„ორსულთა აუცრელი კონტინგენტი ინდური შტამის სამიზნედ რჩება“
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
დღეს ახალი ანტირეკორდი დაამყარა კორონავირუსმა. დაავადებას 86 ჩვენი მოქალაქე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი კოვიდკლინიკებშია გადაყვანილი. მათი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ამ ფონზე, ვაქცინაციაზე უარის თქმა ქვეყნის და ერის ღალატის ტოლფასია.
ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელ რუსუდან შავიშვილთან.
-ქალბატონო რუსუდან, თუ შეიძლება, მიმოვიხილოთ აჭარაში შექმნილი კოვიდვითარება.
-აგვისტოს ბოლო კვირაში თითქოს იკლო ინფიცირებულთა რაოდენობამ, მაგრამ ახლა ისევ იმატა. ჯამური მაჩვენებლებით, ბინაზე და კლინიკებში მყოფ ინფიცირებულთა რიცხვი აღემატება 7-7.5 ათასს. ბინაზე და სასტუმროებში მყოფ პაციენტებს მართავს ონლაინკლინიკა. წილობრივად, ყველაზე მეტია სახლში მყოფი პაციენტები.
-რამდენი საავადმყოფოა კოვიდკლინიკად გადაკეთებული?
-ყველა ის კლინიკა, რომელიც ამ მიმართულებით ფუქნციონირებდა მეორე ტალღის დროს, ისევ დაუბრუნდა კოვიდპაციენტების მომსახურებას. რაღაც ეტაპზე არ ვსაჭიროებდით მათ მომსახურებას და კოვიდპაციენტებისგან გამოვათავისუფლეთ, რათა დაბრუნებოდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობას, მაგრამ ახლა იძულებული გავხდით, აღგვედგინა მათთვის სტატუსი. აჭარის ჯანდაცვის სისტემის ქსელის ყველა კლინიკა მონაწილეობს კოვიდის მართვაში.
-იმატა თუ არა ვაქცინაციის ტემპმა?
-ჩვენ ახლა გაცილებით მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს ვაქცინაცია, ყოველგვარი რეგისტრირების გარეშე, ვიდრე აქამდე. გაიხსნა ვაქცინაციის ცენტრები, რომელსაც ყველა დღე ემატება როგორც უძრავი, ისე მოძრავი კლინიკები. ვგულისხმობ, სამ ავტობუსს, რომელიც მოძრაობს ქალაქში და დგება იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მეტი მოსახლეა თავმოყრილი. დღეს დამატებითი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა ქობულეთში, პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღის“ ბაზაზე. იქ ძალიან კარგი პირობები შევქმენით მოსახლეობის ასაცრელად. გარდა ამისა, ქობულეთში აცრები მიმდინარეობს ქობულეთის სააქციო საავადმყოფოში, ბომონდის და ევექსის კლინიკებში. ამ მხრივ, წარმატებით ფუნქციონირებს აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების კლინიკებიც. გაზრდილია წვდომა ვაქცინებზე, ყველას მიიღებენ და მოემსახურებიან, მთავარია, იყოს მსურველი.
-რომელი ვაქცინებია ხელმისწავდომი?
