არჩევნების მოლოდინში – რა პოლიტიკური რეალობა დადგება არჩევნების შემდეგ?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიები დაპირებებს ვერ ან არ ასრულებდნენ. ამის მიზეზი არა მარტო რუსული აგრესია, არამედ თავად ქართული პოლიტიკური სპექტრის მიამიტობა და რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმიც იყო. ჩვენი ამომრჩეველი პარტიებისგან არა უხვ დაპირებებს, არამედ რეალურ საქმეებს ელის ქვეყნის აღმშენებლობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ ერთი, ოპოზიციამ მას რეფერენდუმის სტატუსი მიანიჭა, მეორე – ადრინდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ეს მრავალპოლუსიანი იქნება, რასაც ცხადყოფს სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვა და რაც მთავარია, დასავლეთი გამადიდებელი მინით დააკვირდება ამ არჩევნებს. თუ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა, დასავლეთისგან სანქციები არ აგვცდება. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ექსპერტები და ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს არჩევნებიც ისევე, როგორც სხვები – ამ 9 წლის განმავლობაში, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ამაში ოპოზიციას ეჭვი ღრმად ეპარება და ხელისუფლებას, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ეროვნულ დაუმორჩილებლობას ჰპირდება. მოკლედ, საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მატულობს. ხუმრობა ხომ არ არის – თუ ხელისუფლება ვერ გადალახავს დათქმულ 43 პროცენტს (მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა ძალამ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება მოახდინა) და არ ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს, მაშინ ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ხოლო თუ ოპოზიცია ჯამში ვერ შეძლებს ხმების 57 პროცენტის აღებას, ეს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის (გამონაკლისი გახარიას პარტიაა, რადგან ახალია) დემორალიზებას გამოიწვევს, რასაც გარკვეულწილად აცნობიერებენ ოპოზიციის ლიდერები. ბათუმსა და რუსთავში საერთო ოპოზიციურ მერობის კანდიდატზე შეთანხმება და თბილისში სამი გამოკვეთილი ლიდერის ( კალაძე, მელია, გახარია) ურთიერთშერკინება, სწორედ, ზემოთქმულს ცხადყოფს, ანუ საარჩევნო ბრძოლა იქნება დაუნდობელი და შეუპოვარი.
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია. როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციის ნაწილი საკრებულოებში საკუთარი მანდატების მოპოვებისკენ მიილტვის, ამ მხრივ ურთიერთბრალდებები და შეურაცხყოფა ყოფილ თანაგუნდელებს შორის თვალშისაცემი ხდება. კრიტიკის განსაკუთრებული ობიექტია გიორგი გახარია, მით უფრო მას შემდეგ, რაც მან თავისი კანდიდატურა თბილისის მერობაზე დააყენა. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო მმართველი პარტიისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც. მაგალითად, ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თბილისში მეორე ტური აუცილებლად იქნება და შესაძლოა, მეორე ტურში კალაძე ვერც გადავიდეს. თავის მხრივ ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გახარია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და ის “ნაცმოძრაობის” თამაშს თამაშობს. რეალურად ვინ ვის დაკვეთას ასრულებს, ამას ალბათ ჯერ ვერ გავიგებთ, თუმცა როგორც თქმულა, არაფერია დამალული, რაც არ გაცხადდეს. ის კი ნათელია, რომ მოახლოებული არჩევნები მრავალპოლუსიანი იქნება. ეს განაპირობა მოსახლეობაში ახალი ძალის გამოჩენის სურვილმა, ასევე მმართველი პარტიისა და “ნაცმოძრაობის” ურთიერთდაპირისპირებამ, რაც გამოჩნდა თუნდაც სოციოლოგიურ გამოკითხვებში (“აირაი”), სადაც მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი ახალი, მესამე ძალის გამოჩენა-გააქტიურებას ელოდება და მიესალმება. ვინ შეიძლება მოგვევლინოს ამ ახალ ძალად, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს მმართველ პარტიასა და “ნაცმოძრაობას”? ამ მხრივ პრეტენზია რამდენიმე ძალას აქვს. ესენია: “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებლი” და გახარიას პარტია “საქართველოსთვის“. ვიდრე ამის შესახებ ვისაუბრებდეთ, მცირე ხნით ზემოთქმულს დავუბრუნდეთ: ყოველი არჩევნების მოახლოებისას იქმნებოდა ისეთი სურათი, რომ შესაძლებელი იყო