„მეცნიერულ დასკვნებს ერისა და ქვეყნის ინტერესები უნდა ესადაგებოდეს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ბუნებრივი კატასტროფები, ეროზიული პროცესები, მეწყერი, თოვლისა და კლდეების ზვავები, წყალმოვარდნები აჭარის მთიანეთის პრობლემებად კვლავ რჩება. ცნობილი მეცნიერები გივი გავარდაშვილი, რობერტ (რომანოზ) დიაკონიძე, ევგენია შენგელია, გოგა ჩახაია, ლევან წულუკიძე, ზურაბ ვარაზაშვილი, თამრიკო სუპატაშვილი, ბელა დიაკონიძე პროგნოზირებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობენ. „აჭარის“ სტუმარია გეოგრაფიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი რობერტ (რომანოზ) დიაკონიძე.
-სამეცნიერო დაწესებულებებში, სხვა სამსახურებში 53-წლიანი მუშაობა, უცხოეთში მივლინებები, ახლაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობა და არასამთავრობო საერთაშორისო კავშირის (ასკ) „უნიკალური კავკასიის“ ხელმძღვანელობა საფუძველს მაძლევს, ვიყო ბუნებრივი კატასტროფების, ეროზიული პროცესებისა და სტიქიური მოვლენების კვლევის სათავეებთან. მეცნიერს ისეთ გამოცდილ, საქმისმცოდნე და ერუდირებულ პიროვნებასთან ერთად რომ გიწევს მუშაობა, როგორიც ბატონი გივი გავარდაშვილია, მრავლის მიღწევას შეძლებ.
– გვესაუბრეთ ამ მიღწევებზე. . .
– საქართველოს ყველა რეგიონი ქვეითად, ცხენით, ტრანსპორტით მოვლილი მაქვს. 40 წელზე მეტია, გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემებზე ვმუშაობ. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ვარ. 75 წელს გადაცილებულმა შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოსა და საქართველოს წამყვან მეცნიერებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განვითარებაში. ჩემი საქმიანობა მრავალმხრივი და პრაქტიკულია. ჩვენმა დასკვნებმა, წინასწარმა პროგნოზებმა ქვეყნის ცალკეული რეგიონები ადამიანთა მსხვერპლისაგან იხსნა. რომ არა პრევენციული ღონისძიებები სვანეთში, აჭარის მთიანეთში, საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონებში, ბუნებრივი კატასტროფები მეტ ზარალს დატოვებდა. სამნახევარი წელი საზღვარგარეთ, კერძოდ, კუნძულ კუბაზე ვიმუშავე. დასკვნა ერთია: ბუნებრივი სტიქიებით გამოწვეული ნეგატიური პრობლემები მსოფლიოს მოსახლეობას სიმშვიდეს არ აძლევს. სადაც მთა, თოვლი, ეროზიული პროცესები არაა, იქ ტაიფუნები, მიწისძვრები, კლიმატის ცვლილებები იჩენს თავს. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს არ მავიწყდება გერგეთში გატარებული ერთი ზაფხული და მყინვარწვერზე დაკვირვებები. მე იმ მოსაზრებაზე ვარ, რომ ბუნება ადამიანების ზედმეტ ჩარევას, ზოგჯერ არამიზნობრივ დასკვნებს ვერ იტანს. ბუნება ჩვენ გვმართავს, მისი შვილები ვართ. მქონდა პატივი ისეთ სახელოვან მეცნიერთან ურთიერთობისა, როგორიც აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იყო. იგი 50-60 წლის წინ გვაფრთხილებდა, ზომიერება დაგვეცვა ტყის რესურსების მოხმარებისას. სამთო კურორტები ბახმარო, ბეშუმი, აბასთუმანი მნიშვნელობას კარგავს, თუ მათ შემოგარენს მოშიშვლებულ ფერდობად ვაქცევთ. ნახევარი საუკუნეა ვაკვირდები, თუ როგორ იწევს დაბლა ტყის მასივების ზოლი კურორტ გოდერძის მიმდებარე ტერიტორიებზე. აჭარა-გურიის, მესხეთის ქედებზე გაუვალი კორომების ნაცვლად მოშიშვლებული ტერიტორიები შემოგვრჩა. აჭარისწყალს, ქვაბლიანს, გუბაზოულს, ჭვანისწყალს, კინტრიშს მილიონობით კუბური მეტრი ნატანი მოაქვს. მდინარე ჭოროხის გადაკეტვამ, ნატანის შემოდინების შეწყვეტამ შავი ზღვა ააბობოქრა და ნაპირს იტაცებს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. 1989 წლის 19 აპრილს, 1998 წლის 18 აპრილს, 2015 წლის ივლის-აგვისტოში სხალთის, ვაშლოვანის, მერისის, უჩამბის ტერიტორიებზე განვითარებული მეწყრული პროცესები, წყალმოვარდნები, ადამიანების მსხვერპლი იმ უნიათო დამოკიდებულების შედეგია, რასაც ბუნების მიმართ ვიჩენთ. სოლგომანის მთაში საავტომობილო გზის გაყვანისა და აფეთქების შედეგად ტბა რომ გაქრა, არავინ დაფიქრებულა, ან კიდევ, სოფელ ტბეთის თავზე არსებული ტბა რომ აღარაა, ეს გამოძახილს ჰპოვებს. ერთ დროს შეგუბებული, შემდეგ გამქრალი წყალი ისევ გამოხეთქავს. დაგუბებულმა წყალმა დააზარალა ივლის-აგვისტოში მერისი და უჩამბა.
