“საარჩევნო არეალის გაზრდა პასუხისმგებლობასაც მმატებს”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
მურად ქათამაძე 2017 წლიდან შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბარათაულელთა მაჟორიტარი დეპუტატია. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ორი თემი ბარათაული და წყალსაყარი ამომრჩეველთა სიმცირის გამო ერთ ოლქადაა წარმოდგენილი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ ორ თემში მაჟორიტარ კანდიდატად მურად ქათამაძე წარადგინა. დღეს იგი ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს.
– ჭვანის ხეობის ორი თემი 9 სოფელსა და 3 დასახლებულ უბანს ითვლის. 30 წლის განმავლობაში ცხოვრება ნორმალურ რიტმში მიდიოდა ძაღიანში, ფოთაროში, ნაგომარზე. ახლა ისინი დაცარიელებული უბნებია. 150-კომლიან ნაღვარევში ზამთრობით 30-35 ოჯახი რჩება. საცხოვრებელი სახლები გამეჩხრდა ინწკირვეთში, ბრილში, ვანში, ზემოხევსა და ჟანივრში. ორივე თემის ტერიტორიაზე 5 სამსაფეხურიანი და 4 ორსაფეხურიანი საჯარო სკოლაა. ბარათაულის საჯარო სკოლაში ზემოხევიდან, გომარდულიდან, ვანიდან მოსული უფროსკლასელებიც იღებენ ზოგად განათლებას. ადრინდელთან შედარებით კონტინგენტი აქაც განახევრებულია. იმხანად, როცა ნევრიზ ქარცივაძე გომარდულის 8-წლიანი სკოლის დირექტორი იყო, კონტინგენტი 120-130 მოსწავლეს უტოლდებოდა. ახლა მესამედიც აღარაა.
–საუბარი სკოლებით რატომ დაიწყეთ?
-ქვეყნის, სოფლის მომავალი სასკოლო ასაკის ადამიანებთან უშუალო კავშირშია. წალკის მუნიციპალიტეტში როცა 16 ქართულ სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტმა არაქართულ სკოლებში არსებულ რაოდენობას გადაამეტა, „ჯავაქის“ ლიდერებმა მაშინ დაიწყეს მოქმედება ბერძნებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოსაგდებად, მაგრამ მცდელობა მცდელობად დარჩათ. მაშინდელი მოსწავლეები ახლა წალკის აღორძინების სათავეებთან დგანან და რამდენიმე ჩემსავით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია როგორც მმართველი, ისე სხვა პარტიებიდან. სპეციალობით პედაგოგი არ გახლავართ, მაგრამ წლებია ბარათაულის საჯარო სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე ვმუშაობ, რაც საფუძველს მაძლევს, სასკოლო საქმიანობასთან კავშირში ვიყო. თავის დროზე სათანადო ორგანოებს წინადადებით მივმართე, რომ ბარათაულის ამირან მამალაძის სახელობის სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე მუშაობა დაეწყოთ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი უკვე შესყიდული აქვს. სკოლის ახალი შენობის აგებას ითხოვენ ბრილში, კოსმეტიკური სამუშაოებია შესასრულებელი ინწკირვეთისა და ნაღვარევის სკოლების შენობებზე.
– საგანამანთლებლო კერას სოფელში დიდი როლი აკისრია, მაგრამ კულტურის ობიექტები, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა ყველას და მათ შორის ხალხის რჩეულის მზრუნველობას ითხოვს.
