„კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის საკეისრო კვეთა რეკომენდებული არ არის“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
დიდი ტკივილი მოგვაყენა პანდემიამ, დღითი დღე გვაკლდება საყვარელი ადამიანები, ათასობით ინფიცირებული გვყავს, რომლის ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია ორსულებისა და ახალშობილების სიკვდილიანობის ზრდა, რაც ერის ტრაგედიის ტოლფასია.
ჯერჯერობით, არ არსებობს დაღუპული ფეხმძიმე ქალების სტატისტიკა, მაგრამ ფაქტია, რომ ინდური შტამი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ბავშვებს და ორსულებს გადასწვდა და ამიტომაა საჭირო მათი განსაკუთრებული სიფრთხილით დაცვა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხმძიმე პაციენტებისთვის ამოქმედდება სპეციალური დაწესებულებები, სადაც მათ შეეძლებათ სპეციალური მომსახურების მიღება.
“ორსულ პაციენტებში ვირუსის დელტა შტამი უფრო მეტი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის, აცრა, სოციალური დისტანცირება და პირბადის გამოყენება. “ფაიზერის” ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის მიზნით “1522“-ს (საკონსულტაციო ცხელ ხაზს) მიმდინარე დღეებში დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს. როგორც გაბუნია ამბობს, საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
რა უნდა გააკეთოს პანდემიის დროს ორსულმა თუ მელოგინემ, როგორ დაიცვას თავი კორონავირუსისგან, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში, რა გზებს მიმართოს, ამის შესახებ ვთხოვეთ ინტერვიუ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკურ დირექტორს, პერინატოლოგიისა და მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეან–გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს, ონკო და პლასტიკურ გინეკოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯუმბერ უნგიაძეს.
ბატონი ჯუმბერი კრიტიკულად აფასებს ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს და თვლის, რომ აუცილებელია განსაკუთრებული ზომების მიღება ფეხმძიმეთა დასაცავად.
– რამდენად მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ ორსულები პანდემიის პერიოდში?
– ძალიან მძიმე ვითარებაა ამ მხრივ. დავიწყოთ იქიდან, რომ ისედაც მაღალია საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუ ადრე ეს სისხლდენით იყო გამოწვეული, ახლა მას დაემატა კოვიდინფექცია. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ორსული ქალები მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა ამ დროს მათ ორგანიზმში მიმდინარე იმუნური სისტემის ცვლილებების გათვალისწინებით, ორსული ქალები მეტად მოწყვლადნი არიან ზოგიერთი რესპირაციული ინფექციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია მათ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და ინფექციის სავარაუდო სიმპტომების, როგორიცაა ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.
– რა არის გამოსავალი?
– ერთადერთი გამოსავალია იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში მოქმედებს. ელემენტარული წესების დაცვაც კი გვიცავს კორონავირუსის მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან. ესაა: ვაქცინაცია, პირადი ჰიგიენის დაცვა, პირბადის ტარება, დისტანცირება და თავყრილობებისთვის თავის არიდება.
– ორსულებს კი არა, ჯანმრთელ ადამიანებსაც ეშინიათ ვაქცინაციის.
-ამაშია საქმე. შესაძლოა იმ ჯანსაღმა ადამიანმა მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი, მაგრამ ორსულები რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან და მათთვის აუცილებელია ვაქცინაცია, რაც დაიცავს როგორც დედას, ისე შვილს კოვიდის მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან და გართულებებისგან.
– აცრილებსაც ხომ ემართებათ კოვიდი?
– დიახ, ემართებათ. მხოლოდ ვაქცინაცია ვერ შველის ზოგიერთ შემთხვევაში, ამიტომ, აცრის შემდეგაც კი უნდა იყოს ფრთხილად, მოერიდოს თავშეყრის ადგილებს და აუცილებლად გაიკეთოს პირბადე.
– თუკი მაინც შეიძლება დაინფიცირდეს, რატომ უნდა აიცრას?