– აჭარის მთიანეთში თქვენი მივლინება რა მიზანს ემსახურება?
– ჩემთვის კარგადაა ცნობილი სხალთისა და მარეთის ხეობების სოფლები, იქ განვითარებული ბუნებრივი კატასტროფები. წლებია ვაკვირდები, როგორ იშლება ხიხანის ციხის შემოგარენში არსებული ბუნებრივი ქანები. 1989 წლის 19 აპრილს 1996 წლის ზაფხულში განვითარებული სტიქიური პროცესები მოჰყვა. ახლა ორივე ხეობაში „შუახევიჰესის“ სათავე ნაგებობებია. პრევენციული ღონისძიებების გატარება გვმართებს, რომ უნიკალური ნაშენები შევინარჩუნოთ. სოფელ მოფრინეთში (შუახევის რაიონი) გახლდით. ჩანაწერების, ფოტომასალების საფუძველზე მომზადდება დასკვნა, რომ ადამიანების ზეგავლენა შეიზღუდოს გარემოზე. ის მეწყრული პროცესები, რომლებიც ქვაბთის ხევში, მდინარე ტებითისწყლის მარცხენა (გუდნა, ცინარეთი, კვირიაული) და მარჯვენა (გორახევი) ნაპირების გასწვრივ წარმოიქმნება, აღარ გამძაფრდეს. კარგი იქნება, ტბეთისწყლის მარცხენა ფერდობზე გამოტარებული დაბაძველის, ბესელაშვილების, ოქროპილაურის სარწყავი არხები ლითონის ან მაღალი წნევის გოფრირებულ მილებში მოექცეოდეს. ეს სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია, რამაც ქანების ჩამოშლა მეტნაკლებად შეაჩერა.
– მეცნიერული დასკვნა ერთია, მისი პრაქტიკაში დანერგვა დიდ შრომას, თანხებს ითხოვს. . .
– სადაც მოგვისმინეს, შედეგიც სახეზეა. ნამახვანჰესის მშენებლობაზე ჩვენი საფუძვლიანი დასკვნები არსებობს, მაგრამ მშენებელმა და მათმა შვილობილმა კომპანიებმა დასკვნების მიღმა დაიწყეს მოქმედება. ქართული მიწების, თუნდაც მნიშვნელოვან პროექტებზე დაყრდნობით, გასხვისება არავის ეპატიება. ჰესი მომავალში ქვეყანას სარგებელს მოუტანს, მაგრამ სხვის ხელში ჩაგდებული ქართული მიწები ერის ინტერესებს, ქართულ სახელმწიფოებრიობას განაჩენს გამოუტანს. მეცნიერულ დასკვნებს ერისა და ქვეყნის ინტერესები უნდა ესადაგებოდეს. ჩვენს წინაპრებს ასე რომ ემოქმედათ, სამშობლო საპნის ბუშტივით გაგვიქრებოდა.
– ხულოში გვაქვს სოფელი დიაკონიძეები, სადაც დიაკონიძის გვარის ერთი ოჯახიც არ ცხოვრობს. ვანში – იმერეთის შუაგულში დაბადებული ამ გვარს ატარებთ. საიდან სად?
