მოსკოვმა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რის მიღწევას ცდილობს ამით კრემლი?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
თანამედროვე პერიპეტიებს თუ გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო აღარ არის ერთცენტრისტული, იგი მრავალპოლუსიანია. იკვეთება რამდენიმე ზესახელმწიფო, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში თავისი ინტერესები აქვთ. ესენია: ახლო აღმოსავლეთი, აზია, ევრაზია. . . ცხადია, კითხვები მოჰყვა ბოლო დროს ავღანეთში განვითარებულ მოვლენებსაც: ვინ შეავსებს გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში? რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის სამხრეთ კავკასია? შესუსტდა თუ არა აშშ-ის გავლენა მსოფლიოში და ამ ფონზე რა გამოწვევების წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ( ლინგვისტიკა-დიპლომატიურ დისკურსში) ლაშა ბოლქვაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მოწვეულია იაპონური ენის ლექტორად.
– მსოფლიოში მნიშვნელოვანი და დრამატული მოვლენები ხდება, რაც გარკვეულწილად, სხვადასხვა ქვეყანაზე ახდენს გავლენას. ავღანეთში განვითარებული მოვლენები რა დასკვნის საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით?
– გლობალურ სამყაროში საერთაშორისო პოლიტიკა პროგრესის ერთ-ერთი განმსაზღვრველი, ერების მომავლის მრავალმხრივ წარმართვის მთავარი ელემენტია, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ დისკურსზე როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად აისახება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საკითხისადმი ფაქიზი, პრაგმატული და სტრატეგიული მიდგმომა, რათა ქვეყნები არეულობის და ომის ზღვარზე არ აღმოჩნდეს. დამეთანხმებით, რომ სადაც დაუცველობის სინდრომია, იქ თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო თავისუფლების არარსებობის შემთხვევაში ვერც დემოკრატიაზე ვისაუბრებთ. ასეთი სურათია ამჟამად ავღანეთში. დასაგმობი და უმძიმესი ტრაგედიაა, რაც ქაბულში ხდება. ავღანეთის მთავრობა ჩამოიშალა. საერთაშორისო მხარდაჭერის ჭრილში შესაძლებლობების რესურსი არ უნდა ამოწურო. ეს ნათლად გამოჩნდა ავღანეთის ფონზე, რაც კარგი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ვიმედოვნებ, საერთაშორისო მასშტაბით პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნები ყოველ ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ მოქალაქეები ნაკლებად დაზარალდნენ. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ თალიბანი დემოკრატიის არსს გაიაზრებს და მოსახლეობის თავისუფალ ნებას არ შეზღუდავს.
– ავღანეთის ხელისუფლებაში “თალიბების” მოსვლა არის თუ არა აშშ-ის ავტორიტეტის დაცემის მაჩვენებელი და რა ფაქტორებმა განაპირობა პროამერიკული მთავრობის კრახი?
– რთულია ამ ეტაპზე ამის მტკიცება, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა აშშ-ის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, რასაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით მისი რეპუტაცია მსოფლიოში შეარყია, მოჰყვა საერთაშორისო კრიტიკა და მწვავე დისკუსიის თემა გახდა. ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ ის უკვე ცდილობს შეცდომის გამოსწორებას.
– აშშ-ის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ვინ შეავსებს გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ავღანეთსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში?
– ჯერ ამაზე მსჯელობა ნაადრევია, რთულია ამ საკითხზე საუბარი, თუმცა სავარაუდოდ, ბევრი შეეცდება ისარგებლოს ამ მდგომარეობით. ნათქვამია: „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო“. შესაძლებელია ასეთი სურათიც დადგეს – ორმა დიდმა ძალამ გააგრძელოს ავღანეთში ქიშპობა.
– როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ტაჯიკეთში, ყირგიზეთში თალიბები პოპულარობით სარგელობენ, რამდენად მოსალოდნელია, რომ მათ ამის წყალობით გავლენის განვრცობა დაიწყონ შუა აზიაში და რას მოიმოქმედებს ამ შემთხვევაში რუსეთი?
– რუსეთი ყოველთვის ფრთხილია და აქვს თავისებური სტრატეგიული გეგმა. თუ თალიბანის და რუსეთის ინტერესები გადაიკვეთება რომელიმე წერტილში, რა თქმა უნდა, რუსეთი ყველაფერს იღონებს მის ჩამოსაშორებლად. რაც შეეხება თალიბანის პოპულარობას, ეს ამჟამინდელი აქტიურობით ვერ განისაზღვრება. ახლა მათთვის პრიორიტეტულია იმისკენ გადაიხარონ, ვინც უკეთესი ცხოვრების პირობებს შესთავაზებს, რაღა თქმა უნდა, თუ რუსეთი ამის ნებას დართავს.
– ავღანეთში განვითარებული მოვლენები რამდენად დრამატული აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ აშშ-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონიც მიატოვოს?
– ავღანეთიდან გამოსვლას არ დავარქმევდი მიტოვებას და არ მგონია აშშ-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონი მიატოვოს, მაგრამ დრამატული არის, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი წარუმატებლობა მსოფლიო ასპარეზზე აშშ-ის კრახი იქნება. ჩვენი მხრივ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა სრულად გავითვალისწინოთ, რათა საქართველო იყოს მოთხოვნადი და სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიურ-პოლიტიკურ დისკურსში, ღონისძიებაში, აქტივობაში -დომინანტი, რათა ამერიკამ ხელი არ ჩაიქნიოს.