– ჭეშმარიტებაა. შვილი ქართული ჭიდაობის მიმდევარია. მეუღლე ჟუჟუნა ტაკიძე ბარათაულის საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგია. ოჯახში იმ დღეს სიხარული იყო, როცა ბარათაულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კარნახით გაუქმებული სასოფლო ბიბლიოთეკა აღადგინეს და ხაბელაშვილებში კი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ხაბელაშვილებელმა ტარიელ და ავთანდილ ბოლქვაძეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი გახსნეს. ტარიელმა ცნობილი მუსიკოსისა და ეთნოგრაფის ნინო რაზმაძის ხელდასმით ავთენტური ანსამბლის „ჭვანას“ ჩამოყალიბება შეძლო. მან ქვეყნის მასშტაბით აღიარება მოიპოვა. შემოქმედებითი საღამოები გაიმართა თბილისსა და ბათუმში, იყო სატელევიზიო პროექტ „ნიჭიერის“ ფინალისტი. ერთ ხანს მივიწყების პირას იყო „ნაღვარევური ხორუმი“. მისთვის ჩვეული ილეთები მოძიებულია და წევრები სცენაზე გამოდიან. ასეთი ღონისძიებები, სახალხო დღესასწაულები „შუამთობა“, „ჭვანობა“, „ლელთობა“, „ჯვარიმინდვრობის ფესტივალი“, „შუახევობა“ ორივე თემის სოფლებს გარკვეულწილად აცოცხლებს, ალამაზებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის პროექტები, რომლებიც მთიანი სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.
– კარგი იქნება თუ ამ პროექტებზე ისაუბრებთ. . .
– წლებია, ზემოხევის, გომარდულის, ბრილის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. გერმანიის მთავრობის, შპს „აჭარისწყლის ალიანსის“ თანადგომით გიდელას ხევიდან წყალსადენის მაგისტრალის გამოყვანა იწყება. იგი ამ სოფლებზე გამოივლის და მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკის გარეშე მიეწოდება. შარშან სოფელ ბრილის ცენტრის კეთილმოწყობა დასრულდა. უფრო ადრე ინწკირვეთში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით „სოფლის სახლი“ აშენდა. ტურისტებისთვის მიმზიდველ, მდიდარი ისტორიული წარსულით მოამაყე დასახლებად იქცევა სოფელი ნაღვარევი. 12 წელია გასული იმ დღიდან, როცა ამ სოფლის მკვიდრმა, შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან ომარ ტაკიძემ „ნაღვარევობა“ წამოიწყო. ახლა იგი „ლელთობამ“ ჩაანაცვლა. ლელთის ტბის შემოგარენი, ზღვისა და მთის ნაზავი ჰავა, ჭვანის ხეობისა და სოფელ ნაღვარევის ღირსშესანიშნაობანი ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
– ხაბელაშვილებშიც გაქვთ შესანიშნავი ტურისტული ობიექტი?
– ნაღვარევში რომ ახვიდე, ხაბელაშვილები უნდა გაიარო. თავის დროზე ამ სოფელს შესანიშნავი იერი შესძინა მისმა თავკაცმა ნოდარ ბოლქვაძემ. ახლაც თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სკოლის შენობა, „სოფლის სახლი“, მუზეუმი აქვთ. სოფელში უკვე მოასფალტებული გზაც შევიდა. შუახევის ცენტრს 17 კილომეტრით მოშორებული ეს დასახლება ტურიზმის მექად იქცევა. ტურისტულ სააგენტოებს 10 მილიონი ლარი აქვთ მობილიზებული კლდეში სასტუმროს, „წისქვილების სოფლის“, სხვა, კუთხისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიის მოსაწყობად. ხაბელაშვილებზე გადის ჯვარიმინდორსა და თაგინურზე მისასვლელი საავტომობილო გზები. თაგინური და გომის მთა მომიჯნავე ტერიტორიებია. ორივე რეგიონის – აჭარა-გურიის ტურისტული სამსახურები ამ მთის მომავალზე საინტერესო პროექტებს გვპირდებიან. იგი ჭვანის ხეობის, გურიის რეგიონის მოსახლეობას წაადგება, ისინი დამატებით სამუშაო ადგილებს გაიჩენენ.
– ორივე თემის სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად მეცხოველეობა ითვლება. მისი განვითარებისთვის რა პირობას იძლევით?
