მზია ხალვაში: ახალი ეპოქის ხელოვნება დაამსხვრევს ჩვენი თაობის წარმოდგენებს, შეიცვლება თვით ადამიანიც… მაგრამ თავისუფლების სურვილი ვერ მოკვდება
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
დღეს ჩვენი სტუმარია მზია ხალვაში – ღვაწლმოსილი ხელოვანი, მხატვარი, რომელმაც შეძლო, თავის შემოქმედებაში წარმოეჩინა აჭარის პეიზაჟების მშვენიერება და ადამიანები, რომლებიც ამ მიწაზე დააბიჯებდნენ და დააბიჯებენ. სიხარული, რომელიც თავისი ხელოვნებით ქალბატონმა მზიამ ასობით ადამიანს მოჰგვარა, მადლიერებით გვავსებს. ჩვენ მისი შემოქმედების საინტერესო სამყაროში მეგზურობა ვთხოვეთ.
– ცნობილი ფერმწერი ხართ, თავად როგორ წარმოგვიდგენთ თავს?
– უპირველესად, ვარ მეუღლე, ორი შვილის დედა, ხუთი შვილიშვილის ბებია. ვფიქრობ, ღირსეულად ვატარებ ამ ტიტულებს. ოჯახის გაძღოლას, შვილების აღზრდა- განათლებას და პარალელურად მუშაობას, შემოქმედებას გავართვი თავი, მეუღლეც ყველანაირად მიწყობდა ხელს. მიუხედავად დროის სიმცირისა, ვახერხებდი ხატვას, გამოფენებში მონაწილეობას. შვილებს უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ. ახლა ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვხატო, გამოცდილებაც მყოფნის, თუმცა მაინც ვეძებ ჩემში ახალს. . . და ახლის აღმოჩნების სურვილით ვაგრძელებ დღემდე ფიქრს, ოცნებას და მოქმედებას. რთულია საკუთარ თავზე საუბარი, ხატვა მირჩევნია – აქ უფრო თავისუფალი ვარ. მქონდა ბედნიერი ბავშვობა, ულამაზეს ბუნებაში, მამისეულ სოფელში ვატარებდი ზაფხულის დღეებს. მაღალი, ლურჯი მთები, აღმართ- დაღმართები, ბილიკები, ხის ოდა სახლები საკვამურებით – ეს ყველაფერი ჩემს ბავშვურ ფანტაზიას ლამაზი წარმოსახვებით ასაზრდოებდა და ხატვის სურვილს ბადებდა. ვხატავდი ყველგან, ყველაფერს, სერიოზულ გატაცებად იქცა და ბოლოს არჩევანიც გავაკეთე – მოვემზადე სამხატვრო აკადემიისთვის, ოცნება ავიხდინე, გავხდი სტუდენტი. ხელოვნების ტაძარში მასწავლიდნენ ცნობილი ქართველი ფერმწერები: ვ. ჯაფარიძე, ე. კაკაბაძე, გ. ყანდარელი, დ. ხახუტაიშვილი, თ. ჯაფარიძე და სხვები. ძვირფასი წლები იყო.
– არაერთი გამოფენის მონაწილე ხართ, პერსონალური გამოფენებიც გაგიმართავთ, სად შეძელით თქვენი შემოქმედების უკეთ წარმოჩენა?
– მამა – ფრიდონ ხალვაში დიდი ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს ნამუშევრებს და თავის აზრს მეუბნებოდა, რჩევებსაც მაძლევდა. ერთი ასეთი იყო: “შენ უნდა ხატო ჩვენი აჭარა, ჩვენი ულამაზესი ბუნება, ადამიანები, აქ იქნები ყველაზე გულწრფელი, მართალი და ვალმოხდილი ჩვენი კუთხის წინაშე”. ასეც მოხდა. განსაკუთრებით დედაქალაქში ჩემს გამოფენებზე გამომქონდა აჭარის, ბათუმის ზღვის ამსახველი სურათები, ამას აღნიშნავდნენ კიდეც მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები, „ მზიას სურათებში ჩვენი აჭარის სუნთქვა ისმის“,- ამბობდა მხატვარი დიმიტრი ერისთავი. არ დამავიწყდება 2009 წელს ი. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამართული ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც ფრიდონმა კოლეგები და მეგობრები მოიწვია – ნახეთ ჩვენი აჭარის სურათებიო. ბევრმა მათგანმა შთაბეჭდილებათა წიგნში ძვირფასი ჩანაწერი დამიტოვა. 2017 წელს ბათუმის ხელოვნების გალერეაში გამოვფინე თითქმის ყველა ნამუშევარი. ” დიალოგი ბუნებასთან” – ასე დავარქვი ექსპოზიციას. უკეთესი ვერ მოვიფიქრე. მართლაც, მთელი ცხოვრება ვეძებ თითქოს ახალს, ვიხსენებ ძველსაც, ვესაუბრები ჩემს სურათებს, ბევრი მომწონს, ზოგი – აღარ. . . მთავარია, რომ გავბედე შევჭიდებოდი ამ რთულ პროფესიას. და მაინც, ესა ვარ, რაცა ვარ – ” თვით ბუნებაა ჩემი ბუნება”.