– იმიტომ, რომ კოვიდის შემთხვევაში, შედარებით მსუბუქად გადაიტანოს დაავადება და თავიდან აიცილოს ლეტალური შედეგი, რომელიც უკვე საკმაოდ მომრავლებულია ორსულებში. ეს არ არის რთულად დასამახსოვრებელი და გასათვითცნობიერებელი. უპირველესად, ბავშვსა და საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს ფეხმძიმე ქალმა, არ აჰყვეს ანტივაქსერულ მოძღვრებას და დაიცვას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული წესები. მაგალითად მოვიყვან ისრაელს. იცით, როგორი ძლიერი სახელმწიფოა და ისიც, რომ ყველაზე ადრე იქ დაიწყეს მასობრივი ვაქცინაცია, მაგრამ ახლა ისევ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მიზეზი ერთია – აცრილები გათამამდნენ, აღარ იცავდნენ წესებს, დაიწყეს კლუბებსა თუ კინოთეატრებში სიარული და ისევ აღმოჩნდნენ უკვე მუტაციაგავლილი ვირუსის ტყვეობაში, იფეთქა ახალმა ტალღამ. მთელი სიცოცხლე გინეკოლოგიას შევწირე და ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა, რომ ასეთი სავალალო მდგომარეობა შეგვექმნა საქართველოში, ვეღარ ვშველით ორსულებს საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით. თავად უნდა უშველონ თავს, დაიცვან რეგულაციები და ელემენტარული წესები, რაც მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
– ძალიან ბევრი რჩევა-დარიგებაა ინტერნეტში, როგორ უნდა მოიქცნენ კოვიდინფიცირებული ორსულები, ასევე მეძუძური დედები?
– დიახ, ეს მართლაც, პრობლემატური საკითხია, რომელსაც ყველა სხვადასხვანაირად აფასებს. ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულმა ქალმა შესაძლებელია ნაყოფს ან ახალშობილს გადასცეს ვირუსი ორსულობის ან მშობიარობის დროს. ასევე, ამ ეტაპზე ვირუსი არ არის აღმოჩენილი ამნიონურ სითხესა და დედის რძის ნიმუშებში. პირადად მე მიმაჩნია, რომ თუნდაც ინფიცირებულმა დედამ უნდა გამოკვებოს ახალშობილი ძუძუთი. ვინც ამას კრძალავს, არ არის მართალი, რადგან არ არსებობს ვირუსის ვერტიკალური გადაცემა დედიდან ბავშვზე. უბრალოდ, დედამ უნდა დაიცვას დარჩენილი ორი წესი – პირბადის ტარება და დისტანცირება. ახალშობილის ერთადერთი დაცვა ამ სიტუაციაში არის დედის იმუნოგლობალინები ანუ ის ანტისხეულები და ცილოვანი სტრუქტურები, რომელსაც სწორედ დედის ხსენისგან იღებს ბავშვი.
– ძუძუთი კვების დროს როგორ მოხერხდება დისტანცირება?
– ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას ოთახში, ხოლო კვების დროს, დაიბანოს ძუძუს თავები, ხელები, აიფაროს პირბადე და ისე აჭამოს. ამას ვამბობ მწარე პრაქტიკიდან გამომდინარე- ბევრი ახალშობილი დაავადდა მხოლოდ იმიტომ, რომ დედებმა არ გამოკვებეს ძუძუთი.
– არიან გინეკოლოგები, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებიან.
– ვიცი, არსებობს ამ საკითხზე საწინააღმდეგო მოსაზრება, რაც მცდარია. ამას ყველაფერს ფაქტებით ვასაბუთებ და თუკი ვინმე შეგეწინააღმდეგებათ, გადმოამისამართეთ ჩემთან და კარგად ავუხსნი, რას ეყრდნობა ეს მოსაზრება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორსულს – აიცრას, ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
– რა შემთხვევაში გადადის კოვიდ-19 დედისგან ახალშობილზე?
– გადადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამ წესებს ვერ დაიცავს. ძალიან გადამდებია ეს დაავადება. ბავშვის ხსნა იმ ანტისხეულებშია, რომლებსაც უკვე დაავადებული დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს და რომელიც პატარას მიეწოდება ძუძუთი კვების დროს.
– როგორ წარმართავთ ინფიცირებული ორსულის მკურნალობას, მისთვის ხომ არ შეიძლება ბევრი მედიკამენტი?