– თაგინური, ტყისველა, მერიაყელი, კიკიბო, ლეკნარი, გრძელგორი, ყავრიანი, განდრეკილი (შედრეკილი) რჩება იმ ტერიტორიებად, სადაც წელიწადის ერთ მეოთხედზე მეტს ასობით ოჯახი ატარებს. დიდი საქმე გაკეთდა, როცა კიკიბოს გარდა ყველა მთაში დენი გავიყვანეთ და მთის სახლები განათდა. ბიუჯეტს ეს სიკეთე თითქმის 1.5 მილიონი ლარი დაუჯდა. ხეობაში მრავლად არიან ფერმერები, რომლებიც 10-მდე ფურს უვლიან. ისინი მეცხოველეობის პროდუქტებით ქვეყნის ბაზარს, კურორტებს ბახმაროსა და გომის მთას ამარაგებენ. მეცხოველეობასთან ერთად, მოსახლეობამ მეფუტკრეობასაც ალღო აუღო. ბარათაულში, ხაბელაშვილებში, ინწკირვეთში გვყავს ფერმერები, რომლებიც წელიწადში 2 ტონამდე თაფლს ამზადებენ. ეს ეკოლოგიურად საღი პროდუქტი ადგილზევე იყიდება. ქვეყნის ხელისუფალი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მილიარდობით ეროვნული ვალუტის მობილიზებას გვპირდება. ჩემს ამომრჩევლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თანადაფინანსების პროგრამებით ისარგებლებენ. მათ მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრეების მოწყობა, ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება, გადამამუშავებელი მიკროსაწარმოების მოწყობა სურთ. წელს ყველა სოფელში ვაშლის, მსხლის კარგი მოსავალია. ფერმერები ამ ხილისგან არაყს ამზადებენ, კუსტარული წესით ხდიან. ხეობაში ხილის საწარმოს შექმნა ფერმერებს დამატებით შემოსავალს გაუჩენს, რამდენიმე ადამიანი დასაქმდება კიდევაც.
– წყალსაყრის, ბარათაულის თემების სოფლებს ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების მასივები აკრავს. არის ათეულობით ჰექტარი ჭრაგაუვალი კორომი. რა ხედვა გაქვთ ამ რესურსის მიზნობრივად ათვისებისთვის?
-შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ადგილობრივი სარგებლობისთვის სამასალე და საშეშე მერქნის გაცემა მინიმუმადე შეიზღუდოს. აჭარის მთიანეთში მცხოვრები ოჯახი ტყესთან ყოველდღიურ შეხებაშია და მასზე უკეთესად ტყის რესურსებს არავინ უფრთხილდება. სოფელში მცხოვრებს კარგად გამეგება გარემოს დამცველების, მეტყევეების პასუხისმგებლობა. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მოსახლეობამ საზამთროდ შეშა მოიმარაგოს, ან სახლის დამხმარე ნაგებობის ასაშენებლად მერქანი მოიპოვოს. ისიც სათქმელია, რომ ერთეულებმა კვლავ არ მოიშალეს ტყის რესურსების ხარჯზე ხელის მოთბობა. მათი ქმედება ყველაზე მეტად მოსახლეობას აზარალებს და აღიზიანებს. ჭრაგაუვალი კორომებიდან მერქნის გამოტანაზე გარკვეული სტრატეგია უნდა შემუშავდეს. ეს მომხმარებელსაც წაადგება და ტყესაც.
– წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. ორივე თემის ამომრჩეველი კარგად გიცნობთ. იმედი გაქვთ, რომ ამომრჩეველი ნდობას გამოგიცხადებთ?
– საარჩევნო არეალის გაზრდა პასუხისმგებლობას მმატებს. ოთხი წლის განმავლობაში იმ სიახლეების, პრობლემების და სტიქიური მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი, რაც თემის ოთხ სოფელში იყო. სოფელმა ამაგის დაფასება იცის, ნაკლსაც არ გაპატიებს. სათქმელს მოკრძალებულად გეტყვიან. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ არჩევანი ჩემზე რომ გააკეთა, ამას გარკვეული წინაპირობა აქვს. ბარათაულში ვცხოვრობ, მეუღლე ბრილელი ტაკიძეების შთამომავალია. საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ცოლისძმის, ბიზნესმენ ლევან შაქროს ძე ტაკიძის ქველმოქმედება თანასოფლელებისა და ხეობის მოსახლეობისადმი კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. სანათესაო და საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები არიან ნაღვარევში, ვისთანაც სამსახურებრივად კავშირში ვარ. მხარდაჭერის იმედი მაქვს. ყველაფერს ნათელი 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოეფინება.