– 2010 წელს ჩემი და დიაკონ ელიზბარ დიაკონიძის ავტორობით გამოიცა ბროშურა დიაკონიძეების გვარის წარმომავლობის შესახებ. დავეყრდენით ქართველი მეცნიერების მოსაზრებებს, გამოვიყენეთ ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევები, გვარის უხუცესთა მონათხრობი, კონსულტაციები მივიღეთ სხალთელი მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონისაგან, ასევე ქართული გვარ-სახელების ცნობილ მკვლევარს, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძესაც თავისი მოსაზრებების გაზიარება ვთხოვეთ. ბროშურის გამოცემის შემდეგ ისიც მოვიკვლიეთ, რომ ჩვენი შორეული წინაპრის ნათესავები ხულოში, დიაკონიძეებში მოსახლე სოლომონიძეები არიან. სოფელ დიაკონიძეების ძველი სახელწოდება არაა ცნობილი. ადგილობრივ მცხოვრებთა და საეკლესიო პირთა გადმოცემით, დიდაჭარაში თარანგელოს გორზე დადგმული ტაძრის პირველი ღვთისმსახურები (დიაკვნები) წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის კურთხევით, დიაკონიძეების მკვიდრები იყვნენ. დიაკონიძეების გვარი ეკლესიის მსახურთა წოდებისგან არის წარმოქმნილი. ჩემი წინაპრების საძვალე დიაკონიძეები რომ იყო, ამას პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძეც წიგნში „რა გქვია შენ?“ ადასტურებს. ჩემი ამჟამინდელი მივლინება აჭარის მთიანეთში უდიდეს საუფლო დღესასწაულს მარიამობას დაემთხვა. სასიხარულოა, რომ აჭარა ცეცხლითა და მახვილით წართმეულ ქრისტიანულ სარწმუნოებას იბრუნებს. მეც მექნება პატივი, მარიამობაზე რომელიმე ტაძარში მოვილოცო.
– საქართველოში დიაკონიძეები 900-ს აღემატებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II თქვენი გვარი დალოცა. . .
– 2009 წლის 4 ოქტომბერი ჩვენი გვარისთვის საამაყო დღეა. ქრისტეშობიდან მოყოლებული, დიაკონიძეები უფლის სამსახურში იყვნენ. გვარის დალოცვის დღის აღსანიშნავად დაიწერა დიაკონიძეების საგვარეულოს სამთავისის წმინდა ღვთისმშობლის ხატი. მისი ინიციატორი სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანი მამა ელიზბარი გახლდათ. მან ხატი, დიაკონიძეების საგვარეულოს სახელით პატრიარქს უსახსოვრა.
– დიაკონიძეებთან, დიდაჭარასთან დაკავშირებით მრავალი რამ გექნებათ გასახსენებელი. . .
– სოფელ დიდაჭარაში, თარანგელოს გორზე ფეხი რომ შევდგი, განსაკუთრებული განცდა დამეუფლა. წინაპრების სულები მამხნევებდნენ, ენერგიას მმატებდნენ. შორს არაა ის დღე, როცა დიდაჭარაშიც ტაძარი აშენდება.
– საქართველოს უძველეს კუთხეში რა გახარებთ ყველაზე მეტად?
– მოფრინეთში ყოფნისას მეგზურებმა ცინარეთის ციხის ქიმზე აღმართული ჯვარი მაჩვენეს. ჯვარი დამხვდა სამოლეთში, წაბლანაში ნათლისმცემლის გორზე. ტოპონიმ უჩამბის ისტორიას ჩავუღრმავდი, იგი სამებასთან კავშირში ყოფილა. მიამბეს ლაკლაკეთის ჭედური ხატის შესახებ. მოვილოცეთ დაბა შუახევში მშენებარე ტაძართან. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II, სხალთელი მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ტაძარი შენდება დაბა ქედაში. ხულოს სავიზიტო ბარათად მონათლეთ სამონასტრო კომპლექსი, ზესოფელში ბიზნესმენ გრიგოლ (ენრიკე) ბერიძის ქველმოქმედებით ტაძარი აშენდა. მოქმედ ტაძრებსა და სამლოცველოებში ღვთისმსახურებას ხულოში, შუახევში, ქედაში დაფრთიანებული მამაოები აღავლენენ. პატრიარქი ხშირად გვმოძღვრავს: წყლის ნაგუბარში წყალი ჩადგებაო. აჭარა ამის პრაქტიკული მაგალითია.
– ისევ პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდეთ. როდის იხილავს დღის სინათლეს ახლახან ჩატარებული კვლევები?
– რამდენიმე თვე დაგვჭირდება. წინასწარი ვარაუდით, საინტერესო ფოტოები, ჩანაწერები გადავიღეთ და გავაკეთეთ. სპეციალური რუკების მოშველიებით ისინი დამუშავდება და დასკვნები, პროგნოზები, რეკომენდაციები წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წარედგინება.