-ამ ეტაპზე ადმინისტრირებას გავდივართ ფაიზერით და სინოვაკის პირველი დოზით. სინოფარმს იკეთებენ ის პირები, რომლებსაც ამ ვაქცინის მხოლოდ მეორე დოზა აქვთ დარჩენილი. წარმატებულად მუშაობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი ვაქცინაციის ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც მიედინება ბათუმელთა და ბათუმის სტუმრების ნაკადი. იქ ცრიან წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს აიცრას, მიდის იქ, ავსებს სამედიცინო ჩვენებების კითხვარს და ექიმი ურჩევს, რომელი ვაქცინით უფრო უპრიანია მისი აცრა, რის შემდეგაც სავალდებულო 30-წუთიანი დაყოვნების შემდეგ, დატოვებს კაბინეტს. აგვისტოს ბოლოდან, ვაქცინაციის სისტემატიზაციისთვის ერთდროულად შევედით ყველა მუნციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. ყველა პასუხისმგებელი პირი, ბოლომდე მივყევით პროცესს, რადგან ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სოფელში მცხოვრებს შესაძლოა, სურს აცრა, მაგრამ ვერ ჩამოვიდა ქალაქში ან მუნიციპალიტეტის ცენტრში, ასაცრელ პუნქტამდე. ამიტომ ჩვენ მივედით მათთან. საინტერესო შეხვედრები შედგა მოსახლეობასთან. დღეს უპრობლემოდ იღებენ ინფორმაციას ტელეარხების თუ ინტერნეტის მეშვეობით, ყველა ყველაფრის საქმის კურსშია და აქედან გამომდინარე აინტერესებთ ის საკითხები, რომლებიც აეჭვებს ბევრ მათგანს ვაქცინაციის აუცილებლობაში. ერთია, როდესაც ვიზუალურად კითხულობ და უსმენ ინფორმაციას და მეორეა, როდესაც შენთან მოდის ექიმების ჯგუფი, რომლის წევრებიც პასუხობენ ამ თემის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებს. მიმაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები, რათა ხალხმა პირადად მიიღოს ინფორმაცია სამედიცინო კორპუსის ავტორიტეტული წარმომადგენლებისგან. ეს მეტ ნდობას წარმოქმნის და დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, ანუ უნდა აიცრან, თუ თავი შეიკავონ. რაც უფრო მეტი ეცოდინებათ თუ რატომ არის საჭირო აცრა, რითი ვცრით და რას მოუტანს ეს პროცესი მათ და მათ ოჯახებს თუ საახლობლოს, უფრო მეტი ადამიანი წამოვა ვაქცინაციის ჩასატარებლად.
-არის თუ არა საკმარისი რაოდენობის ვაქცინა?
-კი, ვაქცინა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე მომართვიანობაა. უფრო მეტის აცრას შევძლებთ, რომ მოვიდეს მეტი რაოდენობის ხალხი. მთავარია, მოქალაქეების მზაობა იყოს. ამის მიუხედავად, თბილისის შემდეგ აჭარა ლიდერობს ქვეყანაში გაკეთებული აცრების რაოდენობით.
-რითი განსხვავდება ინდური შტამი კორონავირუსის პირველი ვარიანტისგან?
-ინდურ შტამს კლინიკური გამოვლინებები აქვს სხვანაირი. ძალიან სწრაფად ვრცელდება. თუკი პირველ ვარიანტში უფრო მეტად ფიქსირდებოდა მაღალი ცხელება და ყნოსვის, გემოს დაკარგვა, აქ წინა პლანზე წამოვიდა ისეთი რესპირატორული სიმპტომები, რომელიც გავს გრიპს და გრიპის მაგვარ დაავადებებს. ინდურ შტამს ახასიათებს სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე, ოფლიანობა, დიარეა და ა.