„ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, გავხადოთ სპორტი მოქალაქეების საერთო კულტურის შემადგენელ ნაწილად“
ხატია იაშვილი 27 48 93 –
პანდემიის გამო ისევ გადაიდო სასწავლო პროცესი, სპორტული თამაშები, თავყრილობები. ამის მიუხედავად, არ წყდება აჭარის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტული ცხოვრება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რათა ბათუმმა არ დაკარგოს სპორტული ქალაქის მომხიბლაობა, სპორტსმენებმა შეძლონ ვარჯიში, რათა შეინარჩუნონ სპორტული წარმატებების მოპოვების პერსპექტივა მომავალ ასპარეზობებში.
უფრო დეტალურად – რა ვითარებაა ამ მხრივ ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა შედეგები ჰქონდათ ჩვენს სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადაზე და რა წარმატებები აქვთ ზოგადად? ამაზე და სხვა საკითხებზე საუბრობს „აჭარასთან“ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე.
– რა სიახლეებია აჭარაში სპორტის მიმართულებით?
– დღეისთვის მთავარი სიახლე, რაც ძალიან გვახარებს, ბათუმში საცურაო აუზის მშენებლობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, რომ ბათუმს მალე ექნება ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება სპორტის 4 საწყლოსნო სახეობას – ცურვას, წყალბურთს, წყალში ხტომასა და სინქრონულ ცურვას.
– სად შენდება, შერჩეულია ტერიტორია?
– დიახ, ლადო ასათიანის 27-ში, სადაც ამჟამად ყინულის სასახლეა განთავსებული.
– და ყინულის სასახლეს რა ბედი ეწევა?
– ყინულის სასახლე იქვე განთავსდება ახალ შენობაში, რომლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ეს იქნება სრულიად ახალი სტანდარტების საციგურაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ვარჯიშების, არამედ მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვაც. ესეც კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა ჩვენი ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში.
– რას გვეტყვით ტოკიოს ოლომპიადიდან დაბრუნებულ ჩვენს სპორტსმენებზე?
– საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე და 8 მედალი მოიპოვა, მათ შორის – 2 ოქროს. ტალახაძე და ბექაური ნამდვილად შეუდარებლები იყვნენ. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის წარმომადგენლებს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, რა თქმა უნდა, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა – ლაშა გობაძე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, რამაზ ზოიძე არაერთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ამიტომ ნამდვილად მოულოდნელი იყო ასეთი შედეგი. . . თუმცა, იყო ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები.
– რა მიზეზები გაქვთ მხედველობაში?
– ლაშას მოუწია სხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობა (87კგ), სადაც კონკურენცია დიდი იყო, განსხვავებით იმ წონითი კატეგორიისაგან, რომელშიც მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (81კგ). აქ მას ნამდვილად უფრო მეტი პერსპექტივა ექნებოდა, მაგრამ ეს არ არის ოლიმპიური წონა. რაც შეეხება რამაზს, მან 1/8 ფინალში მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა, 1/4 ფინალში აშკარა უპირატესობით -10:0, აჯობა თავის მეტოქეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა ნახევარფინალში, ხოლო ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით – 4 :5, დამარცხდა ფრიად ტიტულოვან გერმანელ მეტოქესთან. მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამაზი იქ მეტს იმსახურებდა. . . არაუშავს, როგორც ამბობენ, არ არსებობს დამარცხება – არსებობს გაკვეთილი. დარწმუნებული ვარ, ბიჭები სწორ დასკვნებს გააკეთებენ და მომავალში მეტ წარმატებას მიაღწევენ. ისინი ამის ღირსნი არიან, რაც არაერთხელ დაადასტურეს კიდეც.
– როგორ მიმდინარეობს ახალი სპორტული კომპლექსების მშენებლობები. თუ დასრულდა და ამოქმედდა რომელიმე?
– ჩვენ გვემატება ორი სპორტული ობიექტი – ერთი განკუთვნილია სათამაშო სპორტის სახეობებისათვის, რომელიც აშენდა საქართველოს სპორტის სამინისტროს დაკვეთით, ხოლო მეორე – ინდივიდუალური სპორტის სახეობებისათვის, რომელსაც მალე დაასრულებს სამშენებლო კომპანია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „პროექტების მართვის სააგენტოს“ დაკვეთით. ორივეში სულ 25-მდე სპორტის სახეობა იქნება განთავსებული. შემოდგომისთვის ველით ამ ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას. ეხლა მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების სამუშაოები.