-თქვენ მუშაობთ ფერწერაში, გრაფიკაში და გამოყენებით ხელოვნებაში. უპირატესობას რომელს ანიჭებთ, სად შეძელით უკეთ თვითრეალიზაცია?
– ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ. ჩემს პროფესიაშიც მინდოდა ყველა ჟანრი მომესინჯა. პირველი სერიოზული ნამუშევარი იყო გობელენი “აჭარელი ბერიკაცები”, რომელიც საკავშირო გამოფენაზე მოსკოვში, დიდ გალერეაში გამოიფინა. შეიძინეს და დაიტოვეს კოლექციაში. აქედან დაიწყო ჩემი პატარა აღიარება. ქსოვა დიდ დროს და ენერგიას მოითხოვდა, მე კი სულსწრაფი ვყოფილვარ, მინდოდა მოვარდნილი შთაბეჭდილება უცებვე დამეფიქსირებინა ტილოზე. ამიტომაც ვარჩიე ფერწერა, ჩემი განწყობა თუ ემოციები არ მინდა დამისხლტდეს და მალევე ვიწყებ ჩანაფიქრის მოხაზვას, ფერებით დაფარვას და მერე მშვიდად დაზუსტებას, ზედმეტი შტრიხებისა და კონტურების გარეშე.
– თქვენი შთაგონების წყარო. . .
-დრო, ცხოვრება და შემოქმედებითობა. . . მე ავირჩიე ჩემი სამყარო, თავისუფალი ვარ ყოვლგვარი მანერიზმისა და ზედაპირულობისაგან, ვცდილობ გამოვხატო ჩემი განწყობა გამჭვირვალე, მსუბუქი, იმპრესიონისტული ფერებით და მნახველს შევუქმნა რეალობის, მშვენიერების განცდა. სწორედ ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი მისიაც – ვიყო გულწრფელი, ბოლომდე მართალი საკუთარ თავთანაც და დამთვალიერებელთანაც, არავის ვგავდე. ჩემი მხატვრული სამყარო ჩემი ყოველდღიურობიდან, ბავშვობის მოგონებებიდან და შინაგანი ხმების ძიებით იკრებს ძალებს და მოქმედებს. მიუხედავად სოლიდური ასაკისა, ვარ ოპტიმისტი და ხანდახან მეოცნებეც. . . ოცნება მჭირდება, მის გარეშე ვერ დავხატავდი. . .
– თქვენი ოჯახი განსაკუთრებულია – ხელოვანთა ოჯახი… იყო ფრიდონ ხალვაშის შვილი, გვანცა თურმანიძის დედა, ზაზა ხალვაშის და – ეს წყალობაცაა და პასუხისმგებლობაც. . .
– დიახ, მე დავიბადე ცნობილი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის ოჯახში. ეს მართლაც, ღვთის წყალობაა. ადრეულ სასკოლო ასაკში დავიწყე მისი ლექსების კითხვა და სწავლა. მოგვიანებით დავიწყე გაცნობიერება, ვისი შვილები ვიყავით. მოკრძალებას და პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. უნდა ვყოფილიყავით გამორჩეულები და საუკეთესოები. ეს კი რთულია თვისთავად. მე უკვე არჩეული მქონდა პროფესია, ჩემი და მერიც ძალიან კარგი მოსწავლე იყო, ზაზა კი ნიჭით, მართლაც, იმთავითვე გამორჩეული გახლდათ. . . მამა ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ჩვენს მიმართ. ფრიდონის მოქალაქეობრივი ღირსება, მისი ცნობადობა, რა თქმა უნდა, დადებით გავლენებს ახდენდა ჩვენს სულიერებაზე, ცნობიერებაზე. . . ზაზამ კინოხელოვნება აირჩია, მე – მხატვრობა, ჩემი ქალიშვილი გვანცა წარმატებული მხატვარია, ვაჟიშვილი კინოხელოვანია. ცხადია, ეს ყველაფერი დიდი პასუხისმგებლობაა.
– თქვენი ფერწერული ტილოების შთაგონების წყარო მშობლიური ადგილებია, კიდევ?