შ. ამიტომ ასეთ სიმპტომებს ადამიანი თვლის ჩვეულებრივ გრიპად. ხანდახან ამ სიმპტომებზე კოვიდი არ დასტურდება, მაგრამ უფრო ხშირად – დასტურდება. არის შემთხვევები, როდესაც ორიოდ დღეში გადაუვლის და გონია, რომ მორჩა, მაგრამ სინამდვილეში ინფიცირების პროცესი გრძელდება. კოვიდის მთელი ვერაგობა იმაში გამოხატება, რომ საწყის ეტაპზე ღარიბია სიმპტომატიკა. მისი მთლიანი გამოვლენა რამდენიმე დღეში ხდება, რის შემდეგაც იწყება დაგვიანებული მომართვიანობა ტესტირებაზე. არის მეორე ვარიანტიც: იყო ადამიანი რომელიმე თავყრილობაზე, დაარღვია კოვიდრეგულაციები, შემდეგ გაიგო, რომ იქ აღმოჩნდა კოვიდინფიცირებული და ვითარების გასარკვევად, ყოველგვარი სიმპტომატიკის გარეშე, გარბის ტესტირებზე. იქ ღებულობს უარყოფით პასუხს და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. არადა, აქვს კოვიდი, რომელიც მაშინვე არ გამომჟღავნდა. ამიტომ, ხაზგასმით მოვუწოდებ ყველას, რომ კონტაქტში მყოფი პირი არ უნდა გაიტესტოს მანამ, სანამ არ გამოუვლინდება თუნდაც სრულიად მცირე სიმპტომი. მანამდე, პირი უნდა დააკვირდეს თავს 12 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის მანძილზე, მას კოვიდის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდება, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს ტესტირების გარეშე. სამწუხაროდ, ამ ალგორითმს არღვევენ ჩვენი მოქალაქეები. მიდიან ტესტირებაზე, იღებენ უარყოფით პასუხს და იწყებენ სხვადასხვა სივრცეში მოძრაობას. არადა, კოვიდის სიმპტომატიკა შესაძლოა გამოუვლინდეს მესამე, მეექვსე ან სულაც მეცხრე დღეს, რასაც მიაწერენ რიგით გაცივებას. გამოდის, ის პირი, რომელიც არ იცავს ამ ელემენტარულ წესს, დადის სამსახურში, ეკონტაქტება ოჯახის წევრებს, შედის სამეზობლოში, წვეულებებზე და სხვ. ანუ მაქსიმალურად ავრცელებს ისედაც სწრფად მოცირკულირე ვირუსს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეგულაციების ზუსტი დაცვა ამ დაავადების მართვის თავიდათავია.
-გარდა ამისა, კიდევ რისი გათვალისწინებაა აუცილებელი?
-რჩება იგივე მოთხოვნები: დისტანცირება, პირბადის ტარება, პირადი ჰიგიენა და ისევ და ისევ ვაქცინაცია.
-ინდური შტამის სამიზნე ჯგუფი ბავშვები აღმოჩნდნენ. რა მდგომარეობაა ამ კუთხით აჭარაში?
-დიახ, ბავშვები და ორსულები. პირველ-მეორე ტალღამ მოსახლეობის ამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ფაქტობრივად გვერდი აუარა. თუ ვინმეს დაემართა – მსუბუქად გადაიტანა. ახლა კი საშინელება ტრიალებს. 12 თუ 13 ორსულია ამ ეტაპზე გარდაცვლილი საქართველოში. ყველაზე შემზარავია, როდესაც აუცრელობის გამო იღუპება ორსული ქალი.
მთელი ეპიდემიოლოგიური სამსახური მოვუწოდებთ ყველა ორსულს, აიცრან ფაიზერით. მხოლოდ ეს ვაქცინაა დაშვებული მათთვის ნებისმიერ ტრიმესტრში. მივმართავ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, გაუწიონ აგიტაცია მათთან აღირცხვაზე მყოფ ქალებს, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩეს აუცრელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დღესდღეობით.
-ქალბატონო რუსუდან, თქვენ იცით, რომ ეშინიათ ვაქცინირების, განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებს.
-კი, მაგრამ ხომ უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ეს აცრა გადაარჩენთ ინფიცირების შემთხვევაში. ერთხელ აცრილსაც კი შედარებით მსუბუქად გადააქვს კოვიდი, არათუ ორი დოზით ვაქცინირებულს. ჩვენ გვაქვს ამის სტატისტიკა და მონაცემები. ორსულთა აუცრელი კონტინგენტი ინდური შტამის სამიზნედ რჩება. ვირუსი აქ ძალიან სწრაფად ვრცელდება.
-როგორ ხდება მუტაცია, საიდან წარმოიქმნება სხვადასხვა შტამი?
-სწორედ აუცრელი კონტინგენტი ხდება ვირუსის მუტაციის წყარო. ახალი შტამი ყალიბდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილია აუცრელია და იქიდან ვრცელდება. ვაქცინაციაა ამ ვირუსის შესაჩერებელი ერთადერთი გზა. მხოლოდ აცრილი შევძლებთ ინდური შტამის მძიმედ მიმდინარეობის მსუბუქ სიმპტომატიკაში გადაყვანას.