– სპორტის რომელ სახეობებს გამოარჩევდით როგორც წარმატებულს აჭარაში?
– ოლიმპიურ სახეობებში ჩვენ გვყავს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ჭადრაკში, ძიუდოში, მშვილდოსნობაში, ტაეკვონდოსა და კრივში. არაოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ასევე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ჩვენს სპორტსმენებს კარატეში, მკლავჭიდში, სამბოში.
– რა შეფერხებები გამოიწვია კოვიდშეზღუდვებმა სპორტსმენების განვითარებაში?
– დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის მიერ აკრძალულია მხოლოდ სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, გარდა საერთაშორისო ჩემპიონატებისა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო შეიზღუდა საწვრთნო პროცესიც, მხოლოდ ცალკეულ სპორტის სახეობაში იმართება ნაკრების წევრთა ვარჯიში და მზადება ჩემპიონატებისათვის. რიგი საერთაშორისო ჩემპიონატებისა გადაიდო, ხოლო ის, რომელიც ტარდება – ჩაივლის მაყურებლის გარეშე. მაგალითად, გადაიდო მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, ასევე საერთაშორისო ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში. ორივე შემთხვევაში, ეს იყო საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებები, რასაც გაგებით ვეკიდებით. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვითა და მაყურებლის გარეშე ჩატარდა საერთაშორისო ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში. ახლახან დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში, 6-10 სექტემბერს გაიმართება ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნირი უშუ-ში, შესაძლოა ჩატარდეს საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში.
– რას გეგმავთ იმ სპორტსმენების დასახმარებლად, რომლებიც ვერ ვარჯიშობენ პანდემიის გამო, ანუ ვერ ინარჩუნებენ სპორტულ ფორმას?
– სპორტსმენის სავარჯიშო განრიგიდან ერთი თვით ამოვარდნაც კი უარყოფითად შეიძლება აისახოს მის სპორტულ კარიერაზე. მას მუდმივად სჭირდება სპორტული ფორმის შენარჩუნება. ამიტომ ამ დაუნდობელი პანდემიის პერიოდში ჩვენი ამოცანა იყო, მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და რეგულარული ვარჯიშის, შეჯიბრებებში მონაწილეობის საშუალება შეძლებისდაგვარად მიგვეცა. საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე სამინისტრომ უზრუნველყო ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აქ არსებულ სპორტულ სივრცეებში (როგორც ღია მოედნებზე, ასევე დახურულ დარბაზებში) ყოფილიყო უსაფრთხო გარემო და შესაბამისი პირობები ჩვენი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისათვის. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეცვლიდა სრულფასოვან სასპორტო პროცესს, მაგრამ არსებულ მოცემულობაში ჩვენ – სამინისტრო, სპორტის დეპარტამენტი, სასპორტო სკოლა და ფედერაციები – ვაკეთებდით შესაძლებლობის მაქსიმუმს. შედეგად, ერთის მხრივ, ეს უმძიმესი ბოლო პერიოდი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონის სპორტსმენებისათვის (2020 წელი – 128 მედალი, აქედან – 35 ოქროს); მეორე მხრივ კი სპორტსმენთა მასობრივი ინფიცირების ერთი შემთხვევაც არ გვქონია, ანუ არ ყოფილა ე.წ. სპორტული კლასტერი. სამინისტროს არ შეუჩერებია არცერთი პროგრამის განხორციელება, როგორც სპორტსმენთა და მწვრთნელთა სოციალური მხარდაჭერისა და წახალისების მხრივ, ასევე სპორტის განვითარების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, ჩვენ გავზარდეთ საბიუჯეტო გეგმაში არსებული სპორტული ფედერაციების რაოდენობა და მათი ბიუჯეტიც 370 000 ლარით. ეს ხელს შეუწყობს მათ, უფრო გაბედულად დაგეგმონ სპორტული აქტივობები. გამოყოფილია თანხები მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისთვის, აქ საქართველოს სპორტის უნივერსიტეტიდან მოვიწვევთ წამყვან სპეციალისტებს. თითქმის ორჯერ გაიზარდა სასპორტო სკოლის ბიუჯეტი, რაც დაკავშირებულია ახალ სპორტულ კომპლექსში გადასვლასთან. ამავე კომპლექსში ვგეგმავთ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტულ-სამედიცინო ლაბორატორიის გახსნას, სადაც მოემსახურებიან ჩვენს სპორტსმენებს ტრავმების დიაგნოსტიკა-რეაბილიტაციის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო შემოწმებისა თუ სპორტსმენის ორგანიზმის შესაძლებლობების დადგენის მხრივ. ცალკე პროგრამაა გათვალისწინებული ჩვენი ვეტერანი სპორტსმენების მხარდასაჭერად, რათა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომ მათი შრომა, სპორტული მიღწევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის ზრუნვა ყოველთვის დაფასებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, სპორტული სპეციფიკა არ იძლევა არსებულ ვითარებაში სპორტსმენთა დახმარებისათვის სხვა ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას – დისტანციური სპორტი შეუძლებელია, თუმცა ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ინიციატივით, რეკომენდაციების დაცვით, ღია სივრცეებში ავარჯიშო სპორტსმენები და მიაღწიო წარმატებას. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ მსგავს ინიციატივებს.