– დაანონსდა თურქეთის თაოსნობით (რასაც რუსეთიც მიესალმება) ექვსეულის ფორმატის შექმნა, სადაც უნდა გაერთიანდეს სამი სამხრეთკავკასიური ქვეყანა (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე – თურქეთი, რუსეთი და ირანი. რეალურად რას ისახავს ეს ფორმატი?
– თანამშრომლობის ექვსეულის ფორმატიის შექმნა, რომელიც ინიცირებულია ერდოღანის მიერ, რეალურად რასაც არ უნდა ისახავდეს მიზნად, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ტიპის თანამშრომლობაზე, რა საფუძლვებითა და იდეოლოგიით როგორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ჩემი გადმოსახედიდან, რეალურად ექვსეულის ფორმატი ვერ იმუშავებს და დიდი ალბათობით, ვერც შედგება, ვინაიდან გეოპოლიტიკური ფაქტორები ამას ხელს არ უწყობს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ასეთ „ექვსეულში“ გაწევრიანება კარგ შედეგს არ მოუტანს, რადგან მასში დასავლეთის მონაწილეობა, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდება, ამით კი ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, რომელიც გვაქვს არჩეული, ჩრდილი მიადგება.
– ვიდრე დასავლეთი გვაიმედებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების თვალსაზრისით, რუსეთი დროს არ კარგავს. კერძოდ, მოსკოვმა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რის მიღწევას ცდილობს ამით კრემლი და რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა მხარემ?
– მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდეს ყველა ქვეყანასთან განურჩევლად. მისასალმებელია ისეთი ურთიერთობები, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაცული და გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება რუსეთის ჩანაფიქრს, მისთვის მთავარია, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ორ ქვეყანას შორის ცუდი ურთიერთობის აღდგენისთვის ყველაფერს აკეთებს. ცდილობს წარმოჩნდეს როგორც კეთილმოსურნე, ლმობიერი, მეგობრული და ასევე, ფოკუსირებას ახდენს კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე. ამას ჩვენი ქვეყანა სრული მობილიზებითა და გააზრებული დიპლომატიური ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს. არ უნდა მოადუნოს ყურადღება. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან დამყარებული ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. ვფიქრობ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის სურვილი, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აღიარების გარეშე არ შესრულდება.
– ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა, საქართველო მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან გაქრეს. რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ უკრაინის მსგავსად საქართველო იყოს მსოფლიოს დღის წესრიგში?
– რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ განვითარებული, ძლიერი ქვეყნებისთვისაც კი ძალიან პრობლემატური და საფრთხის შემცველია. საქართველოს პრობლემა, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ მომდინარეობს. გვაქვს სხვადასხვა ტიპის საფრთხე – რეგიონული არასტაბილურობა, ტერორიზმი (იგი აღმოცენებულია და ნელა-ნელა იკიდებს ფეხს). აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ყოველდღიური შეხვედრებითა და კონსულტაციებით, სწორი დიპლომატიური ნაბიჯებით უნდა შევძლოთ, ყოველთვის ვიყოთ ფხიზლად, მობილიზებული, მოწინავე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, რითაც მეტ-ნაკლებად ავიცილებთ რუსეთის აგრესიას და სხვა უხილავ საფრთხეებს.
– უდავოა, მსოფლიო მრავალპოლუსიანია, რამ განაპირობა ეს და შესუსტდა თუ არა აშშ-ის გავლენა მსოფლიოში?
– მრავალპოლუსიანობა დიდი სახელმწიფოების წარმოქმნით, ეკონომიკის განვითარებითა და გაძლიერებით, გლობალიზაციით, მატერიალური და იდეოლოგიური, სამხედრო და თავდაცვის ძალის წარმოჩენით, ამ ყველაფრის გადანაცვლებითა და მრავალი ფაქტორის მზარდი ზემოქმედებით არის განპირობებული. სწორედ ეს არის აშშ-ისათვის ერთ-ერთი საფიქრალი და მისი დამასუსტებელი ფაქტორი. თუმცა აშშ-ი ს გავლენა მსოფლიოზე ჯერ კიდევ ძლიერია და ვფიქრობ, ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
– საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები ამჟამად ვის წისქვილზე ასხამს წყალს?
– ვინაიდან ყველა ძლიერ სახელმწიფოს სურს იყოს დომინანტი, ძნელია კონკრეტულად გამოვყოთ რომელიმე ქვეყანა. ავღანეთის მოვლენების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩრდილოელი მეზობელი.
– თითქმის 15 წელია, რაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ რამდენად თანმიმდევრული ვართ და დასავლეთი რატომ არ ჩქარობს ჩვენი ქვეყნის მიღებას აღნიშნულ სტრუქტურებში?
– ცხადია, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი ღიაა და სულ ცოტა გვაკლია იმ შედეგამდე, რომელსაც ასეთი ენთუზიაზმით და მოუთმენლად ველით. თანმიმდევრულობას რაც შეეხება, მიუხედავად გეოპოლიტიკური და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ქვეყანა არჩეულ კურსს არ უხვევს, მაქსიმუმს აკეთებს ნაყოფიერი შედეგის მისაღწევად. ჩვენი სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს, ნაბიჯებს, ყოველდღიურად განვითარებულ საგარეო და საშინაო მოვლენებს აკვირდებიან. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვექნება სასურველი შედეგი .
– და ბოლოს, ამჟამად ქვეყნის წინაშე რა გამოწვევებია და რამდენად ადეკვატურად პასუხობს მათ ხელისუფლება?
– საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამას დაემატა პანდემია, რომელმაც არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიოზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ გამოწვევებთან გამკლავებისათვის სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მობილიზებული და ერთმანეთთან კოორდინაციაშია, რათა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ და ქვეყნის აღმასვლა არ შენელდეს, მოსახლეობა კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.