პრობლემებს ერთად დავძლევთ
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
როსტომ ლორთქიფანიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მოფრინეთშია დაბადებული. დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. შრომითი საქმიანობა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. შემდეგ სამუშაოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, ხოლო მიმდინარე წლის ივლისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანოებში თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში. მისი ხედვა, პოლიტიკური შეფასებები ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის საინტერესო იქნება.
– ბატონ როსტომ, მოფრინეთში სამი გვარის შთამომავლები სახლობთ. ლორთქიფანიძეებს დიდი წარსული და საინტერესო დღევანდელობა გაქვთ. ეს მომავალზე როგორ აისახება?
– ჩემი გვარის ღირსეული წარმომადგენელი ზექერია ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული აჭარაში ენერგეტიკის პირველი პირმშოს – აწჰესის მშენებლობა, სხვა გარდაქმნები. სამწუხაროდ, იგი რეპრესიებს ემსხვერპლა. მის შთამომავლობას ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა არ შეუწყვეტია. ბაბუაჩემი უჩამბის თემსა და შუახევის რაიონში ცნობილი ოსტატი იყო. მამა გენადი ლორთქიფანიძე პოლიციის მაღალი ჩინის ოფიცერია, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი უჭირავს. დედა ნინო ფევაძე ხელოვანის ოჯახშია გაზრდილი. წლებია უჩამბის საშუალო სკოლის ისტორიის სერტიფიცირებული მასწავლებელია. ის გარემო, სადაც დღემდე ცხოვრება და საქმიანობა მიხდება, სტიმულს მაძლევს, ვიყო იმ წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სადაც თავის დროზე დედა პროპორციული სიით იყო არჩეული.
– უჩამბის თემი გეოგრაფიულად, ამომრჩეველთა სიმრავლითაც გამორჩეულია. მარტო წინაპრებისა და წარმატებული მშობლების იმედით არ აპირებთ ალბათ ფონს გასვლას?
– საზოგადოებაში რომ ხარ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ან არჩევით ორგანოში მუშაობისთვისაც მზად უნდა იყო. რა თქმა უნდა, ვერც მშობლების ავტორიტეტი და ვერც ღირსეული წინაპრების სახელი ვერ იქნება ამ საკითხში გადამწყვეტი. საკუთარი ავტორიტეტი, მიზანსწრაფვაა მთავარი. საკუთარი თავის იმედით დღემდე მოვედი და ასე იქნება მომავალშიც.
– თუ გადავხედავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, პროპორციული სიის პირველი ათეულს, მელანო ებრალიძის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ხართ. ამ ასაკში ასეთი ნდობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.
– ჩემი მიზანია, გავაგრძელო ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც უჩამბის თემის 6 სოფელსა და დასახლებულ უბნებშია დაწყებული. ვგულისხმობ ტბეთის, წაბლანისა და ჯაბნიძეების ცენტრების კეთილმოწყობას. ეს პროცესი ცინარეთში, ლაკლაკეთში, გოგაძეებში უნდა გადავიდეს. სამოლეთსა და მოფრინეთს ერთი ცენტრი ექნება, სადაც ამ ეტაპზე ყველაზე სავალალო მდგომარეობაა. უსახურია პირველადი ჯანდაცვის ცენტრისა და „სოფლის სახლის“ შენობა-ნაგებობები, რომლებიც ყოველგვარი გათვლისა და ადგილობრივ პირობებთან შეუსაბამოდ აიგო. სადღეისო მოთხოვნებს ვერ პასუხობს საჯარო სკოლის გარე ფასადი. არადა, რამდენიმე წლის წინ ხანძარმა სკოლის შენობა შეიწირა და მის რეაბილიტაციას დიდი თანხები მოხმარდა. კარგია, რომ აქ გვაქვს საგანმანათლებლო კერა, რომელმაც 1949 წელს შუახევის რაიონში საშუალო სკოლის სტატუსი პირველმა მიიღო. პედაგოგებს, საზოგადოების ღირსეული ნაწილს, მის კედლებში აღზრდილებს სურდათ, ამ სკოლის დაარსების 60, ან 70 წლის იუბილეები ღირსეულად აღგვენიშნა, მაგრამ ამისთვის ზოგიერთებმა ვერ მოიცალეს, სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. უჩამბის თემში 5 საჯარო სკოლაა. ყველა მათგანი თავისი ისტორიით მოდის. ჩემი არჩევის შემთხვევაში, თითოეულ სკოლას, მომუშავე პედაგოგს ჩვენი მხარდაჭერა ექნება. კარგია, წარსულის სახელოვანი ისტორიის გამოხატულებაა, რომ თემის ტერიტორიაზეა ცინარეთის ციხე, ნათლისმცემლის, ქაშვეთის (კომაკეთის სერი) ეკლესიების ნანგრევები, გოგაძეების ტერიტორიაზე შემორჩენილია კლდის ქვაბები, სადაც წინაპრები გუდნაში მოპოვებულ სპილენძს ადნობდნენ. უკვე მიკვლეულია ცინარეთში არსებული ეკლესიის ტერიტორია. თითოეული მათგანი ისტორიული ძეგლია, კულტურული მემკვიდრეობაა. მათი რესტავრაცია-კონსერვაცია უპირველესი და საშვილიშვილო საქმეა. ასევე, უცხოელმა და ადგილობრივმა ვიზიტიორმა უნდა იცოდეს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარე ჯვარის მინდორის, საყენდრიას მნიშვნელობა. ერთ დროს ხელაღებით გაუქმებული ბიბლიოთეკების აღდგენა ჭვანიდან დაიწყო, უჩამბა მეორე იყო. კულტურის ეს კერა უნდა გვქონდეს ჯაბნიძეებსა და სხვა სოფლებშიც. გზების, სარწყავი არხების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია კვლავ გაგრძელდება. მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებაა განსაზღვრული ცინარეთის 21-კილომეტრიანი სარწყავი არხის რეკონსტრუქციისთვის.