– როგორია ჩვენს რეგიონში ქალთა ჩართულობა სპორტში?
-ზოგადად, ქვეყანაშია ქალთა ჩართულობა სპორტში სასურველზე ნაკლები და აჭარა ამ მხრივ დიდად არ განსხვავდება, თუმცა ჩვენი სპორტის მესვეურთა, მათ შორის ქალბატონთა, სასახელოდ მინდა გითხრათ, რომ გოგონები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში და შთამბეჭდავ წარმატებებსაც აღწევენ. ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელთა 40%-მდე გოგონაა, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიხედვით საშუალოზე მაღალი ციფრია. როგორც წესი, მათ უფრო იზიდავს სათამაშო სპორტის სახეობები, ან ე.წ. ესთეტიკური სპორტის სახეობები. ამავე დროს, საკმაო პოპულარობით სარგებლობს გოგონებში სპორტული ორთაბრძოლა – ძიუდო, კარატე, კრივი. . . ვფიქრობ, ახალი საცურაო აუზისა და ყინულის სასახლის გახსნა, რაზედაც ზემოთ გესაუბრეთ, უფრო მეტად მოიზიდავს ჩვენს გოგონებს სპორტის ამ სახეობებშიც.
– სხვა რა პრობლემების წინაშე დადგა სპორტი?
-სპორტი მართლაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ, მაგრამ კმაყოფილებით მსურს აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს ის განსაცდელში არ მიუტოვებია. პირიქით, აჭარის მთავრობა, უმაღლესი საბჭო ინფრასტრუქტურული პროექტებით, საბიუჯეტო ასიგნებების ზრდით, ახალი იდეებით, წარმატებული სპორტსმენებისადმი და მათი მწვრთნელებისადმი ყურადღებით მუდამ ამხნევებდნენ აჭარის სპორტულ საზოგადოებას, რაც, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა თაობის სიჯანსაღეზე , ე.ი. ქვეყნის მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, შეგახსენებთ, რომ ბათუმს აქვს ულამაზესი სტადიონი, რაც ჩვენი გულშემატკივრებისათვის აქტიური დასვენების (ხშირად ოჯახებით) საუკეთესო ადგილად იქცა. ასევე გვაქვს არქიტექტურულად ძალიან საინტერესო სპორტის სასახლე, რომელიც თავისი საწვრთნელ-საასპარეზო შესაძლებლობებით ერთ-ერთი გამორჩეული იქნება მსოფლიოში. ჩაქვში შენდება ძალოსნობის სპორტული დარბაზი თავისი სასტუმროთი, სადაც გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ სტუმრებს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებებსა და შეჯიბრებებზე.
– მუნიციპალიტეტებში რა ტემპით მიმდინარეობს სპორტული ცხოვრება?