– განუწყვეტელია ჩემი ბავშვობის ადგილების მოგონებები, შთაბეჭდილებები – ძლიერი ინსპირაცია ფერწერისთვის. პეიზაჟების გარდა შემისრულებია ცნობილი ადამიანების, ახლობლების პორტრეტები… მაგალითად: ანა კალანდაძის, რომელიც ნატურიდან ვხატე ჩემს სახელოსნოში, სურათზე დამიტოვა მინაწერი : ” შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო”, მიხეილ ქვლივიძის პორტრეტიც ნატურიდან შევქმენი, მანაც ტილოზე თავისი ლექსების სტროფები დაწერა, ჩემი დახატული ფრიდონის პორტრეტი ხელოვნების მუზეუმში ინახება, ჩემი უსაყვარლესი დედის პორტრეტიც შევასრულე. . . და სხვა მრავალი. მქონდა ასეთი – პორტრეტების პერიოდი.
– არაერთი ჯილდო გაქვთ მიღებული. საერთოდ, როგორ აღიქვამთ ჯილდოს და თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი ჯილდო?
– არასოდეს მიფიქრია ტიტულებზე, პრივილეგიებზე, ჯილდოებზე. ვსწავლობდი, ვშრომობდი, ვეძებდი სინათლეს, ფერებს, საკუთარ თავში – მამოძრავებელ ძალას. მინდოდა, მქონოდა ჩემი გამორჩეული ხელწერა, თავისთავადობა, ჩემი ხედვა, ჩემი სამყარო – ჩემივე შექმნილი. ვფიქრობ, მოვახერხე ეს ინტენსიური მუშაობით თუ უნარებით. წარმატება შემთხვევით არ მოდის. ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემს გამოფენებზე აღნიშნავდნენ ხელოვნებათმცოდნეები : ” მხატვრის ხელოვნება მრავალმხრივი და ორიგინალურია, სავსე თვითმყოფადობით, მარადიულობის რწმენით გაჯერებული”, ” მზია ხალვაში მოაზროვნე, პოეტური სულის მხატვარია”. . . . აი, ასეთი შეფასება არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და წარმატება.
-თქვენ და პანდემია… როგორც ვიცი, ვერ შეგაშინათ, რა შექმენით ამ პერიოდში?
– დიახ, მქონდა სოციალურ ქსელში პოსტი, რომელშიც ჩემი განწყობა გამოვხატაე ამასთან დაკავშირებით. ოპტიმისტურ ნოტაზე შევუტიე პანდემიას, შევასრულე ფერადი სურათები და ვაჩვენე ნაცნობ-მეგობრებს. მომიწონეს ჩანაფიქრი. მძიმე ამბებით გადაღლილები ცოტათი გახალისდნენ ჩემი პატარა ონლაინგამოფენით. ხელოვნება ხომ კურნავს სულს!
– ციფრული რევოლუცია, ტექნიკური პროგრესი რა ცვლილებებს იწვევს და როგორ აისახება ხელოვნებაში?
– ტექნიკური რევოლუციები, რა თქმა უნდა, ცვლის და შეცვალა ბევრი რამ, მოიტანა ახალი ტექნიკური ხერხები, სიახლეები, მიდგომები და ფორმები. ვხედავთ ახალ ნამუშევრებს, რომლებიც სრულიად სცილდება ტრადიციულ, დამკვიდრებულ ფორმებს, მათში ჩანს კომპიუტერული, ტექნოლოგიური მიღწევები. ამასაც თავისებურ, ახალი ეპოქის ხელოვნებას დაარქმევენ, იგი დაამსხვრევს ჩვენი თაობის წარმოდგენებს, შეიცვლება თვით ადამიანიც, მისი დამოკიდებულება ბუნებასთან. . . მაგრამ ადამიანის ბუნებრიობა, უშუალობა თუ თავისუფლების სურვილი მაინც ვერ მოკვდება. ვფიქრობ, მას მოენატრება წარსული თავისი მშვენიერებით და დიდებულებით. ჩვენი ნიჭიერი და მრავალმხრივ განათლებული საზოგადოება, ახალგაზრდობა არ დაუშვებს, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა წალეკოს ჩვენი ისტორია, წარსული, ჩვენი უძვირფასესი ფოლკლორი, ხელოვნება თუ პოეზია.
– ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს როცა სტუმრობთ, იმ დღეებიდან, ერთი – გამორჩეული მოიგონეთ.
– ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი მის სიცოცხლეშივე დაფუძნდა მშობლიურ სოფელში. ძალიან უხაროდა და ხალისობდა. მეგობრები, კოლეგები ჩამოდიოდენენ საქართველოს ყველა კუთხიდან, უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ ლექსებს, ნაწარმოებებს, აკეთებდნენ თავის ჩანაწერებს ფიცრული სახლის კედლებზე, წიგნებზე: რეზო ჭეიშვილი, ოტია იოსელიანი, ე. კვიტაიშვილი, თამაზ ჩხენკელი, გიორგი გიგაური, დ. თედორაძე, ვ. ღლონტი, რ. სურმანიძე და სხვა მრავალი. დაწესდა “ფრიდონობა” – ყოველ 17 მაისს. ეს ტრადიციად იქცა და გრძელდება. მთელი ოჯახი ვესწრებით, ყოველი დღე ძვირფასი და მარადიულია ჩვენთვის. ჩვენი ზაზაც 17 მაისს დაიბადა. სამწუხაროდ, ” ფრიდონობას”, მეორე წელია, ზაზას გახსენების დღე დაემატა. ზაზა ძალიან დაგვაკლდა. ადრე გამოგვეცალა დიდი კინოხელოვანი, რეჟისორი. . .
– როგორ ფერებში ვხედავთ ჩვენ ერთმანეთს, როგორი გსურთ იხილოთ მომავალი?
– ფერები, რაც ბუნებაშია, ბუნებრივია, ოღონდ გააჩნია, ვინ როგორ ხედავს. ფერმწერები ხედავენ ათასობით ფერს, ხატვის დროს სასწაულებს ახდენენ – ფერებით წერენ, რასაც ხედავენ, ასევ, რასაც გრძნობენ, თუმცა არ ჩანს ჩვეულებრივი თვალით. ფერმწერი აზროვნებს ფერებით და ამეტყველებს ტილოზე ჩანაფიქრს, მუსიკოსები – კომპოზიტორებიც ძალზე ემოციურად აღიქვამენ ფერებს, ჰარმონიისთვის, მელოდიურობისთვის, რიტმისთვისაც თუ განწყობისთვის – ამათ გარეშე ვერ შეიქმნება ვერც პოეზია, ნახატი თუ ხელოვნების სხვა ნაწარმოები. ყველაფერს აქვს თავისი ფერი, თვით დასასრულსაც აქვს თავისი ფერი. სამყარო, სიცოცხლე უსასრულოა, მრავალფეროვანი. ჩვენ ყველას საკუთარი სამყაროები გვაქვს, ე. ი. ჩვენი ფერებიც. ფერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ბედნიერი ვარ ჩემი მხატვრობით… შევძელი, როგორც შევძელი, შემექმნა ტილოები: ” ცისფერი მოგონება”, ” ნარინჯისფერი თაიგული “, ” მწვანე ზღვა მზის ჩასვლისას”, ” ლურჯი პორტრეტები “, ” ნაცრისფერი ზღვა წვიმის შემდეგ” და სხვა.
– ბათუმი, თქვენი მშობლიური ქალაქი, ახლა როგორ მოჩანს თქვენს თვალსაწიერზე, როგორი გსურთ იხილოთ მომავალში?
– ბათუმი ულამაზესი, პატარა პოეტური ქალაქი იყო, მის ძველ ქუჩებში მიყვარდა ფეხით სიარული ზღვის სანაპიროზე, მშვიდად, აუჩქარებლად. ვაკეთებდი ჩანახატებს. ზღვა, სეინერები ჩემი საყვარელი სიუჟეტებია დღესაც. სამწუხაროდ, ბოლო წლებში სულ შეიცვალა სანაპირო, ჩაშენდა ბეტონის მაღალსართულიანი შენობები, დაირღვა სიმშვიდე, ახმაურდა, გადაიტვირთა უაზრო ნაგებობებით. ერთი სიტყვით, ბათუმი ის ბათუმი აღარ არის, ჩემს თაობას რომ მოგვწონდა და გვიყვარდა. . . ახლა ჩემს საყვარელ ქუჩებს თუ ადგილებს ვეძებ და ვერ ვპოულობ. . . ვთხოვ ქალაქის მესვეურებს, იფიქრონ ამაზე და შეწყვიტონ ბათუმის დამახინჯება.
– და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა მხატვარებს?
– ახალგაზრდა მხატვრებს, უპირველესად, ვურჩევდი ხატვის და ფერწერის შემწავლას ძირეულად, ყველა სასწავლო პროგრამის, “სკოლის” მიხედვით, ბუნების კარგად შეცნობას, ფერისა და ფორმების გამოყენებას, მათი საშუალებით უმშვენიერესი ბუნების ასახვის ოსტატობას. მართალი, გულწრფელი ხელოვნება ყველა დროში ფასდებოდა და მუდამ დაფასდება. ბოლოს დავსძენდი: ყოველი ახალი სურათი ახალი აღმოჩენაა ჩემთვის, ახალი მონასმი – ახალი განწყობა და იმედი… და ასე – ყველაფერი ჩემი სულის ნაწილია. სურათებთან ერთად ვცოცხლობ და ჩვენ ერთად მოვდივართ თქვენამდე…