მესამე, პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც არჩევნებში კონკურენციას გაუწევდა არსებულ და ყოფილ მმართველ გუნდებს. არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებმა ამ მხრივ მოლოდინი არ გაამართლა. მიზეზი საკმაოდ ბევრია, თუნდაც ის საშინაო და საგარეო ფაქტორები, რომელთა შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ცხადია, არც მმართველი გუნდი და არც მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაცმოძრაობა” არაა დაინტერესებული, რომ ქვეყანაში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მათ და ეს გასაგებიცაა, ამ მხრივ პროდასავლურმა ძალებმა ვერ შექმნეს მძლავრი, ახალი მიზიდულობის პოლიტიკური ძალა. პირიქით, ერთმანეთს დაერივნენ. პარლამენტის ბოიკოტი გახდა დაპირისპირების მიზეზი, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში. ოპოზიციური ამომრჩეველი დაიღალა ამ პარტიების ურთიერთდაპირისპირებით და ამიტომ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ოპოზიციის რეიტინგი დაეცა. თუმცა, მათივე თქმით, არც ხელისუფლებას აქვს საქმე კარგად, რისი მიზეზიც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, რასაც ემატება პანდემიის სავალალო შედეგები ქვეყნის მასშტაბით… როგორც მოგეხსენებათ ცარიელი ადგილი, მით უფრო პოლიტიკაში, არ რჩება. ვგულისხმობ მესამე ძალაზე პრეტენზიას. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მიმართებით ყველაზე კარგი პერსპექტივა გახარიას პარტიას აქვს. როგორც ვთქვით, “ლელო საქართველოსთვის” მოიაზრებოდა მესამე ძალად 20020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. კარგი პროგრამა ჰქონდათ, მაგრამ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ნაწილის მხრიდანაც “ლელოს” წინააღმდეგ აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ბანკირები (რასაც თავისი ახნა მოეძებნება) დიდად არ ეპიტნავებათ, ხაზარაძე კი ბანკის ხელმძღვანლად და მევახშედ ასოცირდება. საპარლამენტო არჩევნებშიც “ლელოს” მაჩვენებელი არასახარბიელო იყო. “სტრატეგია აღმაშენებელსაც” ჰქონდა პრეტენზია მესამე ძალაზე. ამ არჩევნებში ეს პარტია პლატფორმა “მესამე ძალად” წარსდგება, თუმცა მარტო სახელწოდება საკმარისი არ არის, მთავარია, რას სთავაზობს მოსახლეობას და მოიპოვებს თუ არა მის მხარდაჭერას. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გიორგი ვაშაძის პარტიას (“პლატფორმა მესამე ძალა”) საინტერესო პროგრამები და კონცეფცია აქვს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ამ ძალამ დადო წინა არჩევნებზე ის შედეგი, რაც სურდათ (სამი პროცენტი). თანაც ოპოზიციის ნაწილი (მაგალითად, შალვა ნათელაშვილი) მას ვანო ჩხარტიშვილთან ალიანსში სდებს ბრალს, რასაც კატეგორიულად უარყოფს გიორგი ვაშაძე.
როგორც ვთქვით, ახალი ძალაა გახარიას პარტია. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ გახარია არჩევნებზე არა მარტო მმართველი პარტიის ხმებს წაიღებს, არამედ ოპოზიციური ელექტორატის იმ ნაწილსაც მიიმხრობს, რომელსაც არც მმართველი პარტია მოსწონს და არც “ნაცმოძრაობა”. ისინი ახალ ძალაზე ამყარებენ იმედს.
ეს არჩევნები ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა რეალურად დამთავრდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოსახლეობის არჩევანი მრავალფეროვანია მისივე განწყობის, შეხედულებების თვალსაზრისით. ისინი უკვე არჩევანს მეტწილად ისეთ ძალაზე გააკეთებენ, რომელიც ერის გაერთიანებაზე იფიქრებს და არა დაყოფაზე. სწორედ ამ კუთხით უნდა იაქტიუროს პოლიტიკურმა სპექტრმა. მაგალითი დასავლური ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ. იქ დემოკრატია არ იზღუდება. შეთანხმებულნი არიან უმთავრეს რამეში: მნიშვნელოვან საკითხებს არა ერთპიროვნულად, არამედ ფართო დისკუსიის, ანდა რეფერენდუმის გზით წყვეტენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპაში საზოგადოების ყველა ფენის ინტერესები გათვალისწინებულია. მათ ინტერესებს გავლენიანი პარტიები ატარებენ და როცა ხელისუფლებაში მოდიან, მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს პირნათლად ასრულებენ. ასე რომ, თუ მმართველ პარტიას და ოპოზიციას სურს მოსახლეობის მხარდაჭერა მზარდი და არა კლებადი იყოს, მათი ინტერესებისთვის უნდა გაისარჯონ. რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს ამას, არჩევნები და შემდგომი პერიოდი დაგვანახებს.