმადგინეს. ეს პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო. ადამიანები წუთისოფელში იმედით მოვდივართ.
– წინამორბედზე რას იტყვით?
– დაგასახელონ ისეთი მაჟორიტარი დეპუტატის შემცვლელად, როგორიც ფურტიოელი ამირან ბერიძეა, დიდი პატივია. ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა გააგრძელო ის საქმეები, რაც მან ხელისუფლების, ადგილობრივი ხელმძღვანელობის თანადგომით წამოიწყო. ვიცი, ზღვა სამუშაოა შესასრულებელი ნიგაზეულის ციხის რესტავრაცია-კონსერვაციისთვის. ფურტიოში, ნიგაზეულში, ბუთურაულში საბავშვო ბაღები გვაქვს. ნენიელი დედებიც ალტერნატიული ბაღის ნაცვლად საჯარო სკოლამდელ დაწესებულებას ითხოვენ. მათი მოთხოვნა ყურადსაღებია. ოთხივე სოფელში სამსაფეხურიანი საჯარო სკოლაა, ყველას მატერიალური ბაზა ნორმალურია, თუმცა ნენიისა და ნიგაზეულის საჯარო სკოლების შენობები უახლოეს 4 წელიწადში კოსმეტიკურ რემონტს ითხოვს. ფურტიო ის სოფელია, სადაც ცნობილი სპეციალისტის რამაზ სვანაძის ხელდასმით რაგბი შემოვიდა. ის ენთუზიაზმი, რაც სპორტის ამ სახეობას საწყის ეტაპზე ჰქონდა, აღარ ჩანს. მუნიციპალიტეტის, აჭარის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებთან ერთად ენერგიული, მიზნობრივი მუშაობა გვმართებს, რომ ფურტიოში რაგბის სტადიონმა თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სპორტული კერის სახე მიიღოს.
– ლიტერატურული ფესტივალის „ზე–კართან“ ორგანიზატორები რაგბის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე „მწერალთა სახლის“ გახსნაზე საუბრობდნენ. ხართ საქმის კურსში?
– სამსახურებრივი მდგომარეობა მავალდებულებდა, ფესტივალის მიმდინარეობისთვის თვალყური მედევნებინა. ისიც სათქმელია, რომ შარშან პანდემიის გამო ფესტივალი აღარ ჩატარებულა. წელსაც გაურკვეველი ვითარებაა. თუ იქნება ხელისუფლების მზაობა, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აქტიურად ჩავერთვები. დეპუტატი ან კანდიდატი არ ვიყავი, მაგრამ ფესტივალის მონაწილეებს თანადგომას, მხარდაჭერას არ ვაკლებდი. მისი ორგანიზატორი, უკვე ცნობილი რეჟისორი, კულტურის და ხელოვნების ქომაგი ვახტანგ ბერიძე ფურტიოელია. ესეც მრავლისმეტყველია. მისი თანადგომის იმედი ყოველთვის მაქვს. შევეცდები, არც მე ვიყო თამაშგარე მდგომარეობაში. „მწერლის სახლი“, ისიც ისტორიულ ფურტიოში, თუ იქნება, ყველა მიესალმება.
– ზამლეთის თემის ტერიტორიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია. შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, 2022 წელს ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაცია–კონსერვაციის წლად გამოაცხადებს. ამ განაცხადს როგორი მხარდაჭერა ექნება?
– ნიგაზეულის ციხეზე ვთქვით. ფურტიოს თაღოვანი ხიდის რესტავრაციის მიზნით ადრე სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ მისი შემოგარენი იმ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს, რაც 8 საუკუნის ძეგლს შეეფერება. ზამლეთი-ხიხაძირის გზის გაყოლებაზე არსებული თამარის წყარო სადღეისო მოთხოვნებს საერთოდ ვერ პასუხობს. ერთხანს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ტარიელ ებრალიძემ ფურტიოს ცენტრის ნაეკლესიარის შემდეგ მჭედლურში გათხრები აწარმოა და მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გაკეთდა. ეს ძეგლები ტურისტულ ობიექტთა ჩამონათვალში არ არის. ნენიაში ეკლესია იყო. ტერიტორია მოძიებას ითხოვს. ბუთურაულში არსებული ჯვარდასმული საფლავი მრავლისმეტყველია. მასზე მეცნიერული გამოკვლევები არ ჩატარებულა. ამ საფლავის სიახლოვეს ეკლესიის ნანგრევები მთლიანად არაა წაშლილი. თუ თედო სახოკიას და სხვა ეთნოგრაფებს ვერწმუნებით, ეკლესია ნენია-ბუთურაულის გასაყარზე მდგარა. ოსმალები და მათი ადგილობრივი დამქაშები მას ძირს უთხრიდნენ და ახერხებდნენ, რომ ნაეკლესიარი წაეშალათ.
– თქვენი ამომრჩევლის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია, მათ სალოცავებზე რას იტყვით?
-ზამლეთის თემში მედრესე მოქმედებს, მრევლი არ აკლია ფურტიოს, ნიგაზეულის, ბუთურაულის მეჩეთებს. ნენიაში მხოლოდ დღესასწაულებზე მოდიან მლოცველები. ადგილობრივი ხელისუფლება ისლამის მიმდევრებს ყურადღების მიღმა არ ტოვებს. არჩევანს თუ ჩემზე გააკეთებენ, იმ პოლიტიკის გამტარებელი ვიქნები, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო მავალდებულებს.
– ნიგაზეულელ ახალგაზრდებს ინიციატივა, მოვლენების არსში წვდომა არ გაკლიათ. ადრე ახალგაზრდული კავშირი ჩამოაყალიბეთ. ახლა ამ კავშირს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი აქვს. მათთან ურთიერთობა, კავშირის საქმიანობაში ჩართულობა როგორ წარმოგიდგენიათ?
– კავშირს მირიან აბაშიძის სახით ღირსეული, ინიციატივიანი ორგანიზატორი ჰყავს. იგი კავშირის საპატიო პრეზიდენტად ისევ რჩება. მირიანი შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა. თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები მის უნარს და ერუდიციას იყენებენ. ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ან მირიანი რა პოზიციაზეც არ უნდა მუშაობდეს, მისი ჩართულობა ბევრად წაგვადგება.
– მმართველი პარტია მეშვიდე არჩევნებს ატარებს. თუ წინა არჩევნების მაჩვენებლებს გადავხედავთ, რიგ უბნებზე მმართველ პარტიასა და მის კანდიდატებს ნავარაუდები მხარდაჭერა არ აქვთ.
– ამომრჩევლებთან შეხვედრები გადამწყვეტ ფაზაშია. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვით უკვე რამდენიმე უბანში მერობის კანდიდატის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობის, პროპორციული სიის კანდიდატების თანხლებით გავედით. ამომრჩევლის პოზიცია შეხვედრებზე გამოიკვეთება. ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

