ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები – ბათუმში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
დღეიდან ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან. იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი მთავრობის, ასევე ბათუმის მერიის მხარდაჭერით ამ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო და კლინიკების – რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად მოინახულებენ.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ისარგებლებენ. მათ აცრა ორი ვაქცინით – „ფაიზერითა“ და „სინოვაკით“ შეეძლებათ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
დღეიდან, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის“, ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობისა და ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიწყო. ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება. ახალი პროექტი ,,ავიცრათ ერთმანეთისთვის” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში გადაინაცვლებს.