-როდის უნდა აიცრას კოვიდგადატანილი ადამიანი?
-კოვიდის დადასტურების დღიდან (ჩანს პორტალზე ვირუსის დადასტურების თარიღი), 31 დღის შემდეგ.
-რატომ მიაჩნიათ ანტისხეულებზე სისხლის ანალიზის აღება აუცილებლობად, ბევრი ამას იმიზეზებს აცრის შეყოვნებისას.
-არ არის აუცილებელი. ეს არსად წერია, არც ერთ პროტოკოლში თუ ალგორითმში. კვლევა მოსახლეობის ნაწილმა აიტაცა ვაქცინაციის გადასავადებლად. არ არის ეს სწორი, როდესაც გადაიტანს ადამიანი კოვიდს, ანტისხეულების რაოდენობის მიუხედავად, უკვე ერთ თვეში შეუძლია აიცრას.
-თუკი ადამიანი ერთხელ აიცრა, შემდეგ დაინფიცირდა, მეორე დოზა მაინც უნდა გაიკეთოს?
-აუცილებლად! როდესაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა, იქიდან უნდა გადათვალოს 31 დღე და გაიკეთოს.
-კამათობენ იმაზეც, კოვიდგადატანილებმა აცრის ერთი დოზა გაიკეთონ თუ ორი.
-ორი დოზა. საქართველოში ასეთი მიდგომაა. სხვანაირად ეს საკითხი არც კი განიხილება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა, ხოლო საქართველოში არის ასე.
-თუ შეიძლება მეორე დოზის სხვა ვაქცინით ჩანაცვლება?
-არა. რომლითაც დაიწყებთ იმით უნდა დაასრულოთ. მაგალითად, მე გავიკეთე ასტრაზენეკა, მეორეჯერაც მჭირდება ასტრაზენეკა. იგივეა სხვებზეც.
-რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს. როგორც ვიცი, ყველა ვაქცინას თავისი ასაკობრივი ჯგუფი ექვემდებარება.
-ფაიზერი დაშვებულია ორსულებზე და მისი გაკეთება შეიძლება 11 წლის ასაკიდან. სინოფარმი და სინოვაკი – 18 წლიდან. ასტრაზენეკა – 45 წლიდან. დოზებს შორისაც, ვაქცინებს განსხვავებული ინტერვალი აქვთ. სინოფარმი და ფაიზერი კეთდება 3-4 კვირაში, ასტარზენეკას დოზებს შორის ინტერვალი გაცილებით დიდია – რამდენიმე თვე, ხოლო სინოვაკს, რომლის ადმინისტრირებაც ახლა ფართოდ გვაქვს დაწყებული, ორკვირიანი შუალედი აქვს. ეს საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტულია, რადგან სინოვაკით აცრილი ადამიანი უფრო სწრაფად ახეხებს სრულად ვაქცინირებას.
-როდის იწყება ბავშვების ვაქცინირება?
-მსჯელობა უკვე დაწყებულია, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამას გაახმოვანებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯერჯერობით არ არის არაფერი სიახლე.
-ხორციელედება თუ არა ბინაზე ვაქცინირება?
– დიახ, უკვე ეს სერვისიც ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც არ ძალუძს გადაადგილება ასაკიდან ან თანმხლები დაავადებიდან გამომდინარე ანუ ვერ მოდის კლინიკაში ასაცრელად. ასეთ პირს შეუძლია დარეკოს 15-22-ზე, ჩააწერინოს ოპერატორს სახელი-გვარი, პირადობის და ტელეფონის ნომრები, მისამართი, დაუსახელოს ვერ მოსვლის მიზეზი. ამ მონაცემებს გადმოსცემენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის კოორდინირებით, ამ პირს მიაკითხავს სახლში მობილური ჯგუფი და გაუკეთებს იმ ვაქცინას, რომელიც მას სურს.

