აჭარის რეგიონში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
რეგიონში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არეალი დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, გაზრდილია ვაქცინაციის მსურველთა რიცხვიც. ამ დროისთვის აჭარაში ვაქცინის 157 889 დოზაა ადმინისტრირებული. აქტიურად გრძელდება მუნიციპალიტეტებში პედაგოგების ვაქცინაციაც. ამ ეტაპზე აჭარაში პედაგოგებისა და სკოლებში დასაქმებული პირების 50 % მეტი ორჯერადად აცრილია. შუახევის ,,ევექსის“ კლინიკაში პედაგოგების ვაქცინაციის პროცესს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე დაესწრნენ. მინისტრმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს აქტიურობისათვის და აღნიშნა, რომ ვაქცინაციით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოში განათლების მიცემის შესაძლებლობის შექმნაზე. გრძელდება მაღალმთიან სოფლებში გამსვლელი ბრიგადებით იმუნიზაციაც. ამ დროისთვის გამსველელი ბრიგადების მიერ 14 ლოკაციაზე ვაქცინის 460-ზე მეტი დოზაა ადმინისტრირებული.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე იმუნიზაციის პროცესს გაეცნო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურშიც, სადაც, ძირითადად, ხანდაზმულები აიცრნენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანი სწორედ მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
– ვაქცინაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, რომლებიც დაშორებულია ადმინისტრაციულ ცენტრებს, იმუნიზაცია ხორციელდება გასვლითი ბრიგადების საშუალებით. მოქალაქეები ინფორმირებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით და მიხარია, რომ დღეს ოლადაურში, საკმაოდ ბევრმა ადგილობრივმა გამოთქვა ვაქცინაციაში ჩართვის სურვილი, მათ შორის ხანდაზმულებმა და ოჯახებმა სრული შემადგენლობით. ეს პროცესი გრძელდება და ეტაპობრივად იმართება ყველა მუნიციპალიტეტის სოფლებში, – აღნიშნა მარი ზანაქიძემ. ამ დროისთვის აჭარაში მოზრდილი მოსახლეობის 37.3 % ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო ორი დოზით – 20.9 %.