– ძალიან ბევრი მედიკამენეტი არ შეიძლება ორსულისთვის, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ უკიდურესად დამძიმებული მოდიან ჩვენთან, მაშინ, როდესაც უკვე დაზიანებული აქვთ ფილტვები. ამ შემთხვევაში მდგომარეობიდან ვერ გამოიყვან ანტიბიოტიკების გარეშე. მკურნალობის ის დადგენილი მეთოდები, რომლებსაც ჩვეულებრივ მივმართავთ ფეხმძიმე ქალებში, ამ დროს კარგავს დატვირთვას. მაგალითად, რენტგენის გადაღება არ არის რეკომენდებული ორსულისთვის, მაგრამ ზოგჯერ გამა დასხივებასაც მივმართავთ, რადგან კონკრეტულ ვითარებაში დედის სიცოცხლე უფრო ფასობს, ვიდრე მოსალოდნელი გართულებები ამ დიაგნოსტიკური მანიპულაციებიდან.
– რით ხელმძღვანელობით ასეთი ორსულების მკურნალობისას?
-მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სათანადო ორგანოების მიერ შემუშავებული გაიდლაინებით. ვმკურნალობთ ხარისხიანად, როგორც საჭიროა, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა ისაა, რომ უკვე დაგვიანებით მოდიან და მათი უმრავლესობა არ იცრება.
– თქვენ თუ უხსნით ორსულებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია?
-კი და თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ „მედინაში“ აღრიცხვაზე მყოფი ორსულების 100-ვე პროცენტი აცრილია. ამას თვალყურს ვადევნებთ ძალიან მკაცრად. მათ ნაკლებად ემართებათ და თუ ემართებათ, ლეტალური შედეგი არ აქვს. კოვიდის მიმდინარეობა მართვადია და მსუბუქი.
-ზოგიერთი თვლის, რომ კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის საუკეთესო გამოსავალი საკეისრო კვეთაა.
-არა, არა და კიდევ – არა! 22 000-ზე მეტი საკეისრო კვეთა მაქვს ჩატარებული და არ მიჭირს ეს მანიპულაცია, მაგრამ კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის არ არის საკეისრო კვეთა რეკომენდებული. პირიქით, თუკი არის საშუალება, უნდა იმშობიაროს ბუნებრივი გზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე. დაბადების მეთოდი უნდა იყოს ინდივიდუალური და დაფუძნებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამეანო მითითებებთან ერთად.
– რამდენად იცავთ კოვიდრეგულაციებს კლინიკაში?
-ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს და შარშანდელისგან განსხვავებით, კოვიდკლინიკა ან ჰიბრიდული კლინიკა აღარ ვართ. უარი ვთქვით, რადგანაც აქ გვყავს არა მხოლოდ აჭარიდან, მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ორსულები და მათი ახალშობილები. მოგეხსენებათ, „მედინაში“ მოქმედებს ქვეყანაში ერთ-ერთი უძლიერესი პერიატრიული ცენტრი. უზრუნველვყოფთ როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას. აქ შესაძლებელია ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება. ჩვენთან მოჰყავთ მძიმე ვითარებაში მყოფი ახალშობილები, რომელთა სხეულის მასა დაბალწონიანია, ანუ ღრმად დღენაკლულები არიან. ამჟამად ასეთი 40 ახალშობილი გვიწევს. ამ სიტუაციაში ჩვენი გახსნა კოვიდ ან ჰიბრიდულ კლინიკად, დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ამ ჩვილებს და მათ მშობლებს. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომაც ასე გადაწყვიტა და მწვანე ზონად გამოგვაცხადა.
– რა სახის პრობლემები გაწუხებთ ყველაზე მეტად?
– პრობლემა იმდენია, ერთ საგაზეთო ინტერვიუში ვერც ჩამოთვლი. ღამის განმავლობაშიც კი 30-ზე მეტ სატელეფონო ზარს ვპასუხობ. ყველას რაღაც უჭირს, შველას თუ კონსულტაციას ითხოვს. პრობლემაა ისიც, რომ არ შემოგვეპაროს კოვიდიანი პაციენტი. დელტა შტამი, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ცირკულირებს საქართველოში, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ერთი დავირუსებულიც რომ შემოვიდეს, შესაძლებელია, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ მელოგინეები და ორსულები, არამედ ინტენსიური თერაპიის ქვეშ მყოფი ახალშობილებიც.
– ამ პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობა ხომ არ დაფიქსირებულა თქვენს კლინიკაში?
– ჩვენთან გადმოიყვანეს ორი ახალშობილი, რომელთა დედებსაც ჰქონდათ კოვიდი. არცერთი არ გამოკვებეს ძუძუთი, რის გამოც ურთულესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. ღვთის წყალობით, ორივე გადავარჩინეთ. ერთი უკვე გავწერეთ და მალე მეორესაც გავუშვებთ სახლში.