– პანდემიამდე ხშირად იმართებოდა სხვადასხვა დონის სპორტული ღონისძიებები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სპორტული შეჯიბრებები სკოლებს შორის, მუნიციპალიტეტებს შორის. მაგალითად, ქედა მასპინძლობდა ფინალისტებს ფრენბურთში, შუახევი – ორთაბრძოლაში, ხულო – მაგიდის ჩოგბურთში და ა.შ. თუმცა დღევანდელ პირობებშიც ახერხებენ აქტიურობას ჩვენი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურები. განსაკუთრებით გამოვყოფდი ბათუმის სპორტულ ცენტრს და ხელვაჩაურის სასპორტო სკოლას. იმედია, მალე მოგვეცემა შესაძლებლობა, სრულად აღვადგინოთ არსებული სპორტული აქტივობები. რაც შეეხება სპორტულ ინფრასტრუქტურას, აქაც არის შთამბეჭდავი სიახლეები – გოდერძიზე, მწვანე ტბასთან შენდება სტადიონი მინიფეხბურთისათვის, ღორჯომში – თანამედროვე სტანდარტების საჭიდაო დარბაზი, შუახევში – საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტირდება, ქედასა და ხელვაჩაურში დაგეგმილია რაგბის სტადიონების მშენებლობა, ქობულეთში იქნება ძალიან კარგი სასპორტო სკოლა, ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული სივრცეებისა და მინისტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის სპორტს მოსახლეობისათვის.
– სპორტული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით რა კეთდება აჭარაში?
– ყველა პროექტი, რომელიც ზემოთ დაგისახელეთ, ხელს შეუწყობს აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა აღსანიშნავია გომარდულის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პროექტი, რომლის ბიზნეს-კონცეფცია გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. ასევე, გამოვყოფდი გოდერძიზე სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დაწყებულია. დიდი სპორტულ-ტურისტული პოტენციალის შემცველია ქობულეთში ე.წ. მწვანე ქალაქის მშენებლობის დაანონსება ევროპელი ინვესტორების მონაწილეობით. აქვე, არ იქნება უადგილო, თუ აღვნიშნავ, რომ სპორტული ტურიზმი არსებობს როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, რომელიც მდგომარეობს სპორტსმენის მიერ ბუნებრივი წინააღმდეგობების გადალახვაში შესაბამისი მარშრუტების დალაშქვრით და არსებობს სპორტული ტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მთავარი შემადგენელი არის სპორტი, ანუ ფიზიკურად აქტიური დასვენება. ჩვენ, უპირატესად, სწორედ ამ უკანასკნელზე ვსაუბრობთ, ვინაიდან ის შესაძლებელია გახდეს ეკონომიკის გაძლიერების საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტი.
– სკოლებსა და სპორტულ დარბაზებზე რას გვეტყვით?
– სპორტი სკოლებში ყოველთვის იყო ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სამწუხაროდ, პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო ვერც მიმდინარე წელს ტარდებოდა სკოლებში სრულფასოვნად სპორტის გაკვეთილები. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია, არსებული რეკომენდაციების დაცვით, 30-35 მოსწავლისათვის ერთ სასკოლო სპორტულ დარბაზში გაკვეთილის ჩატარება. ამიტომ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით, ან ღია სივრცეში თამაშებით. რაც შეეხება სასკოლო სპორტულ ინფრასტრუქტურას – მხოლოდ მიმდინარე წელს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შენდება 9 ღია მოედანი, 4 ცალკე მდებარე სპორტული დარბაზი და 8 ახალი სპორტული დარბაზი მშენებარე სკოლებში, ორს უტარდება რეაბილიტაცია. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობები ერთდროულად სამინისტროს არ ახსოვს. ამასთან, უკვე შეძენილია სკოლებისათვის 53 000 ლარზე მეტი ღირებულების სპორტული ინვენტარი.
– რა ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია სპორტსმენებში?
– სპეციალურ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სპორტსმენებს ყოველთვის ჰქონდათ მაღალი კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობა. დამეთანხმეთ, ვაქცინაცია სოციალური სოლიდარობის გამოხატულებაა და იქ, სადაც არ არის რაიმე უკუჩვენება – უნდა ავიცრათ, მათ შორის სპორტსმენებიც. პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, უბრალოდ, არ არსებობს.
– რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, გავხადოთ სპორტი ჩვენი მოქალაქეების საერთო კულტურის შემადგენელ ნაწილად, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, დაკავდეს სპორტით, იყოს ფიზიკურად აქტიური და ჯანმრთელი. ყველა სამომავლო გეგმა, მიმართულია ამ მთავარი მიზნის მისაღწევად.