– საყენდრია, ჯვარის მინდორი მთა ღომაზე მდებარეობს. ერთხანს საუბრობდნენ მთა ღომას სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევაზე. იკარგება ის პროექტი თუ . . .
– მთა ღომა სამკურნალო თვისებებით, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეებით, მინერალურ-სამკურნალო წყლებით, ზღვისპირეთთან სიახლოვით გამორჩეული ტერიტორიაა. ის ორი მუნიციპალიტეტის – ქედისა და შუახევის გასაყარზეა. ზღვისპირეთიდან 80 კილომეტრის გავლით 2200 მეტრზე მაღლა ადიხარ, სადაც წელიწადის 7 თვეს თოვლია. ქვეყნის, რეგიონის პირველი პირების, ტურიზმის სააგენტოების იმედზე ვართ, რომ ღომა განვითარდეს. ეს წაადგება როგორც უჩამბის თემის, ისე მერისის ხეობის მოსახლეობას. როგორც კი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინეს, მთა ღომაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად გახლდით. ადგილობრივებს ბოლნელ მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემთან ერთად „ჯვარობა“ მივულოცეთ, თუმცა პანდემიის გამო ზეიმი არ ჩატარებულა. ახალგაზრდებმა სტადიონის გაკეთება ითხოვეს. არჩევის შემთხვევაში მცირე პრობლემებს ადგილობრივი ძალებით დავძლევთ. ამ მთაში მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება დაწყებულია.
– თქვენი მშობლიური მოფრინეთი ის სოფელია, სადაც მეჩეთი და მედრესე არ მოქმედებს, აქაური ახალგაზრდობა ეკლესიის აშენებას ითხოვს. ამ თემაზე რა ინფორმაცია გაქვთ?
– სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს მოსახლეობასთან, უჩამბის საჯარო სკოლის პედაგოგებთან ამ თემაზე შეხვედრა ჰქონდა. კონცხეთში სკოლასა და ბაღს შორის არსებული ტერიტორია საუკეთესოა ეკლესიისთვის, მრევლიც იქნება. ის დღე კარგად მახსოვს, როცა ბოლნელი და სხალთელი მთავარეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით, უჩამბის ცენტრში ჯვარი აღიმართა და საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. მრავალ მონათლულთა შორის 90 წელს მიტანებული გიორგი (ოსმან) ბერიძე, თეიმურაზ ბერიძე და მისი მეუღლე ეთერ ზოსიძეც იყვნენ. მართლმადიდებლობას ეზიარნენ. თუ საპატრიარქოს, ეპარქიის საჭეთმპყრობლების ნება იქნება, ჩვენგან მხარდაჭერა არ მოაკლდებათ. ჩემი სუბიექტური შეფასებით, უჩამბა (სამება) და იქაური მკვიდრნი ეკლესიის აგებას იმსახურებენ.
– ამომრჩეველთა შორის, ცხადია, სხვა აღმსარებლობის მიმდევრებიც არიან.
– ყველგან და ყველაფერში ტოლერანტობა გვმართებს. ჯაბნიძეებში, გოგაძეებში, ტბეთში, წაბლანაში, ცინარეთში მეჩეთები მოქმედებს. წაბლანის მეჩეთის იმამი იყო ზექერია ველიაძე. მისი ქალ-ვაჟი ქეთევანი და შალვა მართლმადიდებლები არიან. შალვა სტიქაროსანიცაა. ცინარეთის, წაბლანის, ტბეთის ცენტრებში ჯვრებია აღმართული. საყოველთაო ნათლობები იყო ცინარეთში, ტბეთში, წაბლანაში. „ტბეთობა“ (სახალხო დღესასწაული) ქრისტიანი და მუსლიმანი ადამიანების ერთად ყოფნის დემონსტრირებაა. იგი 28 აგვისტოს, მარიამობისას იმართება. წელს პანდემიის გამო არც ეს ზეიმი ჩატარებულა. ანალოგიური დღესასწაული გოგაძეებშიც წამოიწყეს, თანაც იმ დღეს, როცა წმინდისერის ქიმზე, აქაურების ინიციატივით, სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, ჯვარი აღიმართა. ქრისტიანულ და მუსლიმურ რიტუალებს შეზღუდვა ან დაპირისპირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. თუ ამომრჩევლის ნდობა მექნება, ორივე აღმსარებლობის მიმდევართა პრობლემებს ხელისუფლების თანადგომით დავძლევ.
– წარდგენა ზამლეთში შედგა. მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ამომრჩევლებს ხვდებით. წინასწარი პროგნოზი როგორია?
– მდინარეში შესვლამდე ფონი უნდა მოძებნო. გადალახვა რთულია თუ მარტივი, დასკვნა ფონს გასვლის შემდეგ უნდა გააკეთო, თუმცა ისიც ნათელია, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა მმართველი პარტიის კურსს იწონებს.